იოსებ სტალინი

ვიკიციტატიდან
სტალინი, კადრი ფილმიდან „კომუნიზმი“, 1952.

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი — ჯუღაშვილი; დ. 18 დეკემბერი [ძვ. სტ. 6 დეკემბერი], ოფიციალური ვერსიით 21 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი], 1878, გორი — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე.

სოსო ჯუღაშვილის ლექსები[რედაქტირება]

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორი „პირადი თავისუფლება“ შეიძლება ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც მშიერი დადის და საკუთარ შრომას ვერსად იყენებს. ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს ექსპლუატაცია, სადაც ადამიანების ერთი ნაწილის მიერ მეორე ნაწილის ჩაგვრა არ ხდება, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანი არ კანკალებს იმის გამო, რომ ხვალ შეიძლება დაკარგოს სამუშაო, საცხოვრებელი, პური. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში არის შესაძლებელი ნამდვილი, და არა ქაღალდზე დაწერილი, პირადი და ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლების არსებობა...

  ციტატის წყარო: ინტერვიუ „სკრიპს-ჰოუარდ ნიუსპეიპერის“ პრეზიდენტ როი ჰოუარდთან. 1936 წლის 1 მარტი.


  •  

არ ყოფილა და არ იქნება, რომ მომაკვდავი კლასები ნებაყოფლობით თმობდნენ თავიანთ პოზიციებს, არ ცდილობდნენ წინააღმდეგობის მოწყობას. არ ყოფილა და არც იქნება, რომ მუშათა კლასის წინასვლა სოციალიზმისაკენ კლასობრივი საზოგადოების დროს უბრძოლველად და უშფოთველად ხდებოდეს. პირიქით, სოციალიზმისაკენ წინსვლამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს ექსპლოატატორული ელემენტების წინააღმდეგობა ამ წინსვლისადმი, ხოლო ექსპლოატატორების წინააღმდეგობამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს კლასობრივი ბრძოლის გარდაუვალი გამწვავება.

  ციტატის წყარო: გამოსვლა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე. 1928 წლის 9 ივლისი.


  •  

ლენინიზმი არის მარქსიზმი იმპერიალიზმის და პროლეტარული რევოლუციის ეპოქაში

  ციტატის წყარო: „ლენინიზმის საკითხები“


  •  

ეროვნული და რასობრივი შოვინიზმი კანიბალიზმის ეპოქისთვის დამახასიათებელი კაცთმოძულე ზნეჩვეულებების გადმონაშთია. ანტისემიტიზმი, როგორც რასობრივი შოვინიზმის უკიდურესი ფორმა, კანიბალიზმის გადმონაშთის ყველაზე საშიში სახეა.

ანტისემიტიზმი ხელსაყრელია ექსპლუატატორთათვის, როგორც მეხსარიდი, რომელიც კაპიტალიზმზე მშრომელების დარტყმებს იცილებს. ანტისემიტიზმი საშიშია მუშა ხალხისთვის, როგორც მცდარი ბილიკი, რომელიც მათ სწორ გზას აცილებს და ჯუნგლებში აბრუნებს. მაშასადამე კომუნისტები, როგორც მდგრადი ინტერნაციონალისტები, ანტისემიტიზმის შეურიგებელი და დაუძინებელი მტრები უნდა იყვნენ.

  ციტატის წყარო: ოფიციალური პასუხი ებრაულ სატელეგრაფო სააგენტოს (აშშ). 1931 წლის 12 იანვარი.


  •  

რომ აშენო, უნდა იცოდე, რომ იცოდე − უნდა ისწავლო.


  •  

მინისტრები მოდიან და მიდიან, ხალხი კი − რჩება.


  •  

მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია.


  •  

მარქსიზმი არ არის მარტო სოციალიზმის თეორია, — ის მთელი მსოფლმხედველობაა, ფილოსოფიური სისტემაა, საიდანაც ლოგიკურად გამომდინარეობს მარქსის პროლეტარული სოციალიზმი. ამ ფილოსოფიურ სისტემას დიალექტიკური მატერიალიზმი ეწოდება.

  ციტატის წყარო: „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“


  •  

ზოგიერთნი თვლიან, რომ მარქსიზმს და ანარქიზმს ერთი და იგივე პრინციპები აქვთ, რომ მათ შორის მხოლოდ ტაქტიკური განსხვავებებია, ამიტომაც, მათი აზრით, სრულიად შეუძლებელია ერთმანეთს დავუპირისპიროთ ეს ორი მიმდინარეობა.
მაგრამ ეს დიდი შეცდომაა.
ჩვენ გვწამს, რომ ანარქისტები მარქსიზმის ნამდვილი მტრები არიან. მაშასადამე, გვწამს აგრეთვე ის, რომ ნამდვილ მტრებთან ნამდვილი ბრძოლაა საჭირო.

  ციტატის წყარო: „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“


  •  

ევოლუცია ამზადებს და ნიადაგს აძლევს რევოლუციას, ხოლო რევოლუცია აგვირგვინებს ევოლუციას და ხელს უწყობს მის მერმინდელ მუშაობას.

