ნიკო ნიკოლაძე

w:ნიკო ნიკოლაძე (დ. 1843 — გ. 1928, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
ციტატები
[რედაქტირება]ჩვენ სერიოზნობის, მართლმსახურების, მოღრუბლული ხასიათის ერთი ნამცეცი თვისებაც არ გვაქვს და ჩვენ თავზე ღიმილით და ოხუნჯობით ამოგვივა ჩვენი სული; რისგანაა ეს? რათ გვჩვევია ეს თვისება ჩვენ, ერთი თაობის კაცებს, ერთ გარემოებებში გამოზრდილს, რუსი ვიყოთ გინდ ქართველი, და რათ არ ვგევართ ამ მხრით ბევრ ჩვენ თანამემამულეებს, რომელნიც ფლავის ჭამასაც კი სერიოზნობით ახერხებენ, არა თუ სიკვდილის შეყრასა? |
ციტატის წყარო: „სხვათა შორის“. „კრებული“ N4, 1873
ბედნიერია ის ახალგაზრდა, რომელიც სამზღვარგარეთ იმ მიზნით გადის, რომ იქაური ცხოვრების, მეცნიერების და გონების ნაყოფი განიცადოს და იგემოს... როცა ის პირველად ევროპის კარებს შეაღებს და მის გონებით ცხოვრებაში ფეხს შესდგამს, იმას უცნობი ჰაერი ეცემა, საამო და თავბრუს დამსხმელი |
ციტატის წყარო: „სხვათა შორის“. „კრებული“ N4, 1873
ფოთი დაიმალა თავის შნოიანად გალესილი, შეფერილი ქუჩებით და დამპალი შიგნეულობით. მაგრამ ჩემ თვალწინ მაინც დიდხანს იდგა მისი სურათი, რომელიც მე ჩვენი ქვეყნის ნამდვილ და ჭეშმარიტ სურათად მიმაჩნია. ლამაზია ის, აყვავილებული, ნარნარ ვარდივით გადაშლილი, მაგრამ გარეგანი სილამაზის მეტი არაფერი ღვივის და აცხოველებს ამ საყვარელ ქმნილებას. იმას აკლია ძლიერი შემაერთებელი სული, აკლია ძალის მომცემი ერთობის სიცხოველე, ატყვია მომხიბლველი გარსგანდგომის, განცალკევების ბეჭედი ... |
ხალხში კი ნამდვილი ერთობა მარტო მაშინ დამყარდება, როცა მისი ეკონომიური ცხოვრება გათანასწორდება, როცა ხალხი ეკონომიურად განთავისუფლდება და შეერთებულ შრომას შეეჩვევა... ვიბრძოლოთ ერთმანეთს შუა, ერთის აზრს მეორის შეხედულება შევატაკოთ, ვეცადოთ ხალხი მონაწილე გავხადოთ ამ ბრძოლისა და ჭკუის მოძრაობისა და მერე, თუ ნამდვილად მამული გვიყვარს, თუ მისი სიკეთე კერძო თავმოყვარეობაზე უფრო დიდად მიგვაჩNია, ყველა იმ გადაწყვეტილებას დავადგეთ, რაც უმრავლესობამ მიიღოს. ამ უმრავლესობისაგან მიღებულის გადაწყვეტილების ერთგულება შეადგენს ნამდვილსა და გამოსადეგს დისციპლინას და არა ფელდფებლური მონობა ერთის რომელსამე კერპისა |
ციტატის წყარო: „მამულის სიყვარული და მსახურება“
