იესო ქრისტე

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა იესო ქრისტეს სიტყვები-დან)

იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი, ძე ღმერთი (ბერძ. Ίησους — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — ზეცად ამაღლდა: 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამის და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 400 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.

[1]წყარო
[2]შენიშვნა

იოანეს სახარება[რედაქტირება]

თავი 3[რედაქტირება]
  • 1. იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
  • 2. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა:“რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის.”
  • 3. მიუგო იესომ და უთხრა მას: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.”
  • 4. ეუბნება მას ნიკოდემოსი: “როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?”
  • 5. მიუგო იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.
  • 6. ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია.
  • 7. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი.
  • 8. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.”
  • 9. ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას:“როგორ შეიძლება მოხდეს ეს?”
  • 10. მიუგო იესომ და უთხრა მას: “შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?
  • 11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას.
  • 12. თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
  • 13. არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია.
  • 14. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა.
  • 15. რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
  • 16. რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
  • 17. რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ.
  • 18. ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა.
  • 19. განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები.
  • 20. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები.
  • 21. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.”
  • 34. რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს.
  • 35. მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.
  • 36. ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე.”
თავი 4[რედაქტირება]
  • 7. მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: “წყალი დამალევინე,”
  • 9. ეუბნება მას სამარიელი ქალი: “როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?” (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)
  • 10. მიუგო იესომ და უთხრა მას: “შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.”
  • 11. ეუბნება მას ქალი: “ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
  • 12. ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?”
  • 13. მიუგო იესომ და უთხრა მას: “ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება.
  • 14. ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.”
  • 15. ეუბნება მას ქალი: “ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.”
  • 16. ეუბნება მას: “წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ.”
  • 17. მიუგო ქალმა და უთხრა: “მე არ მყავს ქმარი.” ეუბნება მას იესო: “მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო,
  • 18. რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.”
  • 19. ეუბნება მას ქალი: “ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
  • 20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს.”
  • 21. ეუბნება მას იესო: “ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას.
  • 22. თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს. ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.
  • 23. მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
  • 24. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.”
  • 25. ეუბნება მას ქალი: “ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.”
  • 26. ეუბნება მას იესო: “მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება.”
  • 27. ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
  • 31. ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: “რაბი, ჭამე!”
  • 32. მან უთხრა მათ: “მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით.”
  • 33. ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: “ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?”
  • 34. ეუბნება მათ იესო: “ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
  • 35. განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
  • 36. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ.
  • 37. ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო.
  • 38. მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით.”
  • 48. უთხრა იესომ მას: “არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ.”
თავი 5[რედაქტირება]
  • 17. იესომ მიუგო მათ: “მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ.”
  • 19. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
  • 20. რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს, ისეთებს რომ გაგიკვირდებათ.
  • 21. რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვისი გაცოცხლებაც სურს.
  • 22. რადგან მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა,
  • 23. რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, ის არც მამასა სცემს პატივს, მის მომავლინებელს.
  • 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე და განკითხვაზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.
  • 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე არის ახლა, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც მას მოისმენენ, იცოცხლებენ.
  • 26. რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
  • 27. სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი.
  • 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ.
  • 29. კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.
  • 30. ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ, და ჩემეული განკითხვა სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
  • 31. თუ მე ვმოწმობ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არაა ჭეშმარიტი.
  • 32. სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე.
  • 33. თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება.
  • 34. თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.
  • 35. იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში.
  • 36. მე კი მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა.
  • 37. და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი გიხილავთ მისი.
  • 38. მისი სიტყვა არა გაქვთ შეწყნარებული, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა.
  • 39. იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ.
  • 40. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ.
  • 41. დიდებას არ ვღებულობ კაცთაგან,
  • 42. მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში.
  • 43. მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ.
  • 44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისაგან არ ეძებთ?
  • 45. ნუ გგონიათ, რომ მამის წინაშე მე დაგდებთ ბრალს. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიცა გაქვთ.
  • 46. რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემზე დაწერა.
  • 47. ხოლო, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორ იწამებთ ჩემს სიტყვებს?
თავი 6[რედაქტირება]
  • 25. და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: “რაბი, როდის მოხვედი აქ?”
  • 26. მიუგო იესომ და უთხრა: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ მე, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
  • 27. ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.”
  • 28. უთხრეს მას: “როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?”
  • 29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა.”
  • 30. უთხრეს მას: “რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ?
  • 31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’”
  • 32. უთხრა მათ იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
  • 33. რადგან ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს.”
  • 34. უთხრეს მას: “უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური.”
  • 35. უთხრა მათ იესომ: “მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.
  • 36. მე კი გითხარით, რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებთ.
  • 37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.
  • 38. რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.
  • 39. ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
  • 40. ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.”
  • 41. იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რადგან თქვა: “მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული.”
  • 42. თქვეს: “ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?”
  • 43. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.
  • 44. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
  • 45. წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის.
  • 46. ისე კი არაა, თითქოს ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა.
  • 47. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.
  • 48. მე ვარ პური სიცოცხლისა.
  • 49. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ.
  • 50. ეს არის პური, ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს.
  • 51. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ.”
  • 52. იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში და ამბობდნენ: “როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?”
  • 53. უთხრა მათ იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.
  • 54. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს.
  • 55. რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი.
  • 56. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე - მასში.
  • 57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში.
  • 58. ეს არის ციდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.”
  • 59. ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
  • 60. ბევრი მისი მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: “მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია ამის მოსმენა?”
  • 61. იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო, და უთხრა მათ: “ეს გაცდუნებთ თქვენ?
  • 62. თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო?
  • 63. სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა.
  • 64. მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ.” რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
  • 65. და თქვა: “ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული.”
  • 67. მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: “თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?”
  • 68. მიუგო მას სიმონ-პეტრემ: “უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
  • 69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა.”
თავი 7[რედაქტირება]
  • 6. ეუბნება მათ იესო: “ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მოწეულია.
  • 7. სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.
  • 8. თქვენ ადით დღესასწაულზე. მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.”
  • 16. მიუგო მათ იესომ და თქვა: “ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
  • 17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ - ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ.
  • 18. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში.
  • 19. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
  • 21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
  • 22. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
  • 23. თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ხალხი განვკურნე შაბათს?
  • 24. ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ.”
  • 28. შესძახა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: “მე მიცნობთ და იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
  • 29. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა.”
  • 33. თქვა იესომ: “მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან.
  • 34. ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.”
  • 37. დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: “თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას.
  • 38. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.”
თავი 8[რედაქტირება]
  • 12. კვლავ ელაპარაკა მათ იესო და უთხრა: “მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.”
  • 14. მიუგო იესომ მათ და უთხრა: “მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
  • 15. თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის არ განვიკითხავ.
  • 16. მე თუ განვიკითხავ, ჩემეული განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.”
  • 17. თქვენს რჯულშიც სწერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
  • 18. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.
  • 19. უთხრეს მას: “სად არის შენი მამა?” უთხრა მათ იესომ: “არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ.”
  • 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: “მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ.”
  • 23. უთხრა მათ: “თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ სოფლისანი ხართ, მე კი სოფლისა არა ვარ.
  • 24. ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.”
  • 25. უთხრეს მას: “ვინ ხარ შენ?” უთხრა მათ იესომ: “თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ:
  • 26. ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და განსაკითხველი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ სოფელზე”.
  • 27. ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
  • 28. უთხრა მათ იესომ: “როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
  • 29. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი.”
  • 31. უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: “თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
  • 32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.”
  • 34. მიუგო მათ იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.
  • 35. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ; ძე რჩება საუკუნოდ.
  • 36. თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
  • 37. ვიცი, რომ აბრაამის შთამომავალნი ხართ, მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
  • 38. მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ.”
  • 39. მიუგეს და უთხრეს მას: “ჩვენი მამა აბრაამია!” უთხრა მათ იესომ: “თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით.
  • 40. ახლა კი ჩემს მოკვლას ეძებთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღვთისაგან მოვისმინე. აბრაამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
  • 41. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ.” უთხრეს მას: “ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთი მამა გვყავს - ღმერთი.”
  • 42. უთხრა მათ იესომ: “ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
  • 43. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
  • 44. თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
  • 45. ხოლო, რაკი მე ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, არა გწამთ ჩემი.
  • 46. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
  • 47. ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ.”
  • 49. მიუგო იესომ: “ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიომყობთ მე.
  • 50. თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
  • 51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.”
  • 54. მიუგო იესომ: “მე თუ ჩემს თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
  • 55. თქვენ ის ვერ შეიცანით, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვინახავ მის სიტყვას.
  • 56. აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.”
  • 57. უთხრეს მას იუდეველებმა: “ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?”