  ციტატის წყარო: „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“


  •  

ისტორია აჩვენებს, რომ თუ სხვადასხვა დროს ადამიანები სხვადასხვა აზრებით და სურვილებით განიმსჭვალებოდნენ, ამის მიზეზი იყოს ის, რომ სხვადასხვა დროს ადამიანები სხვადასხვაგვარად ებრძოდნენ ბუნებას თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ამის შესაბამისად სხვადასხვაგვარად ყალიბდებოდნენ მათი ეკონომიკური ურთიერთობები. იყო დრო როდესაც ადამიანები ბუნებას ებრძოდნენ ერთობლივად, პირველყოფილ-კომუნისტურ საწყისებზე, მაშინ მათი საკუთრებაც იყო კომუნისტური, ამიტომაც ისინი თითქმის არ განასხვავებდნენ „ჩემსას“ და „შენსას“, მათი ცნობიერება იყო კომუნისტური. დადგა დრო, როდესაც წარმოებაში გაჩნდა განსხვავება „ჩემსასა“ და „შენსას“ შორის, — მაშინ საკუთრებამაც მიიღო კერძო, ინდივიდუალისტური ხასიათი და ამიტომაც ადამიანების ცნობიერება განიმსჭვალა კერძო საკუთრების შეგრძნებით. დგება დრო, ახლანდელი დრო, როდესაც წარმოება კვლავ შეიძნეს საზოგადოებრივ ხასიათს, შესაბამისად, მალე საკუთრება ასევე მიიღებს საზოგადოებრივ ხასიათს, — და ზუსტად ამიტომ ადამიანების ცნობიერება თანდათან განიმსჭვალება სოციალიზმით.

  ციტატის წყარო: „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“


  •  

ადრე ბურჟუაზია ლიბერალობდა, იცავდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ თავისუფლებებს და ამით იქმნიდა პოპულარობას ხალხში. ახლა ლიბერალიზმისგან კვალიც არ დარჩა. აღარ არის ეგრეთ წოდებული „პიროვნული თავისუფლება“, — მხოლოდ იმათ პიროვნულ უფლებებს აღიარებენ ახლა, ვისაც აქვს კაპიტალი, ხოლო სხვა დანარჩენი მოალაქეები ითვლებიან ნედლეულ ადამიანურ მასალად, მხოლოდ ექსპლუატაციისთვის გამოსადეგად. გათელილია ადამიანების და ერების თანასწორობის პრინციპი, ის შეცვლილია ექსპლუატატორული უმცირესობის თანასწორობის და ექსპლუატირებული უმრავლესობის უუფლებობის პრინციპად. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული თავისუფლების ალამი ბორტის იქითაა გადაგდებული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, კომუნისტური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, მოგვიწევს ამ ალამის აღება და წინ წაღება, თუ გინდათ რომ ხალხის უმრავლესობა თქვენ გარშემო შემოიკრიბოთ. სხვა აღარავინაა ვინც მას აიღებს.

  ციტატის წყარო: გამოსვლა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე. 1952 წლის 14 ოქტომბერი.


  •  

ოქტომბრის რევოლუციის ათი წელი არის პარტიის, პროფკავშირების, საბჭოების, კოოპერაციის, კულტურული ორგანიზაციების, ტრანსპორტის, მრეწველობის, წითელი არმიის მშენებლობის ათი წელი. სსრ კავშირში სოციალიზმის უეჭველმა წარმატებებმა მშენებლობის ფრონტზე თვალსაჩინოდ დაგვანახეს, რომ პროლეტარიატს შეუძლია წარმატებით მართოს ქვეყანა უბურჟუაზიოდ და ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რომ მას შეუძლია წარმატებით აშენოს მრეწველობა უბურჟუაზიოდ და ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რომ მას შეუძლია წარმატებით უხელმძღვანელოს მთელ სახალხო მეურნეობას უბურჟუაზიოდ და ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რომ მას შეუძლია აშენოს სოციალიზმი კაპიტალისტური გარემოცვის მიუხედავად.
ძველი „თეორია“ იმის შესახებ, რომ ექსპლოატირებულთ არ შეუძლიათ არსებობა უექსპლოატატორებოდ, ისე როგორც თავს და სხეულის სხვა ნაწილებს არ შეუძლიათ არსებობა უკუჭოდ, — ეს არ არის მარტო ძველ ისტორიაში ცნობილი რომაელი სენატორის, მენენიუს აგრიპას კუთვნილება. ეს „თეორია“ ახლა წარმოადგენს საერთოდ სოციალ-დემოკრატიის პოლიტიკური „ფილოსოფიის“, განსაკუთრებით კი — იმპერიალისტურ ბურჟუაზიასთან კოალიციის სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის ქვაკუთხედს.
ეს „თეორია“, რომელმაც ცრურწმენის ხასიათი მიიღო, წარმოადგენს ახლა ერთ-ერთ უაღრესად სერიოზულ დაბრკოლებას კაპიტალისტური ქვეყნების პროლეტარიატის გარევოლუციურების გზაზე. ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი შედეგია ის ფაქტი, რომ მან სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ამ ყალბ „თეორიას“.

  ციტატის წყარო: ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო ხასიათი, გაზეთი „პრავდა“ N255, 1927 წლის 6-7 ნოემბერი


