შინაარსზე გადასვლა

სევდა

ვიკიციტატიდან
  •  

„დიდი ხნის განმავლობაში იქნები მოწყენილი, მერე კი შენთვის ყველაფერი სულერთი იქნება და ეს იქნება საუკეთესო გრძნობა მთელს მსოფლიოში.“

  ვუდი ალენი


  •  

„ცხოვრების ყველა პირობებში ქალს უფრო მეტი მწუხარება ხვდება წილად, ვიდრე მამაკაცს.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)


  •  

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.

  ვალერიან გაფრინდაშვილი

  ციტატის წყარო: “სანტიმენტალური ტრიოლეტი”

  •  

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
─ ოღონდ ჩემი არა...

  ნიკო გომელაური

  ციტატის წყარო: “დრო ყველაფრის მკურნალია”

  •  

მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.

  ტერენტი გრანელი
  •  

სადღაც დიდი ტაშის ცემა ისმის,
სხვათაშორის, მწუხარეა ვიღაც.

  ტერენტი გრანელი

  ციტატის წყარო: “შემოდგომის სურნელება”

  •  

„წუხილით ვერთობი, ეს ჩემი დიდი ხნის ჩვევაა.“

  სალვადორ დალი
  •  

„რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო დიდია მისი ამქვეყნიური სევდა.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„მარადიულმა, წმიდათა წმიდა სევდამ ერთხელ თუ აუძგერა გული რომელიმე მგრძნობიარე სულის ადამიანს, მერე თავის დღეში არ გაცვლის იმას სხვა არავითარ სიამოვნებაზე.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„ნამდვილი მწუხარება ზოგჯერ ბრიყვსაც დააჭკვიანებს, ცხადია, დროებით, ასე იცის მწუხარებამ.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„დარდი სათნო ჯვარივით უნდა ატარო და არა ─ ლოდის კუზივით მოიკიდო.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„დარდიანი მარტო შენი გული ნუ გგონია. მიმოიხედე, რამდენ სახლს ჩამოვუარეთ ─ თითო დარდი ყველგან ბუდობს. სოფელში ვართ... უდარდოდ ოფოფი არ არს ქვეყანაზე!“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...“

  გურამ დოჩანაშვილი

  ციტატის წყარო: “სამოსელი პირველი” (1975 წ.)

  •  

„რა სევდა შეედრება იმ მწუხარებას, როცა წყვდიადი შემოგხვევია და სიმართლის გზა ვერ მოგინახავს?“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„უღრმესი სევდა მოიცავს ხოლმე განდგომილსა და უქმად მთვლემარე სულს, თუ ის ცხოვრებასთან სისხლსავსე ურთიერთობას მოკლებულია.“

  რაბინდრანათ თაგორი

  ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„კრუნჩხვითი მხიარულება უფრო სევდიანია, ვიდრე ღიად გამჟღავნებული სევდა.“

  ფრანც კაფკა
  •  

„მთავარი ის კი არ არის, ჩადენილის გამო ვწუხვართ თუ არა, არამედ ის, თუ რა ვისწავლეთ მომხდარისგან და რას ვაპირებთ ახლა, როცა ვწუხვართ.“

  ჯონ მაქსველ კუტზეე
  •  

„დარდიც ქრება, როცა მართლა მართალი ხარ.“

  ლუკა კუხიანიძე
  •  

„დარდი სასტიკი მბრძანებელია.“

  მიხეილ ლერმონტოვი
  •  

„მწუხარებები ჩვენი სკოლაა, სადაც ვსწავლობთ.“

  იოანე ოქროპირი
  •  

„არ არსებობს დაავადება, სევდაზე მტანჯველი.“

  ფაინა რანევსკაია
  •  

„სიცივე სევდას ჰგვრის ადამიანს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “სამი მეგობარი” (1936 წ.)

  •  

„მაინც რამხელა დარდი შეიძლება გამოსჭვიოდეს ამ ორი პატარა ლაქიდან, თვალებიდან, რომლებიც შეგიძლია ცერა თითის მიდებით დაფარო.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.)

  •  

კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: “ვეფხისტყაოსანი” (XII ს.)


  •  

„სიტყვით ნათქვამი, ყველასათვის გასაგები მწუხარება ─ ყალბიცაა და დამახინჯებულიც.“

  გალაკტიონ ტაბიძე
  •  

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “მე და ღამე”

  •  

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “თოვლი”

  •  

„წმინდა, სრული მწუხარება ისევე შეუძლებელია, როგორც წმინდა და სრული სიხარული.“

  ლევ ტოლსტოი
  •  

„მწუხარება ადამიანთა მიერ კი არ არის შექმნილი, არამედ მათთვის არის გამოგზავნილი ─ ადამიანია მისი იარაღი!“

  ლევ ტოლსტოი


  •  

„მოწყენილი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სხვების გამხიარულებას, რადგან იციან რა საშინელი შეგრძნებაცაა ასე ყოფნა.“

  რობინ უილიამსი
  •  

„დარდსა და სიცარიელეს შორის, მე ყოველთვის დარდს ავირჩევ.“

  უილიამ ფოლკნერი
  •  

„სევდა ყოველთვის ტოვებს ადამიანში რაღაც ლამაზს...“

  ანა ფრანკი
  •  

„როდესაც დარდი გვაწვება, არ ვიფიქროთ, რომ იგი ცალკე, მარტო გვეწვია ─ იგი მთელ ბატალიონთან ერთადაა.“

  უილიამ შექსპირი
  •  

„უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.“

  ფრიდრიხ შილერი
  •  

„ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა...“

  გოდერძი ჩოხელი
  •  

- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “ადამიანთა სევდა” (1984 წ.)


  •  

„ნუ დაამწუხრებთ სხვის ცხოვრებას და თქვენიც აღარ დამწუხრდება.“

  ლაო-ძი


  •  

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?

  აკაკი წერეთელი

  ციტატის წყარო: “გამზრდელი”


  •  

„და სხვას არასდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია.“

  ოთარ ჭილაძე
  •  

დერეფანში ვიღაცა დადის
და ნაბიჯების ხმაზე ეტყობა,
რომ არც მომავალში
დაინდობს დარდი…

  ვაჟა ხორნაული
  •  

ზოგიერთი მათხოვრის თვალებში
იმდენი სევდაა,
რომ ფულის მიცემა გავიწყდება.

  ვაჟა ხორნეული
  •  

„გაიღიმე ─ სამყაროს შენი სევდა ვერ შეცვლის!“

  ჯიბრან ხალილ ჯიბრანი


ერთხელ მოიწყვინე მათი თანდასწრებით, ვისაც ამხიარულებდი და მიხვდები, ვის რად უნდიხარ/უღირხარ

მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=სევდა&oldid=54803“-დან