შინაარსზე გადასვლა

იოსებ ათონელი

ვიკიციტატიდან

ბერი იოსებ ისიქასტი (ბერი იოსებ ათონელი, 2 ნოემბერი 1897 — 28 აგვისტო 1959) — XX საუკუნის ბერძენი წმინდანი. მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე. მის სახელს უკავშირდება უძველესი ისიქასტური პრაქტიკის (იგივე გონიერი ლოცვის: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი") ხელახალი აღორძინება და განმტკიცება ათონის წმინდა მთის და საბერძნეთის საზღვრებს გარეთ მდებარე ეკლესია-მონასტრებში. ბერი იოსების სულიერი შვილები დღესაც განაგრძობენ მოღვაწეობას მსოფლიოს მასშტაბით და აგრძელებენ ზეციური მოძღვრის დაწყებულ საქმიანობას. 2019 წლის 20 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქომ ბერი იოსები ოფიციალურად შერაცხა წმინდანთა რიგებში.

სწავლებანი

[რედაქტირება]
  •  

წმინდანთა ცხოვრებები წაიკითხე. წაიკითხე, რომ ნახო, რამდენი ტანჯვა მოიხმარეს წმინდანებმა ძველი კაცის წინააღდმეგ, როგორ ნებით თუ უნებურად თრგუნავდნენ საკუთარ თავს მანამ, სანამ არ გაიფურჩქნა მათში უბიწოების ყვავილი, სიწმინდის ნელსურნელება. ამიტომაც აფრქვევენ კეთილსურნელებას და სდის მირონი მათ მოწამეობრივ და ღირს წმინდა ნაწილებს

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 93

  •  

ის, ვინც უკეთ ხედავს და ვინც ოდნავ მეტადაა განათლებული, უნდა პატიობდეს და თანაუგრძნობდეს ერთსულოვან და თანავნებიან თავის ძმას.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 166

  •  

ადამიანი მხოლოდ მაშინ დგას ფეხზე, როცა ღმრთის მადლი მოდის. სხვაგვარად, მადლის გარეშე, მუდამ ტორტმანობს და ეცემა. ასე რომ, გამხნევდი და ოდნავადაც კი არ შეშინდე.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 84

  •  

მორჩილებაა გახდე მონა, რათა იყო თავისუფალი. მცირე სასყიდლით იყიდე საკუთარი თავისუფლება. გახდი უზრუნველი და მხიარული.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 66

  •  

როცა დამდაბლდები, ყველა წმინდანად მოგეჩვენება. ხოლო როცა შენ თვითკმაყოფილი ხარ, შენი მოსაწონი არავინ არის და ყველანი ცუდები არიან.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 132

  •  

ღმერთშემოსილი მამები ამბობენ: დაცემას ამპარტავნება უძღვის, მადლს კი - სიმდაბლე. სულმოკლეობა კი მოუთმენლობის დედაა.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 129

  •  

ყველაფერი ადამიანური ამაოებაა, ის, რაც აღარ არის სიკვდილის შემდეგ.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 175

  •  

გაოცების ღირსია, როგორ მიქრის, როგორ ტრიალებს ყველაფერი დროებითი, ყველაფერი ამაო ამ ცხოვრებისა. და ერთ წამში პირველნი უკანასკნელნი ხდებიან, უკანასკნელნი კი პირველნი.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 210

  •  

ნუ შეიყვარებთ ამ სოფელს და ნურც მთელ ამსოფლიურ სიცრუეს, რადგან მსწრაფლ განქარდება, და ყოველი მისი სიხარული ჩაივლის. მხოლოდ ღმრთის ნებისმყოფელი ჰგია უკუნისამდე.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 204

  •  

მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 81

  •  

ჯილდოს გარდა, რომელსაც მოთმინებისთვის იღებ, მრავალნაცადი ხდები. ადამიანებსაც ცნობ. თუ ქვა ქვას არ მოხვდა, ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, გამოუცდელი კაცი კი არაფრად ვარგა.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 212

  •  

ღვაწლი ბოლო დღემდე გრძელდება. და განსაცდელი - სადაც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა გაჩერდე - შენს გვერდითაა.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 212

  •  

არ მინახავს, რომ წარმატებულიყო სული, შინაგანი ლოცვით მლოცველი, დაფარულ გულისსიტყვათა წრფელად აღსარების გარეშე.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 215

  •  

შენს ურვაში ადამიანთაგან ნუ მოითხოვ ნუგეშინისცემას, რათა ღმრთისაგან ინუგეშო.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 32

  •  

ო, როგორ წუხს ქრისტე მეუფე, როგორ ნაღვლობს სულთა სასიძო, როცა უმცირესი განსაცდელის გამო ჩვენი სასოწარკვეთილების ეკლის გვირგვინს ვადგამთ თავზე?

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 128

  •  

გიყვარდეს იესო და დაუცადებლად ილოცე და იგი (ლოცვა) განგანათლებს მის (იესოს) გზაზე.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 25

  •  

როცა ლაპარაკობთ, შინაგანად ილოცეთ, რათა თქვენმა სიტყვებმა ზეგარდამო მადლი შეიმოსონ.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 109

  •  

ქრისტესა და ღმრთისმშობელს სურთ, რომ ჩვენ მუდამ ყურადღებით ვიყოთ და ღმრთის შიში ვიქონიოთ.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 186

  •  

გინახავს მონაზონი მოთმინების გარეშე? ეს ლამპარია ზეთის გარეშე, რომლის სინათლეც მალე ჩაქრება.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 129

  •  

გინახავს ადამიანი, რომელიც რჩევას არ ითხოვს ან არ იცავს მას? მოიცადე, მალე იხილავ მას მოხიბლულს (ხიბლში ჩავარდნილს).