  •  

რევოლუციები წარსულში ჩვეულებრივ იმით თავდებოდა, რომ მმართველობის საჭესთან ექსპლოატატორთა ერთ ჯგუფს ცვლიდა ექსპლოატატორთა მეორე ჯგუფი. ექსპლოატატორები იცვლებოდნენ, ექსპლოატაცია რჩებოდა. ასე იყო მონების განმათავისუფლებელ მოძრაობათა დროს. ასე იყო ყმების აჯანყებათა პერიოდში. ასე იყო ცნობილი „დიდი“ რევოლუციების დროს ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში. მე არ ვლაპარაკობ პარიზის კომუნაზე, რომელიც იყო პროლეტარიატის პირველი, სახელოვანი, გმირული, მაგრამ მაინც წარუმატებელი ცდა — შეებრუნებინა ისტორია კაპიტალიზმის წინააღმდეგ.
ოქტომბრის რევოლუცია ამ რევოლუციებისგან პრინციპულად განსხვავდება. იგი თავის მიზნად ისახავს არა ექსპლოატაციის ერთი ფორმის შეცვლას ექსპლოატაციის მეორე ფორმით, ექსპლოატატორთა ერთი ჯგუფის - ექსპლოატატორთა მეორე ჯგუფით, არამედ ადამიანის მიერ ადამიანის ყოველგვარი ექსპლოატაციის მოსპობას, ყველა და ყოველგვარი ექსპლოატატორული ჯგუფის მოსპობას, პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებას, დღემდე არსებულ ყველა ჩაგრულ კლასთა შორის ყველაზე რევოლუციური კლასის ძალაუფლების დამყარებას, ახალი უკლასო სოციალისტური საზოგადოების ორგანიზაციას.
სწორედ ამიტომაც ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვება ნიშნავს ძირეულ გარდატეხას კაცობრიობის ისტორიაში, ძირეულ გარდატეხას მსოფლიო კაპიტალიზმის ისტორიულ ბედში, ძირეულ გარდატეხას მსოფლიო პროლეტარიატის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ძირეულ გარდატეხას მთელი მსოფლიოს ექსპლოატირებული მასების ბრძოლის წესებსა და ორგანიზაციის ფორმებში, ყოფაცხოვრებასა და ტრადიციებში, კულტურასა და იდეოლოგიაში.

  ციტატის წყარო: ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო ხასიათი, გაზეთი „პრავდა“ N255, 1927 წლის 6-7 ნოემბერი


  •  

ისტორია მეორდება, თუმცა ახალ საფუძველზე. როგორც წინათ, ფეოდალიზმის დაცემის პერიოდში, სიტყვა „იაკობიანელი“ საზარელ შიშსა და ზიზღს ჰგვრიდა ყველა ქვეყნის არისტოკრატებს, ისე ახლაც, კაპიტალიზმის დაცემის პერიოდში, სიტყვა „ბოლშევიკი“ საზარელ შიშსა და ზიზღს ჰგვრის ყველა ქვეყნის ბურჟუაზიას. და, პირიქით, როგორც წინათ პარიზი იყო თავშესაფარი და სკოლა ზეაღმავალი ბურჟუაზიის რევოლუციური წარმომადგენლებისათვის, ისე ახალ მოსკოვი გახდა თავშესაფარი და სკოლა ზეაღმავალი პროლეტარიატის რევოლუციური წარმომადგენლებისათვის. იაკობინელებისადმი სიძულვილმა ვერ იხსნა ფეოდალიზმი დაღუპვისგან. განა შეიძლება იმაში დაეჭვება, რომ ბოლშევიკებისადმი სიძულვილი ვერ იხსნის კაპიტალიზმს მისი გარდაუვალი დაღუპვისგან?

  ციტატის წყარო: ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო ხასიათი, გაზეთი „პრავდა“ N255, 1927 წლის 6-7 ნოემბერი


  •  

წინათ, პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვებამდე, სოციალ-დემორკატიას შეეძლო კოხტაობა მარქსიზმის დროშით ისე, რომ არ უარეყო აშკარად პროლეტარიატის დიქტატურის იდეა, მაგრამ არც არაფერი გაეკეთებინა, აბსოლიტურად არაფერი იმისთვის, რომ მოეახლოვებინა ამ იდეის განხორციელება, ამასთან გასაგებია, რომ სოციალ-დემოკრატიის ასეთი მოქმედება არ ქმნიდა არავითარ საფრთხეს კაპიტალიზმისთვის. მაშინ, ამ პერიოდში, სოციალ-დემოკრატია ფორმალურად შეერთებული, ან თითქმის შეერთებული იყო მარქსიზმთან.
ახლა, პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვების შემდეგ, როდესაც ყველამ თვალნათლივ დაინახა, საითკენ მივყავართ მარქსიზმს და რას შეიძლება ნიშნავდეს მისი გამარჯვება, სოციალ-დემოკრატიას, უკვე აღარ შეუძლია მარქსიზმის დროშით კოხტაობა, აღარ შეუძლია პროლეტარიატის დიქტატურის იდეასთან კეკლუცობა ისე, რომ არ შექმნას ერთგვარი საფრთხე კაპიტალიზმისათვის. სოციალ-დემოკრატია, რაკი მან დიდი ხანია კავშირი გაწყვიტა მარქსიზმის სულთან, იძულებული შეიქმნა, გაეწყვიტა კავშირი მარქსიზმის დროშასთანაც, აშკარად გარკვეულად დადგა მარქსიზმის პირმშოს წინააღმდეგ, ოქტომბრის რევოლუციის წინააღმდეგ, მსოფლიოში პირველი პროლეტარული დიქტატურის წინააღმდეგ
ახალა ის უნდა გამიჯნოდა და ნამდვილადაც გაემიჯნა, მარქსიზმს, ვინაიდან ახლანდელ პირობებში არ შეიძლება მარქსისტი უწოდო თავს, თუ აშკარად და თავდადებით არ უჭერ მხარს მსოფლიოში პირველ პროლეტარულ დიქტატურას, თუ არ აწარმოებ რევოლუციურ ბრძოლას საკუთარი ბურჟუაზიის წინააღმდეგ, თუ არ ჰქმნი პირობებს პროლეტარიატის დიქტატურის გამარჯვებისთვის შენს საკუთარ ქვეყანაში.
სოციალ-დემოკრატიასა და მარქსიზმს შორის უფსკრული გაითხარა. ამიერიდან მარქსიზმის ერთადერთი მატარებელი და ბურჯი არის ლენინიზმი, კომუნიზმი.