  • 58. უთხრა მათ იესომ: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.”
თავი 10[რედაქტირება]
  • 1. “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი.
  • 2. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი.
  • 3. მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი.
  • 4. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას.
  • 5. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს.”
  • 6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
  • 7. კვლავ უთხრა იესომ: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
  • 8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ.
  • 9. მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა და გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.
  • 10. “ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ.
  • 11. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის.
  • 12. მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს.
  • 13. მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.
  • 14. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,
  • 15. როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.
  • 16. მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.
  • 17. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი.
  • 18. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.”
  • 24. შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: “როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად.”
  • 25. მიუგო მათ იესომ: “გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!
  • 26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით.
  • 27. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.
  • 28. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.
  • 29. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან.
  • 30. მე და მამა ერთი ვართ.”
  • 32. მიუგო მათ იესომ: “ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?”
  • 33. მიუგეს მას იუდეველებმა: “კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს.”
  • 34. მიუგო მათ იესომ: “განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ ‘მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?’
  • 35. თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა,
  • 36. მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა სოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი?
  • 37. თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.
  • 38. და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ.”
თავი 11[რედაქტირება]
  • 25. უთხრა მას იესომ: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.
  • 26. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?”
  • 27. ეუბნება მას: “ჰო, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, ამ სოფლად მომავალი.”
  • 47. შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: “რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულს ახდენს?
  • 48. თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც.”
  • 49. ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: “თქვენ არაფერი გაგეგებათ,
  • 50. ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს.”
  • 51. ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა.
  • 52. და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად.
თავი 12[რედაქტირება]
  • 23. იესომ მიუგო მათ და უთხრა: “მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.
  • 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
  • 25. ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას. ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.
  • 26. ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.
  • 27. ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! თუმცა ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
  • 28. მამაო, განადიდე სახელი შენი!” მოვიდა ზეციდან ხმა: “განვადიდე და კვლავაც განვადიდებ.”
  • 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს, ანგელოზი ელაპარაკებოდაო.
  • 30. მიუგო იესომ და თქვა: “ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
  • 31. ახლაა ამ სოფლის სამსჯავრო. ამ სოფლის მთავარი ახლა გარეთ გაიდევნება.
  • 32. და როცა ავმაღლდები მიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ.”
  • 34. მიუგო მას ხალხმა: “რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო. ვინაა ეს ძე კაცისა?”
  • 35. უთხრა მათ იესომ: “კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
  • 36. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.” ეს ილაპარაკა იესომ და წავიდა, და მათ თვალს მიეფარა.
  • 44. იესომ შესძახა და თქვა: “ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა,
  • 45. და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
  • 46. მე ნათელი მოვედი სოფელში, რომ არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.
  • 47. თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვიკითხავ მას, რადგან სოფლის განსაკითხად კი არ მოვედი, არამედ სოფლის სახსნელად.
  • 48. ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.
  • 49. რადგან მე ჩემით კი არ მილაპარაკია, არამედ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
  • 50. და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ.”
თავი 13[რედაქტირება]
  • 10. ეუბნება მას იესო: “განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.”
  • 11. რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: ყველანი არ ხართო სუფთა.
  • 12. ფერხნი რომ დაბანა მათ და თავისი სამოსელი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: “იცით რა გიყავით?
  • 13. თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან ვარ.
  • 14. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფერხნი, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფერხნი.
  • 15. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
  • 16. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი.
  • 17. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.
  • 20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს.”
  • 31. როცა გავიდა, ამბობს იესო: “ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.
  • 32. რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და უმალვე განადიდებს მას.
  • 33. შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, როგორც იუდეველებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ- მეთქი მოსვლას, თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა.
  • 34. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
  • 35. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.”
თავი 14[რედაქტირება]
  • 1. “ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
  • 2. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ.
  • 3. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
  • 4. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.”
  • 5. ეუბნება მას თომა: “უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?”
  • 6. ეუბნება მას იესო: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.
  • 7. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და ნანახი გყავთ იგი.”
  • 8. ეუბნება მას ფილიპე: “უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.”
  • 9. ეუბნება მას იესო: “რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, მამა გვაჩვენეო?
  • 10. არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.
  • 11. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
  • 12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
  • 13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
  • 14. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
  • 15. “თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.
  • 16. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ,
  • 17. ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
  • 18. ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
  • 19. კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
  • 20. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში.
  • 21. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები.”
  • 23. მიუგო იესომ და უთხრა მას: “ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს.
  • 24. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისაა.
  • 25. ამას გელაპარაკებოდით თქვენთან ყოფნისას,
  • 26. ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.
  • 27. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
  • 28. ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა.
  • 29. ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
  • 30. ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის.
  • 31. მაგრამ, რათა გაიგოს სოფელმა, რომ მამა მიყვარს და, როგორც მამამ მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან.
თავი 15[რედაქტირება]
  • 1. “მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია.
  • 2. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
  • 3. თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით.
  • 4. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი - თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით.
  • 5. მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.
  • 6. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება.
  • 7. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
  • 8. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით.
  • 9. “როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.
  • 10. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.
  • 11. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.
  • 12. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
  • 13. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.
  • 14. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.
  • 15. მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ.
  • 16. თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ.
  • 17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
  • 18. “თუ თქვენ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
  • 19. თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს.
  • 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
  • 21. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
  • 22. მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის.
  • 23. ჩემს მოძულეს ჩემი მამაც სძულს.
  • 24. მე რომ არ გამეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომელნიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვაც აღარ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც.
  • 25. მაგრამ აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: ‘უმიზეზოდ შემიძულეს.’
  • 26. როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
  • 27. თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთანა ხართ.
თავი 16[რედაქტირება]
  • 1. “ეს ყველაფერი გელაპარაკეთ, რათა არ დაბრკოლდეთ.
  • 2. სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება.
  • 3. ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე.
  • 4. მაგრამ ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა მოვა ჟამი, გაიხსენოთ, რომ მე გითხარით. ეს არ მითქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი.
  • 5. ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა, და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება: ‘საით მიდიხარ შენ?’
  • 6. მაგრამ მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით.
  • 7. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ.
  • 8. და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო,
  • 9. ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს,
  • 10. სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ,
  • 11. განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლისა განკითხულია.
  • 12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.
  • 13. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
  • 14. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
  • 15. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
  • 16. “ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მე მამასთან მივდივარ.”
  • 17. ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: “ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთო. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?”
  • 18. ასე ლაპარაკობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობსო.
  • 19. მიხვდა იესო, რომ უნდოდათ მისთვის ეკითხათ, და უთხრა მათ: “იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, მე რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ, და კიდევ ცოტაც და, მიხილავთ-მეთქი?
  • 20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, სოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.
  • 21. დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა. ხოლო ბავშვს რომ გააჩენს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა სოფელში.
  • 22. თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.
  • 23. “იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ.
  • 24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.
  • 25. ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.
  • 26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის.
  • 27. ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოვედი.
  • 28. მამისგან გამოვედი და სოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ სოფელს და მივდივარ მამასთან.”
  • 32. აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. მე დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, ვინაიდან მამაა ჩემთან.
  • 33. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს.”
თავი 17[რედაქტირება]
  • 1. ეს ილაპარაკა იესომ და ცას მიაპყრო თვალები და თქვა: “მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.
  • 2. რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
  • 3. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.
  • 4. მე განგადიდე მიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა.
  • 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სოფლის გაჩენამდე.
  • 6. შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი სოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ.
  • 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
  • 8. რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
  • 9. მათთვის გევედრები: სოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი, რადგან შენები არიან ისინი.
  • 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი. და მე მათში განვდიდდი.
  • 11. მე აღარა ვარ სოფელში, მაგრამ ისინი არიან სოფელში. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ესენი, რომლებიც შენ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ.
  • 12. როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე, და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.
  • 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას სოფელში ვლაპარაკობ, რათა აივსნენ ჩემი სიხარულით.
  • 14. მე მათ მივეცი შენი სიტყვა და სოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან სოფლისანი, როგორც მე არა ვარ სოფლისა.
  • 15. არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან.
  • 16. ისინი სოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ სოფლისა.
  • 17. განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.
  • 18. როგორც შენ მომავლინე სოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი სოფელში.
  • 19. ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებაში.
  • 20. “მე მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც ჩემი მორწმუნენი იქნებიან თავიანთი სიტყვით.
  • 21. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს სოფელმა, რომ შენ მომავლინე.
  • 22. და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.
  • 23. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთში და რათა იცოდეს სოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
  • 24. მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე სოფლის დაფუძნებამდე.
  • 25. მამაო მართალო, სოფელმა არ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე.