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 5

  •  

ყველას, ვინც შინაგანად ლოცულობს და არ ინანიებს, ან ლოცვა შეიწყდება, ან თავად ჩავარდება ხიბლში.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 214

  •  

არასდროს დამალო შენი გულისსიტყვა, რადგან მასშია დაფარული ეშმაკის უკეთურება: როცა აღიარებ, ქრება.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 23

  •  

არაფერი ისე არ სძულს ღმერთს, როგორც უსჯულო, ტკბობას მიცემული სხეულის სიბილწე. და ის ადამიანი, ვინც უწმინდურ გულისსიტყვებთან მრუშობს, მკვდარი ძაღლივით ერთიანად ყარს.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 132

  •  

რამდენადაც შეძლებ, ეცადე თავშეკავებული იყო, რადგან ნაყროვანებისაგან იშვება უკეთურება და ოცნებები.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 191

  •  

ეს ცხოვრება საომარი ასპარეზია. დასვენება იქ იქნება. აქ განდევნილობაა, იქ - ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 93

  •  

კარგად იცოდე, ვინც ერთს არ ემორჩილება, ის არც მრავალს დაემორჩილება და საბოლოოდ დაუმორჩილებელი რჩება.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 66

  •  

განსაცდელი წამალი და სამკურნალო ბალახებია, რომელნიც აშკარა ვნებებსა და ჩვენს უხილავ წყლულებს კურნავენ.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 84

  •  

სადაც სიკერპე და ამპარტავნებაა, იქ ურჩობა და საცდურია. სადაც მორჩილება და სიმდაბლეა, იქ ღმერთი განისვენებს.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 129

  •  

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ღმრთის ნების გარეშე ავად არ ვხდებით და არ ვკვდებით. ასე რომ, შორს ჩვენგან, მცირედმორწმუნეობავ.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 118

  •  

განსაცდელის ჟამს ყოველთვის ქრისტესა და ღმრთისმშობელს მიმართე. საშველად წმინდანებს უხმე და ყურადღებით იყავი.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 191

  •  

ღმერთი ფრიად შეიყვარე, რომ ფრიადი მიიღო. მისი დიდი თუ მცირე სიყვარულისდა მიხედვითაა მიგება ბევრისა თუ მცირისა.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 15

  •  

ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ღვთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. იმის გამო, რომ იგი თავადაა მხოლო წმინდა ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ასეთნი ვიყოთ.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 7

  •  

მონაზონი მოთმინების გარეშე, კანდელია უზეთოდ.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 151

  •  

მაშინვე, როგორც კი ადამიანი ჭეშმარიტად მოინანიებს, მას მადლი უახლოვდება და მოშურნეობით მრავლდება. გამოცდილება კი მრავალწლიან ღვაწლს საჭიროებს.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 62

  •  

დატოვეთ თქვენი ნება, რადგან იგი ადამიანისთვის სულის სიკვდილია.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 219

  •  

მონებად რომ დავბადებულიყავით, ყოველდღე მოგვხვდებოდა ჯოხი და სილა. ახლა კი ერთ ცივ სიტყვას ვერ ვიტანთ უძლური ძმისაგან.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 127

  •  

ყოველი ჩვენგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ თავის სწორ თუ არასწორ საქციელზე, არამედ უქმ სიტყვაზე, და იმ აზრებზეც კი, რასაც მცდარად ფიქრობდა.

  ციტატის წყარო: კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) გვ. 75

  •  

ნუ შეიყვარებ სამკაულებს. სუნამოებით ნუ დაინტერესდები. ყველაფერი ეს ამა სოფლის საქმეა: რამდენადაც ზედმეტი, იმდენად საძრახისი.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 187

  •  

ადამიანი სახლში ჯდომით ქალაქში ვერ იმოგზაურებს. მონაზონი, სიზარმაცითა და ულოცველობით, ვერ გახდება ზეციური იერუსალიმის ღირსი.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 132

  •  

მტერთან ყოველი შერკინებიდან გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. ან უნდა მოკვდე ორთაბრძოლაში, ან ღმერთით გაიმარჯვო. სხვა გზა არ არსებობს.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 76

  •  

თუკი დაიმარხავ სულისა და სხეულის ქალწულებას, ყოვლადწმინდა ქალწული დაგიფარავს ყოველგვარი ბოროტისაგან, ხილულ და უხილავ მტერთაგან.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 188

  •  

გაფრთხილდი, არ განიკითხო. რადგან ამის გამო ღმერთი უშვებს და მადლი მიდის და გტოვებს უფალი, რომ დაეცე, დამდაბლდე, დაინახო საკუთარი შეცდომები.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 25

  •  

ღვაწლისდამდებელი ქრისტე იმისთვის უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რომ მტრებზე გავიმარჯვოთ, ვნებათაგან განვიწმინდოთ და სრულყოფილნი განხდეთ.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 212