  ციტატის წყარო: ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო ხასიათი, გაზეთი „პრავდა“ N255, 1927 წლის 6-7 ნოემბერი


  •  

შეუძლებელია ბოლო მოუღო კაპიტალიზმს, თუ ბოლო არ მოუღე სოციალ-დემოკრატიზმს მუშათა მოძრაობაში.

  ციტატის წყარო: ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო ხასიათი, გაზეთი „პრავდა“ N255, 1927 წლის 6-7 ნოემბერი


  •  

წინათ „მიღებული იყო“ ეფიქრათ, რომ მსოფლიო იმთავითვე გაყოფილია დაბალ და მაღალ რასებად, შავებად და თეთრებად, რომელთაგან პირველნი მოკლებულნი არიან ცივილიზაციის უნარს და განწირული არიან საიმისოდ, რომ ექსპლოატაციის ობიექტი იყვნენ, ხოლო მეორენი წარმოადგენენ ცივილიზაციის ერთადერთ მატარებელთ, რომელნიც მოწოდებული არიან პირველთა ექსპლოატაციისათვის.
ახლა ეს ლეგენდა დამსხვრეულად და უკუგდებულად უნდა ჩაითვალოს. ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია ის ფაქტი, რომ მან სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ამ ლეგენდას და საქმით დაგვანახა, რომ განთავისუფლებულ, საბჭოთა განვითარების ფერხეულში ჩაბმულ, არაევროპელ ხალხებს შესწევთ უნარი წინ წასწიონ ნამდვილად მოწინავე კულტურა და ნამდვილად მოწინავე ცივილიზაცია ოდანავადაც არა ნაკლებ, ვიდრე ეს შეუძლიათ ევროპელ ხალხებს.

  ციტატის წყარო: ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო ხასიათი, გაზეთი „პრავდა“ N255, 1927 წლის 6-7 ნოემბერი


  •  

არავითარ შემთხვევაში. ისტორიული პარალელები ყოველთვის სახიფათოა. ეს პარალელი კი უაზროა.
დიახ, პეტრე დიდმა ბევრი რამ გააკეთა მემამულეთა კლასის ასამაღლებლად და ახლად გაჩენილი ვაჭართა კლასის განსავითარებლად. პეტრემ ძალიან ბევრი გააკეთა მემამულეთა და ვაჭართა ეროვნული სახელმწიფოს შესაქმნელად და განსამტკიცებულად. უნდა ითქვას აგრეთვე, რომ მემამულეთა კლასის ამაღლება, ახლად გაჩენილი ვაჭართა კლასისათვის ხელის შეწყობა და ამ კლასების ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცება ხდებოდა ყმა გლეხების ხარჯზე, რომელსაც სამმაგ ტყავს აძრობდნენ.
რაც მე შემეხება, მე მხოლოდ ლენინის მოწაფე ვარ და ჩემი ცხოვრების მიზანია ვიყო მისი ღირსეული მოწაფე. ამოცანა, რომელსაც მე ვწირავ ჩემ სიცოცხლეს, მდგომარეობს სხვა კლასის, სახელდობრ — მუშათა კლასის ამაღლებაში. ეს ამოცანაა არა რომელიმე „ეროვნული სახელმწიფოს“ განმტკიცება, არამედ სოციალისტური და, მაშასადამე, ინტერნაციონალური სახელმწიფოს განმტკიცება, ამასთან ამ სახელმწიფოს ყოველგვარი განმტკიცება ხელს უწყობს მთელი საერთაშორისო მუშათა კლასის განმტკიცებას. ჩემს სიცოცხლეს უმიზნოდ ჩავთვლიდი, რომ ყოველი ნაბიჯი ჩემს მუშაობაში მუშათა კლასის ამაღლებისა და ამ კლასის სოციალისტური სახელმწიფოს განმტკიცებისათვის — მიმართული არ იყოს მუშათა კლასის მდგომარეობის განმტკიცებისა და გაუმჯობესებისაკენ.
როგორც ხედავთ, თქვენი პარალელი შეუფერებელია.
რაც შეეხება ლენინსა და პეტრე დიდს, ეს უკანასკნელი წვეთი იყო ზღვაში, ხოლო ლენინი მთელი ოკეანეა.

  ციტატის წყარო: სტალინის პასუხი გერმანელი მწერლის ემილ ლუდვიგის შეკითხვაზე შესაძლებლად მიაჩნია თუ არა პარალელის გავლება მასსა და პეტრე დიდს შორის და მიიჩნევს თუ არა თავს მისი საქმის გამგრძელებლად, 1931 წლის 13 დეკემბერი.


