საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე დაარსდა, რომელსაც 337 დელეგატი ესწრებოდა. სეოკ-ის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, ვიცე-პრეზიდენტებად - ვიქტორ სანეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად დავით კინწურაშვილი.1991 წლიდან 2008 წლამდე სეოკ-ის გენერალური მდივანი იყო ემზარ ზენაიშვილი.

1992 წლის 9 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სეოკ-ი დროებით და პირობითად აღიარა, 1993 წლის 23 სექტემბერს მონაკოში გამართულ სოკ-ის 99-ე სესიაზე კი თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო.

1996 წლის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე სეოკ-ის მეორე პრეზიდენტად ჯანსუღ ბაგრატიონი აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებად - თამაზ იმნაიშვილი, რუსუდან სიხარულიძე და მამუკა ხაზარაძე.

2004-2007 წლებში სეოკ-ის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი იყო, ვიცე-პრეზიდენტები - ლერი ხაბელოვი და გოგი თოფაძე.

2008 წლის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გია ნაცვლიშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად - რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტებად დავით გობეჯიშვილი და ვახტანგ გეგელია, ხოლო გენერალურ მდივნად -ალექსანდრე ბითაძე.

2012 წელს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე აირჩიეს სეოკ-ის ახალი ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები -ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი - ემზარ ზენაიშვილი. 2016 წელს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე სესიაზე აირჩიეს სეოკ-ის ხელმძღვანელობა იგივე შემადგენლობით.

სეოკ-ს აქვს განსაკუთრებული უფლება საქართველო წარადგინოს ოლიმპიურ თამაშებზე და სეოკ-ის სხვა შეჯიბრებებზე. იგი ადგენს და ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციებს. მონაწილეობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამებში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას ქვეყანაში.

შეიქმნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი![რედაქტირება]

6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი კომფერენცია.

საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მოხსენება გააკეთა გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორმა პაატა ნაცვლიშვილმა. სიტყვებით გამოვიდნენ: საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონთა კლუბის პრეზიდენტი დავით ციმაკურიძე, ოლიმპიური ჩემპიონები რობერტ შავლაყაძე და ვაჟა კაჭარავა, საქართველოს სპორტულ ფედერაციათა საბჭოს თავმჯდომარე ვანო ყიფიანი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ათგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თანა-პრეზიდენტი თამაზ კვაჭანტირაძე და სხვები.

კომფერენციამ აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტად კომფერენციამ ერთხმად აირჩია მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის, საჭადრაკო ოლიმპიადების ათგზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი.

იმავე დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი სესია. სესიამ აირჩია სეოკ-ის სამი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და აღმასკომის წევრები.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს ვიქტორ სანეეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი; გენერალურ მდივნად – დავით კინწურაშვილი; აღმასკომის წევრებად – ვაჟა კაჭარავა, ნოდარ გუგუშვილი, დავით კუპრეიშვილი, დავით სულაქველიძე, ვანო ყიფიანი, ავთანდილ ციბაძე, ნიკოლოზ ცხაკაია, ზურაბ წერეთელი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი კომფერენციის დეკლარაცია[რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი კომფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს სპორტული ფედერაციების, სპორტული საზოგადოებების, სპორტული კლუბების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, და რომელმაც 1989 წლის 6 ოქტომბერს საჯაროდ გამოაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნება, მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, იყვნენ ოლიმპიური პრინციპების ერთგული დამცველები და მხარი დაუჭირონ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს რესპუბლიკის მოსახლეობის ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღისა და საქართველოს სპორტული აღმავლობისათვის ბრძოლაში.

კომფერენცია თვლის, რომ ფიზიკური კულტურისა და სპორტის ორგანიზაციის ცენტრალიზებული სისტემა სრულყოფილად ვერ წყვეტს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურის ამაღლებისა და მასობრივი სპორტის საკითხებს; ვერ აუმჯობესებს ბავშვებისა და ახალგაზრდობის ფიზიკურ კონდიციებს, ვერ ახდენს კეთილისმყოფელ გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; ჯეროვნად ვერ უწყობს ხელს რესპუბლიკის სპორტული პოტენციის გამოვლენას.