  •  

თითქმის ყოველთვის ის, ვისაც სხვებთან შედარებით რაიმე ნიჭი აქვს, ძნელად მდაბლდება: ფიქრობს, რომ თვითონ რაღაცას წარმოადგენს, სხვები კი არაფერს.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 20

  •  

სიტყვიერ ცხოვართა ყოველ მწყემსსმსხვერპლად უნდა მიჰქონდეს თავი სამწყსოსათვის, ქრისტეს მიბაძვით, რომელიც მოვიდა, რათა სული დაედო მრავალთა ხსნისათვის.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 219

  •  

ღმრთის შიში გქონდეთ, რათა არ ეურჩოთ თქვენს წინამძღვარს. რადგან მასთან კი არ გაქვთ საქმე, არამედ ღმერთთან, რომელიც მორჩილებას ითხოვს სულის ცხონებისათვის.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 113

  •  

გამხნევდი, ჩემო შვილო, და აღდექი დაცემული. აღემართე. განურისხდი მაცთურს, იცოდე, რომ იგია მთელი ამ უკეთურების სულისჩამდგმელი. მაგრამ შენ ნება არ მისცე. ებრძოლე.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 85

  •  

იოლად დაცემას არ მიეჩვიო. რადგან ყოველი დაცემისას სულის ზღუდე ირღვევა და მტრისათვის შესვლა იოლდება მანამ, სანამ დამარცხებული მთლიანად ტყვეობაში არ აღმოჩნდება.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 129

  •  

მორჩილებად არ შეგერაცხება ამა თუ იმ დავალების შესრულება, თუკი გულში წინააღმდეგობა გაქვს. მორჩილება სულის ბრძნობის დამორჩილებაა, რათა საკუთარ სიცუდეს დააღწიო თავი.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 66

  •  

უნდა გესმოდეთ, რომ დროებითი ტკბობა აჩრდილივით ქრება.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 162

  •  

არ არსებობს ადგილი განსაცდელის გარეშე. და ადამიანმა იქ უნდა გაიმარჯვოს, სადაც მას ებრძვიან, რომ დაამწუხროს და შეარცხვინოს ეშმაკი, ღმერთს კი სიხარული და დიდება მიანიჭოს.

  ციტატის წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა გვ. 212


მოგონებები

[რედაქტირება]
  •  

"მახსოვს, ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა ავირჩიე გზა, რომელმაც წმინდა მთაზე, ღვთისმშობლის სავანეში მიმიყვანა. მონაზვნური ცხოვრებისკენ მიმავალი ეს გზა პირველად ჩემმა სათნო და მონაზვნობისმოყვარე დედამ, ამჟამად მონაზონმა თეოფანიამ დამანახა.

გერმანული ოკუპაციის პირველი მძიმე წლებში იძულებული გავხდი, უმაღლეს სკოლაში სწავლა შემეწყვიტა და მუშაობა დამეწყო. ამ დროს ვოლოს ძველი კალენდრის მიმდევარი ორი სამრევლო ეკლესიიდან ერთ-ერთში წმინდა მთიდან ჩამოსულმა მღვდელმონაზონმა დაიწყო მსახურება. ის იოსებ-ისიხასტის (ისიხია - (ბერძ.) მდუმარება, სიმშვიდე. ისიხასტი - ამსოფლიურ ცხოვრებას განშორებული ადამიანი, რომელიც გარეგან ან შინაგან - გონიერი ლოცვით მდუმარებაში იმყოფება. ეს ღვაწლი მოითხოვს ყურადღებასა და უწყვეტ იესოს ლოცვას) ძმობიდან იყო. ეს ათონელი მღვდელმონაზონი ძალზე სასარგებლო რჩევებს მაძლევდა და სულიერი ცხოვრების წარმართვაში მეხმარებოდა. ის გახდა ჩემი სულიერი მამა. მისი რჩევებისა და მასთან საუბრის წყალობით მალე ვიგრძენი, რომ ჩემი გული საერო ცხოვრებას შორდებოდა და წმინდა მთისკენ ისწრაფვოდა. როცა ის მამა იოსების ცხოვრების შესახებ მიყვებოდა, განსაკუთრებით ვგრძნობდი, რაღაც ღვივდებოდა ჩემში და მხურვალედ ვლოცულობდი მალე გამეცნო ის.

როცა ბოლოს და ბოლოს ეს დროც დადგა - 1947 წლის 26 სექტემბრის დილა - პატარა გემმა ნელ-ნელა საერო ცხოვრებიდან წმინდადწოდებულ მთაზე გადაგვიყვანა: როგორც ამბობენ, წარმავლობის საპირისპირო მარადიულ ნაპირზე.

წმინდა ანას სკიტის კლდოვან ნაპირთან ხანდაზმული მამა არსენი მელოდებოდა.

- შენ ხან იანაკი ვოლოსიდან? - მკითხა მან.

- დიახ, მამაო, - ვუპასუხე, - მაგრამ საიდან მიცნობთ?

- მამა იოსებმა წმინდა იოანე წინამორბედისგან შეიტყო, რომელიც წუხელ გამოეცხადა და უთხრა: „პატარა კრავი მომყავს შენთან, მიიღე შენს სამწყსოში“, - თქვა მან.

იოანე ნათლისმცემელზე, ჩემს მფარველ წმინდანზე, დავიწყე ფიქრი. მე მისი შობის დღეს დავიბადე. მის მიმართ მადლიერების გრძნობით აღვივსე, ასე რომ ზრუნავდა ჩემზე.

