შინაარსზე გადასვლა

ილია II

ვიკიციტატიდან
ილია II

ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი, დ. 4 იანვარი, 1933, ქ. ორჯონიკიძე, ახლანდელი ვლადიკავკაზი) — უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი (1977). ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.

ქადაგებები

[რედაქტირება]
  •  

საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა.

  ციტატის წყარო: [1] აღსაყდრების დღეს წარმოთქმული სიტყვიდან], 25 დეკემბერი, 1977 წ.

  •  

ქართველმა ერმა დღესაც სარწმუნოების მადლითა და ღვთისაგან მინიჭებული ენერგიით უნდა იბრძოლოს მშვიდობის, სიკეთისა და დიდი მომავლისათვის.

  ციტატის წყარო: [2] აღსაყდრების დღეს წარმოთქმული სიტყვიდან], 25 დეკემბერი, 1977 წ.

  •  

ჩვენ ვემსახურებით სიკეთეს...

  ციტატის წყარო: [3] აღსაყდრების დღეს წარმოთქმული სიტყვიდან], 25 დეკემბერი, 1977 წ.

  •  

ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება.

  ციტატის წყარო: ქადაგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 დეკემბერი 2004 წ.

  •  

ჩვენი ცხოვრება მსგავსია კიბისა. ადამიანი ამ კიბეზე ან მაღლა ადის ან დაბლა ეშვება, რადგან იგი ერთ დონეზე ვერ დარჩება. ბედნიერია ის, ვინც უფლისაკენ ისწრაფის. ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია, შეიცნოს თავის თავი, მაგრამ მარტო დანახვა ნაკლისა არ არის საკმარისი, საჭიროა შინაგანი ფერიცვალება, საჭიროა სულიერ კიბეზე ასვლა.

  ციტატის წყარო: ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17 დეკემბერი 2004 წ.

  •  

ცოდვა ჩადენილი აქვს ყველას: ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, სხვებს და აი, აქ უფლის წინაშე უნდა მოვინანიოთ ეს ცოდვები და უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი ჩვენს ერებს შორის. ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნება საქართველოს შემადგენლობაში და ჩვენ იქ უნდა შევიდეთ როგორც მოსიყვარულე ძმები. ჩვენ მივმართავთ ყველას: ქართველებს, აფხაზებს, ოსებს და სხვებს, რომ გამოიჩინონ ქრისტიანული სათნოება, მიმტევებლობა. ბედნიერია ის, ვისაც ეს მადლი აქვს, ვინც ცდილობს შეურიგდეს მას, რომლისგანაც მიღებული აქვს წყენა.

  ციტატის წყარო: ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 დეკემბერი 2004 წ.

  •  

საერთოდ, ბოლო წლებში ადამიანმა შეიძინა ბევრი ცოდნა. ხაზს ვუსვამ - ბევრი ცოდნა და არა ღრმა ცოდნა; და მასთან ერთად, შედარებით, ზერელე აზროვნება. იგი ზედაპირულად აფასებს ყველაფერს: მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, ჩვეულებრივ ყოფაშიც; ზრუნავს დღევანდელ დღეზე და მომავალზე თითქოს არ ფიქრობს. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომ ჰკითხო რაიმე, ის ჩამოგითვლის მხატვრებსაც, კომპოზიტორებსაც, განსაკუთრებით, თანამედროვე ესტრადის მომღერლებს, - ძალიან გატაცებულია ჩვენი ახალგაზრდობა თანამედროვე მუსიკით. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პასუხები ზედაპირული იქნება. სიღრმე გვაკლია. ჩვენი წინაპრები სხვანაირები იყვნენ. მათ თუმცა ნაკლები იცოდნენ, მაგრამ ღრმად ჰქონდათ ნაფიქრი და მათი განსჯა სიღრმისეული იყო. და ეს ძალიან ეხმარებოდათ.

  ციტატის წყარო: საკვირაო ქადაგება, სიონის საკათედრო ტაძარი, 26 დეკემბერი 2004 წ.

  •  

ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც.

  ციტატის წყარო: საკვირაო ქადაგება, სიონის საკათედრო ტაძარი, 26 დეკემბერი 2004 წ.

  •  

კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით.

  ციტატის წყარო: საკვირაო ქადაგება, სიონის საკათედრო ტაძარი, 26 დეკემბერი 2004 წ.

  •  

დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ.

  ციტატის წყარო: 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ, საკვირაო ქადაგება, სამების საკათედრო ტაძარი, 29 მაისი, 2011 წ.

  •  

ადამიანი შეიცნობა სამ განზომილებაში, ეს არის წარსული, აწმყო და მომავალი. არ შეიძლება განვსაზღვროთ ადამიანი მხოლოდ წარსულით.

  ციტატის წყარო: საკვირაო ქადაგება, სიონის საკათედრო ტაძარი, 20 მარტი, 2011 წ.