26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.”

თავი 18[რედაქტირება]
  • 19. მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე.
  • 20. მიუგო მას იესომ: “მე აშკარად ველაპარაკებოდი სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია.
  • 21. მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი.”
  • 23. მიუგო იესომ: “თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად - რადა მცემ?”
  • 33. პილატე კვლავ შევიდა პრეტორიუმში, იესოს დაუძახა და უთხრა მას: “შენა ხარ იუდეველთა მეფე?”
  • 34. მიუგო იესომ: “შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?”
  • 35. მიუგო პილატემ: “განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?”
  • 36. მიუგო იესომ: “ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა. ჩემი მეფობა რომ ამ სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის.”
  • 37. უთხრა მას პილატემ: “მაშ, მეფე ხარ?” მიუგო იესომ: “შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი სოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას.”
თავი 20[რედაქტირება]
  • 14. ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
  • 15. ეუბნება მას იესო: “ქალო, რატომ სტირი, ვის ეძებ?” მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: “ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.”
  • 16. ეუბნება მას იესო: “მარიამ!” მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: “რაბუნი!” (რაც ნიშნავს: მოძღვარო)
  • 17. ეუბნება მას იესო: “არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.”
  • 19. იმავე დღის საღამოჟამს, ერთშაბათს, როცა იუდეველთა შიშის გამო დაკეტილი იყო კარი, სადაც მოწაფეები იყვნენ, მივიდა იესო და დადგა შუაში, და უთხრა მათ: “მშვიდობა თქვენდა!”
  • 20. ეს რომ თქვა, უჩვენა ხელებიცა და ფერდიც. მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით.
  • 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: “მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც მიგავლენთ თქვენ.”
  • 22. ეს რომ თქვა, სული შეუბერა და ეუბნება: “მიიღეთ სულიწმიდა.
  • 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.”
  • 31. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

მათეს სახარება[რედაქტირება]