- აბა, იანაკი, წავიდეთ, - მითხრა მამა არსენმა, - მამა იოსები გველოდება.

შევუდექით აღმართს. საოცარი გრძნობა დამეუფლა, ვერაფერი შეძლებს ამის სიტყვით გადმოცემას.

იმ საღამოს, გამოქვაბულში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ეკლესიაში მუხლი მოვიყარე და ჩემს მოძღვარს მორჩილება აღვუთქვი. აქ, ამ მჟუტავ სინათლეზე ჩემმა სულმა მხოლოდ მისთვის გასაგები გზით შეიცნო ჩემი წმინდა მოძღვრის ნათელი სახე.

სულიერი და ხორციელი ასაკით ძმობაში ყველაზე პატარა ვიყავი, მამა იოსები კი წმინდა მთაზე იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი სულიერი მოძღვარი იყო. მასთან დავრჩი და მის ფერხთით ვსწავლობდი ყველაფერს თორმეტი წლის განმავლობაში - ამდენი ხანი იცოცხლა მან ჩემი მისვლის შემდეგ. უფალმა ჩემი მოძღვრის მსახურების ღირსი გამხადა მის უკანასკნელ წმინდა ამოსუნთქვამდე. თავისი მძიმე სულიერი ღვაწლისა და იმ წმინდა ლოცვის გამო, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, ის ყოველგვარი სამსახურის ღირსი იყო. მე ის შევიცანი, როგორც ჭეშმარიტად ღმერთშემოსილი მამა, შესანიშნავი სულიერი წინამძღოლი, რომელსაც ვნებებსა და დემონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მის გვერდით მყოფი, თუკი მას ყველაფერში დაემორჩილებოდა, აუცილებლად განიკურნებოდა ვნებებისგან მათი სიმრავლისა და სიძლიერის მიუხედავად.

მამა იოსები მონაზვნებისთვის ყველაზე დიდ სათნოებად ქრისტეს მსგავს მორჩილებას მიიჩნევდა. ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის ის უპირატესობას გამოცდილი მოძღვრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ წარმოებულ გონიერ ლოცვას ანიჭებდა. ამ მიზეზით მოხიბლული ბევრი ანახა და ამიტომაც ფრთხილობდა. ხშირად გვეუბნებოდა:

- თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ რჩევას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ.

ჩვენი ასკეტური ცხოვრების წესის მიმართ ის უკიდურესად მკაცრი იყო. მან მთელი სულით შეიყვარა მარხვა, მღვიძარება და ლოცვა. მისი ტრაპეზი ყოველთვის ზომიერი იყო. ის არასოდეს ჭამდა ახლადმომზადებულ კერძს, თუკი იცოდა, რომ წინა დღის ან ორიდღისწინანდელი ტრაპეზიდან რაიმე იყო დარჩენილი. რაც შეეხება ჩვენი ძმობის ახალგაზრდა წევრების კვებას, მისი სიმკაცრე ზომიერი იყო. რადგან ჩვენს ფიზიკურ უძლურებას ხედავდა, მიაჩნდა, რომ უნდა დავეზოგეთ. თითქოს ამ დათმობაში ვლინდებოდა მთელი მისი შემწყნარებლობა ჩვენს მიმართ. სხვა ყველაფერში მამა იოსები ძალიან მომთხოვნი იყო. არა იმიტომ, რომ მას შეცდომების პატიება ან ჩვენი სისუსტეების დათმენა არ შეეძლო, არამედ უნდოდა, რომ მთელი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალები ღვაწლისკენ ყოფილიყო მიმართული. ის ამბობდა: „რასაც ჩვენ უფალს არ მივცემთ, იმას სხვა გამოიყენებს. ღმერთიც ამიტომ გვაძლევს მვნებას, რომ გვიყვარდეს ის მთელი სულითა და გულით, რომ ბოროტმა ვეღარ ნახოს დასამკვიდრებელი ადგილი ჩვენში“.

ყოველ ღამეს მღვიძარებაში ვატარებდით - ტიპიკონი ასეთი იყო. მამა იოსები მოითხოვდა ჩვენგან სისხლამდე ბრძოლას ძილისა და ბოროტი გულისსიტყვების წინააღმდეგ. თვითონ თავის ჩაბნელებულ პატარა სენაკში განუშორებელი, უწყვეტი გონიერი ლოცვით მთელ ღამეს მღვიძარებაში ატარებდა. თუმცა სენაკში იყო განმარტოებული, მან იცოდა, რა ხდებოდა გარეთ: იცოდა თითოეული ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ლოცვის შესახებ. ერთი თვალის შევლებით შეეძლო ჩვენი აზრების წაკითხვა. როცა ხედავდა, რომ გამხნევება გვჭირდებოდა, ათონელი მამების ასკეტურ ღვაწლზე მოგვითხრობდა. ძალიან კარგი მთხრობელი იყო. როცა საუბარს იწყებდა, გვინდოდა, დაუსრულებლად ელაპარაკა. მიუხედავად თხრობის თანდაყოლილი ნიჭისა, ხშირად გვეჩვენებოდა, რომ ღვთიურ ნათელსა და მადლის სხვადასხვა მოქმედებაზე საუბრისას გული სწყდებოდა, რომ თავისი გამოცდილების სიღრმით გადმოცემა ღარიბი ადამიანური ენით შეუძლებელი იყო. მამა იოსები ჩუმდებოდა და თითქოს გვშორდებოდა, რადგან არ შეეძლო სიტყვით გამოეხატა ის, რაც იდუმალი სიტყვის მიუწვდომელ, ნათელ და უმაღლეს მწვერვალზეა, სადაც უბრალო და უცილობელი, უცვლელი და ენითგამოუთქმელი ღვთისმეტყველების საიდუმლოებაა.

