შინაარსზე გადასვლა

ირაკლი ღარიბაშვილი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ირაკლი ღარიბაშილი-დან)
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად. 2021 წლის 22 თებერვლიდან არის საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

თანამემამულენო, ყველას მოგესალმებით. მოგეხსნებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე ჩემი ყველა ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ. ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად.
ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე. ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვირდდა მშვიდობა და სტაბილურობა. კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი, თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული უპრეცედენტო და საავტორო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის.
ჩვენ, ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს. გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.
დღეს, ისე როგორც არასდროს ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე. საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის.
მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე დროული წასვლით პოლიტიკიდან. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინსიტრობა, თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ საშუალება, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო, სწორედ ჩვენმა გუნდმა, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა მაგალთს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს. რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას.
თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენ მომავალ პრემიერ-მინისტრს. პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ჩვენს ძვირფას ხალხს. მე მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს მათი თანამშრომლობის და თანადგომისთვის. ყველას, ვინც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.
მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ნუნუკას. ასევე ჩემს შვილებს, ნიკოლოზს, ანდრიას და გაბრიელს. სწორედ ნუნუკას თანადგომის გარეშე მე ვერ შევძლებდი მეკეთებინა ასეთი ძვირფასი საქმე, ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური. ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო. ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხით. ამიტომ, მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი, ამაყი ხალხის მფარველი.

  ციტატის წყარო: 2015 წელს გაკეთებული განცხადება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ


  •  

ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლისა და წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. თუნდაც, ბაზრების გახსნა. აი, რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და ვესაუბრე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული. მისი კმაყოფილება გაგვიზიარა მან და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი, კილოგრამი ატამი. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული.

  ციტატის წყარო: საგარეჯოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას გაკეთებული განცხადება


  •  

პირდაპირ ვთქვათ, რომ უკვე 30 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ, გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ არაერთი ფასადური რეფორმისა და ფასადური განახლების მომსწრენი გავხდით და დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით ჩადენილი მიზანმიმართული ქმედებაა. ვფიქრობ, სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომელიც ათწლეულებია, აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ასეთი მითია, სუსტი და მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში არსებობს. პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის, არც ამერიკა და არც ევროპა ამ გზით არ განვითარებულა.

  ციტატის წყარო: პარლამენტისთვის სამთავრობო გეგმის წარდგენა. 2021 წლის 22 თებერვალი.


  •  

მინდა გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი ე.წ. აღლუმის. ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, ზოგადად, სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა, ჩატარდეს განსსხვავებული აზრის გამოსახატად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს.
შევახსენებ საზოგადოებას, რომ 5 ივლისამდე, 3 დღის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ კვირეულს. არავითარი შეფერხება, აგრესია არ ყოფილა. პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია, მაგრამ როდესაც 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანტდისტული-მარშისტული აღლუმის ჩატარების, ამას მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ.
ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვართ იძულებული, ამას ანგარიში გავუწიოთ. ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში.

  ციტატის წყარო: მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებული განცხადება „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით. 2021 წლის 12 ივლისი.


