აფხაზთა მეფეთა დივანი

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search
Pictogram voting delete.svg ეს გვერდი შეფასებულია, როგორც წასაშლელი.

თუ წინააღმდეგი ხართ, გთხოვთ განმარტოთ მიზეზი სტატიის განხილვის გვერდზე.
ადმინისტრატორების საყურადღებოდ: სტატიის წაშლამდე შეამოწმეთ თუ არსებობს ბმულები ამ გვერდზე და გვერდის ისტორია.


ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა[1])

„ქ. სახელითა მღ՜ჲთა მე კონსტანტინე მეფემან, ძემან სულკურთხეულის ბაგრატ აფხაზთა მეფისამან: ვპოე საჭურჭლესა ქუთათის ქუთათის მდივანი. მეფეთა შინა ეწერა სახელები მეფეთა და დაძველებულ იყო. და ახლად გადავაწერინე: პ՜ი მეფე აფხაზეთისა იყო ანოს: მეორე შვილი მისი ღოზარ: მესამე შვილი მისი ისტვინე: მეოთხე შვილი მისი ფინიქტიოს: მეხუთე შვილი მისი ბარნუკ: მეექვსე შვილი მისი დიმიტრი: მეშვიდე შვილი მისი თეოდოსი[2]): მერვე შვილი მისი კოსტანტი: მეცხრე შვილი მისი თეოდორე: მეათე შვილი მისი კოსტანტინე: მეათერთმეტე ძმა მისი ლეონ: რ՜ნ (რომელმან) დაყო მეფობასა შინა თჳსსა წელიწადი ორმოცდახუთი: მეათორმეტე (შვილი მისი) თეოდოსი: რ՜ლნ დაყო მეფობასა შინა თჳსსა წელიწადი ოცდაშვიდი: მ(ე)ათსამეტე ძმა მისი დემეტრე. მეფობდა ოცდა თექვსმეტ წელ: მეათოთხმეტე ძმა მათი გიორგი მეფობდა, რომელს საუფლისწულოდ აღწუფი ჰქონდა: და ამისთჳს ეწოდა მას გიორგი აღწუფელი. ამან იმეფა შვიდ წელ: მეათხუთმეტე შვილი დემეტრესი ბაგრატ. მეფობდა თორმეტ წელ: მეათექვსმეტე შვილი (მისი) კოსტანტი. მეფობდა ოცდაცხრამეტ წელ: მეათშვიდმეტე შვილი მისი გიორგი. მეფობდა ორმოცდახუთ წელ: მეათვრამეტე შვილი მისი ლეონ. მეფობდა ათ წელ: მეათცხრამეტე ძმა მისი დიმიტრი. მეფობდა რვა წელ: მეოცე ძმა მისი თეოდოსი თვალ-დამწვარი. მეფობდა სამ წელ. და ამათსა შ՜დ ინება ღ՜თნ და დავიპყარ მე ქ՜ყანა (ქვეყანა) აფხაზეთისა, დედული ჩემი, ბაგრატ ბაგრატოანმან, ძემან სულ-კურთხეულისა გურგენისამან, და ასულის წულმან გიორგი აფხაზთ მეფისამან: და თუ მე რაოდენთა წელთა დავყოფ მეფობასა ჩემსა, ეს ღ՜ნ უწყის:

შემდეგ მიმატებულია:

ხოლო მეფობდა ესე ბაგრატ ოცდა ათექვსმეტ წელ და შ՜დ (შემდგომად) იმისსა მეფობდა (შვილი მისი) გიორგი ათცამეტ წელ და ხუთ თვე.

ეს სტატია განიყოფება სამ ნაწილათ. პირველი შეიცავს შესავალს, რომელიც ეკუთვნის კოსტანტინე მეფეს, ძეს ბაგრატ აფხაზთა მეფისას. შესავალი გვამცნევს, რომ ნუსხა აფხაზთა მეფისა დაცული ყოფილა ქუთაისის საჭურჭლეში მდებარე ქუთათის მდივანში, მაგრამ ამ მდივანში მოქცეული მეფეთა სია[3]) ჟამთა ვითარების გამო დაძველებულა და კოსტანტინე მეფეს გადუწერინებია. ვინ უნდა იყოს ეს კოსტანტინე მეფე, ძე ბაგრატ აფხაზთა მეფისა? ჩვენის აზრით აქ ხსენებული კოსტანტინე არის მეფე კონსტანტინე II, ძე ბაგრატ მე-V-ისა დიდისა, რომელიც მიღებულის ცნობით გარდაიცვალა 1414 წელს.