ჩემს მოძღვარს ღვთისმეტყველება არ უსწავლია, თუმცა საოცარი სიღრმით ღვთისმეტყველებდა. ერთ წერილში ის წერს: „როდესაც ნამდვილი მონაზონი მორჩილებითა და მდუმარებით განიწმენდს გრძნობებს, დაიმშვიდებს გონებას და განიწმინდება მისი გული, მაშინ მიიღებს მადლსა და საღმრთო ცოდნას. ხდება სრული ნათელი, სრული გონება, სრული ბრწყინვალება, საიდანაც გადმოედინება ღვთისმეტყველება. სამი ადამიანიც რომ იწერდეს მას ერთდროულად, მაინც ვერ მიჰყვება მადლის ნაკადს, რომელიც ტალღებად მოედინება და სიმშვიდესა და სხეულში ვნებების უმოქმედობას მოგვამდლებს. გული ღვთაებრივი სიყვარულით აენთება და აღმოხდება: „შეაჩერე, იესო ჩემო, ტალღები შენი მადლისა, თორემ ცვილივით ვდნები“. და მართლაც, ის დნება, რადგან ვერ უძლებს ამას. გონება ჭვრეტად აღიტაცება. ხდება შერწყმა. ადამიანი გარდაიქმნება და ღმერთს ისე უერთდება, რომ ვეღარ ცნობს ან ვეღარ აცალკევებს საკუთარ თავს ღვთისგან ისევე, როგორც რკინა, რომელიც გახურებისას ცეცხლს ემსგავსება“.

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მისთვის უცნობი და მიუწვდომელი არ იყო ხელთუქმნელი ნათლით გაბრწყინებული ღვთაებრივი წყვდიადი; მისთვის ცნობილი იყო ის, როგორც ადგილი და სახე ღვთის მყოფობისა, როგორც ენითგამოუთქმელი საიდუმლო, როგორც უნათლესი ნათელი. ეს იმიტომ, რომ მან ლოცვა იცოდა. ბევრჯერ გვინახავს, როცა ხანგრძლივი გონიერი ლოცვის შემდეგ სენაკიდან გამოვიდოდა, მისი სახე შეცვლილი და განათებული იყო. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ის ნათელი, რომლითაც მისი სული განუწყვეტლივ განიბანებოდა, დროდადრო მის სხეულსაც ხილულად განბანდა ხოლმე. წმინდანებისა და ანგელოზების შარავანდედიც, რომელსაც ხატებზე გამოსახავენ, სხვა არაფერია, თუ არა მადლის ხელთუქმნელი ნათლის ანარეკლი, რომელიც მათ სულში ბრწყინავს.

მამა იოსების სიწმინდე მართლაც გასაოცარი იყო. მახსოვს, როცა ღამით მის სენაკში შევდიოდი, კეთილსურნელება ტრიალებდა. ვგრძნობდი, რომ ყველაფერს, რაც მის გარშემო იყო, მისი ლოცვების კეთილსურნელება აღავსებდა და მოქმედებდა როგორც ჩვენს შინაგან, ისე გარეგან გრძნობებზე. როცა მამა იოსები სულისა და სხეულის სიწმინდეზე გველაპარაკებოდა, მაგალითად ყოველთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მოჰყავდა.

- ვერ აგიწერთ, - ამბობდა ის, - როგორ უყვარს დედა ღვთისმშობელს ქალწულება და სიწმინდე. რადგან ის ყოვლადუბიწო ქალწულია, ჩვენთვისაც ეს სურს და ასეთები ვუყვარვართ. უფრო კეთილსურნელოვანი მსხვერპლი არ არსებობს ღვთის წინაშე, ვიდრე სხეულისა და სულის სიწმინდე. იგი სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება.

მამა იოსები ბოლოს ამბობდა:

- ასე რომ, აიძულეთ თავი სულისა და ხორცის განსაწმენდად, არ შემოუშვათ არცერთი არაწმინდა გულისსიტყვა გონებაში.

რაც შეეხება მდუმარებას, ის ერთ სიტყვასაც არ იტყოდა საჭიროების გარეშე. განსაკუთრებით დიდ მარხვაში, როცა ის მარტო იყო მამა არსენთან ერთად, ისინი მთელ კვირას მდუმარებაში ატარებდნენ. შაბათის მწუხრიდან კვირის სერობამდე მხოლოდ აუცილებელ სათქმელს იტყოდნენ და მერე მთელი კვირის მანძილზე ისევ მდუმარებას აგრძელებდნენ. თუ საჭირო იყო ერთმანეთისთვის რაიმეს შეტყობინება, ხელით ანიშნებდნენ. რადგან მდუმარების დიდ სარგებელს ხედავდა, მან ჩვენც აგვიკრძალა ლაპარაკი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუცილებელი იყო რაიმეს თქმა. როცა ისიხასტირიიდან რაიმე დავალებით გვაგზავნიდა, გვაკურთხებდა, არავისთან გველაპარაკა. როცა ვბრუნდებოდი, მახსოვს, ყოველთვის მკაცრად გამომკითხავდა, შევასრულე თუ არა სრული მორჩილება და მდუმარება. მდუმარების ორი-სამი სიტყვით დარღვევისათვის ჩემი პირველი ეპიტიმია ორასი მეტანია იყო.

