შინაარსზე გადასვლა

წყვდიადის გული

ვიკიციტატიდან

წყვდიადის გული — ჯოზეფ კონრადის 1899 წლის რომანი.

ციტატები

[რედაქტირება]

პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმანი, გამომცემლობა არტანუჯი, 2018 წელი

  • ჩვენ შედეგიანობა გვშველის - სწრაფვა შედეგიანობისკენ. ეს ჯეელები კი დიდად არაფერს დაგიდევდნენ. ისინი კოლონისტებიი არ ყოფილან; ვეჭვობ, მათი ადმინისტრაცია მხოლოდ თრგუნავდა და მეტი არაფერი. ისინი დამპყრობნი იყვნენ, ამისათვის კი უხეში ძალა თუ გჭირდება - და არაფერია თავმოსაწონებელი ძალ-ღონეში, რადგანაც შენი ძალა მხოლოდ სხვისი სისუსტისაგან აღძრული შემთხვევითობაა. ისინი იტაცებდნენ ყველაფერს, რასაც მოიხელთებდნენ და რისი აღებაც შეეძლოთ. ძარცვავდნენ დაუნდობლად, ჟლეტდნენ შეუბრალებლად და ამას სჩადიიოდნენ ბრმად - რაც სჩვევიათ იმათ, წყვდიადის დამორჩილებას ვინც მოინდომებს. მიწის დაპყრობა, რაც ნიშნავს, წაართვა მას, ვისაც განსხვავებული აგებულება და უფრო გაბრტყელებული ცხვირი აქვს, არცთუ ისე რიგიანი საქმეა, თუ კარგად დავვუკვვირდებით. და გამოსყიდვას იდეაღა შეგვაძლებინებს. იდეა, ამეებს მიღმა რომ დგას; და უანგარო რწმენა იდეისა - რაც შეგიძლია დააფუძნო, მის წინ დაემხო და მსხვერპლი შესთავაზო...
  • იგი ჩემთვის მხოლოდ სახელი იყო. მე ისევე ვერ ვხედავდი ამ სახელში კაცს, როგორც თქვენ ვერ ხედავთ. ხედავთ მას? ამ მოთხრობას ხედავთ? ასე მგონია, თქვენთვის სიზმრის მოყოლას ვცდილობ, მცდელობა ამაოა, რადგან სიზმრის მოყოლა ვერ გადმოსცემს სიზმრის განცდას, ამ ნაზავს აბსურდისა, გაკვირვებისა და გაოგნებისა.
  • არ მიყვარს მუშაობა — არა კაცს უყვარს — მაგრამ მიყვარს ის, რაც შრომაშია — შანსიი, იპოცო საკუთარი თავი. შენი საკუთარი სინამდვილე - შენთვისვე და არა სხვებისთვის - ის, რასაც ვერა კაცი ვერასოდეს გაიგებს.
  • მდინარის აღმა სვლა მსოფლიოს უადრეულეს საწყისთაკენ მოგზაურობას ჰგავსა, სადაც მცენარენი დათარეშობდნენ მიწაზე და ხეები მეფენი იყვნენ. მდინარე ცარიელი იყო, იდგა დიადი სიჩუმე, და გარშემო უღრანი ტყე. ჰაერი თბილი იყო, სქელი, მძიმე, ძილისმომგვრელი. მზის ნათებაში სიხარული არ იგრძნობოდა. წყლის გრძელი ზოლები იკარგებოდნენ გადაჩრდილული სიშორის წყვდიადში. G
  • მიწა მიწას აღარ ჰგავდა. ჩვენ მიჩვეულნი ვართ ხუნდებში ჩაჭედილი დატყვევებული ურჩხულის ცქერას, მაგრამ იქ თავისუფალი ურჩხულისათვის უნდა გვეცქირა. არამიწიერი იყო, და კაცებიც ასეთივენი, ოღონდ არაადამიანურნი კი არა, არამიწიერნი. ხომ იცით, ეს ყველაზე უარესია - ეჭვი, რომ ადამიანები არ იქნებოდნენ. ეს აზრი კაცს ნელ-ნელა დაეუფლებოდა. ისინი ჭყაოდნენ, ხტოდნენ და იგრიხებოდნენ, იმანჭებდნენ; მაგრამ ყველაზე მეტად გაშინებდა ფიქრი, რომ ადამიანები იყვნენ, შენსავით; ფიქრი იმაზე, რომ შორეულად ენათესავებოდი ამ ველურსა და გახელებულ ხმაურს. მახინჯი იყო. დიახ, საკმაოდ მახინჯი გახლდათ; მაგრამ თუ კაცობა შეგრძენოდა, უნდა შენთვის აღგენიშნა, რომ იმ ხმაურის საშიში გულწრფელობა შენშიი მკრთალი გამოხმაურების ნიშანწყალს აღძრავდა, ბუნდოვან ეჭვს, რომ ამაში სუფევდა აზრი, რასაც შენ — ასე დაშორებული პირველყოფილ საუკუნეთა სიბნელეს — შეგეძლო ჩაწვდომოდი. და რატომაც არა? ადამიანისი გონებას ყველაფერი ძალუძს, რადგან ყველაფერი მასშია — მთელი წარსული, ისევე როგორც მთელი მომავალი. და რა იყო ეს ბოლო-ბოლო? სიხარული, შიში, წუხილი, ერთგულება, სიმამაცე, გახელება... ვინ იტყვის? მაგრამ სიმართლე... სიმართლე გამოსჭვიოდა მისი დროის მოსასხამიდან. დაე, ბრიყვმა ამთქნაროს და იცახცახოს, ვაჟკაცმა იცის და შეუძლია წარბშეუხრელად გაუსწოროს თვალი. მაგრამ იმდენად ვაჟკაცი მაინც უნდა იყოს, ისინი როგორებიც იყვნენ, ნაპირზე. სიმართლეს თავისი საკუთარი სიმართლით უნდა შეხვდეს — თავისი შინაგანი სიძლიერით. პრინციპები არ გამოადგება. შენაძენი, სამოსი იქნება თუ მოხდენილი ჭინჭები, პირველივე შეხლა-შემოხლისას დაგცვივა. არა; გააზრებული რწმენა გჭირდება.