თავი 5[რედაქტირება]
  • 3. “ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
  • 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
  • 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
  • 6. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
  • 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.
  • 8. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
  • 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.
  • 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.
  • 11. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო.
  • 12. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
  • 13. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად.
  • 14. თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
  • 15. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.
  • 16. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
  • 17. არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
  • 18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
  • 19. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.
  • 20. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
  • 21. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: ‘არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება.’
  • 22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის - სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.
  • 23. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ,
  • 24. მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი.
  • 25. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.
  • 26. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
  • 27. გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’
  • 28. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
  • 29. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
  • 30. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარეს.
  • 31. ასევე ნათქვამია: ‘ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.’
  • 32. მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
  • 33. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’
  • 34. მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი.
  • 35. არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
  • 36. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია.
  • 37. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ‘ჰო’ ჰო! ‘არა’ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა.
  • 38. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.’
  • 39. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
  • 40. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას.
  • 41. ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.
  • 42. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
  • 43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’
  • 44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.
  • 45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.
  • 46. ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
  • 47. თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
  • 48. მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.
თავი 6[რედაქტირება]
  • 1. ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან.
  • 2. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
  • 3. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
  • 4. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.
  • 5. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
  • 6. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
  • 7. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.
  • 8. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.
  • 9. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
  • 10. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
  • 11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
  • 12. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.
  • 13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ.
  • 14. ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
  • 15. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
  • 16. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
  • 17. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი,
  • 18. რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.
  • 19. ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
  • 20. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
  • 21. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
  • 22. სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.
  • 23. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?
  • 24. არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
  • 25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
  • 26. შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?
  • 27. რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?
  • 28. სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
  • 29. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
  • 30. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
  • 31. ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო?
  • 32. ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.
  • 33. თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.
  • 34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.
თავი 7[რედაქტირება]
  • 1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ.
  • 2. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ.
  • 3. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
  • 4. ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!
  • 5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან.
  • 6. ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.
  • 7. ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.
  • 8. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება.
  • 9. არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?
  • 10. ანდა თევზი სთხოვს და გველი მიაწოდოს?
  • 11. ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
  • 12. ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
  • 13. შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე.
  • 14. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას.
  • 15. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.
  • 16. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს?
  • 17. ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
  • 18. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს - კარგი ნაყოფის გამოღება.
  • 19. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
  • 20. ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
  • 21. ყველა, ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
  • 22. ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’
  • 23. მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.’
  • 24. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.
  • 25. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
  • 26. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
  • 27. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა.”
თავი 9[რედაქტირება]
  • 11. ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: “რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
  • 12. ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.
  • 13. წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი;’ მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.”
  • 14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: “რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?”
  • 15. უთხრა მათ იესომ: “განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
  • 16. არავინ დააკერებს ძველ ტანისამოსს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსელს და უარესად გამოიხევა.
  • 17. არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება.”
  • 37. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: “სამკალი ბევრია, მუშაკნი კი - ცოტა.
  • 38. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.”
თავი 10[რედაქტირება]
  • 5. ეს თორმეტი მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: “წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ.
  • 6. არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
  • 7. როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
  • 8. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
  • 9. ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით.
  • 10. ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია.
  • 11. რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ,
  • 12. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: ‘მშვიდობა ამ სახლს!’
  • 13. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ.
  • 14. ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან.
  • 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
  • 16. აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
  • 17. მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ.
  • 18. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
  • 19. ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.
  • 20. ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
  • 21. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
  • 22. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
  • 23. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა.
  • 24. მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.
  • 25. საკმარისია მოწაფისათვის ისეთი იყოს, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის - როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს არა?
  • 26. ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
  • 27. რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
  • 28. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.
  • 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
  • 30. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია.
  • 31. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
  • 32. ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  • 33. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  • 37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი.
  • 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
  • 39. თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.
  • 40. ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.
  • 41. ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.
  • 42. ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს, მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.”
თავი 11[რედაქტირება]
  • 2. ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა,
  • 3. რომ ეთქვათ მისთვის: “შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
  • 4. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
  • 5. ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
  • 6. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.”
  • 7. როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: “რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?
  • 8. აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.
  • 9. აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც.

10. ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’

