ჯემალ ქარჩხაძე

ვიკიციტატიდან

ჯემალ ქარჩხაძე (დ. 1936, უხუთი, ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი - გ. 1998, თბილისი) — ქართველი მწერალი და ესეისტი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

რაც უფრო მორიდებულია ადამიანი, მით უფრო ანტიმორიდებული ხდება, როცა კი მორცხვობას დაძლევს.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

წინასწარ მომზადებული საქციელი არასოდეს ბუნებრივი არაა.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

შეიძლება ადრე მიყვარდა, მაგრამ ახლა მეცოდებოდა და, რაკი მეცოდებოდა, მაშასადამე არ მიყვარდა. შეუძლებელია, ქალი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. რადგანაც, სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

მამალი აიფხორება და როგორღაც გვერდულად წავა დედლისაკენ, თითქოს ცეკვავსო. დედალი, ვითომ შორს დაიჭერს მამლის არშიყობას, ყასიდად გაიქცევა. იქნებ სულაც არ გარბის ყასიდად. იქნებ ეს დადგენილი თამაშია, ერთგვარი „მოსამზადებელი სამუშაო“, რომელმაც ვნება უნდა გააღვივოს? დედალი გარბის, მამალი გაფხორილი მისდევს და ბოლოს კუთხეში მიიმწყვდევს. დედალი რომ დაინახავს, გასაქცევი აღარსაითაა, თვითონვე ჩაცუცქდება და მოემზადება.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

ვინც ერთხელ სცადა თავის მოკვლა და ვერ მოიკლა, ის მეორედ აღარ ცდის.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

ოდიდგან ყველა მამაკაცს რომ გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო, დედამიწა აქამდე ან სამოთხედ იქცეოდა, ან ნამსხვრევებად.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

სამყაროს დასაბამიდან მამაკაცი ქმნის ყოველივეს. ავსაც და კარგსაც, შხამსაც და მალამოსაც, სიკვდილსაც და სიცოცხლესაც. ქალი კი ბიძგია. ხან ბიძგია, ხან შთაგონება, ხან საყრდენი.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

ყველა გენიალური აღმოჩენა მარტივია.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

ჭარბი სერიოზულობა სხვის თვალში ხშირად კომიკური ჩანს, არასერიოზულობა კი უფრო ეფექტური და მომგებიანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობა გიხდება ლამაზ გოგოსთან და არა საქმიან ჩინოვნიკებთან.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

ადამიანის გამტყუნება ძნელია, მით უმეტეს, თუ შენ თვითონაც ადამიანი ხარ.

  ციტატის წყარო: „მდგმური“

  •  

სანამ განზრახვა მხოლოდ განზრახვაა, ყველაფერი იოლია. განზრახვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა მაშინ გამოჩნდება, როცა იგი ფაქტად იქცევა.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

პოპულარობა ავადმყოფური კმაყოფილებაა, რომელიც ღამღამობით, ძილისწინ, გამოფიტულობისა და სიცარიელის განცდას იწვევს და საკუთარ თავს გაძულებს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო შემთხვევას შეუძლია უღრმესი და თავდაუღწეველი სიყვარული დაბადოს. და საერთოდ, სიყვარული მუდამ ასეთ უბრალო და შეუმჩნეველ დეტალებზე აღმოცენდება ხოლმე.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ცხოვრებას ასეთი წესი აქვს: ერთ ჭიქა შარბათს რომ შეგასმევს, მერე ერთ ჭიქა სამსალას მიგაყოლებინებს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

დილით ფიცის დადება ადვილია, რადგან საღამო ჯერ არ დამდგარა.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