  •  

ყველაზე საშიში კატეგორიული ურთიერთობა და აზროვნებაა.

  ციტატის წყარო: საკვირაო ქადაგება, სამების საკათედრო ტაძარი, 29 მაისი, 2011 წ.

  •  

როგორც ჩანს, „ახალი იდეოლოგიის“ გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა „გმირების“ პოპულარიზაცია.

  ციტატის წყარო: ბუდა ბარის შესახებ

  •  

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გააზრებულ იქნას ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. „ნუ შემეკითხები, როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს. მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება!“ მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს.

  ციტატის წყარო: შობა

  •  

ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა.

  ციტატის წყარო: შობა

  •  

ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება „ხატი ღვთისა“.

  ციტატის წყარო: შობა

  •  

ქრისტიანობა თავისი უბრალოებით და უჩვეულობით სუსტი და უძლური ჩანდა, მაგრამ მან ბრძოლაში გამოიწვია ძველი სამყარო. ქრისტიანობამ უშუალოდ ადამიანის გულს მიმართა და იგი ისეთ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე აიყვანა, რომლის მსგავსი ძველ რელიგიებს და ფილოსოფიას ვერც კი წარმოედგინათ.

  ციტატის წყარო: ქრისტიანობა, უბრალოება, გული, ზნეობა

  •  

დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.

  ციტატის წყარო: შობა, უფალი იესო ქრისტე

  •  

განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას.

  ციტატის წყარო: შობა

  •  

პირველნი, რომელთაც შემოესმათ ანგელოსთა გალობა - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება და რომელნიც ღირს იქმნენ თაყვანი ეცათ ახალშობილი იესოსათვის - იყვნენ უბრალო, წმიდა გულის პალესტინელი მწყემსები. ეს იყო დასაწყისი ახალი აღთქმისა, დასაწყისი ახალი, ქრისტიანული რწმენისა, რომელსაც უნდა გარდაექმნა მთელი კაცობრიობა. "სიტყვა განკაცნა, რათა ჩვენ ღმერთ-ვიქმნეთ", - სთქვა წმიდა ათანასე დიდმა.

  ციტატის წყარო: შობა, ღვთის განკაცება

  •  

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გააზრებულ იქნას ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. "ნუ შემეკითხები, როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს. მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება!"

  ციტატის წყარო: ღვთის განკაცება, შობა

  •  

ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს.

  ციტატის წყარო: შობა, ღვთის განკაცება, სიყვარული, რწმენა, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

  •  

სიყვარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს, მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა, ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება ანუ მისი რწმენა თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა.

  ციტატის წყარო: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, რწმენა

  •  

წმიდა მამათა აზრით: ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისაგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შეეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთო ჩემო, შენ რომ არ იყო ჩემში, ანუ არ ვიარსებებდი, მე რომ არ ვიყო შენში, რამეთუ ყოველი არსება იმყოფება შენში და შენით არსებობს. სად მოგიწოდო შენ, როდესაც მე ვიმყოფები შენში და საიდანღა შეძლებ შენ ჩემში მოსვლას?“

  ციტატის წყარო: ღმერთი

  •  

ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება „ხატი ღვთისა“.

  ციტატის წყარო: ადამიანი, სათნოებები, ვნებები

  •  

ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იყოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? - ღმერთი, ქრისტე, ჭეშმარიტება, სიმართლე. „ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა“ - ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწყინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათელის წინაშე.

  ციტატის წყარო: ადამიანი, ღმერთი, სიმართლე, ჭეშმარიტება, ბოროტება

  •  

იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ სულიერი პრობლემების არსს, გავხდეთ ღვთისმეტყველი, საჭიროა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება და არა მხოლოდ ეკლესიური დოგმატების შესწავლა.

  ციტატის წყარო: ქრისტიანული ცხოვრება, ღმრთისმეტყველება

  •  

ადამიანთა გულების დაპყრობისათვის საჭირო იყო არა მტკიცებანი, არამედ მადლიან ცხოვრებასთან ზიარება, არა დარწმუნება, არამედ ქრისტიანობის ჩვენება, რამეთუ მოციქული პავლეს სიტყვებით: არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა (I კორ. 4,20).

  ციტატის წყარო: მადლი, გული, ქრისტიანობა

  •  

რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (2 კორ. 5,17) — ამბობს მოციქული პავლე. აღდგენა ადამიანში "ხატისა ღვთისა", გარდაქმნა ადამიანისა ნამდვილ ღვთისნიერ ქმნილებად - ესაა მიზანი ქრისტეს შობისა, ესაა მიზანი ახალი აღთქმისა.

