ვიკიციტატიდან
- თუკი ჩვენც ვინებებთ შევუერთოთ ჩვენი ნება ჩვენი უფლის ნებას, მაშინ გაგვიადვილდება არარად შევრაცხოთ ყოველივე ამქვეყნიური.
- ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შემსჭვალულია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.
- ეშმაკებს, თუ იხილეს ისეთი, ვინც შეურაცხყოფილი ან მწუხარეა, ან რაიმე ზარალი აქვს მიყენებული და წუხს არა იმისათვის, რომ ეს უბედურება ეწია, არამედ იმისათვის, რომ მოწევნული მამაცურად ვერ აიტანა, ასეთების დიდად ეშინიათ, ვინაიდან იციან ჭეშმარიტ გზას ადგიან და უყვართ მცნებები ღვთისა.
- თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებს ბოროტ გულისთქმას მის მიმართ, ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულსა. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტისმყოფელისა, იგი დიდად ავნებს თავს. ყოველი ხორციელი ბოროტისმყოფელი განმწმენდელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი ქრისტეს მიერ მოვლინებული.
- უწყოდეთ, რომ ვერავინ გვეტყვის ჩვენს ნაკლს ისე ცხადად, როგორც ჩვენი მაძაგებელნი და შეურაცხმყოფელნი, და არავინ გვიზამს ცუდს, როგორც ჩვენი მაქებელნი.
- მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელთ, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმიდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? - იმათმა მკვლელებმა. ვინ მიუბოძა წმიდა სტეფანეს ესოდენი დიდება? - მათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს.
- ისინი, ვინც მიხვდნენ თავიანთ სიგლახაკეს და ადანაშაულებენ თავს, შეუსრავენ ბოროტ სულებს, ეშმაკებს, როგორც თქვეს წმიდა მამებმა: „შთა-თუ-ხდეს სიმდაბლე ჯოჯოხეთად, ზეცად ამაღლდების და აღ-თუ-ხდეს ამპარტავნება ცამდე, ჯოჯოხეთად შთავალს“.
- ვისაც სურს ჭეშმარიტი გზით სვლა, შფოთის ჟამს ძლიერად აყვედრის თავის თავს და ეტყვის: რატომ ბორგავ სულო ჩემო? რას გაცოფებულხარ, როგორც ეშმაკეული? ამით აცხადებ შენს ავადმყოფობას. შენ რომ ავად არ იყო, არც გული მოგივიდოდა. რისთვის დაგიტოვებია საკუთარი თავის ბრალობა და აბრალებ ძმას? იმისათვის, რომ საქმით დაგანახა შენი სნეულება? ისწავლე ქრისტეს მცნებანი, რომელსაც შეურაცხყოფდნენ და დუმდა, გვემდნენ და არარას მიაგებდა სანაცვლოდ. არ გესმის რას ამბობდა ის და საქმით რას აჩვენებდა?: „ბეჭნი ჩემნი მივჰსცენ ცემად და ღაწვნი ჩემნი ყვრიმლის ცემად. ხოლო პირი ჩემი არა მივიქციე სირცხვილისაგან ნერწყვთასა“ (ეს. 50, 6). შენ კი, საწყალობელო სულო ჩემო, მცირედი შეგინებისა და შეურაცხყოფისათვის ზიხარ და ბოღმას იტრიალებ გულში, და ებრძვი შენს თავს როგორც ეშმაკნი. რას უზამდნენ დემონები ასეთ სულს იმაზე მეტს, რასაც თვით უკეთებ საკუთარ თავს? საკვირველია, ქრისტეს ვნებათა შესახებ ვკითხულობთ ყოველდღე, რამდენი დაითმინა მან ჩვენთვის და ჩვენ კი მცირედი შეურაცხყოფაც ვერ აგვიტანია. ჭეშმარიტად აცდნილნი ვართ მართალი გზიდან.
- სასწაული სოფლის დატევებისა ისაა, რომ არაფრისათვის აღარ ვშფოთავდეთ. ისევ მომხდარა, რომ მრავალი განძის მომძულებელს შეყვარებია ერთი ნემსი და მას დაუკავებია განძის ადგილი. რაც მან მიატოვა სოფლად, იგივე გამხდარა მისი შფოთისა და შეძრწუნების მიზეზი. აი, როგორ ხდება ზოგი მონა ნემსისა, ან სამოსლისა, ან წიგნისა და აღარ არის მონა ღვთისა. კარგად თქვა მოციქულმა: „რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ“ (II პეტ. 2, 19). ბერსაც უთქვამს: რამდენი გატაცებაცაა, იმდენივე უფალია.
- ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება. მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბოროტი ვნებები.