შეურაცხყოფის მიტევება სილაჩრე და სულმდაბლობაა, ხოლო შურისძიება ბოროტება, რომელიც წამსვე შეურაცხმყოფელის გვერდით მიგიჩენს ადგილს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი ბიჭიც არ უნდა იყო, მაინც გადაგაგდებს ლიანდაგიდან. მერე, ქარი რომ მიწყნარდება, ისევ ადიხარ და ისევ ცდილობ, წონასწორობა შეინარჩუნო. ხანაც ჩუმად მიიხედ-მოიხედავ და რომ დარწმუნდები, არავინ გიყურებს, სწრაფად გადმოხტები ლიანდაგიდან და ერთ მოზრდილ მონაკვეთს ასე გაივლი.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი, ზოგი ლამაზია, ზოგი უშნოა, ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტია, ზოგი ხელგაშლილია, ზოგი ხელმოჭერილია... რომან ადეიშვილი არანაირი არ იყო. არავითარი თვისება არ ჰქონდა, არავითარი ნიშანი, ზოგს ნიშანი და თვისება რომ არ აქვს სწორედ ეს არის ნიშანი და თვისება, მისთვის კი არც უნიშნობა და არც უთვისებობა იყო რაიმე ნიშანი და თვისება. იგი ისეთი ჯურის ხალხს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ათასჯერ ნახავ და მეთერთმეტედ, ქუჩაში რომ შეგხვდება, მაინც ვერ იცნობ.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

კაცის ცხოვრებას ეპოქა განაპირობებს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ჩემი აზრით პროვინციალობა, ყოველ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, ისაა, კაცს რომ თავისი მოდელი ეთაკილება და სხვისი მოდელით ცდილობს იცხოვროს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

იმისთვის, რომ საკუთარი თავი გადაგიხსნათ და შინ თქვენი თავი დაგანახვათ, უნდა გეთქვათ მადლობა. კაცი რომ ფარდას გადაგიწევს და წინ სარკედ დაგიდგება, ამით მსხვერპლს იღებს და ქრთამს თუ არა, მადლობას მაინც იმსახურებს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ რუსთაველია გენიოსი. მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ რუსთაველია ამაღლებული.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

მდორე ადგილას მდინარეს მეტი სიღრმე აქვს, ვიდრე კლდე-ღრეებში, სადაც ყურისწამღებად მიხტუნავს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ. წაკითხვით კი არ ვკითხულობთ. წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარაობებს ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი ჰუმანიზმისთვის წამებულად მოგვაჩვენონ. ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ საძმო სასაფლაოში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა. ჩვენ ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი გადი-გადმოდის.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

პროგრესი მაშინ დაიწყება, როცა ჩვენს უვარგისობას შევიგნებთ... თუკი პროგრესი სულიერ და ზნეობრივ სფეროში საერთოდ შესაძლებელია.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ადამიანის დანიშნულება ადამიანის გარეთაა საძებნელი. თუმცა თავისი თეორია ყველას შეიძლება ჰქონდეს. ჩემი თეორიის მიხედვით, ჩემი თეორიის მიხედვით ადამიანს არავიტარი დანიშნულება არ აქვს, უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს ბადებს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ყველა რომ ზნემაღალი იყოს, არავინ ლოთობდეს, ქუჩაში არავინ არწყევდეს, არავინ ქურდობდეს, არავინ ცრუობდეს, სიგარეტსაც კი არავინ ეწეოდეს და უკლებლივ ყველანი ზნეობისა და თავაზიანობის განსახიერებად ვიქცეთ, ხომ დაგვიდგა სამოთხე და ხომ მოკვდა ქალაქი მოწყენილობისგან.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ჭეშმარიტი მსახიობი, ის, ვისაც მოწოდებით მსახიობს ვეძახით, დეზერტირია, რომელიც საკუთარ ტავს თვალს ვერ უსწორებს და ამიტომ ნიღბების ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ადამიანს აქვს ერთი ამოუძირკვავი თვისება, რომელიც ხან უძნელებს ცხოვრებას, ხან უიოლებს – მისი სიტყვა და საქმე შორიშორს დგანან ერთმანეთისგან. დედამიწის ზურგზე ჯერ კაცი არ დაბადებულა, რომელსაც მხოლოდ ის ეკეთებინოს, რასაც ფხიზელი გონება და საღი აზრი კარნახობდა.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

ჩვენი ხნის ერებმა საქმე დიდი ხანია მოათავეს. ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

რამდენადაც სასიამოვნოა ყოველდღიური შეძენა და დახვავება, იმდენადვე გულდასაწყვეტი იქნება ბოლოს იმის განცდა, რომ თან ვერ წაიღებ.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