  ციტატის წყარო: წუთისოფელში ცხოვრების მიზანი, შობა

  •  

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). რა შეიძლება იყოს კაცთათვის უფრო სანატრელი, ვიდრე „ქუეყანასა ზედა მშვდობაჲ“ და სათნოება კაცთა? მხოლოდ განხორციელებული უფლის დედამიწაზე მობრძანებას შეეძლო ადამიანებისათვის მოენიჭებინა ეს სიკეთე.

  ციტატის წყარო: შობა, ღვთის განკაცება, მშვიდობა

  •  

იესო ქრისტე ბეთლემში იშვა. მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთუწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.

  ციტატის წყარო: შობა, სიმშვიდე, მშვიდობა, მადლი, გული

  •  

იესო ქრისტემ გვიბოძა შინაგანი განახლების და სულიერი ზრდის უნარი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველი ჩვენი მოძრაობა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაზე, რომლითაც განმსჭვალულია ჩვენი გული და რომელიც წმიდას ყოფს ჩვენს გულს. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა (ფს. 50).

  ციტატის წყარო: გული, გულის განწმენდა, რწმენა

  •  

ამპარტავანი სძაგს უფალს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

უშრომელად მიღებული თანხა ბარაქას ვერ გამოიღებს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 25

  •  

ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, იგი მას განსჯის საგნად აქცევს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან გათავისუფლებით მიიღწევა.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

გსურს იყო მართალი, კარგად უნდა დარწმუნდე, რომ შინაგანად დაცემული ხარ.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 55

  •  

თუ ადამიანში არ არის სიძულვილი და ბოროტება, იგი ლოცვით შეეწევა დაცემულს.

  ციტატის წყარო: ლოცვა, სულიერი დაცემა

  •  

მართალია, ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

ქრისტიანობა რელიგიაა მშვიდობისა, სრულყოფილი სიყვარულისა და მარადიული სიხარულისა.

  ციტატის წყარო: ქრისტიანობა, სიხარული, სიყვარული, მშვიდობა

  •  

განკითხვა აბინძურებს სულს და მათ ისედაც ცოდვით სავსე ცხოვრებას ახალ სიმძიმეს ჰმატებს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 55

  •  

ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს.

  ციტატის წყარო: სიხარული, ბედნიერება

  •  

ქადაგება მშვიდობისა, მსახურება მშვიდობისათვის ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა.

  ციტატის წყარო: მშვიდობა, ეკლესია, ქრისტიანობა

  •  

ამქვეყნად მხოლოდ ჭეშმარიტებაა უცვლელი და ფასეული, დიდი სისულელე კი მუდამ სისულელედ რჩება.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

ამპარტავნებიდანვე მომდინარეობს სხვათა განსჯის სურვილი და ვერ დანახვა საკუთარ უძლურებათა.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 55

  •  

მხოლოდ სიყვარულითა და მორჩილებით შეიძლება მტრის ძლევა. ბოროტებით ბოროტება ვერ გამოსწორდება.

  ციტატის წყარო: სიყვარული, ბოროტება

  •  

თავი შესაძლებლობისამებრ დაიცვათ განკითხვის ცოდვისგან. ეს მადლი უფრო დიდია, ვიდრე ლოცვა და მარხვა.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 147

  •  

ღვთის მადლით აღვსილი სასულიერო პირი არასდროს განიკითხავს და დაამცირებს სხვას, მით უმეტეს მღვდელს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 64

  •  

სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით.

  ციტატის წყარო: სიმდაბლე, საკუთარი თავის შეცნობა, აღსარება

  •  

ზოგიერთი დაუწერელი კანონი ნებისმიერ დაწერილ კანონზე უფრო მტკიცეა. სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება.

  ციტატის წყარო: წუთისოფელი, სულიერი ბრძოლა

  •  

ცოდვა უცხო, არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამინისა და მისგან კაცი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით თავისუფლდება.

  ციტატის წყარო: ცოდვა, სინანული, აღსარება

  •  

დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.

  ციტატის წყარო: შობა, უფალი იესო ქრისტე

  •  

მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსა და ხატად ღმრთისა“ (დაბ. 1,27).

  ციტატის წყარო: ადამიანი

  •  

უპრეცედენტო, მატერიალური განვითარება წარმოშობს უპრეცედენტო სიმახინჯეებს, ეგოიზმს, უნიათობას და სულიერ სიცარიელეს.

  ციტატის წყარო: ტექნიკური პროგრესი, ეგოიზმი

  •  

ქორწინება, რომელშიც ბავშვები არასასურველია, ეგოიზმზე, ვნებებზე და მაშასადამე, სიყვარულის მდაბალ სახეზეა დამყარებული.

  ციტატის წყარო: ქორწინება

  •  

დარღვეულია მშვიდობა ჩვენს სულში, დარღვეულია მშვიდობა ჩვენს გარშემო; ამის მიზეზი ცოდვაა და ღმერთთან კავშირის დაკარგვა.