  •  

ეს ე.წ. ლგბტ კვირეული დაანონსებული იყო მანამდე და ეს საზოგადოება და ორგანიზატორები მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იყვნენ პოლიციასთან. პოლიციამ თავიდანვე სრული უსაფრთხოება უზრუნველყო მათთვის, თავისუფალი შეკრების უფლება, რაც არის კონსტიტუციური უფლება ნებისმიერი ადამიანის და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მიუხედავად მცდელობისა, ჩატარდა ეს აქცია. შემდეგ 2-3 ივლისს, ლისის ტბაზე გამოუყო ლოკაცია და პერიმეტრი იყო დაცული. პოლიციამ მთელი ამ დღეების განმავლობაში ეუბნებოდა, რომ არ ჩაატაროთ რუსთაველზე ლგბტ მარში, იმიტომ, რომ არ ჩატარებულა თბილისში აღნიშული და ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს - 85-90% არის წინააღმდეგი ასეთი დემონსტრაციული მარშების - არ არის საჭირო. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, ტრადიციული საზოგადოება ვართ. 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი - სხვა ღირებულებები გვაქვს. ამით მე კი არ ვეწინააღმდეგები განსხვავებული, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ადამიანს თავისი უფლება აქვს. ჩვენ ვიყავით ის ხელისუფლება, რომელმაც დაიცვა ეს ადამიანები არაერთგზის, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ, როცა უვიზო რეჟიმს ვიღებდით და მაშინ საჭირო იყო ამის გაკეთება. არცერთ მოქალაქეს არ აქვს პრობლემა ათასი ადამიანი დადის ქუჩაში. ზოგი ასეთია, ზოგი - ისეთი.
მაგრამ როცა ამას პროპაგანდის ხასიათს აძლევ და იწვევ საზოგადოებას და პროვოკაციულ ხასიათს იძენს ეს ყველაფერი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია მეგობრებო, ეს შეიცავს დიდ საფრთხეს და რისკებს და მაშინ ერთ მხარეს დგას უფრო დიდი ინტერესი - საზოგადოების უსაფრთხოება, წესრიგი და მშვიდობა და მეორე მხარეს - ადამიანების და მათ შორის ლგბტ საზოგადოების ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ, არის მათი უფლება, რომ გაიარონ. ჩვენ ვუთხარით, რომ არ შეიძლება მეგობრებო და გთხოვთ, რომ იგივე ლოკაციაზე, ლისის ტბაზე მიბრძანდით და ჩაატარეთ ეს შეკრება 5 ივლისს. არ გაიზიარეს. მთავარს გეტყვით - მე ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრები თითქმის დათანხმებულები იყვნენ, პოლიციას დაეთანხმნენ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ. თქვენ მაშინ გახსოვთ, როგორი რეაქცია იყო ეკლესიის და საზოგადოების და დაანონსდა, რომ 5 საათზე იქნებოდა დიდი შეკრება და მშვიდობიანი ლოცვა. ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ არ შეიძლება ხალხნო ამის გაკეთება. 3500 პოლიციელი გამოვიდა ყველა ლოკაციაზე გაიშალა და დილით მოხდა ის, რაც მოხდა - უბედურება.
„სირცხვილიას“, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა რა იყო იმ დღეს, რა უნდა მომხდარიყო - კულმინაცია მოხდებოდა 5 საათზე, როცა დაანონსებული იყო ეკლესიის მხრიდან მშვიდობიანი მანიფესტაცია და ლოცვა. თუ გაივლიდნენ იქ ლგბტ თემის წარმომადგენლები, იქ მოხდებოდა უბედურება, ვერ გაარჩევდი იქ, ვინ, ვინ არის, ვინ პროვოკატორი, ვინ შეგზავნილი და ა.შ. და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება. გათვლა გავაკეთეთ და პირდაპირ პროტოკოლში უწერიათ - როცა საფრთხე მომატებულია, პოლიციამ უნდა იხელმძღვანელოს იმის და მიხედვით, რომელი უფრო დააზღვევს რისკს და არ შეუქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას და წესრიგს საფრთხეს. ახლა რაც შეეხება დილით განვითარებულ მოვლენებს - პოლიცია იყო გამოშლილი, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს და მაშინ მოვისმინე ბატონი გომელაურის ბრიფინგი. 3500 პოლიციელი იყო მთელი ქალაქის მასშტაბით გამოსული. დილით არ მოელოდნენ. გამოვიდნენ ანტი-დემონსტრანტები, ლგბტ-ს მოწინააღმდეგე მხარე და დილით დაიწყეს მათი ძებნა, როდესაც არავინ იყო ქუჩაში. 18:00 საათზე უნა გამართულიყო ლგბტ მარში. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ დილით 10:00 საათზე მოხდებოდა რაღაც უბედურება, არ არსებობდა. ჟურნალისტებთან მოხდა ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი და მე დავგმე იმავე დღეს და ახლაც მინდა გავიმეორო - არ შეიძლება ჟურნალისტების და ოპერატორების წინააღმდეგ ასეთი ძალადობის ჩადენა. ჩვენ ყველა მოძალადე მეორე დღეს დავსაჯეთ - 30 კაცია დაჭერილი და დასჯილი.
მე განცხადება გავაკეთე 11:00 საათზე. იგივე განცხადებას გავაკეთებ დღესაც და ყოველთვის. მე ასე მჯერა, რომ ეს შეიცავს საფრთხეს. 10:30 საათზე უკვე დაიწყო შეტაკება. აქ რა შუაშია ღარიბაშვილის წახალისება და ძალადობა, ეს ხომ მოგონილი ფაქტია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პირიქით, სიმშვიდისკენ მოვუწოდე და გავაფრთხილე ეს ადამიანები, რომ მზადდებოდა პროვოკაცია და არ გამოსულიყვნენ ქუჩაში. ეს იყო მიზანი იმისა, რომ შეტაკება მომხდარიყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ეს იყო სააკაშვილის პროვოკაცია.

  ციტატის წყარო: „რუსთავი 2-ისთვის“ მიცემული ინტერვიუ. 2021 წლის 17 სექტემბერი.


  •  

მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა.
ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში.
ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.
მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ.
რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს.
ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა.
ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.
შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.
აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.
ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას.
ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის მხედრიონის აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო. ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა. სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად.
ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ. უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა.
სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ - გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს.

  ციტატის წყარო: ღია წერილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თაობაზე, 2021 წლის 6 ოქტომბერი


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]