ამასთან დაკავშირებით კონფერენცია მოითხოვს:

რესპუბლიკის სპორტული და ფიზკულტურული ცხოვრების ორგანოზატორებმა, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანოზაციების ხელმძღვანელებმა მკაცრად დაიცვან ოლიმპიური ქარტიის პრინციპები;

მასობრივი ტირაჟით გამოიცეს ოლიმპიური ქარტია და ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ქართულ ენაზე;

ფართოდ გაიშალოს და გაძლიერდეს ოლიმპიური მოძრაობა;

უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის პირობები;

გაძლიერდეს ბრძოლა სპორტში დოპინგის გამოყენებისა და კორუფციის წინააღმდეგ;

კომფერენცია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს სპორტულ ფედერაციებს გარდაიქმნან რესპუბლიკის სპორტის დამოუკიდებელ და სრულუფლებიან ხელმძღვანელ ორგანოებად შესაბამის სახეობებში, დაამუშაონ და მიიღონ დებულებები მათი უფლებების, მოვალეობების, სტატუსის შესახებ, აქტიურად განახორციელონ თავიანთი ფუნქციები.

კონფერენციას მიაჩნია, რომ საქართველოს სპორტულმა ფედერაციებმა მჭიდროდ უნდა ითანამშროლონ საბჭოთა კავშირის, მოკავშირე რესპუბლიკებისა და სხვა ქვეყნების სპორტულ ფედერაციებთან; მონახონ გზები და საშუალებები შესაბამის საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში გაწევრიანებისათვის.

საქართველოს სპორტული ფედერაციების საქმიანობა მიმართული უნდა იყოს იქითკენაც, რომ რესპუბლიკის ყველა სპორტსმენს, რომელმაც მიაღწია ოსტატობის შესაბამის დონეს, შეეძლოს შეუზღუდავად მიიღოს მონაწილეობა საბჭოთა კავშირის, ევროპისა თუ მსოფლიოს პირველობებში, ოლომპიურ თამაშებში.

კომფერენცია იწონებს საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონთა კლუბის შექმნას, როგორც საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის აღმავლობის ერთ-ერთ მძლავრ საფუძველს და მოუწოდებს კლუბის ყველა წევრს, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან მისი საერთაშორისო აღიარებისა და ოლიმპიური მოძრაობის შემდგომი განვითარებისათვის.

კონფერენციას მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნა, მისი საერთაშორისო აღიარება, ოლიმპიური მოძრაობის ფართოდ გაშლა და საქართველოს გუნდის გაგზავნა ოლიმპიურ თამაშებზე ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე.

მიღებული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ კომფერენციაზე 1989 წლი 6 ოქტომბერს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი კომფერენციის დადგენილება[რედაქტირება]

საქართველოს სპორტული ფედერაციების, სპორტული საზოგადოებების, სპორტული კლუბების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა კომფერენცია ერთხმად ადგენს:

საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის, ოლიმპიური იდეალების პროპაგანდის, რესპუბლიკის მოქალაქეთა ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღების, აგრეთვე, საქართველოს სპორტული პოტენციის სრულად გამოვლენის მიზნით, ოლიმპიური ქარტიის, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა სეოკ-ი. მისი არსებობის ვადა არ არის განსაზღვრული.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არის იურიდიული პირის სტატუსით აღჭურვილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. იგი აღიარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლეს ხელისუფლებას და ოლიმპიური ქარტიის უზენაესობას.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ თბილისში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს სსრ მთელ ტერიტორიაზე.

6 ოქტომბერი, 1989.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟურნალი „მართვე“. მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდა. 4 (60) 1989. საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროს სამეცნიერო-პედაგოგიურ ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ ყოველკვარტალური დამატება. საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობა. თბილისი, 1989.