  • 11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.
  • 12. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.
  • 13. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.
  • 14. თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
  • 15. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
  • 16. მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს
  • 17. და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ იგლოვეთ.’
  • 18. მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
  • 19. მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ სიბრძნე კი საქმეებით მართლდება.”
  • 21. “ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ.
  • 22. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.
  • 23. შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა.
  • 24. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.”
  • 25. მაშინ თქვა იესომ: “გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.
  • 26. ჰე, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება.
  • 27. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს.
  • 28. მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.
  • 29. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.
  • 30. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი.”
თავი 12[რედაქტირება]
  • 3. მან კი უთხრა მათ: “ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს?
  • 4. როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდდამხოლოდ მღვდლებს?
  • 5. ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები ტეხენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან?
  • 6. თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.
  • 7. რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვეპლი,’ მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს.
  • 8. ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.”
  • 10. და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: “შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?”
  • 11. ხოლო მან უთხრა მათ: “რომელიმე თქვენთაგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?
  • 12. ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.”
  • 13. მაშინ უთხრა იმ კაცს: “გაიწოდე შენი ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.
  • 25. იესომ როცა დაინახა მათი ფიქრები, უთხრა მათ: “ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავისთავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს.
  • 26. და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
  • 27. თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
  • 28. თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი.
  • 29. ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს.
  • 30. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
  • 31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
  • 32. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში.
  • 33. “ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა.
  • 34. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.
  • 35. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.
  • 36. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.
  • 37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები.”
  • 38. მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა: “მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.”
  • 39. ხოლო მან მიუგო პასუხად: “ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
  • 40. ვინაიდან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.
  • 41. ნინევიელები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი.
  • 42. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, ვინაიდან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
  • 43. როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის ურწყულებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს.
  • 44. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,
  • 45. მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც.”
  • 47. ვიღაცამ უთხრა მას: “აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.”
  • 48. მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: “ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?”
  • 49. ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: “აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები;
  • 50. ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.”
თავი 13[რედაქტირება]
  • 3. ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: “აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
  • 4. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი.
  • 5. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა.
  • 6. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
  • 7. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი.
  • 8. ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
  • 9. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!”
  • 10. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: “რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?”
  • 11. მან პასუხად უთხრა მათ: “იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული.
  • 12. ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
  • 13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან.
  • 14. სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.
  • 15. რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ. გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.’
  • 16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ.
  • 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
  • 18. ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი.
  • 19. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი.
  • 20. ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას,
  • 21. მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
  • 22. ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება.
  • 23. ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს.”
  • 24. სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: “ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
  • 25. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა.
  • 26. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
  • 27. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: ‘ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი?’
  • 28. მან კი უთხრა მათ: ‘მტერმა კაცმა გააკეთა ეს.’ ხოლო მონებმა უთხრეს მას: ‘გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?’
  • 29. მან თქვა: ‘არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ.
  • 30. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.’”
  • 31. სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: “ცათა სასუფეველი წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში.
  • 32. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს.”
  • 33. მერე სხვა იგავი უთხრა მათ: “ცათა სასუფეველი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა.”
  • 34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა.
  • 35. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: “იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია.”
  • 36. მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: “გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი.”
  • 37. მან მიუგო და უთხრა: “კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა.
  • 38. საყანე კი სოფელია. კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი.
  • 39. ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის სოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან.
  • 40. ამიტომ, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება სოფლის დასასრულს.
  • 41. ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს,
  • 42. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
  • 43. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
  • 44. ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს.
  • 45. კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს.
  • 46. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს.
  • 47. კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ.
  • 48. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან.
  • 49. ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან.
  • 50. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
  • 51. თუ გაიგეთ ყოველივე ეს?” - დიახო, - მიუგეს მას.
  • 52. მან კი უთხრა მათ: “ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი.”
თავი 15[რედაქტირება]
  • 1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს:
  • 2. “რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ.”
  • 3. მან მიუგო და უთხრა მათ: “თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო?
  • 4. ვინაიდან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’
  • 5. თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო,
  • 6. ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით.
  • 7. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:
  • 8. ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.’
  • 9. ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან.”
  • 10. მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: “ისმინეთ და შეიგნეთ:
  • 11. ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.”
  • 12. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: “იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?”
  • 13. მან პასუხად უთხრა: “ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.
  • 14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.”
  • 15. პეტრემ პასუხად უთხრა მას: “განგვიმარტე ეს იგავი.”
  • 16. ხოლო მან უთხრა: “ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ?
  • 17. არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის?
  • 18. პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს.
  • 19. ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.
  • 20. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს.”
თავი 16[რედაქტირება]
  • 2. მან მიუგო და უთხრა მათ: “საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო;
  • 3. დილით კი - დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა?
  • 4. ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.” და მიატოვა ისინი და წავიდა.
  • 6. და იესომ უთხრა მათ: “იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.”
  • 13. ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: “რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?”
  • 14. მათ უთხრეს: “ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი - ელიაო და ზოგი - იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.”
  • 15. უთხრა მათ: “თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?”
  • 16. სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: “შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა.”
  • 17. მიუგო იესომ და უთხრა მას: “ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია.
  • 18. მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.
  • 19. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.”
  • 20. მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა.
  • 24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: “ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.
  • 25. ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას.
  • 26. რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
  • 27. ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით.
  • 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს.”
თავი 17[რედაქტირება]
  • 5. ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!”
  • 17. მიუგო იესომ და უთხრა: “ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!”
  • 18. შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი.
  • 19. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: “ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?”
  • 20. მან უთხრა მათ: “თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
  • 21. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.”
  • 22. გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: “კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში,
  • 23. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.” ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ.
თავი 18[რედაქტირება]
  • 1. იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: “ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?”
  • 2. იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა,
  • 3. და უთხრა: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
  • 4. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში.
  • 5. და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს.
  • 6. ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ.
  • 7. ვაი სოფელს ცთუნებებისაგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება.
  • 8. თუ გაცდუნებს შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში.
  • 9. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში.
  • 10. იცოდეთ, არ უგულებელყოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში სულმუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
  • 11. ვინაიდან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა.
  • 12. “რა გგონიათ თქვენ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთებში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
  • 13. თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს იმაზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
  • 14. ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.
  • 15. “ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
  • 16. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა.
  • 17. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე.
  • 18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
  • 19. “ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორნი თქვენგან შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია.
  • 20. ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის.”
  • 21. მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: “უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?”
  • 22. უთხრა მას იესომ: “მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
  • 23. ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება.
  • 24. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი.
  • 25. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა.
  • 26. მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
  • 27. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
  • 28. ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
  • 29. პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
  • 30. მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა.
  • 31. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი.
  • 32. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
  • 33. განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?’
  • 34. განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა.
  • 35. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს.”
თავი 19[რედაქტირება]
  • 3. და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსცდიდდნენ და ეკითხებოდნენ: “შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით?”
  • 4. მან მიუგო და უთხრა მათ: “ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
  • 5. და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’
  • 6. ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ.”
  • 7. უთხრეს მას: “აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრილობის წერილის მიცემა და გაშვება?”
  • 8. უთხრა მათ: “მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
  • 9. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.”
  • 10. უთხრეს მას მოწაფეებმა: “თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი.”
  • 11. უთხრა მათ: “ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
  • 12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.”
  • 13. მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ.
  • 14. იესომ უთხრა მათ: “გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი.”
  • 15. და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.
  • 16. აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: “მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?”
  • 17. მან უთხრა მას: “რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.”
  • 18. ჰკითხა მას: “რომლები?” იესომ უთხრა: “არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ,
  • 19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.”
  • 20. ჭაბუკმა მას უთხრა: “ყოველივე ამას ვიცავდი. რაღა მაკლია კიდევ?”
  • 21. უთხრა მას იესომ: “თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.”
  • 22. ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
  • 23. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.
  • 24. კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.”
  • 25. ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს, და თქვეს: “აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
  • 26. გადახედა მათ იესომ და უთხრა: “კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისაგან კი ყოველივე შესაძლებელია.”
  • 27. მაშინ პეტრემ პასუხად უთხრა მას: “აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?”
  • 28. იესომ უთხრა მათ: “ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.
  • 29. ყველა, ვინც მიატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
  • 30. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი - პირველნი.
თავი 20[რედაქტირება]
  • 1. “ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს - სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად.
  • 2. მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
  • 3. მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი.
  • 4. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთო. და ისინიც წავიდნენ.
  • 5. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
  • 6. გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: ‘რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’
  • 7. უთხრეს მას: ‘იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა.’ უთხრა მათ: ‘წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’
  • 8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.’
  • 9. მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
  • 10. პიველადმოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
  • 11. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს,
  • 12. ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ.’
  • 13. მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, არ გაწყენინებ. განა დინარად არ მომირიგდი?
  • 14. აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
  • 15. არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’
  • 16. ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა.”
  • 25. იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: “თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე,
  • 26. მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს.
  • 27. ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
  • 28. ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.
თავი 21[რედაქტირება]
  • 15. როცა დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ.
  • 16. უთხრეს მას: “თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?” იესომ უთხრა მათ: “ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება.’”
  • 21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.
  • 22. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.”
  • 23. როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: “რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”
  • 24. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
  • 25. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?” ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: “თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას?
  • 26. თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.”
  • 27. მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: “არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
  • 28. “აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’
  • 29. მიუგო და უთხრა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა.
  • 30. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა.
  • 31. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” უთხრეს: “პირველმა.” უთხრა მათ იესომ: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში.
  • 32. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
  • 33. “მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა.
  • 34. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად.
  • 35. მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს.
  • 36. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ.
  • 37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო.
  • 38. მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’
  • 39. და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს.
  • 40. აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?”
  • 41. უთხრეს მას: “ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ.”
  • 42. უთხრა მათ იესომ: “ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’?
  • 43. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს.
თავი 22[რედაქტირება]
  • 1. და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ:
  • 2. “ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.
  • 3. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა.
  • 4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: ‘უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!’
  • 5. მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე.
  • 6. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
  • 7. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
  • 8. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ‘ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი.
  • 9. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში.’
  • 10. და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით.
  • 11. როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა,
  • 12. უთხრა მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა.
  • 13. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
  • 14. ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა.”
  • 29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა.
  • 30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
  • 31. ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღვთისაგან თქვენთვის თქმული:
  • 32. ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’ ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.”
  • 35. ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას:
  • 36. “მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?”
  • 37. მან უთხრა მას: “‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’
  • 38. ეს არის პირველი და დიდი მცნება.
  • 39. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’
  • 40. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.”
  • 41. როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ:
  • 42. “რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: “დავითისა.”
  • 43. უთხრა მათ: “აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს:
  • 44. ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად’?
  • 45. თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?”
  • 46. ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა.
თავი 23[რედაქტირება]
  • 1. მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს.
  • 2. უთხრა: “მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
  • 3. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არცკი ასრულებენ.
  • 4. კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.
  • 5. ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს;
  • 6. უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში,
  • 7. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’
  • 8. თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.
  • 9. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.
  • 10, ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ - ქრისტე.
  • 11. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
  • 12. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს- ამაღლდება.
  • 13. “ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ.
  • 14. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
  • 15. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.
  • 16. ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო.
  • 17. უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
  • 18. და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო.
  • 19. ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს?
  • 20. ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
  • 21. და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც.
  • 22. და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.
  • 23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში - განკითხვა, წყალობა და სარწმუნოება. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.
  • 24. ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!
  • 25. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით.
  • 26. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
  • 27. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.
  • 28. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
  • 29. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს.
  • 30. ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
  • 31. ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
  • 32. ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო!
  • 33. იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
  • 34. “ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში.
  • 35. გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოჰკალით.
  • 36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგმას.
  • 37. “იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
  • 38. აჰა, გრჩებათ აოხრებული თქვენი სახლი.
  • 39. ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”
თავი 24[რედაქტირება]
  • 1. და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები.
  • 2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: “ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.”
  • 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: ‘გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
  • 4. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
  • 5. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
  • 6. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
  • 7. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
  • 8. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.
  • 9. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
  • 10. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს.
  • 11. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ.
  • 12. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
  • 13. ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება.
  • 14. ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული.
  • 15. ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა - წამკითხველმა გაიგოს, -
  • 16. მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ.
  • 17. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად.
  • 18. ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წასაღებად.
  • 19. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
  • 20. ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
  • 21. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება.
  • 22. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.”
  • 23. “მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: ‘აჰა, აქ არის ქრისტე,’ ან: ‘იქ’, არ ერწმუნოთ.
  • 24. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
  • 25. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
  • 26. თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
  • 27. ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
  • 28. ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.
  • 29. და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
  • 30. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
  • 31. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
  • 32. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
  • 33. ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი.
  • 34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
  • 35. ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.
  • 36. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
  • 37. ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
  • 38. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა,
  • 39. და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, - ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
  • 40. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება;
  • 41. ორნი ფქვავდნენ დოლაბზე: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
  • 42. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
  • 43. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა.
  • 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
  • 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
  • 46. ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
  • 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
  • 48. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
  • 49. და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს,
  • 50. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
  • 51. შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა.
თავი 25[რედაქტირება]
  • 1. “მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად.
  • 2. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი.
  • 3. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან.
  • 4. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით.
  • 5. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა.
  • 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: ‘აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’
  • 7. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები.
  • 8. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება.’
  • 9. მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’
  • 10. როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა.
  • 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’
  • 12. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!’
  • 13. ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.
  • 14. “ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება.
  • 15. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა.
  • 16. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო.
  • 17. ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო.
  • 18. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.
  • 19. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.
  • 20. მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ‘ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.’
  • 21. უთხრა მას მისმა ბატონმა: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’
  • 22. მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ‘ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.’
  • 23. უთხრა მას მისმა ბატონმა: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’
  • 24. მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ‘ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.
  • 25. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.’
  • 26. მიუგო მას მისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია.
  • 27, ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი.
  • 28. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.
  • 29. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
  • 30. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
  • 31. “და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
  • 32. და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი- მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.
  • 33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ.
  • 34. მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.
  • 35. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,
  • 36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’
  • 37. მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
  • 38. როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
  • 39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’
  • 40. მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’
  • 41. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.
  • 42. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით,
  • 43. უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ.’
  • 44. მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?’
  • 45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’
  • 46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.”
თავი 26[რედაქტირება]
  • 17. უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: “სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”
  • 18. მან უთხრა: “წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.”
  • 19. მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი.
  • 20. რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
  • 26. როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: “აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.”
  • 27. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: “ყველამ შესვით აქედან,
  • 28. ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
  • 29. მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.”
  • 31. მაშინ უთხრა მათ იესომ: “თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები.’
  • 32. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ.”
  • 36. მაშინ იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: “აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე.”
  • 39. და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: “მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.”
  • 40. მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: “ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
  • 41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.”
  • 42. მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: “მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი.”
  • 43. კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ.
  • 44. მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
  • 45. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: “თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილებს ხელში.
თავი 28[რედაქტირება]
  • 18. მივიდა იესო მათთან და უთხრა: “მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე.
  • 19. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.
  • 20. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ.”