  •  

მარქსიზმი სრულიადაც არ უარყოფს გამოჩენილ პიროვნებათა როლს ან იმას, რომ ადამიანები ქმნიან ისტორიას. მარქსის „ფილოსოფიის სიღატაკეში“ და სხვა ნაწარმოებებში თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სიტყვები იმის შესახებ, რომ სწორედ ადამიანები ქმნიან ისტორიას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანები ისტორიას ქმნიან არა ისე, როგორც ეს მათ მოეპრიანებათ. ყოველი ახალი თაობა ხდვდება გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკვე არსებობდა მზა სახით იმ მომენტში, როდესაც ეს თაობა გაჩნდა. და დიდ ადამიანებს მხოლოდ იმდენად აქვთ რაიმე ფასი, რამდენადაც მათ შეუძლიათ სწორად გაიგონ ეს პირობები და მიხვდნენ, თუ როგორ უნდა შეცვალონ ისინი. თუ მათ ეს პირობები არ ესმით და სურთ ამ პირობების ისე შეცვლა, როგორც მათ უკარნახებს მათი ფანტაზია, მაშინ ისინი, ეს ადამიანები, დონკიხოტის მდგომარეობაში ვარდებიან. ამრიგად, სწორად მარქსის მიხედვით სრულიადაც არ უნდა დავუპირისპირდოთ ადამიანები პირობებს. სწორედ ადამიანები ქმნიან ისტორიას, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათ სწორად ესმით პირობები, რომლებიც მათ დახვდა მზა სახით, და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათ ესმით, თუ როგორ შეცვალონ ეს პირობები. ასე გვესმის მარქსი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, რუს ბოლშევიკებს. ჩვენ კი მარქს არა ერთ ათეულ წელს ვსწავლობთ.

  ციტატის წყარო: საუბარი გერმანელ მწერალ ემილ ლუდვიგთან, 1931 წლის 13 დეკემბერი.


დაუმოწმებელი[რედაქტირება]

  •  

სიკვდილი ყველა პრობლემას წყვეტს. არ არის კაცი, აღარაა პრობლემა.


  •  

ვინც არჩევნებში ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას, არაფერს წყევტს. ყველაფერს წყვეტენ ისინი, ვინც ითვლიან ამ ხმებს.


  •  

ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის სიკვდილი − სტატისტიკა.


  •  

ადამიანი თავის ძალაუფლებას ავრცელებს იმ რადიუსით, სადამდეც მისი ჯარი გაწვდება.


  •  

„ამონაბეჭდი“ ყველაზე მძლავრი იარაღია ჩვენს პარტიაში.


  •  

იდეა იარაღზე ძლიერი იარაღია. ჩვენ არ ვაძლევთ მტერს იარაღის ქონის ნებას და რად უნდა მივცეთ იდეების ქონის უფლება?


  •  

რევოლუციას აბრეშუმის ხელთათმანებით ვერ მოაწყობ.


  •  

ნამდვილი ძალა გრძელი შაშხანიდან მოდის.


  •  

გულწრფელი დიპლომატი ისე ჟღერს, როგორც მშრალი წყალი ან ხის რკინა.


  •  

ისტორია ცხადყოფს, რომ დაუმარცხებელი არმიები არ არსებობენ.


  •  

ერთი რამისა მწამს მხოლოდ – ადამიანთა ძალაუფლების ჟამის დადგომისა.


  •  

მე საკუთარ თავსაც კი არ ვენდობი.


  •  

თუ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი კბილებით იცავს „მშვიდობიან კონფერენციას“, უეჭველია მისმა მთავრობამ უკვე შეუკვეთა ახალი საბრძოლო გემები და თვითმფრინავები.


  •  

საბჭოთა არმიაში უკანდახევას მეტი სიმამაცე სჭირდება, ვიდრე შეტევას.


  •  

კაპიტალისტები მაშინ მოგვყიდიან თავიანთ თოკებს, როცა ჩვენ მათ ჩამოსახრჩობად ეშაფოტზე ავიყვანთ.


მის შესახებ[რედაქტირება]

  • სტალინს...პატივმოყვარეობის დემონი ჰქეჯნიდა. ამ დემონს შეეწირა მრავალი ქართველი მწერლის, მეცნიერის და ხელოვანის ადამიანური ღირსების გრძნობა...მლიქვნელობის სულმა თითქმის მთელი ქართული მწერლობა, პლასტიკური ხელოვნება და, ნაწილობრივ, მუსიკა გაჟღინთა. ქართველმა პანეგრისტებმა სტალინი აიყვანეს იმ სიმაღლეზე, რომელზეც არასოდეს არც ერთი ეგვიპტელი ფარაონი არ აუყვანიათ. საქართველოს ისტორიული წარსული, თვით ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ეპოქები, ბოლოს თვით კოსმოსის განვითარება სტალინის ცხოვრების პრელუდიად იქნა გამოცხადებული. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ — „არეტე“, თბილისი, 2003
  • სტალინის ნეკროლოგის 1953 წლის 6 მარტის ტექსტში გაზეთი „მანჩესტერ გარდიანი“ სტალინის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მიღწევად საბჭოთა კავშირის ეკონომიკურად ჩამორჩენილი სახელმწიფოდან ინდუსტრიულად განვითარებულ მსოფლიოს მეორე სახელმწიფოდ ქცევას მიიჩნევს: „სტალინის ისტორიული მიღწევებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობს იმაში, რომ მან ჩაიბარა ხისკავიანი რუსეთი, ხოლო ტოვებს მას ბირთვული რეაქტორებით აღჭურვილს. მან რუსეთი ინდუსტრიულად განვითარებულ მსოფლიოს მეორე სახელმწიფოდ აქცია. ეს არ იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი მატერიალური პროგრესისა და ორგანიზების შედეგი. ამგვარი მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ფართომასშტაბიანი კულტურული რევოლუციის გარეშე, რომლის დროსაც მთელი ქვეყნის მოსახლეობა ერთიანად, ინტენსიურად, ძალისხმევის სრული მობილიზებით ეუფლებოდა ცოდნასა და განათლებას.
  • კანდიდ ჩარკვიანი — ქართველი პოლიტიკოსი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938–1952 წლებში:

„სტალინი იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც დაჯილდოებული იყო დიდი ბუნებრივი ნიჭით. ამავე დროს, კითხვის წარმოუდგენელი უნარით, რასაც, თვით მისი მტრებიც ადასტურებდნენ, ვინც მასთან ერთად ციხეში იჯდა. მე წავიკითხე რამდენიმე ესერის მოგონება სტალინის შესახებ — ისინი აღიარებენ ამ ფაქტს. განათლების მაღალ საფეხურს სტალინმა სწორედ კითხვის საშუალებით მიაღწია. ყველაზე კარგად და ყველაზე უფრო დაუფლებული იყო სტალინი ისტორიას, ისტორია ძალიან უყვარდა და ისტორია იცოდა ზედმიწევნით. შემდეგაც, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში იყო სტალინი, მაშინაც, ამ თავის მისწრაფებას და მიდრეკილებას არ ღალატობდა და ისტორიას ძალიან თვალყურს ადევნებდა. ვისაც სტალინის ჩანაწერები წაკითხული აქვს, ის მიხვდება, რომ ეს არის განათლებული და კულტურული ადამიანის ნაწერი. მას თავისი სტილი ჰქონდა — მოკლე, ნათელი — ისეთი, რომელიც სწორედ რევოლუციონერებს ესაჭიროებოდათ, რომ ხალხამდე მიეტანათ მარქსიზმის იდეები. როცა მისივე თხოვნით, სოჭში ჯანაშია და ბერძენიშვილი ჩავიყვანე — არ დარჩენილა მსოფლიო ისტორიის საკითხები, რომლებიც მათ არ განეხილათ. ჩვენი ისტორიკოსები განცვიფრებულები იყვნენ ისტორიული ფაქტების ცოდნის იმ სიღრმით, რომელიც სტალინმა საუბარში გამოამჟღავნა. ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, რომ სტალინს აკლდა განათლება — სისულელეა“.

  • ედუარდ შევარდნაძე — ქართველი პოლიტიკოსი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1972–1985). საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტბიუროს წევრი (1985–1990). საქართველოს მეორე პრეზიდენტი 1995–2003 წლებში:

2008 წლის 25 იანვარს უკრაინულ გაზეთში „ფაქტები და კომენტარები“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან, სადაც ჟურნალისტი რობერტ ვასილი — სტალინისა და ბერიას საკითხს ეხება. ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან:

— დიდი სამამულო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში წამყვანი პოსტები ეკავათ ქართველებს — სტალინს და ბერიას, რას გვეტყოდით მათ შესახებ და როგორ აფასებთ მათ მოღვაწეობას?
— მიმაჩნია, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. სტალინი გენიალური მოაზროვნე იყო, თუმცა, ამასთან, სასტიკიც, ანდა, უფრო სწორი იქნებოდა — მკაცრი. მე ახლაც ინტერესით ვიკვლევ მის ნაშრომებსა და ბიოგრაფიას. მიუხედავად იმისა, რომ მის განვლილ ცხოვრებაში იყო ნეგატიური მომენტები, იგი მაინც დიდ სახელმწიფო მოღვაწედ წარმოგვიდგება. ომში ხომ სწორედ მან გაიმარჯვა. იგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის მთავრობას — იყო უმაღლესი მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მოკლედ, მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო. 1941 წლის მიწურულს, მაშინ, როდესაც ჰიტლერელები უკვე მოსკოვის მისადგომებთან იყვნენ, სტალინმა დედაქალაქში 7 ნოემბრის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმის ჩატარების განკარგულება გასცა. მოსკოვის სამხედრო ოლქის სარდალი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ის ამბობდა, რომ თუ სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგება, ერთი ბომბიც კი საკმარისი იქნება მის გასანადგურებლად, ხოლო მის გარეშე ქვეყანაც განწირული იქნებოდა დაღუპვისთვის. მიუხედავად ასეთი საფრთხისა, სტალინმა მაინც ჩაატარებინა აღლუმი და მისი ბრძანებით ორგანიზებული მოსკოვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის გაძლიერებული რეჟიმის პირობებში, როგორც ცნობილია, არცერთი ბომბი აღლუმის მსვლელობის დროს არ ჩამოვარდნილა“.

ფრაგმენტი 2008 წლის სატელევიზიო პროგრამიდან — „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“, სადაც გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ეკითხება ედუარდ შევარდნაძეს:

— სტალინის პიროვნება თქვენი შეხედულებით, ვინ იყო იგი — ტირანი, დესპოტი, იმპერიის დიადი აღმშენებელი, დიდი პიროვნება, არაფრით გამორჩეული პიროვნება, პარანოიკი — ვინ იყო ის სინამდვილეში?
— არა, თქვენ ახლა საკმაოდ ბევრი რამ ჩამოთვალეთ, სხვადასხვაგვარი შეფასების აღმნიშვნელი სიტყვები თუ გამოთქმები, მაგრამ... ეს იყო დიდი ადამიანი!
— ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად?
— ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად — დიდი ადამიანი!