პოპულარობა და სახელი ილუზიაა, ქვიშაში აგებული ციხე-კოშკი. განა შეიძლება ისეთი არშინი არსებობდეს, რითაც პოპულარობა გაიზომება? პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და თვალდახუჭულმა საკუთარ თავს უმტკიცო, რომ, ვისაც მოსწონხარ, სწორედ მასა აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

არსებობა ურთიერთობებია, არც მეტი, არც ნაკლები. გამოაცალე ადამიანს ურთიერთობები და ადამიანიც გაქრება. ჩვენ რომ გვგონია, თიტქოს ურთიერთობებში ადამიანის პიროვნება და ხასიათები მჟღავნდება, ტყუილია. თვითონ ადამიანი იქმნება ურთიერთობებში. ადამიანი ურთიერთობაა, მეტი არაფერი. ეს იმდენად ნათელი და ურყევი აქსიომაა, რომ მის ჭეშმარიტებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს სულის მეტი. სული კი რასაც გვეუბნებიან, თუ სიმართლეს გვეუბნებიან, სიცოცხლესა და სიკვდილს მიღმა დგას და, ამდენად, მატერიალური პასუხისმგებლობა არ აკისრია.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“

  •  

როცა, ვთქვათ პურს თესავენ, ან სიმინდს, ნოყიერ ნიადაგზე კარგად ხარობს, მწირ ნიადაგზე - ცუდად. ადამიანიც ასეა: მწირ ეპოქაში თვითონაც მწირია და ნაკლებად ავლენს თავის შესაძლებლობებს. უკეთეს ეპოქაში უკეთ ავლენს.

  ციტატის წყარო: „ქარავანი“


  •  

სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.


  •  

ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს - ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.


  •  

ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს.


  •  

როდესაც კაცის არსებაში დიდება და სახელი შემოდის, იქიდან რამე უნდა განიდევნოს, რომ ადგილი იპოვოს, პირველ რიგში, იუმორის გრძნობა იდევნება ხოლმე.


  •  

ცოლი არასდროს აღიარებს ქმარს. ცოლი მედლის მეორე მხარეზე წერს ქმრის ბიოგრაფიას.


  •  

იქნებ ჩვენ იმიტომ ვეწამებით, რომ სხვებს შვება მოვგვაროთ? იქნებ ადამიანის უმაღლესი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ მსხვერპლი იყოს?


  •  

დიდება ქურქია. ქურქი გარედან გეხება და რამდენიც არ უნდა იწვალო, შენი სხეულის ნაწილად ვერ აქცევ.


  •  

ხოლო მე გეტყვი: ნუ გაიკეთებ ნიღაბს. ნუ დაკარგავ ღვთით მონიჭებულ სახეს.


  •  

თეატრში იმის სანახავად მიდიხარ, რაც ცხოვრებაში გაკლია.


  •  

უნდა დავიტანჯოთ ისახარ, ძალიან უნდა დავიტანჯოთ. ბედნიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, იქნებ მე და შენ ხელიც ჩაგვექნია და გვეთქვა: რაღა ჩვენ, სხვამ იფიქროს და იმტვრიოს თავი! მაგრამ ვაი რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველამ თუ არ ვიფიქრეთ და ყველამ თუ არ ვიზრუნეთ, მუდამ ბნელ ხაროში ვისხდებით და მზის სინათლეზე ვერასოდეს ამოვალთ.


  •  

დღეს რომ ყველამ ჩვენ ჩვენ ოჯახებზე ვიზრუნოთ და ის ძაფები, მამა-პაპას რომ ფაქიზად დაურთავს და რუდუნებით შემოუვლია ირგვლივ ჩვენგანისთვის, რათა ქართველობა ერთ ხმა და ერთ პირ ყოფილიყო, ჩვენი უჯიათობითა და მეთვისეობით ისევ დავწყვიტოთ, დრო არ გვაპატიებს. დრო, ჩვენი მთავარი მოკეთეცა და მტერიც, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს, კიდეც გაგვიწყრება და კიდეც დაგვძრახავს, ხოლო შთამომავლობამ, ჩვენი უგულობით გულგაქვავებულმა, ვაითუ ზიზღიც არ გვაღირსოს, ისე გულგრილად გადაუაროს ჩვენს გაპარტახებულ საფლავებს, თითქოს არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს არაფერი გვტკენია.