ლუკას სახარება[რედაქტირება]

თავი 5[რედაქტირება]
  • 30. მათი მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: “რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
  • 31. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.
  • 32. მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.”
  • 33. მათ კი უთხრეს მას: “იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც. შენები კი ჭამენ და სვამენ.”
  • 34. იესომ უთხრა მათ: “როგორ აიძულებთ მექორწილეებს, იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის?
  • 35. მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.”
  • 36. იგავიც უთხრა მათ: “არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დახევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი.
  • 37. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება.
  • 38. არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას.
  • 39. არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.”
თავი 6[რედაქტირება]
  • 2. ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: “რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
  • 3. და მიუგო და უთხრა მათ იესომ: “ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მასთან მყოფებს?
  • 4. როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და თავისთან მყოფთაც დაურიგა, რომლის ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?”
  • 5. და უთხრა მათ: “შაბათის ბატონიც არის კაცის ძე.”
  • 20. აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: “ნეტარნი ხართ, გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი.
  • 21. ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ.
  • 22. ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო.
  • 23. გაიხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები.
  • 24. მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა.
  • 25. ვაი თქვენ, მაძღარნო, აწ, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
  • 26. ვაი თქვენ, როცა ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთ მათი მამები.
  • 27. ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
  • 28. აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის.
  • 29. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ.
  • 30. ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
  • 31. როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
  • 32. თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
  • 33. თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ.
  • 34. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე.
  • 35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც.
  • 36. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
  • 37. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
  • 38. მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.”
  • 39. იგავიც უთხრა მათ: “განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
  • 40. მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი.
  • 41. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ?
  • 42. ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი.
  • 43. არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
  • 44. ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი.
  • 45. კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.
  • 46. რატომ მიწოდებთ: ‘უფალო, უფალო!’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
  • 47. ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს.
  • 48. იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი.
  • 49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა.”
თავი 7[რედაქტირება]
  • 20. მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: “იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?”
  • 22. მიუგო და უთხრა მათ: “წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
  • 23. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.”
  • 24. როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე: “რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?
  • 25. მაშ, რის სანახავად გახვედით - კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან.
  • 26. რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.
  • 27. ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’
  • 28. ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია.”
  • 29. მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც კი, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ.
  • 31. მაშინ უფალმა თქვა: “ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი?
  • 32. ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ სტიროდით.’
  • 33. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
  • 34. მოვიდა კაცის ძე და ჭამს და სვამს და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.
  • 35. გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ.”
  • 40. მიუგო იესომ და უთხრა მას: “სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი,” მან კი უთხრა: “თქვი, მოძღვარო.”
  • 41. თქვა: “ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი.
  • 42. მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?”
  • 43. მიუგო სიმონმა და თქვა: “მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა.” ხოლო მან უთხრა მას: “სწორად განსაჯე.”
  • 44. მიბრუნდა დედაკაცისაკენ და სიმონს უთხრა: “ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა.
  • 45. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა.
  • 46. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ.
  • 47. ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს.”
  • 48. და უთხრა მას: “მიგეტევა შენი ცოდვანი.”
  • 50. მან კი უთხრა დედაკაცს: “შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.”
თავი 8[რედაქტირება]
  • 5. “გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაცვივდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
  • 6. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა.
  • 7. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, ეკალი გაიზარდა და გააჩანაგა.
  • 8. ზოგი კი კარგ ნიადაგზე დაცვივდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო.” ეს თქვა და დაიძახა: “ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!”
  • 9. ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი.
  • 10. მან თქვა: “თქვენ მოგეცათ, რომ იცოდეთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავებით მიეცათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
  • 11. ეს იგავი კი ამას ნიშნავს: ის თესლი ღვთის სიტყვაა.
  • 12. გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმით, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ იწამონ და არ გადარჩნენ.
  • 13. ესენი კი, კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
  • 14. ხოლო ეკლებში ჩაცვენილნი ისინი არიან, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აჩანაგებენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება.
  • 15. ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.”
  • 16. “არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შეედგას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი.
  • 17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
  • 18. ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ ექნება.”
  • 19. მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის გამო.
  • 20. შეატყობინეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
  • 21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: “დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ.”
თავი 9[რედაქტირება]
  • 3. უთხრა მათ: “არაფერი წაიღოთ გზაში, არც ხელჯოხი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ.
  • 4. რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ.
  • 5. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად.”
  • 20. იესომ უთხრა: “თქვენ კი რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?” პეტრემ პასუხად უთხრა: “ღვთის ცხებული.”
  • 21. მაგრამ მან აუკრძალა მათ. უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს.
  • 22. უთხრა მათ: “კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს.”
  • 23. ყველას გასაგონად კი ასე თქვა: “თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს.
  • 24. ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას.
  • 25. რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელს სოფელს მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?.
  • 26. რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით.
  • 27. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, რომ უკვე იხილავენ ღვთის სასუფეველს.”
  • 35. ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ.”
  • 44. “ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში.”
  • 45. იესომ, რომელიც ხვდებოდა მათი გულის ზრახვებს, მოიყვანა ბავშვი და თავის წინ დააყენა.
  • 48. უთხრა მათ: “ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს. ხოლო ვინც თქვენს შორის უმცირესია, ის არის დიდი.”
  • 49. მიუგო იოანემ და თქვა: “მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და ჩვენ დავუშალეთ მას, რადგან არ დაგვყვება ჩვენ.”
  • 50. უთხრა მას იესომ: “ნუ დაუშლით, ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენთანაა.”
  • 56. ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!” და წავიდნენ სხვა სოფელში.
  • 57. გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: “გამოგვყვები, სადაც კი წახვალ.”
  • 58. იესომ უთხრა მას: “მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები; კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.”
  • 59. მეორეს კი უთხრა: “გამომყევი.” მან თქვა: “უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.”
  • 60. მან კი უთხრა მას: “დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი.”
  • 61. სხვამაც თქვა: “მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, ჩემს შინაურებს დავემშვიდობო.”
  • 62. უთხრა მას იესომ: “არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება.”
თავი 10[რედაქტირება]
  • 1. ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.
  • 2. უთხრა მათ: “სამკალი ბევრია, მუშაკი - ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.
  • 3. წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
  • 4. არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.
  • 5. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს!
  • 6. თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ.
  • 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ.
  • 8. რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
  • 9. განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ.’
  • 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:
  • 11. ‘თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი.’
  • 12. გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადვილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
  • 13. ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელნიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ.
  • 14. მაგრამ ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდება განკითხვისას, ვიდრე თქვენ.
  • 15. შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები!
  • 16. ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს!”
  • 17. სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: “უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.”
  • 18. მან კი უთხრა მათ: “დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი.
  • 19. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველი ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ.
  • 20. ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.”
  • 21. იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა: “გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე.
  • 22. ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა, ხოლო არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს.”
  • 23. მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: “ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.
  • 24. რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა.”
  • 25. აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: “რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
  • 26. მან უთხრა მას: “რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?”
  • 27. მან მიუგო და უთხრა: “შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.”
  • 28. უთხრა მას: “სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.”
  • 29. მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: “ვინ არის ჩემი მოყვასი?”
  • 30. უპასუხა იესომ და უთხრა: “ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს.
  • 31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.
  • 32. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია.
  • 33. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა.
  • 34. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე.
  • 35. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო.
  • 36. რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?”
  • 37. მან თქვა: “რომელმაც წყალობა უყო მას.” უთხრა მას იესომ: “წადი და შენც ასევე მოიქეცი.”
  • 38. განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიწვია იგი სახლში.
  • 39. მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
  • 40. მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: “უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს.”
  • 41. და უთხრა მას უფალმა პასუხად: “მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ,
  • 42. საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.”
თავი 11[რედაქტირება]
  • 2. უთხრა მათ: “როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
  • 3. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღითი დღე.
  • 4. და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში.”
  • 5. და უთხრა მათ: “რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: ‘მეგობარო, მასესხე სამი პური.
  • 6. ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო.’
  • 7. და მან შიგნიდან გამოსძახოს: ‘ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.’
  • 8. გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ მისცემს პურს, მისი აბეზრობის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება.
  • 9. და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.
  • 10. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ.
  • 11. რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს?
  • 12. ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს?
  • 13. ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.”
  • 17. ხოლო მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა მათ: “ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა გაყოფილი, გაპარტახდება და სახლი სახლზე დაემხობა.
  • 18. და თუ სატანა გაყოფილია თავისავე წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, ვითომც მე ბელზებულით ვდევნიდე ეშმაკებს.
  • 19. თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
  • 20. და თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, დაგდგომიათ ღვთის სასუფეველი.
  • 21. როცა ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის.
  • 22. ხოლო, როცა მასზე ძლიერი თავს დაესხმის და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიცა ჰქონდა, და ნადავლს დაარიგებს.
  • 23. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
  • 24. როცა უწმიდური სული გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.
  • 25. მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოვლილს.
  • 26. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.”
  • 27. სანამ ის ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აღიმაღლა ხალხიდან და წარმოთქვა: “ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.”
  • 28. მან კი თქვა: “ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას.”
  • 29. როცა ხალხი მოაწყდა, და იწყო, მან ლაპარაკი: “ეს მოდგმა ბოროტი მოდგმაა: ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა;
  • 30. ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ასევე იქნება ამ მოდგმისათვის ძე კაცისა.
  • 31. სამხრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
  • 32. ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი.”
  • 33. “არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს.
  • 34. სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
  • 35. ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?
  • 36. თუ კი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, როგორც სანთელი ელვარებით გინათებდეს.”
  • 39. უთხრა მას უფალმა: “ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და თეფშს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით.
  • 40. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?
  • 41. არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.
  • 42. “მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გამოჰყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ.
  • 43. ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გიყვართ წინა ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე!
  • 44. ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!”
  • 46. მან კი უთხრა: “ვაი თქვენც, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ.
  • 47. ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს!
  • 48. ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ.
  • 49. ამიტომ თქვა ღვთის სიბრძნემ: ‘მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან,’
  • 50. რათა მოიკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სოფლის შექმნიდან დაღვრილა -
  • 51. აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის დაიღუპა. აჰა, გეუბნებით, ამ მოდგმას მოჰკითხავენ.
  • 52. ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.”
თავი 12[რედაქტირება]
  • 1. ამასობაში ათასობით ხალხი შეიყარა, ისე რომ, ერთმანეთს თელავდნენ. ჯერ დაიწყო ლაპარაკი თავისი მოწაფეების მიმართ: “მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც პირმოთნეობაა.
  • 2. არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
  • 3. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გახმაურდება.
  • 4. გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულსა კლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია.
  • 5. მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ აქვს ხელმწიფება გეენაში ჩაგდებისა. აჰა, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
  • 6. ანდა, განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე.
  • 7. თქვენს თავზე თმებიც დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
  • 8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე.
  • 9. ხოლო, ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე.
  • 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ გმობა არ მიეტევება.
  • 11. როცა შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ,
  • 12. ვინაიდან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ.”
  • 13. ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: “მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა.”
  • 14. მან უთხრა მას: “ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?”
  • 15. უთხრა მათ: “დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული.”
  • 16. და უთხრა მათ იგავი: “ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.
  • 17. იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?’
  • 18. თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს,
  • 19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’
  • 20. მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’
  • 21. ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.”
  • 22. უთხრა თავის მოწაფეებს: “ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი თავისათვის - რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის - რით შეიმოსოთ.
  • 23. ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული - სამოსელზე.
  • 24. დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?
  • 25. რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?
  • 26. ჰოდა, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ?
  • 27. შეხედეთ შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
  • 28. თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
  • 29. თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.
  • 30. ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ სოფლის ყველა ხალხი. თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი.
  • 31. არამედ ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
  • 32. ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა.
  • 33. გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ ავნებს,
  • 34. ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.
  • 35. “იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სასანთლენი თქვენი - ანთებული.
  • 36. თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როცა მოვა და დარეკს, იმწამსვე გაუღონ.
  • 37. ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება.
  • 38. თუ მეორე და თუნდაც მესამე გუშაგობისას მოვიდა და ასე ნახა, ნეტარ არიან ის მონები.
  • 39. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირის გამოთხრას არ დაანებებდა.
  • 40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ ჟამზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა ძე კაცისა.”
  • 42. უფალმა უთხრა: “ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა?
  • 43. ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას.
  • 44. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას.
  • 45. ხოლო თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის: აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო, და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას,
  • 46. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, და შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.
  • 47. ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს.
  • 48. ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.
  • 49. “ამქვეყნად ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა, რომ ენთოს.
  • 50. ნათლობით უნდა მოვინათლო, და როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება.
  • 51. გგონიათ, ვითომ ქვეყნად მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ: გასაყოფად.
  • 52. ვინაიდან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამი ორთაგან და ორი სამთაგან.
  • 53. გაიყოფა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული - დედისაგან, დედამთილი - თავისი რძლისაგან და რძალი დედამთილისაგან.”
  • 54. ხალხსაც უთხრა: “როცა დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, ამბობთ იმწამსვე: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება.
  • 55. ხოლო, როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: სიცხე იქნებაო, და ხდება.
  • 56. თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?
  • 57. თავად რატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი?
  • 58. როცა შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში.
  • 59. გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ ლეპტას არ გადაიხდი.”
თავი 13[რედაქტირება]
  • 2. მიუგო იესომ და უთხრა მათ: “თქვენ გგონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ევნენ?
  • 3. არა, გეუბნებით, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.
  • 4. ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც შილოახის კოშკი დაეცა ზედ და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს?
  • 5. არა, გეუბნებით: მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!”
  • 6. უთხრა ეს იგავი: “ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა.
  • 7. უთხრა მევენახეს: ‘აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?’
  • 8. მან კი მიუგო და უთხრა მას: ‘ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს დავუყრიდე,
  • 9. იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მოჭრი მას.’”
  • 18. ის ამბობდა: “რას შეჰგავს ღვთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი?
  • 19. იგი შეჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს.”
  • 20. და კიდევ თქვა: “რას ვამსგავსო ღვთის სასუფეველი?
  • 21. იგი შეჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა.”
  • 23. ვიღაცამ უთხრა მას: “უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?” მან კი უთხრა მათ:
  • 24. “იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს.