- როცა ძმა გვაწუხებს, იმას ჰგავს, უძლურმა ხელმა ან თვალმა რომ შეგვაწუხოს, ამისათვის რომ არ ვიკვეთავთ ხელებს, არც თვალებს ვითხრით, როცა ისინი ტკივილებს გვგვრიან, არამედ გამოვისახავთ პატიოსან ჯვარს მასზე და ვევედრებით ღმერთს, რათა განგვკურნოს და თან წამალსაც ვხმარობთ, რათა მტკივანი ასო განვიკურნოთ. ამრიგად, როგორც ვლოცულობთ თვალისა და ხელისათვის, რათა განიკურნოს, ასეცე უნდა ვილოცოთ ძმისთვისაც. ჩვენ კი ასე როდი ვიქმთ, არამედ ვისწრაფვით ჩვენთვის ახლობელს ბოროტებით გადავუხადოთ.
- სათნოების ქმნის დროს ჩვენ მაშინვე არ უნდა ველოდოთ წარმატებას, იგი სწრაფად არ გვეწვევა, რადგან ეს შეუძლებელია. ხელოვნების მსგავსად თავიდან შესაძლო წარუმატებლობისას არ უნდა მოვიწყინოთ, არამედ გულსმოდგინებით, შრომითა და მოთმინებით უნდა ვიღვაწოთ და კეთილად მოგვხედავს ღმერთი. სწორედ ამაზეა მამა მოსეს მიერ თქმული, რომ სათნოების მომხვეჭი არ უნდა იყოს სულმოკლე. თუ მოხდა და დაეცა, უნდა შეიძინოს საჭირო ძალა და წამოდგეს ფეხზე და კვლავაც იშრომოს.
- ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება, და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა.
- იესო გლახაკი და უძლური კი არ არის, რომ ვერ შეძლოს აქვე მრავალი სიმდიდრის მონიჭება, როგორც მიუბოძა წმიდა მამამთავრებს. თუკი ეცოდინებოდა, რომ ვირგებდით მისგან ბოძებული სიმდიდრისაგან. მაგრამ იცის, რომ მის მიერ მოცემული წყალობა ხშირად გვნებს და ამიტომაც კაცთმოყვარე უფალი გვარიდებს მას, რათა მისგან სრულიად არ წარვწყმდეთ. თუკი იხილავდა, რომ უხვი შეწევნა სასიკეთოდ გვექცეოდა, უშურველად მოგვმადლიდა მეტსაც...ამიტომ არის, რომ ხშირად აბრკოლებს უფალი ჩვენს კეთილ განზრახვას, რამეთუ მან იცის, რომ ის ჩვენთვის ზიანის მომტანია.
- ბედნიერია ის სული, რომელმაც თავისი თავი შეამზადა ღვთიური ნიჭის მისაღებად, ასეთს არასოდეს ტოვებს უფალი და მარადის ეხმარება და იფარავს იმ საქმეშიც კი, რისთვისაც თავისი უმეცრების გამო არ ევედრებოდა უფალს.
- ვერ ვუგებთ ადამიანები ერთამანეთს სიყვარულში, არამედ წარვიწყმიდეთ, გავაუფასურეთ სიბრძნე ჩვენი და ერთმანეთისა აღარა გვესმის, სავსებით დავკარგეთ აზრი. მცირედიც რომ ვიტვირთოთ მოყვასისა მისი მწუხარების ჟამს, როგორც კი გონს მოეგება და იხილავს ჩვენს ერთგულებას მისი განსაცდელისას, სულს დასდებს ჩვენთვის. ასეთია ძალა სიკეთისა.
- აღუგზნებელი და უვნებელი მოიპოვებს ცათა სასუფეველს და დაიდგამს საუკუნო გვირგვინს.
- თუ კაცი ისურვებს, ბოროტებიდანაც ბევრ სიკეთეს შეიძენს.
- სული ღვთის ხატად დაბადებულისა (ადამიანი) უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე მთელი სამყარო თავისი სიმდიდრით.
- „მრავალსა შეშასა შინა იშვების ცეცხლი და სადა არა არს მეორედი გულის წყრომა, მუნ დაყუდნის შფოთი“ (იგავ. 26, 20)...როგორც შეშაა მიზეზი ცეცხლისა და თუ მოაკლდა ცეცხლი ჩაქრება უმალ, ხოლო თუ მასალა ბევრია, ცეცხლი უფრო აღეგზნება. ასევეა ვნებათა მიზეზებიც: თუ ვინმე მოიცილებს ამ მიზეზს, მოუძლურდებიან ვნებებიც.
- როგორც თქვა აბბა მოსემ: სიძვის მიზეზია მაძღრივ ჭამა-სმა, უსაქმურობა და ზედმეტი ძილი, გართობა, ცუდად მეტყველება და კადნიერება, მიდრეკილება ძვირფასად ჩაცმა-დახურვისადმი. თუ ყოველივე ამას მოიკვეთს კაცი, მოუძლურდება თავისთავად ვნება სიძვისა.