  ციტატის წყარო: მშვიდობა, სიმშვიდე, ცოდვა

  •  

სამყაროს შექმნიდან დღემდე ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის არ შეწყვეტილა და იგი სულ უფრო და უფრო მძაფრ ფორმებს იღებს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით კი მორწმუნე ქრისტიანის ვალია, ყოველგვარი საშუალებით წინ აღუდგეს ომის გაჩაღების საფრთხეს.

  ციტატის წყარო: ომი

  •  

არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.

  ციტატის წყარო: სასოწარკვეთილება, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, სინანული, აღსარება, ზიარება

  •  

თუ ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით შევიმოსებით და მივენდობით უფალს, ყველანაირ განსაცდელს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 15

  •  

თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა.

  ციტატის წყარო: მადლი, ადამიანი, წუთისოფელში ცხოვრების მიზანი

  •  

თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 64

  •  

არ შეიძლება ერთდროულად იყო ქრისტიანი და ამავ დროს შურით შეპყრობილი. სიყვარული და შური ისევე შეუთავსებელია, როგორც ნათელი და ბნელი.

  ციტატის წყარო: შური, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული, ქრისტიანობა

  •  

მხოლოდ ქრისტიანობაში პოვა შინაგანი სრულყოფა მთელი კაცობრიობის რელიგიური ძიების ხანგრძლივმა და მძიმე მსოფლიო ისტორიულმა პროცესმა.

  ციტატის წყარო: ქრისტიანობა

  •  

მართლმადიდებლობა ერთადერთია და შეუცვლელი, რადგან იგია მომცველი და მემკვიდრე ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისა.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა.

  ციტატის წყარო: რწმენა

  •  

თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 147

  •  

ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ნათელია იგი დაუღამებელი, სიყვარული დაულევნელი; მას ღმერთს ვუწოდებთ.

  ციტატის წყარო: ღმერთი, ჭეშმარიტება

  •  

ეკლესიის ფუნქცია არ არის პოლიტიკური შეფასება მისცეს მოვლენებს, რადგან ასეთი მიდგომა არღვევს ეკლესიის, როგორც ერის ერთიანობის ქვაკუთხედს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

ურწმუნოება, ღვთის უარყოფა, იგივე ღვთის გმობაა. ეს არის სიყვარულის წყაროს დაშრეტა, ადამიანის უკიდურესი დაცემა, მისი დაღუპვა, „სიკუდილი იგი მეორე“.

  ციტატის წყარო: ათეიზმი ურწმუნოება

  •  

მეცნიერებაცა და რელიგიაც საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 25

  •  

თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 43

  •  

სამშობლოსა და ერის ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანებიც დიდ სიხარულს გრძნობენ, როდესაც თავიანთ მიზანს, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ერთგულად ემსახურებიან.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 190

  •  

ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ყოფნას ღმერთში, ზრუნვას მოყვასისათვის, ესაა გზა ჯვარისმტვირთველისა, განსაცდელით სავსე ცხოვრების ზღვაში ცურვაა იგი.

  ციტატის წყარო: ქრისტიანული ცხოვრება, სიყვარული მოყვასისადმი

  •  

თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, არა გაქვს უფლება, მიატოვო გაჭირვებაში მყოფი არა თუ ახლობელი, არამედ ნებისმიერი ადამიანი; ყოველი მათგანი ხომ ხატებაა ღვთისა.

  ციტატის წყარო: ჭეშმარიტი ქრისტიანობა, მოწყალება

  •  

უპირველესი და უმძიმესი ცოდვა არის ურწმუნოება. „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკ. 16,16), - ბრძანებს მაცხოვარი.

  ციტატის წყარო: რწმენა, ათეიზმი ურწმუნოება

  •  

ღმერთს რომ შევურიგდეთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ, ანუ გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, რაც გულისხმობს პირუთვნელ, სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენი „მესადმი“.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა ემსახუროს ხალხს და, მიუხედავად მისი შვილების განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, თავის წიაღში მათი გაერთიანება უნდა შეძლოს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

სულიერი კეთილშობილება და წმიდა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას – უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 43

  •  

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ განსაცდელს უფალი უშვებს, რათა, როგორც ცალკეული ადამიანი, ისე ესა თუ ის ერი გამოიცადოს „ვითარცა ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო“.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 181

  •  

პირველქმნილმა ცოდვამ დაარღვია არა მარტო ადამიანის სულიერი წონასწორობა, არამედ სამყაროში არსებული წესრიგი: „ცოდვა შემოხდა სოფლად და მასთან ერთად სიკუდილი“.

  ციტატის წყარო: ცოდვა

  •  

ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თაობაზე, რომ ვესწრაფვოდეთ ხალხთა შორის მშვიდობიან ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტვოდეთ მას.

  ციტატის წყარო: მშვიდობა

  •  

აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს აღდგომისა – სიცოცხლის მომნიჭებელმა უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი და დაამარცხა სიკვდილი.
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეთ, დადგა ჟამი ზეიმისა!