ეს ზეციური ადამიანი თავისი მოწაფეების ვნებებისგან განკურნების ნამდვილი ოსტატი იყო. თუკი ისინი შეძლებდნენ მასთან დარჩენასა და მორჩილებას, ხელმეორედ იბადებოდნენ. მრავალი მოსულა მასთან, რომ დარჩენილიყო და ესწავლა, მაგრამ მხოლოდ ცოტა დარჩენილა. მასთან ცხოვრება ადვილი არ იყო. მისი მამობრივი სიყვარული ისე მზრდიდა, რომ ზოგიერთისთვის ჩემი მონათხრობი ალბათ დაუჯერებელი იქნებოდა. მაგალითად, ერთად გატარებული თორმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე მაქვს გაგონილი მისგან ჩემი სახელი. როცა ჩემი დაძახება უნდოდა, ყოველთვის სალანძღავ სიტყვებს და მათ შესაბამის ეპითეტებს ხმარობდა. მაგრამ როგორი სინაზე იყო ამ ოსტატურ დაცინვაში, რა წმინდა მზრუნველობა იმალებოდა ამ ლანძღვის უკან და რა მადლიერია ახლა ჩემი სული მისი წმინდა ენის ამ ქირურგიული ჩარევის გამო.

ჩვენ უდაბნოში საკმაოდ დიდხანს დავრჩით. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო თითქმის ყველანი ავად გავხდით. მამა იოსებს ლოცვისას ეუწყა, რომ კლდიდან ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით. გადავინაცვლეთ ქვემოთ. აქ კლიმატი უფრო რბილი იყო, შრომაც უფრო ზომიერი გვქონდა და მის გარდა ყველანი მოვღონიერდით: ის მთელი ცხოვრების მანძილზე ავადმყოფობდა. შესაძლოა მარხვის ან ხანგრძლივი მღვიძარების ღვაწლის, ლოცვაში დაღვრილი ოფლისა და განსაცდელების გამო მისი სხეული ერთ დიდ ჭრილობად იქცა. ერთხელ ვკითხე:

- მამაო, ასეთი დაუძლურებული ხართ და მკაცრად რატომ მარხულობთ?

- ახლა იმისთვის ვმარხულობ, შვილო, რომ ჩვენმა სახიერმა ღმერთმა თქვენ მოგანიჭოთ თავისი მადლი. - მიპასუხა მან".

  ციტატის წყარო: [http://www.orthodoxy.ge/biografiebi/ioseb_atoneli.htm არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი - მოგონებები მამა იოსებ ათონელზე წიგნიდა „მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა“, ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის დედათა მონასტერი, 2004 წ.]


გარდაცვალება

[რედაქტირება]
  •  

"ფიზიკური უძლურებისა და ტკივილების მიუხედავად, ის ისეთ სულიერ მადლსა და ნეტარებას გრძნობდა, რომ სიტყვით გადმოცემა უჭირდა და ამბობდა, რომ თითქოს შინაგანი სამოთხის განცდა ჰქონდა.

მაგრამ მოვიდა მისი გარდაცვალების დრო. ის მთელი ცხოვრება სიკვდილის მოლოდინში იყო. აქ მისი ცხოვრება შრომა, ბრძოლა და ტკივილი იყო. მის სულს ისევე, როგორც სხეულს, განსვენება სურდა. და თუმცა მან სიკვდილის ხსოვნა ღრმად ჩაგვინერგა, ჩვენზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორ ჰქონდა გათავისებული სიკვდილის საშინელი საიდუმლო. თითქოს დღესასწაულისთვის ემზადებოდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ საკუთარი სინდისი უფლის დიდ წყალობას აუწყებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტს ტიროდა. მამა არსენმა სანუგეშებლად უთხრა:

- მამაო, მთელი ცხოვრება ამდენი იღვაწეთ და ილოცეთ, ამდენი იტირეთ და ისევ ტირით?

მამა იოსებმა შეხედა მას და ამოიოხრა:

- ეჰ, მართალია, მამა არსენ, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ. რა ვიცი, ღვთისთვის სათნო იყო თუ არა ჩემი შრომა. ის ღმერთია და ისე არ განსჯის, როგორც ჩვენ, ადამიანები. აღარც მე მოვბრუნდები უკან, რომ ისევ ვიტირო. ახლა რასაც მოვასწრებთ, ის იქნება. როგორც იგლოვებ და იტირებ, ისეთ ნუგეშს მიიღებ.

მის სიყვარულს ღვთისმშობლის მიმართ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მისი ხსენებისთანავე თვალები ცრემლით ევსებოდა. დიდი ხანია, ღვთისმშობელს ევედრებოდა, წაეყვანა ამ ცხოვრებიდან, რომ დაესვენა. ყოველთა დედოფალმა შეისმინა მისი თხოვნა. მან მამა იოსებს გარდაცვალების შესახებ ერთი თვით ადრე აცნობა. მამა იოსებმა დამიძახა და მითხრა, რა უნდა მომემზადებინა. ჩვენ მოლოდინში ვიყავით.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა საღამოს, 1959 წლის 14 აგვისტოს, მის სანახავად ბატონმა სხინასმა შემოიარა ვოლოდან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ.