  • ზვიად გამსახურდია — ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991–1992 წლებში:

„პრაქტიკულად, მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი და ვიბრძვი სტალინიზმის წინააღმდეგ... სტალინის გაიდეალების ხანა წარსულს ჩაბარდა. შესაძლოა, ორი-სამი წლის წინ მსგავსი დამოკიდებულების გამოვლინებას ჯერ კიდევ ჰქონდა ადგილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ ძალიან დიდი სამუშაოები გავწიეთ ამ მიმართულებით და ფაქტობრივად გავაუქმეთ საზოგადოება „სტალინი“, ფაქტობრივად მე გავაუქმე წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მივაღწიე იმას, რომ საერთოდ ავკრძალეთ ეს საზოგადოება, ავუკრძალეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, რადგან მათ არჩევნებში მონაწილეობა სურდათ. ამის შემდეგ ამ საშიშროებამ უკვე ჩაიარა“.

მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები სტალინის შესახებ[რედაქტირება]

  • უინსტონ ჩერჩილი — ბრიტანელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, „დიდი სამეულის“ ერთ-ერთი წევრი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940–1945 და 1951–1955 წლებში. ნობელის პრემიის 1953 წლის ლაურეატი ლიტერატურის დარგში:

„...მე ჩავედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერსა და ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარს… მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც, არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მსოფლიოს გადაუარა“.

1959 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, ინგლისის პარლამენტის თემთა პალატაში წარმოთქმული სიტყვიდან:

„...ბატონებო! თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილ პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. ის იყო ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი, აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას“.

„...სტალინს, უწინარეს ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის, აგრეთვე, ნათქვამის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა. თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში იმდენად დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და ეპოქის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა. სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ ჰქონდა. როცა იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული“.

„...ის იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს, იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, და გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად გვიწოდებდა იმპერიალისტებს, გვებრძოლა იმპერიალისტების წინააღმდეგ. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია. რაც არ უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!

  • ფრანკლინ დელანო რუზველტი — ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, „დიდი სამეულის“ ერთ-ერთი წევრი, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი 1933–1945 წლებში:

„...მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს და ამ საკითხიდან არც აქეთ და არც იქით არ იხრება... მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად, სურვილი მაქვს, შევხვდე თანამედროვეობის დიდ ადამიანს — სტალინს, რაც აქამდე ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ მაინც შევხვდებით ერთმანეთს“.

  • შარლ დე გოლი — ფრანგი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ფუძემდებელი და პირველი პრეზიდენტი 1959–1969 წლებში:

„...სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში. შეეძლო მტრების „მოთვინიერება“, მისთვის უცხო იყო პანიკა — დამარცხებისას, და ნეტარება — გამარჯვებისას. გამარჯვებები კი მას დამარცხებებზე გაცილებით მეტი ჰქონდა. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული წინანდელი რუსეთი არ არის, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეულ მემკვიდრეთა გარეშე განწირულია“.

  • ავერელ ჰარიმანი (ინგლ. William Averell Harriman) — ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი და დიპლომატი, აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში 1943–1946 წლებში:

„ისინი, ვინც სტალინს პირადად არ იცნობდნენ, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მინახავს — მისი გონება, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი, მისი გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რისი გამოჩენის უნარიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უფრო უკეთ იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. გარკვეული თვალსაზრისით ომის ლიდერებს შორის ის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის სტალინი ყველაზე უფრო შეუცნობელი და წინააღმდეგობრივი ხასიათის პიროვნებად რჩება მათ შორის, ვინც კი ოდესმე მცნობია და მასზე საბოლოო სიტყვა ისტორიის სამსჯავროს უნდა დავუტოვოთ“.

  • კორდელ ჰალი (ინგლ. Cordell Hull) — ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1933–1944 წლებში. ნობელის პრემიის 1945 წლის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში:

„სტალინი გასაოცარი პიროვნებაა, იგი დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ნიჭითა და გონებით, აგრეთვე, პრაქტიკული საკითხების არსთა წვდომის იშვიათი უნარით. რუზველტსა და ჩერჩილთან ერთად იგი იმ ლიდერთაგანია, რომელთაც მხრებზე აწევთ იმგვარი პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსიც, სავარაუდოდ, არცერთ ადამიანს არ დაეკისრება მომდევნო ხუთი საუკუნის განმავლობაში“.

  • ჰენრი კისინჯერი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973–1977 წლებში. ნობელის პრემიის 1973 წლის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში:

„სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და სწორედ იმ ურყევი რწმენით, რომ იგი იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ეროვნულ ინტერესებს. ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადი ინტერესების ტვირთით.

სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სიმტკიცე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი მეოცე საუკუნის ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ საფრანგეთი XVII საუკუნეში“.

  • ჯორჯ ბერნარდ შოუ — ირლანდიელი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე, დრამატურგი და რომანისტი, ნობელის პრემიის 1925 წლის ლაურეატი ლიტერატურის დარგში:

1931 წელს, საბჭოთა კავშირის მონახულებისა და სტალინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა: „მე ვტოვებ იმედის სახელმწიფოს და ვბრუნდები ჩვენს დასავლეთის ქვეყნებში — ქვეყნებში უიმედობისა და სასოწარკვეთის“; „ჩემთვის, მოხუცებული ადამიანისთვის, დიდი ნუგეშია იმის ცოდნა, რომ მსოფლიო ცივილიზაციას დაღუპვა აღარ ემუქრება... აქ, რუსეთში ყოფნისას, დავრწმუნდი, რომ ახალ კომუნისტურ სისტემას ძალა შესწევს კაცობრიობა გამოიყვანოს თანამედროვე კრიზისიდან და იხსნას იგი სრული ანარქიისა და განადგურებისგან“ — ასე ემშვიდობებოდა გამოჩენილი დრამატურგი საბჭოთა ქვეყანას. მომდევნო დღეს, ბერლინში ჩასვლისთანავე, ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან თქვა: „სტალინი — მეტად სასიამოვნო ადამიანი და მუშათა კლასის ნამდვილი წინამძღოლია“, „სტალინი — გიგანტია, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოების სხვა ლიდერები მასთან შედარებით პიგმეები არიან“. 1941 წლის ივნისში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან (1939 წლის სექტემბერი) თითქმის ორ წელიწადში ფაშისტური გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ იგი იტყვის: „...ახლა, როცა სტალინი ჩვენს მხარესაა, ჩვენ ომს აუცილებლად მოვიგებთ“.