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 181

  •  

როცა წმინდა ანტონი დიდმა ჩვენებაში იხილა კაცთა საცდუნებლად დაგებული ეშმაკის მახენი, აღმოთქვა: განა შეუძლია ვინმეს თავი დააღწიოს მას? პასუხად მოესმა: მხოლოდ თავმდაბალთ.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 83

  •  

თუ შევძლებთ, ყველასთან უნდა ვიყოთ მშვიდობით. ამიტომ არა მარტო ჩვენ უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ სხვას, არამედ შევძლოთ ისიც, რომ სხვები არ იყვნენ ჩვენდამი ცუდად განწყობილნი.

  ციტატის წყარო: მშვიდობა, მიტევება

  •  

ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისათვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული. ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა.

  ციტატის წყარო: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, რწმენა

  •  

ანალიტიკური აზროვნება საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობებს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 92

  •  

მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა და განსაცდელისა, სიყვარული ნეტარებასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული; და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ნეტარებაც და სიხარულიც.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 190

  •  

ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.

  ციტატის წყარო: ზიარება, სიკეთე, კეთილი საქმეები, მადლი

  •  

ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი.

  ციტატის წყარო: ერი, ეკლესია, სარწმუნოება, სიყვარული

  •  

„იხარებდ ბეთლემო, მეუფეო მთავართა იუდასთაო, რამეთუ მწყემსი ისრაელისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შენგან გამოგვიბრწყინდა ქრისტე, რომელმან აღამაღლა რქა ჩუენი“ (შობის სძლისპირი).

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

ამიტომაცაა სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებანი ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით გამოირჩევიან.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

ქრისტესთან რომ ვიყოთ და მისი ყოვლისშემძლე შემწეობა ვიგრძნოთ, პირველ რიგში უნდა განვიწმიდოთ ყოველგვარი სულიერი და ხორციელი ბიწისაგან, ე.ი. უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვებისაგან.

  ციტატის წყარო: ცოდვა, სიწმინდე

  •  

რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

საქართველოს მოსახლეობას, გადადგით ნაბიჯები ერთმანეთისა და ღვთისაკენ. ეცადეთ ყოველ თქვენს მოქმედებას სიყვარული ედოს საფუძვლად, რათა იყოთ მსახური უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 92

  •  

მეფე და დედოფალი, - ასე უწოდებენ ჯვარდაწერილთ. ეს არ არის ახლად შეუღლებულთათვის ერთი-ორი დღის ვადით მინიჭებული სახელწოდება. საერთოდ, ოჯახში მამა უნდა მეფობდეს და დედა დედოფლობდეს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 136

  •  

ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

მაზიარებელნი, უერთდებიან რა მაცხოვარს, მისი საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს მტკიცე ორგანული კავშირით და ქმნიან ქრისტეს ერთიან მისტიურ და ამავე დროს რეალურ სხეულს - ეკლესიას.

  ციტატის წყარო: ზიარება, ეკლესია

  •  

ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.

  ციტატის წყარო: ღვთის განკაცება, ცოდვა, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, მადლი

  •  

„გიხაროდენ სოფელო, აჰა ქრისტე მოგეახლა, ბეთლემს შობილი“, რომელმან მიწა ცად სცვალა, „ცად გამოსჩნდა დღეს ქვეყანაი, რამეთუ მას შინა იშვა შემოქმედი, და ბაგასა მიიწვინების ბეთლემს იუდასსა“.

  ციტატის წყარო: შობა

  •  

ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავენ. ის კი არ იციან, ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 15

  •  

მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ ერთიანი, ქართული სახელმწიფო და უნიკალური ქართული კულტურა, არამედ განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 181

  •  

საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 15

  •  

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი.

  ციტატის წყარო: საქართველო, ქრისტიანობა

  •  

ცოდვა ფითრივით მოედო ადამიანის სულს, მისი თანდაყოლილი სიკეთის ხარჯზე დაიწყო არსებობა. გაჩნდა შუღლი, მტრობა, სიძულვილი, ძმის მკვლელობა... ბოროტმა ძალამ მდაბალ ვნებათა მსახურად აქცია კაცი.

  ციტატის წყარო: ცოდვა

  •  

ყოველი ქრისტიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, რომ სულიერად განმტკიცდეს. ეს საიდუმლო ეხმარება ადამიანს ნაკლოვანებათა, ვნებათა დაძლევაში, ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

  ციტატის წყარო: http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=18361 ზიარება, სულიერი ბრძოლა]

  •  

კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

მართლმადიდებლობა მისტიური სხეულია მაცხოვრისა. „შემოქმედმა ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა ქრისტეს და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული“ (ეფ.1,22-23), წერს პავლე მოციქული.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

სიყვარული გადამრჩენელია და მარადიული, ამასთან იგი სათავეა სიხარულისა, რომელიც ასე აკლია თანამედროვე კაცობრიობას. ჭეშმარიტი სიხარულის განცდა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 43

  •  

კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა (თხზ. ტ. II, გვ. 322-323).