  • 25. როცა სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე რეკვას და ეტყვით: ‘ბატონო, ბატონო, გაგვიღე!’ მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით თქვენ: ‘არ გიცნობთ, სადაურები ხართ.’
  • 26. მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: ‘შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.’
  • 27. და გეტყვით: ‘გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო.’
  • 28. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაამს და ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სასუფეველში, თქვენს თავს კი - გარეთ განდევნილებს.
  • 29. მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში.
  • 30. და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან.”
  • 31. ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: “წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკვლა უნდა.”
  • 32. და უთხრა მათ: “წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.
  • 33. მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, ვინაიდან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს!
  • 34. “იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ.
  • 35. აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”
თავი 14[რედაქტირება]
  • 8. “თუ ვინმემ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული,
  • 9. რომ არ მოვიდეს შენი და მისი მაწვევარი და არ გითხრას: ‘დაუთმე ამას ადგილი!’ მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი.
  • 10. მაგრამ როცა მოგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: ‘მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!’ მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე.
  • 11. ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.”
  • 12. თავის მაწვევარსაც უთხრა: “როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო,
  • 13. არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები.
  • 14. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.”
  • 15. ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: “ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში.”
  • 16. მან კი უთხრა მას: “ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია.
  • 17. პურობის დრომ რომ მოაღწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.
  • 18. ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო;
  • 19. მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო;
  • 20. მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო.
  • 21. დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: ‘გადი სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები.’
  • 22. და უთხრა მონამ: ‘ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი.’
  • 23. და უთხრა ბატონმა მონას: ‘გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი,
  • 24. რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!’”
  • 25. მივიდა მასთან (იესოსთან) დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა:
  • 27. ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
  • 28. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?
  • 29. რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს,
  • 30. და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.
  • 31. ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი, ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს?
  • 32. თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის, და ზავსა სთხოვს.
  • 33. ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას.
  • 34. მარილი კარგია, მაგრამ, თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს?
  • 35. არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!”
თავი 15[რედაქტირება]
  • 4. “რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?
  • 5. რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს.
  • 6. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო.
  • 7. თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ.
  • 8. “ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინეთ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?
  • 9. როცა იპოვის, დაუძახებს მეგობრებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.
  • 10. თქვენ გეუბნებით: ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო.”
  • 11. თქვა: “ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.
  • 12. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.’ და მამამ გაუყო მათ ქონება.
  • 13. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით.
  • 14. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა.
  • 15. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.
  • 16. ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა.
  • 17. როცა გონს მოეგო, თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები.
  • 18. ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე,
  • 19. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!’
  • 20. ადგა და წავიდა თავის მამასთან. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა.
  • 21. ვაჟმა კი უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’
  • 22. უთხრა მამამ თავის მონებს: ‘მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე.
  • 23. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.
  • 24. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება.
  • 25. უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა. რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა.
  • 26. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’
  • 27. მან უთხრა მას: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’
  • 28. ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა.
  • 29. მან მიუგო და უთხრა თავის მამას: ‘აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა.
  • 30. ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.’
  • 31. მან უთხრა მას: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი მაქვს, შენია.
  • 32. მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულებდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’”
თავი 16[რედაქტირება]
  • 1. უთხრა თავის მოწაფეებსაც: “იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა.
  • 2. დაიბარა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე.’
  • 3. მნემ თქვა თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია.
  • 4. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ.’
  • 5. დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’
  • 6. მან თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე - ორმოცდაათი.’
  • 7. მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ მან თქვა: ‘ასი კოდი ხორბალი.’ მან უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე - ოთხმოცი.’
  • 8. შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში.
  • 9. და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.
  • 10. მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.
  • 11. ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?
  • 12. და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?
  • 13. არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!”
  • 15. და უთხრა მათ: “თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან, რაც კაცთა შორის მაღალია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.
  • 16. რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ყველა ძალით შედის მასში.
  • 17. უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან.
  • 18. ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.”
  • 19. “იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.
  • 20. ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული.
  • 21. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
  • 22. მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
  • 23. და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში.
  • 24. შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.’
  • 25. უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი - სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
  • 26. ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.’
  • 27. თქვა: ‘რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.’
  • 28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’
  • 29. უთხრა მას აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’
  • 30. მან თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.’
  • 31. უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.’”
თავი 17[რედაქტირება]
  • 1. უთხრა თავის მოწაფეებს: “შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა.
  • 2. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.
  • 3. ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე.
  • 4. დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.”
  • 5. უთხრეს მოციქულებმა უფალს: “მოგვიმატე რწმენა.”
  • 6. თქვა უფალმა: “მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ.
  • 7. რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს - მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო?
  • 8. განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?
  • 9. ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია.
  • 10. ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.”
  • 20. ჰკითხეს მას ფარისევლებმა: “როდის მოვა ღვთის სასუფეველი?” მიუგო და უთხრა მათ : “ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ.
  • 21. არც იტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი.”
  • 22. უთხრა მოწაფეებს: “დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.
  • 23. გეტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით.
  • 24. ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისა თავის დღეს.
  • 25. ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ.
  • 26. და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც:
  • 27. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა.
  • 28. ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.
  • 29. ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა.
  • 30. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.
  • 31. იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ გაბრუნდება.
  • 32. გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
  • 33. ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას.
  • 34. თქვენ გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება.
  • 35. ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვნენ, მეორე დარჩება.
  • 36. ორნი იქნებიან მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.”
  • 37. მიუგეს და უთხრეს მას: “სად, უფალო?” ხოლო მან უთხრა მათ: “ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.”
თავი 18[რედაქტირება]
  • 1. უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ.
  • 2. თქვა: “ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა.
  • 3. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: ‘დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან.’
  • 4. დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: ‘მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია,
  • 5. მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს.’”
  • 6. თქვა უფალმა: “გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
  • 7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
  • 8. თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?”
  • 9. ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი:
  • 10. “ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად - ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე.
  • 11. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან - მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა.
  • 12. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’
  • 13. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’
  • 14. თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.”
  • 16. იესომ დაუძახა მათ და თქვა: “გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი.
  • 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა შიგ.”
  • 18. ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა და უთხრა: “კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
  • 19. უთხრა მას იესომ: “რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა.
  • 20. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.”
  • 21. მან თქვა: “ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.”
  • 22. ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: “ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი.”
  • 23. ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
  • 24. შეხედა მას იესომ და თქვა: “რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში!
  • 25. ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.”
  • 26. მსმენელებმა თქვეს: “ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
  • 27. მან თქვა: “კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია.”
  • 28. თქვა პეტრემ: “აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.”
  • 29. მან უთხრა მათ: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები,
  • 30. და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.”
  • 31. წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: “აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე.
  • 32. რადგან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ,
  • 33. გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.”
  • 34. მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.
თავი 19[რედაქტირება]
  • 8. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: “აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.”
  • 9. უთხრა მას იესომ: “დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა.
  • 10. რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად.”
  • 12. ამის გამო თქვა: “ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.
  • 13. დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.
  • 14. მაგრამ მის მოქალაქეებს სძულდათ იგი და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს: ‘არა გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე’.
  • 15. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა.
  • 16. მოვიდა პირველი და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო’.
  • 17. უთხრა მას: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება’.
  • 18. მოვიდა მეორე და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა’.
  • 19. მასაც უთხრა: ‘შენც ხუთ ქალაქზე იყავ’.
  • 20. მესამე მოვიდა და უთხრა: ‘ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,
  • 21. ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს’.
  • 22. უთხრა მას: ‘შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესია. *23. აბა, რაღატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?’
  • 24. და იქ მდგომთ უთხრა: ‘წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს’.
  • 25. მათ უთხრეს: ‘უფალო, მას ათი მნა აქვს’.
  • 26. ‘გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.
  • 28. თქვა ეს და წინ წავიდა იერუსალიმში ასასვლელად.
  • 38. ამბობდნენ: “კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!”
  • 39. ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: “მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს.”
  • 40. მან მიუგო და უთხრა: “თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ.”
  • 41. როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო.
  • 42. და თქვა: “ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.
  • 43. რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან.
  • 44. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ გაიგე შენი მოხედვის ჟამი.”
თავი 20[რედაქტირება]
  • 1. ერთ დღეს, როცა ის ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიუცვივდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად
  • 2. და უთხრეს მას: “გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”
  • 3. მიუგო და უთხრა მათ: “მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით:
  • 4. იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?”
  • 5. ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: “თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, იტყვის: მაშ, რაღატომ არ იწამეთო მისი?
  • 6. თუ ვიტყვით კაცთაგან, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.”
  • 7. და მიუგეს: “არ ვიცით საიდან.”
  • 8. იესომ უთხრა მათ: “მეც არ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.”
  • 9. დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: “ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწისმუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით.
  • 10. როცა დრო მოვიდა, მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწისმუშაკებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს.
  • 11. კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა. მასაც სცემეს, გალანძღეს და ხელცარიელი გაუშვეს.
  • 12. მერე მესამეც გაგზავნა. დაჭრეს იგი და გააგდეს გარეთ.
  • 13. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: ‘როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ.’
  • 14. მაგრამ მიწისმუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: ‘ეს მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება.’
  • 15. გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
  • 16. მოვა, ამოწყვეტს იმ მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს ჩააბარებს.” ვინც მოისმინეს, თქვეს: “ნუმც მოხდება.”
  • 17. მან კი შეხედა მათ და თქვა: “რას ნიშნავს ეს დაწერილი: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა’?
  • 18. ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.”
  • 21. ჰკითხეს მას და უთხრეს: “მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.
  • 22. შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?”
  • 23. იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:
  • 24. “მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?” თქვეს: კეისრისაო.
  • 25. უთხრა მათ: “ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა - ღმერთს.”
  • 28. “მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
  • 29. იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ.
  • 30. და მეორემაც
  • 31. და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ.
  • 32. ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
  • 33. ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?”
  • 34. და უთხრა მათ იესომ: “ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან;
  • 35. ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან,
  • 36. ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის.
  • 37. ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი.
  • 38. ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია.”
  • 41. “როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
  • 42. თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
  • 43. ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.’
  • 44. აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?”
  • 45. და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს:
  • 46. “ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე;
  • 47. რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.”
თავი 21[რედაქტირება]
  • 1. აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს.
  • 2. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.
  • 3. თქვა: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო,
  • 4. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.”
  • 5. როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა:
  • 6. “დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს.”
  • 7. ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: “მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?”
  • 8. მან თქვა: “გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ.
  • 9. როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული.”
  • 10. მაშინ უთხრა მათ: “აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო - სამეფოს წინააღმდეგ.
  • 11. იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან.
  • 12. ამის უწინარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო.
  • 13. ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
  • 14. ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი,
  • 15. ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
  • 16. ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
  • 17. და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო.
  • 18. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
  • 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
  • 20. და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარსშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება.
  • 21. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში.
  • 22. ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
  • 23. ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
  • 24. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი.
  • 25. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.
  • 26. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან.
  • 27. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
  • 28. ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.”
  • 29. უთხრა მათ იგავი: “შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
  • 30. როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული.
  • 31. ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთის სასუფეველი.
  • 32. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.
  • 33. ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.
  • 34. “გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად,
  • 35. რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე.
  • 36. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.”
თავი 22[რედაქტირება]
  • 14. როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად.
  • 15. უთხრა მათ: “სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
  • 16. რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში.”
  • 17. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: “მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.
  • 18. რადგან გეტყვით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი.”
  • 19. აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: “ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.”
  • 20. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: “ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება.
  • 25. მან კი უთხრა მათ: “ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.
  • 26. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს - მსახურივით.
  • 27. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური,
  • 28. თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
  • 29. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი,
  • 30. რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.”
  • 31. თქვა უფალმა: “სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.
  • 32. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.”
  • 35. უთხრა მათ: “როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ?” თქვეს: არაფერიო.
  • 36. უთხრა მათ: “ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს.
  • 37. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა აღსრულდეს: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა.’ რადგან მას,რაც ჩემს შესახებაა, დასასრული აქვს.”
  • 40. ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: “ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.”
თავი 24[რედაქტირება]
  • 44. უთხრა მათ: “ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.”
  • 45. მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად
  • 46. და უთხრა მათ: “ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;
  • 47. და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
  • 48. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.
  • 49. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ.”
  • 50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი.
  • 51. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში.
  • 52. მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით.
  • 53. და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