მეორე ნაწილი შეიცავს თვით ნუსხას აფხაზთა მეფეებისას. ნუსხა შეუდგენია, ანუ უკეთ ვსთქვათ, გამოუქვეყნებია, როგორც ბოლოში მოხსენებულია, ბაგრატ ბაგრატონიანს, გურგენის ძეს და ასულის წულს გიორგი აფხაზთა მეფისას. ეს ბაგრატი, რაღა თქმა უნდა, არის მეფე ბაგრატ III (980–1014), რომელმაც შეაერთა და ერთ სამეფოდ გახადა აფხაზეთი და ქართლი. ამ ბაგრატიდან იწყება განსაკუთრებული სიძლიერე საქართველოს სამეფოსი. ეს იყო ძე გურგენისა, რომელიც ცნობილია სუმბატის ისტორიაში მეფეთ მეფის წოდებით. გურგენს ცოლად ჰყავდა აფხაზეთის მეფის გიორგი II-ის ქალი გურანდუხტ (†1008), მაშადამე ბაგრატ III ასულის წულია გიორგი აფხაზთა მეფისა და აფხაზეთი მისი დედულია, ანუ დედულეთი. აქედან სჩანს, რასაც ბაგრატი მოგვითხრობს თავის თავზე ნუსხის ბოლოში, მართალია. მიღებულის ქრონოლოგიით ბაგრატი გამეფდა აფხაზეთში 980 წელს, ხოლო ქართლში 985 წელს. ძველ დროში მისრეთში, ბაბილონში, ასურეთში და სხვა ქვეყნებში ჩვეულებათ იყო, როდესაც ახალი დინასტია თუ შთამომავლობა აღვიდოდა ტახტზედ, განცალკევებულს აქტში ანუ წარწერაში მოიყვანდა სიას მისი წინამოადგილეებისას მომავალთა საყურადღებოთ. ასე მოქცეულა ბაგრატ მესამეც. მას შეუკრებია ცნობები თავის წინამოადგილეების შესახებ აფხაზეთში და შეუნახავს მომავალთათვის. მაგრამ, რასაკვირველია, ეს ისტორია არ არის, არამედ აქტია, მანიფესტია, რომლითაც ის გვამცნევს მის მიერ კანონიერად გამეფებას თავის დედულეთში, ესე იგი აფხაზეთის სამეფოში, და იხსენიებს ყველა თავის წინამოადგილეებს. ეს აქტი ანუ მანიფესტი მეათე საუკუნეში ქუთათის მდივანში შეტანილი შენახული ყოფილა ქუთაისის სამეფო არხივში, ანუ საჭურჭლეში, და რადგანაც დროთა ვითარების გამო დაძველებულა, მეფე კოსტანტინე მეორეს განუახლებია, ანუ გადუწერინებია მეთუთხმეტე საუკუნის დამდეგს და ამგვარათ მოღწეულა ჩვენამდის. რომ აქტი, ანუ ნუსხა მართლა ბაგრატ მესამის მიერ არის პირველათ შედგენილი და გამოქვეყნებული, ამას ცხად ყოფს ბაგრატის სიტყვები:

ინება ღმერთმან და დავიპყარ მე ქვეყანა აფხაზეთისა, დედული ჩემი, ბაგრატ ბაგრატონიანმა, ძემან სულ კურთხეულის გურგენისამან და ასულისწულმან გიორგი აფხაზთა მეფისამან, და თუ მე რაოდენთა წელთა დავყოფ მეფობასა ჩემსა, ეს ღმერთმან უწყის.

უკანასკნელი ნაწყვეტი სტატიისა, რომელიც შეიცავს ცნობას, თუ რამდენი წელი იმეფე ბაგრატ მესამემ და მისმა შვილმა გიორგი პირველმა, მიმატებულია შემდეგ დროში თანახმად ქართლის ცხოვრების ცნობებისა.