  ციტატის წყარო: გლოვა ცოდვებისათვის, სინანული, შრომა, ცხონება

  •  

ყოველ ერს, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას, ღმრთისაგან სხვადასხვა მადლი და ნიჭი აქვს ბოძებული და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს მათ.
    ქართველმა კაცმა სიყვარულის ნიჭი განავითარა.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 190

  •  

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე – გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 92

  •  

აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: „ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილი ღმერთის ცხოვრებასთან“.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 43

  •  

ქრისტიანობამ სულ სხვა სახით დაგვანახა ღვთის არსი: „ღმერთი სიყუარული არს“ (1 იოვანე 4,8), - ვკითხულობთ წმ. წერილში. ესაა ყველაზე საუკეთესო განსაზღვრა ღვთის ბუნებისა და ჩვენდამი მისი დამოკიდებულებისა.

  ციტატის წყარო: ღმერთი, სიყვარული, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

  •  

ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: „... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ“ (ინ. 15,12).

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 64

  •  

ქრისტიანობამ სხვა სიმაღლით წარმოაჩინა ადამიანის ღირსება და თითოეულ მათგანს უთხრა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ სწორედ მისთვის ეწამა მაცხოვარი და მას გაუხსნა გზა ცათა სასუფევლისკენ.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 83

  •  

დაქორწინებისას მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქორწინებას პირადი თავისუფლების ზნეობრივი შეზღუდვა მოაქვს, მაგრამ ეს შეზღუდვა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულითა და მათი შვილების სიყვარულით ნაზღაურდება.

  ციტატის წყარო: ოჯახი, სიყვარული

  •  

საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის, თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 83

  •  

შეიძლება ადამიანმა ამპარტავნების გარდა სხვა ყველა ნაკლოვანება დაძლიოს, მაგრამ ამ უსაშინლეს ცოდვას შეუძლია გადაწონოს ყველა სიკეთე და ჩვენი სულიერი შენობა ძირფესვიანად დაანგრიოს. გეშინოდეთ მისი!

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 83

  •  

თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

გაბატონდი შენს ვნებებზე, თორემ ისინი დაგიმორჩილებენ შენ; თუ ცუდი აზრი მოგივა, ეცადე შეაჩერო და თავიდანვე გაანალიზო ყველა ის შედეგი, რაც მას მოჰყვება. ამასთან, მოუხმე მის საწინააღმდეგო კეთილ ფიქრებს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 55

  •  

ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანთა, ხალხებსა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობა და გავუფრთხილდეთ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას.

  ციტატის წყარო: მშვიდობა, მადლი

  •  

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, რადგანაც მხოლოდ მან შეინარჩუნა უცვლელად და შეურყვნელად რწმენა და ტრადიცია ერთიანი, განუყოფელი ეკლესიისა.

  ციტატის წყარო: ეკლესია

  •  

მძიმე ცოდვა, რომელმაც კაცობრიობა მოიცვა, არის ამპარტავნება. ეს ის ცოდვაა, ანგელოზები რომ დაღუპა და ბოროტ სულებად აქცია. ამ ცოდვამ განაძევა ადამ და ევა სამოთხიდან. იგი საძირკვლამდე ანგრევს კაცის სულს.

  ციტატის წყარო: ამპარტავნება

  •  

ამპარტავანს სხვისი უპირატესობა აღიზიანებს. წმ. ეფრემ ასურის თქმით, ამპარტავანი ვერ იტანს მასზე უკეთესს, ასეთისა ან შურს, ან ეჯიბრება მას. იგი ვინმეს შექებას საკუთარ დამცირებად და შეურაცხყოფად იღებს.

  ციტატის წყარო: ამპარტავნება, შური

  •  

განწმენდილ გულზე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა.

  ციტატის წყარო: მშვიდობა, გულის განწმენდა, გული, სიმშვიდე

  •  

„ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარენი და ძმათმოყვარენი, - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ესწრაფვიან ქმნას სიკეთისას თავად სიკეთისათვის და არა პატივისათვის ცათა შინა“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თხზ. მ. 1889. გვ.97).

  ციტატის წყარო: სიკეთე, კეთილი საქმეები, სიბრძნისმოყვარება

  •  

ეკლესია კაცთაგან კი არ არის დადგენილი, არამედ ღვთის მიერაა დაწესებული. ესაა უფლისკენ მიმავალი გზა, ცხოვრება ღმერთში; ამავე დროს იგია მისტიური სხეული ქრისტესი, რომელიც მის ადამიანურ ბუნებასაც მოიცავს.