- როგორ ბრძანდებით, მამაო, - ჰკითხა სხინასმა, - თავს როგორ გრძნობთ?

- ხვალ, სოტირი, ჩემს სამუდამო სამშობლოში მივდივარ. როცა ზარების რეკვას გაიგებ, მაშინ გაიხსენებ ჩემს სიტყვებს.

იმ ღამეს, ღვთისმშობლის მიძინების ღამისთევის ლოცვაზე მამა იოსები სხვა მამებთან ერთად გალობდა, რამდენიც შეეძლო. ლიტურგიის დროს, წმინდა ზიარების წინ მან წარმოთქვა: „საგზლად საუკუნო ცხოვრებისა“.

15 აგვისტო თენდებოდა. მამა იოსები კელიის ეზოში, თავის მოწამეობრივ სავარძელზე იჯდა და გარდაცვალების საათსა და წამს მოელოდა. მას სჯეროდა ღვთისმშობლის დანაპირების. მაგრამ დრო გადიოდა და როცა ჰორიზონტზე მეც გამოჩნდა, მამა იოსები თითქოს აფორიაქდა, მისი დრო იგვიანებდა. ეს ბოროტის უკანასკნელი შემოტევა იყო. მამა იოსებმა დამიძახა და მკითხა:

- შვილო, რატომ აყოვნებს უფალი ჩემს წაყვანას? მზე ამოდის და მე ისევ აქ ვარ!

რომ ვუყურებდი, როგორც წუხდა ჩემი მოძღვარი და თითქმის ვეღარ ითმენდა, თქვა გავბედე:

- ნუ წუხხართ, მამაო, ჩვენ ახლა თქვენთვის ვილოცებთ და თქვენ წახვალთ.

ის აღარ ტიროდა. მამებმა სკვნილზე ლოცვა დაიწყეს. თხუთმეტ წუთზე მეტი არ გასულა, რომ მამა იოსებმა თქვა:

- დაუძახეთ მამებს, მოვიდნენ და უკანასკნელი კურთხევა აიღონ, რადგან მივდივარ.

ჩვენ უკანასკნელად თაყვანი ვეცით მას. ცოტა ხნის შემდეგ ის დაახლოებით ორი წუთი, ცაში რაღაცას მიაჩერდა, მერე ჩვენ შემოგვხედა და საოცარი სიფხიზლითა და სულიერი აღტაცებით აღვსილმა გვითხრა:

- ყველაფერი დამთავრდა, მივდივარ, გშორდებით, მაკურთხეთ!

ამ უკანასკნელი სიტყვებით თავი ასწია, მერე მარჯვნივ მიაბრუნა, ორ-სამჯერ ოდნავ გააღო პირი და თვალები და დამთავრდა. მან შეჰვედრა სული მას, ვინც ასე ენატრებოდა და ვისთვისცა იღვწოდა ახალგაზრდობიდან.

მისი გარდაცვალება ჭეშმარიტად ღირსეული იყო. ჩვენ მისმა სიკვდილმა აღდგომის განცდა მოგვიტანა. ჩვენს წინ მიცვალებული იწვა და გლოვა გვმართებდა, მაგრამ შინაგანად აღდგომას განვიცდიდით. მას შემდეგ ეს გრძნობა აღარ მტოვებს. ეს ის გრძნობაა, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ჩემი დაუვიწყარი წმინდა მოძღვრის ხსოვნას".

  ციტატის წყარო: [http://www.orthodoxy.ge/biografiebi/ioseb_atoneli.htm არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი - მოგონებები მამა იოსებ ათონელზე წიგნიდა „მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა“, ხახულის ღვთისმშობლის ახალი შუამთის დედათა მონასტერი, 2004 წ.]


სასწაულები

[რედაქტირება]
  •  

როდესაც მამა ეფრემის მოძღვრის,მამა იოსებ ისიხასტის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელი გავიდა, ტრადიციისამებრ მისი წმინდა ნაწილები ამოაბრძანეს, რათა სხვადასხვა მონასტერში წაებრძანებინათ. მამა ეფრემი არ თვლიდა ღირსად თავს რომ რაიმე შეხვედროდა, მაგრამ მალევე მოუხმეს და უთხრეს, რომ მისი საყვარელი მოძღვრის წმინდა ნაწილებიდან მას თავის ქალა ერგო. როდესაც მამა ეფრემი არიზონაში გადავიდა, ეს დიდი სიწმინდეც წააბრძანა და დღესაც არიზონას წმინდა ანტონი დიდის მონასტერშია დასვენებული. დღემდე ბერი იოსების თავის ქალა კეთილსურნელებას გამოსცემს პირიდან, რადგანაც მისი ბაგე მოუკლებლად ლოცულობდა იესოს ლოცვას.

