ზებულონი

ვიკიციტატიდან

ზებულონიჯემალ ქარჩხაძის გახმაურებული რომანი, რომელშიც ბედისა და მოვალეობის პრობლემატიკაა გაშუქებული.

ციტატები[რედაქტირება]

  • უნდა დავიტანჯოთ ისახარ, ძალიან უნდა დავიტანჯოთ. ბედნიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, იქნებ მე და შენ ხელიც ჩაგვექნია და გვეთქვა: რაღა ჩვენ, სხვამ იფიქროს და იმტვრიოს თავი! მაგრამ ვაი რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველამ თუ არ ვიფიქრეთ და ყველამ თუ არ ვიზრუნეთ, მუდამ ბნელ ხაროში ვისხდებით და მზის სინათლეზე ვერასოდეს ამოვალთ.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • დღეს რომ ყველამ ჩვენ ჩვენ ოჯახებზე ვიზრუნოთ და ის ძაფები, მამა-პაპას რომ ფაქიზად დაურთავს და რუდუნებით შემოუვლია ირგვლივ ჩვენგანისთვის, რათა ქართველობა ერთ ხმა და ერთ პირ ყოფილიყო, ჩვენი უჯიათობითა და მეთვისეობით ისევ დავწყვიტოთ, დრო არ გვაპატიებს. დრო, ჩვენი მთავარი მოკეთეცა და მტერიც, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს, კიდეც გაგვიწყრება და კიდეც დაგვძრახავს, ხოლო შთამომავლობამ, ჩვენი უგულობით გულგაქვავებულმა, ვაითუ ზიზღიც არ გვაღირსოს, ისე გულგრილად გადაუაროს ჩვენს გაპარტახებულ საფლავებს, თითქოს არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს არაფერი გვტკენია.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • სიმართლე რა ბედენაა შენიანის სისხლი თუ დაღვარე და მტრის საქმე აკეთე.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო. ქართლი განა მიწაა! ქართლი ხალხია. ხალხი თუ აღარ იქნა, ცარიელ მიწას ხვალ ეგებ სპარსეთიც დაერქვას.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • რაც აქამდე სიმართლე ეგონა ყველაფერი ტყუილი გამოდგა. ქვეყანაც, სამსახურიც, მოვალეობაც. ნამდვილად თურმე სიცოცხლე არსებობს და სიცოცხლის ტკივილი, რომელიც თუმც კი მოუთმენელია, მაინც უნდა მოითმინო, ვიდრე ცარიელ სხეულში დატრიალებული გრიგალი ან მაჯლაჯუნად ქცეული გრძნობები და უსხეულო ქვეყნიერება გულის კედლებს გაანგრევს და შიგ შვების სიკვდილს შემოუშვებს.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • რაკი მათი გმირობა მხოლოდ ამბად გაგვიგია, ასე გვგონია, უჩვეულონი და განსაკუთრებულნი იყვნენ, შუბლზე გამორჩეულობის ბეჭედი ესვათ და სიცოცხლე არად უჩნდათ. ტყუილია. ეს ყველაფერი ჩვენივ მოგონილია. სინამდვილეში ჩვენებრ უბრალო ხალხი იყვნენ. ჩვენსავით სიცოცხლე ერჩივნათ სიკვდილს, ჩვენსავით ეშინოდათ ტკივილისა და ზოგჯერ ჩვენსავით ჭოჭმანობდნენ, მაგრამ რა ექნათ: საქართველოში დაიბადნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ. მადლი უფალს, კაცი თვითონ არ ირჩევს სამშობლოს და თვითონ არ წყვეტს, თუ სად დაიბადოს, თორემ ქართლი აქამდე უდაბური და უკაცრიელი გახდებოდა. ვინ მოიწადინებდა ამგვარ სატანჯველში გაჩენას! ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავისი ზურგით უნდა ზიდოს.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან?
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • ...სიცოცხლის უგუნური სიყვარული უკურნებელი სენი ყოფილა.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • მშვიდი მოლოდინის ჟამი მაშინ დადგება, როცა მტერიცა და მოყვარეც ორივე შემოგეცლება და მარტო დარჩები.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.
  • სიცოცხლეც სხვა რა ყოფილა რა, გარდა განუწყვეტელი, ყოველწამიერი შურისძიების, განუწყვეტელი ყოველწამიერი სიყვარულისა და განუწყვეტელი ყოველწამიერი სიკვდილისა.
„ზებულონი“. რომანი. წ. 2. თბ., „ნაკადული“, 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ზებულონი