  ციტატის წყარო: ეკლესია

  •  

ამ საიდუმლოს შესახებ მშვენივრად ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „უხორცო იგი ხორციელ იქმნა, უხილავი განცხადდა, მიუწვდომელი ხელშესახები გახდა, ძე ღვთისა განკაცდა, რათა ცოდვისგან ეხსნა ადამის მოდგმა“.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

შეიძლება ითქვას, რომ მოყვასის სიყვარული ერთგვარად პირველი საფეხურია. იოანე ღმრთისმეტყველი ბრძანებს: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ (ინ. 4,20).

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 190

  •  

ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ აბორტი უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე და დანაშაული ერის წინაშე. ეს არის მკვლელობა ცოცხალი ადამიანისა, საკუთარი ვაჟისა და ქალისა, რომელიც ველურ მხეცებსაც კი არ ახასიათებს.

  ციტატის წყარო: აბორტი, მკვლელობა

  •  

მაცხოვრის მომავალი შობის შესახებ არა მარტო ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები წერდნენ, არამედ მას მთელი კაცობრიობა მოელოდა. და აი, ეს ხანგრძლივი ლოდინის პროცესი დასრულდა: „ღმერთი გამოჩნდა ხორცით“ (1 ტიმ. 3,16).

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 118

  •  

საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს, ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 128

  •  

პავლე მოციქული იმასაც ბრძანებს, რომ თუ სიყვარული არა გვაქვს, ფუჭია ქველმოქმედებაც, სასწაულთმოქმედების უნარიც, მოსაგრეობაც, თვით მოწამეობრივი აღსასრულიც კი, რადგან უსიყვარულოდ ყველა სიკეთე უქმ იქნების.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 190

  •  

მძიმე ცოდვა, ტვირთად რომ გვაწევს ჩვენ, არის შური. იაკობ მოციქული წერს: სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე (იაკობი 3,16). ბრძენი სოლომონი ამბობს: ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა (იგავნი 23,6).

  ციტატის წყარო: შფოთი, შური

  •  

მტრის და ნებისმიერი პრობლემის წინაშე უშიშრობა და კეთილგონიერება – აი, მთავარი და ძირითადი თვისება ღირსეული კაცისა. ნამდვილი მამაკაცი არის ძლიერი, გამბედავი, გონიერი, ნებისყოფიანი, სამართლიანი პიროვნება.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს. თავ დედაკაცისა - ქმარი (1 კორ.11,3); ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,24).

  ციტატის წყარო: ოჯახი, ქმარი, ცოლი

  •  

ბოროტება და სიბნელე ჰყოფს ყველაფერს, თესავს მტრობასა და სიძულვილს, უნდობლობასა და მრავალ სხვა ცოდვას. ღვთის სიყვარული კი არის გამაერთიანებელი, მას არავისი შურს, ყველაფერს ითმენს და ჩვენს უძლურებებს კურნავს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება. გული მისი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

  ციტატის წყარო: სულიერი ბრძოლა, ცოდვა, ბოროტება, სიკეთე, გული

  •  

„შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი“, - ბრძანებს უფალი. აი, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების მთავარი არსი.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 136

  •  

უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

მამულის მსახურება ჭეშმარიტი რწმენით ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლია; ეკლესიისაგან სწორედ ამ ნიშნით არიან წმინდანებად შერაცხილნი: ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 73

  •  

რწმენა ზეგარდმო ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, ტრანსცენდენტურ განზომილებაში, სადაც ღვთისმიერ მხსნელ სიყვარულს ვეზიარებით; მაგრამ ამ სიმაღლეს ვერ მივაღწევთ, თუ ჯერ საკუთარი თავი არ შევისწავლეთ.

  ციტატის წყარო: საკუთარი თავის შეცნობა, რწმენა

  •  

სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს: არის სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული მშობლებისა და ოჯახისა, სიყვარული მამაკაცისა და ქალისა, შვილებისა, სიყვარული მეგობრებისა და მოყვასისა...

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

ხელისუფალთა სიბრძნე, უპირველეს ყოვლისა, იმაშია, რომ შეძლონ, შეინარჩუნონ საზოგადოების სიჯანსაღე, რაც ღირებულებების სწორად შეფასებას, სწორ აზროვნებას და სახელმწიფოს განვითარების სწორ ორიენტაციას გულისხმობს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 25

  •  

ღმერთს ყველაზე მეტად ამპარტავანი არ მოსწონს და ყველაზე მეტად თავმდაბლობას აფასებს. ამიტომაც, შინაგანი თვითკმაყოფილების გაჩენისთანავე (რაც ამპარტავნების უპირველესი ნიშანია) მსწრაფლ წვრთნის მას, ვინც უყვარს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 55