  • ლევ ტროცკი — XX საუკუნის რევოლუციური მოღვაწე, მარქსიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობის ტროცკიზმის იდეოლოგი, კომინტერნის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეოლოგი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–26):

„სტალინი ჩემთვის ყოველთვის უსიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იგი გამოირჩეოდა ვიწრო ინტერესებით, ემპირიზმით, ფსიქოლოგიური სისასტიკითა და განსაკუთრებული პროვინციული ცინიზმით, და კიდევ იყო კომპლექსიანი, უკულტურო, უხეში და ბოღმა“.

„მუსოლინიმ და ჰიტლერმა თავიანთი ბრძოლა დემოკრატიის პირობებში დაიწყეს. ისინი უშუალოდ უპირისპირდებოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს. მათი ურთიერთშორის დაპირისპირება და კამათი თანაბარუფლებიანობის პირობებში მიმდინარეობდა. მსგავსი არაფერი ყოფილა სტალინის ხელისუფლებისკენ აღმასვლის ისტორიაში. მუსოლინი — ღია სარბიელზე, გახსნილ არენაზე მიმდინარე უწყვეტი იმპროვიზაციაა. მუსოლინი და მისი თანამოაზრეები ბოლშევიკებს ბაძავდნენ, თუმცა პირდაპირ საწინააღმდეგო მიმართულებით. ჰიტლერი ყოველთვის საკუთარ გენიალობაზე ლაპარაკობს. სტალინი კი სხვებს აიძულებს მის გენიალობაზე ილაპარაკონ. სტალინი, როგორც ჰიტლერი და როგორც მუსოლინი თავიანთი ზნეობრივი ბუნებით ცინიკოსები არიან. ისინი ადამიანებში მხოლოდ უარყოფითს ხედავენ. ამაშია მათი რეალიზმი“.

„იმისთვის რომ აღორძინების ეპოქის ზეადამიანს ჩამოჰგავდეს, სტალინს არ ყოფნის არც ფერები, არც პიროვნულობა, არც გაქანება, არც საზრიანობა, არც ახირებული დიდსულოვნება. ადრეულ ახალგაზრდობაში, მას შემდეგ, რაც ცუდი სწავლისა და არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების გამო იძულებული აღმოჩნდა მიეტოვებინა სემინარია, ერთხანს ტფილისის ობსერვატორიაში ბუღალტრად მსახურობდა. უცნობი დარჩა თუ რამდენად კარგად უძღვებოდა იგი ობსერვატორიის ბუღალტერიას, თუმცა ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშიანობა მან ადამიანებთან ურთიერთობასა და პოლიტიკაში შემოიღო. მისი პატივმოყვარეობა, ისევე, როგორც მისი სიძულვილი მკაცრ გათვლას ემორჩილება. აღორძინების ეპოქის ადამიანები გამბედავები, თამამები და მოურიდებლებიც კი იყვნენ, სტალინი — ფრთხილია. ის ხანგრძლივად, მანამდე ინახავს თავის სიძულვილს, ვიდრე ლექად არ გადაიქცევა. მის შურისძიებას ასეთი უზარმაზარი გაქანება იმიტომ აქვს, რომ იგი არა მიწაზე, არამედ მმართველობით აპარატებს შორის ყველაზე უფრო გრანდიოზული აპარატის სათავეში დგას. აპარატს კი იგი იმიტომ დაეუფლა, რომ უცვლელად მისი ერთგული იყო. იგი ღალატობდა პარტიასაც, სახელმწიფოსაც, პროგრამასაც, მაგრამ არა ბიუროკრატიას“.

  • ნიკოლაი ბუხარინი — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1924–29):

„სტალინი – ესაა ჩინგისხანი და უპრინციპო ინტრიგანი, რომელიც ყველაფერს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას უქვემდებარებს. სტალინმა მხოლოდ ერთი საშუალება იცის – შურისძიება და ამავე დროს ზურგში დანის ჩაცემა. დამიჯერეთ, მალე სტალინი ჩვენს ჩეხვას შეუდგება და ერთიანად დაგვანაწევრებს. რაც შეეხება სტალინის პოლიტიკურ ხაზს, იგი დამღუპველია რევოლუციისთვის და სამოქალაქო ომისკენ მივყავართ. მასთან ერთად ჩვენ შეიძლება დავიღუპოთ“.

  • მიხეილ გორბაჩოვი — საბჭოთა და რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი (1985–1991). საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე (1988–1989), საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი (1990–1991), ნობელის პრემიის 1990 წლის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში:

„სტალინი — ეს ადამიანი მთლიანად სისხლშია. მე ვნახე მისი რეზოლუციები, რომლებსაც ის დასტა-დასტა აწერდა ხელს მოლოტოვთან, ვოროშილოვთან, კაგანოვიჩთან და ჟდანოვთან ერთად. ეს ხუთეული იყო ყველაზე ინიციატივიანი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]