  ციტატის წყარო: [1]


რჩევები და დარიგებები

[რედაქტირება]
  •  

"როცა მოძღვარი თავის თავზე იღებს თუნდაც ერთ სულს, უმძიმესი ჯაჭვი ეხვევა ქედზე. და მრავალი წმინდა ლოცვა ესაჭიროება, სიმძიმე რომ შეუმსუბუქდეს. საჭიროებს დიდსა და წრფელ სიყვარულს და არა ურჩობასა და ცილობას. უნდა, მის მორჩილთა ბაგეები მოწიწებასა და მადლს გამოსცემდეს და არა ნაღველს, სიმწარეს კამათსა და შფოთს.
რადგან ყოველი უხეში სიტყვა, რომელსაც თქვენ მას განსაცდელის ჟამს ეტყვით, შხამით ავსებს მის სულს, ვინაიდან სწორედ გველი დემონისაგან მომდინარეობს და სული ჭკნება, დასეტყვილი ყვავილივით. საკუთარი თავისთვის ლოცვაც კი აღარ ძალუძს მას მანამ, სანამ ტკივილი არ გაივლის.
ხოლო თუკი მორჩილნი ყველაფერში დამჯერნი არიან, მაშინ მოძღვარიც გამართული მიდის, წარემატება, მხურვალედ ლოცულობს, მოჭარბებულად განათლდება, გონივრულად ლაპარაკობს, კეთილად ურჩევს, მადლი ემატება, და დაუშრეტელ წყაროდ იქცევა, რომელიც ყველას უხვად უნაწილებს უფლისაგან ბოძებულ ღმრთაებრივ მადლს

...შენ ზეცად აღსვლისთვის ხარ ხმობილი. რა გასაკვირია, ვინც გარბის, იმან წაიბორძიკოს კიდეც. მხოლოდ მოთმინება და სინანული უნდა იქონიოს ყოველ წამს.
ამიტომ მუდამ სინანული გმართებს, როცა ცდები. დრო არ დაკარგო. რადგან, რამდენადაც აყოვნებ შენდობის თხოვნას, იმდენად რთავ ნებას მაცთურს, ფესვი გაიდგას შენში. ნუ მისცემ იმის ნებას, რომ შენსავე საზიანოდ განერვიულოს.
მაშ ასე, სასოს ნუ წარიკვეთ დაცემისას, არამედ მზადყოფნით აღმდგარმა შეინანე და თქვი: "შემინდე ქრისტე ჩემო, ადამიანი ვარ და უძლური".

ეს მიტოვება არ არის. მაგრამ რადგან შენ ჯერ კიდევ ბევრი ამსოფლიური სიამაყე და ცუდმედიდობა გაქვს, ჩვენი ქრისტე უშვებს, რომ შეცდე და დაეცე, რათა ყოველდღიურად გრძნობიერად შეიცნობდე საკუთარ სისუსტეს და უთმენდე მათ, ვინც სცოდავს, რომ არ განიკითხავდე ძმებს, როცა ისინი ცდებიან, არამედ მათ უძლურებებს ზიდავდე.
ე.ი. რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ ადექი და შემდობა ითხოვე

იხვეჭს არა ჭკვიანი, კეთილშობილი, მჭევრმეტყველი ან მდიდარი, არამედ ის, ვისაც შეურაცხყოფენ ის კი სულგრძელებს; ვისაც წყენას აყენებენ, ის კი პატიობს; ვისაც ცილს წამებენ, ის კი ითმენს; ის, ვინც ღრუბელივით ხდება, და განწმენდს, რასაც ისმენს და რასაც ამბობენ - რაც არ უნდა იყოს. ის განიწმინდება და ნათლდება სხვათა უმეტესად. მაღალ საზომს აღწევს. ტკბება საიდუმლოებათა ჭვრეტით. და ბოლოს, ჯერ კიდევ ამ სოფლად მყოფი, სამოთხეშია.
და როცა მოვა ჟამი სიკვდილისა, როგორც კი დაიხუჭება ეს თვალები, მყის აღეხილება შინაგანი, სულის თვალები. და საკმარისია გაიფიქროს იმქვეყნიური, უმალ აღმოჩნდება იქ, სადაც უნდოდა, ისე, რომ ვერც კი შეამჩნევს ამას. წყვდიადიდან ნათელში გადადის, მწუხარებიდან სიმშვიდეში, შფოთიდან - მყუდრო ნავსაყუდელში, ბრძოლიდან - მარადიულ განსვენებაში

ხშირად შეჰღაღადე შენს მამას, რომელიც მუდამ შენს გვერდითაა და არასდროს გტოვებს. იგი უფრო ახლოსაც კია, ვიდრე შენი გონების მოძრაობა: იგი შენს სუნთქვაშია, შენს გონებაში, შენს სიტყვაში. ღმერთი ყველაფერს იტევს. ჩვენ, გლახაკნი და უგუნურნი, მისით ვცოცხლობთ, იგი გვატარებს თავისი უბით, მამაშენი აქაა, მუდამ გხედავს. შენ კი რატომ ვერ ხედავ მას? სცოდავ? რატომ არ უგდებ ყურს? რატომ ამწუხრებ ცხოვრების მომცემელს? თუმცა კი გხედავს, ნაღვლობს, მაგრამ თვალს გარიდებს, რადგან შენ ბრმა ხარ. ევედრე მას განსაცდელთა დათმენისას, რომელთაც გიგზავნის, და აგეხილება თვალი, რათა დაინახო იგი და მაშინ იობთან ერთად შესძახებ: ჰამბავითა ყურთა მესმინა შენთვის პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთვის განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად".

  ციტატის წყარო: [2]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]

იოსებ ათონელის გამონათქვემები