  •  

ქრისტე აღდგა!
ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 92

  •  

წმ. ბასილი დიდის აზრით, სულიერი წინსვლის დაწყება შეუძლებელია ლოცვისა და მარხვის გარეშე, რადგან მხოლოდ მათი საშუალებით აღიდგენს ადამიანი დაკარგულ ღვთაებრივ „სამეუფო ხატს“ და გაიხსნის გზას უფალთან მიახლებისათვის.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 15

  •  

ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობაა – ამასთან ვერტიკალური ხაზი მიანიშნებს ჩვენს მსახურებას და ერთგულებას უფლისადმი, ხოლო ჰორიზონტალური – მოყვასისადმი. თუ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს არ ქმნის, იგი არ ცხოვრობს სწორად.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 25

  •  

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, - აი, მთავარი არსი და მიზეზი პასექის ზეიმისა. მაშ, ფართოდ გაუხსენით მას გული და აღივსენით არამიწიერი სითბოთი და სიყვარულით, რომელიც ასე უხვად ეფინება დღეს თითოეულ ჩვენგანს.
    ქრისტე აღდგა!

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 55

  •  

ხშირად ვეცემით, მაგრამ დაცემას არასოდეს არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვძლიოთ ცოდვას და სინანულით განვიბანოთ, რათა უფლის სიყვარული არ მოგვაკლდეს. როგორც ამბობს ხალხური სიბრძნე: სცოდავ? – შეინანე და სასუფევლისაკენ ისწრაფე.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 73

  •  

ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტებასაც სჩადის, ციხეში ხვდება და თავის მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 190

  •  

ცნობილი მკვლევარი მაქს პლანკი შეგვახსენებს: „მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ნებისმიერი მოაზროვნე კაცისათვის ისინი აუცილებელია ერთმანეთის შესავსებად და გასაღრმავებლად“.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 25

  •  

რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (2 კორ. 5,17) — ამბობს მოციქული პავლე. აღდგენა ადამიანში „ხატისა ღვთისა“, გარდაქმნა ადამიანისა ნამდვილ ღვთისნიერ ქმნილებად - ესაა მიზანი ქრისტეს შობისა, ესაა მიზანი ახალი აღთქმისა.

  ციტატის წყარო: წუთისოფელში ცხოვრების მიზანი, შობა

  •  

სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არა მარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის“ (ინ. 15,13).

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4

  •  

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან. მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, - მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 43

  •  

როდესაც ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდება, იმდენ ნაკლოვანებას აღმოაჩენს, რომ ეკარგება სურვილი სხვათა განკითხვისა. გულწრფელი სინანული კი ხდება აღმხოცველი ჩადენილი დანაშაულისა და ამასთან ჩვენი შემრიგებელი უფალთან.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 164

  •  

მიუხედავად გაჭირვებისა და განსაცდელისა, დღეს მთელი სამყარო მაინც სიხარულს მოუცავს, მოგვიახლოვდა ემანუელი – ჩვენთან არს ღმერთი, რათა იმედით აღგვავსოს და გვითხრას: ნუ გეშინინ, „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 172

  •  

სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება, ხოლო ბოროტება ისევე შეუძლებელი - როგორც ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად (მათე 7,17-18).

  ციტატის წყარო: სიკეთე, კეთილი საქმეები, ბოროტება

  •  

წმ. წინასწარმეტყველმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ (მათე 3,2). სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება.

  ციტატის წყარო: სინანული

  •  

მოვიზღუდოთ თავი, რადგან „ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა“ (იოანე კიბისაღმწერელი).

  ციტატის წყარო: ამპარტავნება, განკითხვა

  •  

ქრისტიანული ნათელი ბეთლემში იშვა და ამ ნათელმა ქართველ ერს მისცა ნათლის ისეთი კერები, როგორიც იყვნენ: სინას მთა და წმიდა ათონი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და ბულგარეთის პეტრიწონი, გელათისა და იყალთოს აკადემია და სხვა.

  ციტატის წყარო: ქრისტიანობა, საქართველო, შობა

  •  

თუ გაქვს სურვილი გამოსწორებისა, უკვე სწორ გზაზე დგახარ. ამ დროს უნდა იჩქარო ტაძრისაკენ. მიდი მღვდელთან, როგორც სულის მკურნალთან, და გაუმხილე შენი ნაკლოვანებანი. მისი ლოცვითა და კურთხევით თვით ღვთისაგან მიიღებ შენდობას.

  ციტატის წყარო: აღსარება

  •  

აღდგომა ქრისტესი არის საფუძველი ჩვენი რწმენისა და სიყვარულისა; იგია იმედი და სასოება ჩვენი, რადგან მისი მადლით მოვიპოვებთ მარადიულ ნეტარებას; ამიტომაც გულმხურვალედ ვუგალობთ უფალს: „პასექმა სამოთხის კარი განგვიღო ჩვენ“.

  ციტატის წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) გვ. 4


მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს, ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი, მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი.

  — პაპი ფრანცისკე


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ილია II


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ილია_II&oldid=30478“-დან