  •  

სიმართლე რა ბედენაა შენიანის სისხლი თუ დაღვარე და მტრის საქმე აკეთე.


  •  

ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო. ქართლი განა მიწაა! ქართლი ხალხია. ხალხი თუ აღარ იქნა, ცარიელ მიწას ხვალ ეგებ სპარსეთიც დაერქვას.


  •  

ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა.


  •  

ჩვენ გამუდმებით მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ.


  •  

არაფერი არ არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული.


  •  

კაცის სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არ აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში ისეთი სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებელი თბილი ღიმილით იღიმებიან. ამიტომ ბავშვური გამოუცდელი ხელით გავლებულ პირველ ხაზებს, შესაძლებელია უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვიანდელ კორექტივს, როცა საქმეშ ფარგალი სახაზავი, ფარგალი და გონება შაერევა.


  •  

ნუთუ არ იცით, რომ ყოველი კაცის ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი წინამავალთა გამოცდილებაა? თეორიული მაქსიმუმი, რაც პიროვნული გენიისთვისაა დარჩენილი, არის ერთი პროცენტი და ვინც ამ ერთ პროცენტს გამოიყენებს, სწორედ ის არის გენიოსი.


  •  

პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და საკუთარ თავს უმტკიცო, რომ ვისაც მოსწონხარ, სწორედ მას აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება.


  •  

ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში. ამაში საკვირველი არაფერია. ვისაც ეს ხელს არ აძლევს, მან საკუთარი თავი უნდა უარყოს, რადგან თავისუფლება საკუთარი თავის უარყოფით იწყება. თვისებებზე უნდა თქვას უარი და, თუ ამის შემდეგ რაიმე დარჩა, იმას უნდა დაეპატრონო და მოუფრთხილდე, მაგრამ დარჩება რამე? აი, ეს არის საკითხავი.


  •  

რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გამო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსს და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ.


  •  

ყოველ კაცს განვითარების საკუთარი, პიროვნული ბილიკი აქვს, რომელიც ერთ საერთო გზას უნდა უერთდებოდეს და თუ არ უერთდება, ეს ბილიკი გაუქმებული ბილიკია.


  •  

სხეული ხელოვნური რამაა, სკაფანდრია, რომელიც სულს იმისთვის დასჭირდა, რომ დროსა და სივრცეს მორგებოდა და კონკრეტულ სამყაროში გამოვლენილიყო. სიცოცხლე და სიკვდილი სკაფანდრის არსებობის ფორმაა და არა სულის. სკაფანდრი გაცვდება და დაიშლება სული კიცქვიტად დაუბრუნდება თავის საწყისს, თავის წყაროს.


  •  

სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ ქათქათა ტყუილში გაახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის, ცდილობ ყური არ ათხოვო და მაინც გესმის, როგორც საათის წიკწიკი სამარისებულ სიჩუმეში.


  •  

ჩვენ, ვინც პლასტილინისგან ვართ გამოძერწილი, ყოველ ნაბიჯზე ფეხით ვთელავთ ჩვენსავე სილამაზეს.


  •  

სინამდვილეში ყველანი ბოღმითავართ სავსე. ამიტომ ვერ დავფრინავთ. ერთმშვენიერ დღეს რომ ყველა დარდმა, რაც ოთხი მილიარდი ადამიანის გულშია ჩაბუდებული, უეცრად რომ ამოხთქოს, ქვეყნიერება წაილეკება.


  •  

გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია... სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.


  •  

მიზანი მაცდურია. სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ; როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა.


  •  

ჩვენ ილუზიურ სამყაროში ვცხოვრობთ. ილუზიურ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტება არის ოცნება. ჩვენ კი ოცნებას ცხვირსახოცად ვხმარობთ.


  •  

ღმერთის პრობლემა საჭოჭმანო პრობლემაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც საბუთზე მიდგება საქმე, მისი არსებობის მთავარი დამადასტურებული საბუთი ისაა, რომ ის ყოვლისშემძლე არაა.