- მრისხანების მიზეზნი არიან მიცემა და მოღება, თავისნათქვამობა, სიყვარული მოძღვრობისა და მასწავლებლობისა, თავისი თავის ბრძნად და მეცნიერად შერაცხვა. ვინც ამას მოიკვეთს, მოუძლურდება ასევე ვნება მრისხანებისაც.
- ორმაგი მრისხანებაა მასში, ვისთანაც არ ყუჩდება ვნება, ვინც არ კმაყოფილდება პირველი გაღიზიანებით და ხელახალი შფოთისათვის აღძრავს თავის თავს. თუ კაცს მეორეჯერაც შეემთხვა გულისწყრომა და ვერ შეიკავა სწრაფად თავი, მაგრამ მალე მოეგო გონს და გამოითხოვა პატიება ძმისაგან, რომელსაც განურისხდა, არ იწოდება ორმაგ მრისხანებად. მასში ყუჩდება ბრძოლა, ვინაიდან, როგორც კი შეიგნებს თავის დანაშაულს, ურიგდება მყისვე თავის ძმას და შფოთიც განქარდება და მტერი ვერ ეუფლება მას. ხოლო თუ განრისხებული არ დაადანაშაულებს თავის თავს, ვერ მოერევა გულისწყრომას, არამედ კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს თავს მრისხანებით და წუხს არა იმაზე, რომ განრისხდა, არამედ იმას, რომ არ თქვა იმაზე მეტი, რაც უნდა ეთქვა და განაგრძობს შფოთსა და უკეთურებას, ასეთი იწოდება ორმაგ მრისახენედ, რადგან მასში არ ყუჩდება ვნებები და ფეხს იკიდებს სიძულვილი და უკეთურობა. უფალმა იესო ქრისტემ გვიხსნას ასეთი ბოროტებისაგან და ღირსი გაგვხადოს მშვიდობისა და სიმდაბლისა.
- ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფოთება სამართლიანად გამოაჩინოს ადამიანის თვალში. ვისაც მართალი გზით სვლა გადაუწყვეტია, მრისხანება ყოველთვის უცხო უნდა იყოს მისთვის.
- თუ დავთესეთ ჩვენს გულებში თესლი სიმდაბლისა და სიმშვიდისა, მტერი ვერ ჰპოვებს ადგილს მათში ღვარძლის ჩასათესად. ხოლო თუ ის ჩვენში იპოვის სიკეთის ნაკლებობას და მიზეზს, რათა აღასრულოს თავისი ნება, ეცდება ჩვენზე ბოროტი ნების გავრცელებას. ხოლო თუ იხილა უფალმა მოწყურებული სული საუკუნო ცხოვრებისათვის, მისი კეთილი მოქმედება და კეთილი ნება, მაშინ აკურთხებს მას, მიუბოძებს ღვთიურ მადლს და აღივსება ჩვენი სული ნიჭიერებით.
- თავად ქონება კი არ არის მავნებელი, არამედ ამ ქონებას დამონებული გონება და სიყვარული ქონებისა. თუკი სულს უყვარს ღმერთი, დანარჩენი მისთვის ყოველივე არარაობაა. ამიტომაც ამბობდნენ წმიდა მამანი: სანამ კაცს გულში აქვს სიტკბოება ამ სოფლისა, ვერ ექნება სიტკბოება ღვთისა. და თუკი შეიგრძნობს სიტკბოებას უფლისას, შესძულდება მას ყოველივე სიკეთე ამ ქვეყნისა. ამიტომაც წერია სახარებაში: „ვერ ვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად“.
- და, როგორც უცხო მგზავრს არა აქვს ნება დაუკითხავად სხვის სენაკში შესვლისა სახლის პატრონის ნებართვის გარეშე, ასევე ეშმაკს, ვერ ძალუძს ჩვენში შემოსვლა, ჩვენი ნების გარეშე. ამიტომაც უნდა მხურვალედ ვევედროთ უფალს, რათა მოგვცეს ძალი წინააღმდეგობისა და მტრის მოგერიებისა, რისთვისაც უნდა მივმართოთ მას შემდეგი ლოცვითა: „უფალო, ვითარმე გპოო შენ, მე არა უწყი, არამედ პირუტყვ ვარ, არამედ შენ უწყი, რომელმან ეგე მომიყვანე წესსა ამას ცხოვრებისასა. შენ უფალო, მაცხოვნე მე, რამეთუ მე მონა შენი ვარ, დაღაცათუ უხმარ ვარ და ძე მხევლისა შენისა. უფალო, მაცხოვნე მე და მიძღოდე მე ნებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მწყალობელი სულთა მათ მონანულთა, და შენი არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“+