აფხაზეთის ისტორიის შესახებ ცნობები ჩვენ მოგვეპოვება ქართლის ცხოვრებაში. ქართულს ენაზედ ძველათ ყოფილა „აფხაზეთის ცხოვრება“, ანუ „ცხოვრება აფხაზთა მეფეთა“, რომლიდგან, უნდა ვიფიქროთ, შეტანილია ქართლის ცხოვრებაში ბევრი ცნობები აფხაზეთის ისტორიის შესახებ. ამ აზრს ცხად ჰყოფს ერთი ადგილი მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებისა, სადაც მოთხრობილია ბრძოლა აფხაზთა მეფის კოსტანტინე I შვილებისა, გიორგი II-ისა და ბაგრატისა, რომელიც გათავდა გიორგის გამეფებით (923–958). აქ ვკითხულობთ: „და იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი, რომელი თჳთუეულად ჰპო(ო) ცხოვრებასა მათსა“[4]) მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, ვისი შედგენილია ეს „აფხაზეთის ცხოვრება“, რომელსაც ჩვენამდის არ მოუღწევია. ამდენხანს გვეგონა, რომ ბაგრატ III არის ავტორი აფხაზთა ისტორიისა და ეს ისტორია ვითომ ხელში ჰქონებოდეს იერუსალიმის პატრიარხს დოსითეოსს და მისგან გამოეკრიბოს ცნობები აფხაზეთის მეფეების შესახებ. მაგრამ ეს აზრი არ მართლდება. შეიძლება ბაგრატ III მართლაც იყოს ავტორი ვრცელის აფხაზეთის ისტორიისა, მაგრამ ჩვენ თამამათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოსითეოსს ეს ვრცელი ისტორია არ ჰქონია ხელში. ის, რასაც დოსითეოსი „ბაგრატის აფხაზთა ისტორიას“ ეძახის, არის ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი ნუსხა აფხაზთა მეფეებისა, რომელიც მართლა შედგენილი და გამოქვეყნებულია ბაგრატ მე-III-ის მიერ მეათე საუკუნეში. დოსითეოსის ცნობები აფხაზეთის ისტორიის შესახებ შეიცავენ სრულს თარგმანს იმ ნუსხისა, რომლის ქართული ტექსტი ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ. ხოლო რამოდენიმე საკუთარი სახელი შეცვლით არის მოყვანილი დოსითეოსის ნუსხაში, ისე როგორც ჩვენს ქართულს ნუსხაშიც მოიპოვება შეცდომები ზოგიერთი სახელების გადმოცემაში. უცხოელი ქართული ენის უცოდინარობის გამო და აგრეთვე თავის ენის ანბანის საშუალებით ყოველთვის სისწირით ვერ გადმოგვცემს ქართულ სახელებს. ამით აიხსნება მცირეოდენი განსხვავება საკუთარ სახელების გადმოცემაში. ამას გარდა, როდესაც ერთი და იგივე სახელი ბერძნულად სხვანაირად გამოითქმის ვიდრე ქართულად, დოსითეოსს, რასაკვირველია, ბერძნულის ფორმით მოჰყავს სახელი და არა ქართულის. ამ მიზეზების გამო ისტვინეს მაგიერ დოსითეოსის ნუსხაში გვხვდება იუსტინეანე (3); ფინიკტიოსის მაგიერ ფილიკტიოს (4); დიმიტრის მაგიერ დემეტრე (6, 19); კოსტანტინეს მაგიერ კოსტანტი (10), ასეთივე ფორმა ნახმარია ორჯერ ჩვენს ნუსხაშიც (8, 16), ბაგრატის მაგიერ პანკრას (15, 22). ფორმა პანკრატი ქართულშიაც იხმარება, ხშირად შეგვხვდება ხოლმე ქართულს წყაროებში პანკრატოვანი ბაგრატოვანის მაგიერ. უფრო თვალსაჩინო განსხვავებას წარმოადგენს დოსითეოსის კაპარუკი ჩვენი ნუსხის ბარუკის მაგიერ (5). ამას გარდა დოსითეოსის ნუსხაში ერთი მეფით მეტია ნაჩვენები, ვიდრე ჩვენსაში. ეს არის ანტარნასე-დავითი (21), რომელიც ქართულის გამოთქმის იქნება ადარნასე-დავითი, და რომელიც შვილის შვილია კოსტანტინე III-სა და მეფობს ბაგრატ მეორის წინ[5]). ამ ანტარნასე-დავითის არც მამაა ცნობილი ნუსხაში და არც დედის სახელი, არც ის არის ნაჩვენები, თუ რამდენი წელი იმეფა. ამით აშკარათ ირღვევა გეგმა ნუსხისა[6]). ბაგრატ მეორის[7]) შემდეგ დოსითეოსის ნუსხით მეფობს დავითი 12 წელს, ჩვენი ნუსხით კი გიორგი III. ეს ცნობები შემდეგ არის მიმატებული, როგორც ზემოთ ვუჩვენეთ, ხოლო ჩვენი ნუსხის ცნობა მართალია და დოსითეოსისა შემცდარი. აგრეთვე შემცდარათ უნდა ჩაითვალოს დოსითეოსის ცნობა, ვითომც ბაგრატ II-ს მეფობა დაეწყოს 992 წ. ზოგიერთი სიტყვები ჩვენს ნუსხაში გამოშვებულია, მაგალითად, მეთორმეტე მეფის თეოდოსის წინ გამოშვებულია სიტყვები „შვილი მისი“ და მეთექვსმეტე მეფის კოსტანტინეს წინ გამოშვებულია სიტყვა „მისი“. ეს სიტყვები ჩვენ მიუმატეთ დოსითეოსის ნუსხის მიხედვით და ჩავსვით ფრჩხილებში. თავის მხრით დოსითეოსის ნუსხაში არ არის აღნიშნული, თუ რამდენი წელი იმეფა გიორგი I აღწუფელმა. დიმიტრი მესამე მეფობს 26 წელს, ჩვენი ნუსხით კი 36 წ. ერთი სიტყვით, ეს ორი ნუსხა წარმოგვიდგენენ ვარიანტებს ერთი მეორისას და ერთი მეორეს ავსებენ. მოგვყავს აქ შესადარებლად ნუსხა ჩვენის დედნისა და დოსითეოსისა. ხოლო აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ბერძნული ტექსტი დოსითეოსის „იერუსალიმის პატრიარხთა ისტორიისა“ ჩვენ ტფილისში ვერ ვიპოვნეთ[8]) და ნუსხა მოგვყავს ბროსეს თარგმანიდან, რომელიც Additions-შია მოყვანილი (გვ. 173). ესევე ნუსხა არის წიგნში, რომელსაც ჰქვია Руководство къ познанію Кавказа М. С. кн. I (გვ. 26 - 27), მაგრამ აქაც ცნობები ამოღებულია არა პირდაპირ დოსითეოსის წიგნიდან, არამედ ბროსსეს თარგმანიდან, რომელიც მოთავსებულია Bullet. Scient.-ში t. V.