მათეს სახარება[რედაქტირება]

თავი 1[რედაქტირება]

15. და ამბობდა: “აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.”

თავი 2[რედაქტირება]
  • 16. და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: “რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?”
  • 17. ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.”
  • 18. იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნენ მასთან და უთხრეს: “რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?”
  • 19. იესომ უთხრა მათ: “განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხულობა,
  • 20. მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს.
  • 21. ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა.
  • 22. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.”
  • 23. მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს.
  • 24. ფარისევლებმა უთხრეს მას: “აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?”
  • 25. უთხრა მათ: “არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ?
  • 26. როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?”
  • 27. უთხრა მათ: “შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
  • 28. ამრიგად, კაცის ძე შაბათის უფალიც არის.”
თავი 3[რედაქტირება]
  • 23. მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: “როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?
  • 24. თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.
  • 25. თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
  • 26. და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს. დაუდგა აღსასრული.
  • 27. ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
  • 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ;
  • 29. ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.
  • 32. მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო.
  • 33. პასუხად უთხრა: “ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?”
  • 34. მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: “აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები.
  • 35. რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.”
თავი 4[რედაქტირება]
  • 3. “ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი სათესად.
  • 4. თესვისას ზოგი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს.
  • 5. ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა.
  • 6. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
  • 7. ზოგი ეკლებში დავარდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო.
  • 8. ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა ერთი - ოცდაათად, ერთი - სამოცად და ერთი - ასად.”
  • 9. თქვა: “ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
  • 10. როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე.
  • 11. მან უთხრა: “თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.
  • 12. რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.”
  • 13. უთხრა მათ: “ეს იგავი არ გესმით და როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს?
  • 14. მთესველი სიტყვას თესავს.
  • 15. ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.
  • 16. ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით მიიღებენ მას.
  • 17. მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და, როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან.
  • 18. სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ,
  • 19. მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება.
  • 20. კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი - ოცდაათად, სამოცად და ასად.”
  • 21. უთხრა მათ: “განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან?
  • 22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.
  • 23. თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
  • 24. უთხრა მათ: “დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.
  • 25. რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.”
  • 26. თქვა: “ასეთია ღვთის სასუფეველი: კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში,
  • 27. ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ.
  • 28. რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში.
  • 29. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ.”
  • 30. თქვა: “რას შევუდაროთ ღვთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვთქვათ?
  • 31. იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის,
  • 32. დათესვის მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ.”
თავი 7[რედაქტირება]
  • 5. და ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: “რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები ძველების გადმოცემისამებრ და ხელდაუბანელი ჭამენ პურს?”
  • 6. მან უთხრა მათ: “კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც სწერია: ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.
  • 7. ამაოდ მეთაყვანებიან, ასწავლიან რა ადამიანთა მცნებებს და მოძღვრებებს.’
  • 8. ღვთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ.”
  • 9. უთხრა მათ: “კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?
  • 10. მოსემ თქვა: ‘პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’
  • 11. თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: კორბან, ესე იგი, ძღვენიო (ღმერთს), რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, -
  • 12. მას თქვენ ნებასა რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისათვის.
  • 13. აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ.”
  • 14. მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: “მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ:
  • 15. არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.
  • 16. თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!”
  • 17. როცა ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას იგავზე.
  • 18. უთხრა მათ: “ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა?
  • 19. ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ზარულში.” მან ასე განწმიდა ყოველგვარი საკვები.
  • 20. შემდეგ უთხრა: “კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
  • 21. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,
  • 22. მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.
  • 23. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.”
თავი 8[რედაქტირება]
  • 15. დაარიგა ისინი და უთხრა: “გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს.”
  • 16. ისინი კი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: ალბათ იმიტომ, რომ პური არა გვაქვსო.
  • 17. იესო მიხვდა და უთხრა მათ: “რატომ ლაპარაკობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ? გული გაგიქვავდათ?
  • 18. თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ?
  • 19. როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?” უთხრეს: “თორმეტი.”
  • 20. “როცა ოთხი ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?” უთხრეს: “შვიდი.”
  • 21. და უთხრა მათ: “როგორ ვერ მიხვდით?”
  • 34. და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: “თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი,აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.
  • 35. ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.
  • 36. რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?
  • 37. ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ?
  • 38. რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.”
თავი 9[რედაქტირება]
  • 11. და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?
  • 12. უთხრა მათ: “მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და ყოველივე მოაწესრიგოს. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი იტანჯოს და დამცირდეს?
  • 13. მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც დაწერილია მასზე.”
  • 29. უთხრა მათ: “ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით.”
  • 35. და დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: “თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.”
  • 36. მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ:
  • 37. “ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.”
  • 38. უთხრა მას იოანემ: “მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება. და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება.”
  • 39. იესომ თქვა: “ნუ უკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა,
  • 40. ვინაიდან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის.
  • 41. ვინც წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.
  • 42. ხოლო ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, ჩემი მორწმუნეებიდან, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.
  • 43. “თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში,
  • 44. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
  • 45. თუ გაცდუნებს შენი ფეხი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ,
  • 46. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
  • 47. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში,
  • 48. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
  • 49. ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება.
  • 50. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში.”
თავი 10[რედაქტირება]
  • 2. მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: “თუ შეუძლია კაცს ცოლის გაშვება?” და სცდიდნენ მას.
  • 3. მან მიუგო და უთხრა მათ: “რა დაგიწესათ მოსემ?”
  • 4. მათ თქვეს: “გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.”
  • 5. იესომ უთხრა მათ: “თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება.
  • 6. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
  • 7. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს.
  • 8. და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
  • 9. ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.”
  • 11. და ეუბნება მათ: “ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ.
  • 12. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს.”
  • 13. და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
  • 14. დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: “გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი.
  • 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.”
  • 16. მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
  • 17. გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: “კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
  • 18. იესომ უთხრა მას: “რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
  • 19. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.”
  • 20. მან უთხრა: “მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.”
  • 21. იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: “ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.”
  • 23. იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: “რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში.”
  • 24. მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: “შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
  • 25. უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.”
  • 26. იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: “ვისღა შეუძლია გადარჩენა?”
  • 27. შეხედა მათ იესომ და თქვა: “ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.”
  • 28. დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: “აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.”
  • 29. თქვა იესომ: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მიწები,
  • 30. და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
  • 31. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი - პირველნი.”
  • 35. და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: “მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.”
  • 36. მან უთხრა მათ: “რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
  • 37. მათ უთხრეს მას: “ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში.”
  • 38. იესომ უთხრა მათ: “არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”
  • 39. მათ უთხრეს: “შეგვიძლია.” იესომ უთხრა მათ: “სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით;
  • 40. მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია.”
  • 42. იესომ უხმო მათ და უთხრა: “თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
  • 43. მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს;
  • 44. ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
  • 45. რადგან ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.”
თავი 11[რედაქტირება]
  • 22. მიუგო იესომ და უთხრა მათ:
  • 23. “იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას.
  • 24. ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.
  • 25. როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი.
  • 26. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.”
  • 27. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და, როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან.
  • 28. და უთხრეს მას: “რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”
  • 29. იესომ უთხრა მათ: “მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.
  • 30. იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა, მიპასუხეთ.”
  • 31. ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რაღატომ არ იწამეთო მისი?
  • 32. ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო.
  • 33. და მიუგეს იესოს და უთხრეს: “არ ვიცით.” იესომ უთხრა მათ: “არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.”
თავი 12[რედაქტირება]
  • 1. და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: “კაცმა ვაზი ჩაყარა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და შიგ კოშკი ჩადგა. ჩააბარა იგი მიწისმუშაკებს და წავიდა.
  • 2. ჟამმა რომ მოაწია, ერთი მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ მიწისმუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად.
  • 3. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
  • 4. კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს.
  • 5. სხვა გაგზავნა და მოკლეს ის. და კიდევ ბევრი სხვა. ზოგსა სცემეს და ზოგიც მოკლეს.
  • 6. ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა: ჩემი ძის მოერიდებათო.
  • 7. მიწისმუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
  • 8. და შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან.
  • 9. რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, ამოწყვეტს მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს.
  • 10. ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა;
  • 14. მივიდნენ და უთხრეს: “მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?”
  • 15. მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: “რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.”
  • 16. მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: “ვისია ეს სახე და წარწერა?” კეისრისაო, უთხრეს მას.
  • 17. იესომ უთხრა მათ: “მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა - ღმერთს.” და უკვირდათ მისი.
  • 18. და მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
  • 19. “მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას’.
  • 20. იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.
  • 21. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ.
  • 22. შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველას შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა.
  • 23. აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?”
  • 24. უთხრა მათ იესომ: “იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთისა?”
  • 25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
  • 26. ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა მას: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’
  • 27. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით.”
  • 28. მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, და ჰკითხა: “რომელია უპირველესი მცნება?”
  • 29. მიუგო იესომ: “პირველი არის ‘ისმინე, ისრაელო! უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია.
  • 30. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.’ ეს არის პირველი მცნება.
  • 31. მეორე არის: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.”
  • 32. უთხრა მას იმ მწიგნობარმა: “კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,
  • 33. გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი. ეს ყოველ სრულადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია.”
  • 34. იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: “შორს არ დგახარ ღვთის სასუფევლისაგან.” ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რამე ეკითხა.
  • 35. მიუგო იესომ და თქვა, როცა კვლავ ასწავლიდა ტაძარში: “როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
  • 36. თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.’
  • 37. თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?” მრავალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით.
  • 38. და თქვა თავისი მოძღვრებიდან: “ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ;
  • 39. ხოლო სინაგოგებში - წინა რიგები და ნადიმებზე - წინა ადგილები.
  • 40. რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.”
  • 41. იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.
  • 42. მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.
  • 43. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო.
  • 44. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა.”
თავი 13[რედაქტირება]
  • 5. იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: “გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ,
  • 6. რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ.
  • 7. როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
  • 8. აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.
  • 9. “თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.
  • 10. ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
  • 11. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
  • 12. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
  • 13. მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომე მოითმენს, გადარჩება.
  • 14. როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს იქ, სადაც არ ხამს, იუდეაში მყოფმა მთებს მიაშუროს;
  • 15. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შევა შინ რაიმეს გამოსატანად;
  • 16. ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად,
  • 17. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
  • 18. ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს,
  • 19. ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება.
  • 20. უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია.
  • 21. მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, არ ერწმუნოთ.
  • 22. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ.
  • 23. თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი.
  • 24. მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს.
  • 25. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები.
  • 26. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით.
  • 27. მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.
  • 28. “ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
  • 29. ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი.
  • 30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
  • 31. ცა და მიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
  • 32. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
  • 33. იფრთხილეთ, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.
  • 34. როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა,
  • 35. ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას,
  • 36. რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ.
  • 37. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.”
თავი 14[რედაქტირება]
  • 7. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.
  • 22. როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: “აიღეთ და ჭამეთ - ეს ჩემი სხეულია!”
  • 23. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ.
  • 24. უთხრა მათ: “ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.
  • 25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში.”
  • 27. უთხრა მათ იესომ: “ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’
  • 28. ხოლო ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში.”
  • 38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური.”
  • 61. ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა: “შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?”
  • 62. იესომ თქვა: “მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს.”
  • 15. უთხრა მათ: “მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.
  • 16. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება.
  • 17. ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ,
  • 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
  • 20. ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი სასწაულებით. ამინ.

ღმერთის მოწმობა რომ იესო ქრისტე მისი ძეა[რედაქტირება]

მათეს სახარება[რედაქტირება]

  • თავი 3-17) აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.”

მარკოზის სახარება[რედაქტირება]

  • თავი 1-11) და ციდან იყო ხმა: “შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.”

ლუკას სახარება[რედაქტირება]

  • თავი 3-22) და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: “შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.”
  • თავი 9-35) ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ.”

იოანეს სახარება[რედაქტირება]

  • თავი 1-1) დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
  • თავი 1-10) იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი.
  • თავი 1-11) თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
  • თავი 1-12) ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
  • თავი 1-17) ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.”
  • თავი 1-18) ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.
  • თავი 1-32) მოწმობდა იოანე და ამბობდა: “მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე.
  • თავი 1-33) მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.
  • თავი 1-34) მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა.”


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


  1. ახალი აღთქმა(სახარება) - თარგმანი ზურაბ კიკნაძე 2001 წელი. წყარო - http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm
  2. ციტატების ნომრები მოყვანილია სახარების მუხლის ნომრის მიხედვით, ხოლო ეს ნომერი - რომელ თავს შეესაბამება აწერია ზევით