  • ასეთი მიახლოება გარდასვლასთან, რაც მის ნაკვთებზე დავინახე, არასოდეს მინახავს და, ვიმედოვნებ, ვეღარასოდეს ვნახავ. კი არ შევძრწუნდი, მოვჯადოვდი. თითქოს საბურველი გადაეცალა. მის სპილოსძვლისფერ სახეზე ვხედავდი ზვიად სიამაყეს, დაუნდობელ ძალაუფლებას, სულმოკლე შიშს მძაფრი და უიმედო იმედგაცრუების გამო. თავის ცხოვრებას ხომ არ გასცქეროდა, ყოველ ნაწილაკს თავისი ვნებებისა, ცთუნებისა და მარცხს მაშინ, როცა სრულყოფილი ცოდნის უმაღლეს წამს მიაღწია? ჩურჩულით ამოიძახა რომელიღაც ხატის, რაღაცის ხილვისას, ორჯერ ამოიძახა და ეს ამოძახილი სხვა არა იყო რა, თუ არა ამოხვნეშა: „შემზარავია! შემზარავი!“
  • არ შევერთებივარ კურცს იქ და მაშინ. არა. კოშმარის ბოლომდე სანახავად დავრჩი, და კიდევ ერთხელ დავამტკიცე ერთგულება კურცისადმი. ბედისწერა იყო. ჩემი ბედისწერა! უცნაური რამაა ცხოვრება - იდუმალი წყება დაუნდობელი ლოგიკისა ამაო მიზნისათვის. ყველაზე მეტი, რისი იმედიც შეიძლება გქონდეს, საკუთარი თავის შეცნობაა და ისიც მეტად დაგვიანებით მოდის, როგორც მოსავალი ამოუწურავი დარდისა. სიკვდილს ვებრძოდი. ეს ყველაზე უსიამოვნო შეჯიბრია, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ. იმართება გაურკვეველ სინაცრისფერეშიი, ფეხქვეშ არაფერია, არაფერია გარშემო, უმაყურებლოდ, უხმაუროდ, უაღტაცებოდ, უსურვილოდ დიადი გამარჯვებისა, უშიშოდ დიდი დამარცხებისა, გრილი სკეპტიციზმის სნეულ გარემოში, როცა საკუთარი სიმართლის აღარ გწამს და უფრო ნაკლებ გჯერა მოწინააღმდეგის სიმართლისა. თუ ასეთია უმაღლესი სიბრძნე, მაშინ სიცოცხლე უფრო დიდი გამოცანა ყოფილა, ვიდრე ზოგიერთი ჩვენგანი ვარაუდოებს. ბეწვზეღა ვიყავი, რომ ამომეთქვა საბოლოო სიტყვები, და სამარცხვინოდ აღმოვაჩინე, რომ ალბათ, არაფერი მქონდა სათქმელი. სწორედ ამიტომ ვამტკიცებ, რომ კურცი გამორჩეული კაცი გახლდათ. მას რაღაც ჰქონდა სათქმელი. მან თქვა. და რაკი მეც გავიხედე ზღვარს მიღმა, მივხვდი, რას ნიშნავდა მისი მზერა, როცა სანთლის ალს ვერ ხედავდა, მაგრამ იმდენად ფართო იყო, შეეძლო მოეცვა მთელი სამყარო, იმდენად გამჭოლი, რომ შეეღწია ყველა გულში, რომელიც კი წყვდიადში ძგერს. მან შეაჯამა - განსაჯა. “შემზარავიო!“ გამორჩეული კაცი გახლდათ. ბოლოს და ბოლოს ეს სიტყვაა ერთგვარი რწმენის გამოხატულება; მასში იყო სიწრფელე, ხედვა, იყო მეამბოხური ცახცახი მისი წარმოთქმიას, და შეშფოთებული სახე გამომკრთალი ჭეშმარიტების ხილვისას, უცნაური ნაერთი ვნებისა და სიძულვილისა.
  • მახსოვს მისი გარდასვლა, რითაც თითქოს მე ვიცხოვრე. მართალია, მან გაიარა უკანასკნელი გზა, გადააბიჯა ზღვარს, მაშინ, როცა მე ნება მომეცა შემეკავებინა ყოყმანა ნაბიჯი. და ალბათ აქაა მთელი განსხვავება; ალბათ მთელი სიბრძნე და მთელი ჭეშმარიტება და მთელი სიწრფელე ერთდება რაღაც მოუხელთებელ წამში, მაშინ, როცა გადავაბიჯებთ ზღურბლს უხილავისა. ალბათ! ვფიქრობ, ჩემი შეჯამება არ იქნებოდა სიტყვა დაუდევარი ზიზღისა. მისი ამოძახილი სჯობა - ბევრად სჯობდა. ეს იყო დასტური, ზნეობრივი გამარჯვება, მოპოვებული აურაცხელი მარცხის შემდგომ, მდაბალ შიშთა და მდაბალ ვნებათდაკმაყოფილებისა. მაგრამ ეს გამარჯვება იყო.

ლიტერატურა

[რედაქტირება]
  • „წყვდიადის გული“, გამომცემლობა არტანუჯი, 2018 წელი პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმანი, ISBN 978-9941-478-64-2