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
აფხაზთა მეფეთა დივანი

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ორ-ორ წერტილს დედნისას ვტოვებთ, სხვა ნიშნებს ვასწორებთ.
  2. დედანში სწერია შეცდომით: დეოდოსი.
  3. ჩვენ არ ვღებულობთ თავის თავზედ სიტყვა მდივნის სრულს განმარტებას. შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ტექსტის აზრით აქ მდივანი უნდა ნიშნავდეს სახელმწიფო დავთარს, რომელშიაც შეტანილნი უნდა ყოფილიყვნენ ყოველგვარი სახელმწიფო აქტები, განჩინებანი, განწესებანი და სხვა და სხვა ცნობები. მე-XVII და მე-XVIII საუკუნოებიდან ჩვენამდის მოაღწიეს ეგრეთ წოდებულმა სამდივნო წიგნებმა, რომლებშიაც აუარებელი ცნობებია შეტანილი, მაგალითათ, როგორ უნდა დაიწეროს სიგელი, როგორ უნდა მიეწეროს მეფეთა, დედოფალთა, ბატონიშვილთა, კათალიკოსთა, ერისთავთა, დიდებულთა, სწორ-ამხანაგთა. როგორ უნდა დაიწეროს მზითვის სია, განჩინებანი, საფლავის წარწერანი, ციხის და ეკლესიების წარწერანი და სხვა. მაგრამ ამგვარი სამდივნო წიგნები კერძო ხასიათის არიან, პრაქტიკულის მიზნით შედგენილნი, როგორც რუსული письмовникъ-ები, სახელმძღვანელოთ მდივანთა და მწერალთა. სახელმწიფო მდივანი კი სხვა ხასიათის დავთარი ყოფილა სახელმწიფო მნიშვნელობისა და ამიტომ სახელმწიფო საჭურჭლეში ყოფილა შენახული.
  4. მარიამ დედოფლის ვარიანტი, გვ. 228.
  5. აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ბაგრატი აფხაზთა ისტორიის სიაში მეორეა და ქართლში მესამე.
  6. ადარნასე-დავითი ქართულ წყაროებში ცნობილი არ არის, ცნობილია მხოლოდ ადარნასე, ძე იოანესი, რომელიც მოკლა 887 წელს მისმა ბიძაშვილმა ბაგრატ I და გამეფდა აფხაზეთში (Additions, p. 175).
  7. ამ ბაგრატის შესახებ ბროსსე შენიშნავს: Cousin d'Antarnas; etait-il aussi fils de George? ჩვენს ნუსხაში როგორც დავინახეთ, ბაგრატ II თვითონ მოგვითხრობს, თუ ვინ არის ის.
  8. ჩვენ მივმართეთ თხოვნით პატივცემულს პრივატ-დოცენტს ი. ჯავახიშვილს, მოენახა პეტერბურგში ეს თხზულება და მოეწოდებინა ჩვენთვის ბერძნული ტექსტი, მაგრამ წიგნი არ აღმოჩთა არც სამეცნიერო აკადემიაში და არც საჯარო ბიბლიოთეკაში.