შინაარსზე გადასვლა

ალბერ კამიუ

ვიკიციტატიდან
ალბერ კამიუ

ალბერ კამიუ (ფრანგ. Albert Camus; დ. 7 ნოემბერი, 1913 — გ. 4 იანვარი, 1960) — ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957).

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები თუ გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან, აქ გაზაფხული ბაზარში იყიდება.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 5.

  •  

დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 70.

  •  

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე თავაუღებლად მუშაობს, სიღატაკე, გაცუდებული მომავალი, საღამოობით დუმილი მაგიდის გარშემო; ასეთ სამყაროში ვნებისათვის ადგილი არ მოიძევება.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 70.

  •  

ხდება ხოლმე, დიდხანს იტანჯები და არც კი იცი.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 70.

  •  

ცხოვრების თავიდან დაწყებისათვის სულაც არ არის საჭირო, ბედნიერი იყო.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 70.

  •  

სიბრალული გღლით, როდესაც ის არაფრის მაქნისია.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 78.

  •  

აბსტრაქციას რომ ეომო, რაღაც საერთო უნდა გქონდეს მასთან.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 78.

  •  

კვირა დილას, მაგალითად, ზღვაში ბანაობა სერიოზულ მეტოქეობას უწევს მესას.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 80.

  •  

განაწამებ გულს ყველაზე მეტად ისა სწადია, გამუდმებით ფლობდეს საყვარელ არსებას, ან არადა შეძლოს განშორების ჟამს უსიზმრო ძილში დანთქას იგი და არ გააღვიძოს, სანამ მათი შეყრის ჟამი არ ჩამორეკს.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 95.

  •  

სწორედ ტანჯვაში ეჩვევა ადამიანი სიმართლეს.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 100.

  •  

სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 110.

  •  

თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდაუნებურად ხოტბას ვასხამთ ბოროტებას.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 112.

  •  

ქვეყნად არსებული ბოროტება ყოველთვის უვიცობითაა გამოწვეული და კეთილ ნებას თითქმის ისეთივე ზიანის მოტანა შეუძლია, რაც ბოროტებას, თუკი მას ცოდნის შუქი არ ეფინება.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 112.

  •  

ადამიანები მეტ-ნაკლებად უვიცები არიან და სწორედ ამას უწოდებენ სათნოებას ან მანკს, ხოლო ყველაზე საშინელი მანკი უცოდინარობაა, რომელსაც თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია და თავს მკვლელობის ნებას აძლევს.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 112.

  •  

მკვლელის სული ბრმაა და ხილვის სრული სიცხადის გარეშე არც ჭეშმარიტი სიკეთე არსებობს და არც მშვენიერი სიყვარული.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 113.

  •  

არა, სხვა გზა არ არსებობს, უნდა გიყვარდეს, ან მოკვდე სხვებთან ერთად. ისინი კი მეტისმეტად შორს არიან.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 119.

  •  

ქვეყნად არაფერი ღირს იმად, რომ ზურგი აქციო, რაც გიყვარს.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 177.

  •  

როცა უცოდველობას თვალები აქვს დახრილი, ქრისტიანმა ან რწმენა უნდა დაკარგოს, ან თვითონაც თვალდახრილის ხვედრს დამორჩილდეს.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 194.

  •  

ადამიანთა ყველა უბედურება იქიდან მოდის, რომ ნათლად ვერ გამოუთქვამთ სათქმელი.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 215.

  •  

- თუ იცით, რა გზას უნდა დაადგეს ადამიანი, სულის სიმშვიდე რომ ჰპოვოს?
- თანაგრძნობის გზას.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 216.

  •  

რა მძიმე უნდა იყოს სიცოცხლე მხოლოდ იმის ამარა, რაც ვიცით და რაც გვახსოვს, თუკი მოკლებული ვიქნებით იმას, რისი იმედიცა გვაქვს.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 245.

  •  

არ არსებობს სულის სიმშვიდე იმედის გარეშე.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988. გვ 253.

  •  

თუკი ამ ქვეყნად არსებობს რაღაც, რისკენაც მუდამ უნდა მიელტვოდეს კაცი და რასაც ზოგჯერ მოიხელთებენ კიდეც - ეს ადამიანური სინაზეა.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

ქალაქის გასაცნობად საჭიროა სცადო გაიგო თუ როგორ შრომობენ აქ, როგორ უყვართ და როგორ კვდებიან.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

ადამიანი დიდ უბედურებას ვერ ეთვისება, ამიტომ თავს ირწმუნებს, უბედურება არარეალურია, ეს ცუდი სიზმარია და ქარს გაჰყვებაო, მაგრამ ყოველთვის როდი ქრება, და ამ სიზმრებში ქრებიან ხოლმე ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანისტები.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან რომ უყვართ.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

სისულელე მუდამ გამძლეა.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

ომგამოვლილსაც კი გვიჭირს თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილის წარმოდგენა.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

კაცს ყველაფერში შეუძლია ნახოს ჭკუის სასწავლი რამ. ყველაზე ძნელი გამოცდაც კი სიკეთედ მობრუნდება.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

ადამიანის სიკვდილი მხოლოდ მაშინ გზაფრავს, როდესაც მას უშუალოდ ხედავ.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

ჭირს ყველა თავის თავში დაატარებს იმიტომ, რომ ქვეყნად არავინაა, დიახ, არავინაა მისგან დაზღვეული.

  ციტატის წყარო: „შავი ჭირი“, გამომცემლობა „მერანი“ 1988.

  •  

ადამიანური დიდება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, გიყვარდეს თავდავიწყებით, უსაზღვროდ.

  ციტატის წყარო: ქორწინება; ზაფხული (1938)

  •  

ამქვეყნიური უბედურებებით სავსე პანდორას ყუთიდან ბერძნებმა ყველაზე ბოლოს კაცობრიობის უსაშინლესი მტერი, იმედი ამოუშვეს. იმედი, საყოველთაოდ აღიარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მორჩილებას გულისხმობს, სიცოცხლე კი სულაც არ გახლავთ მორჩილება.

  ციტატის წყარო: ქორწინება; ზაფხული (1938)

  •  

არავის უთქვამს, რომ ბედნიერება განუყოფელია ოპტიმიზმისგან.

  ციტატის წყარო: ქორწინება; ზაფხული (1938)

  •  

სამყარო უკეთ რომ შეიცნო, ზოგჯერ მას ზურგი უნდა შეაქციო, ადამიანებს უკეთ რომ ემსახურო, ცოტა ხნით უნდა განმარტოვდე.

  ციტატის წყარო: ქორწინება; ზაფხული (1938)

  •  

ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ. მაგრამ დრო და დრო იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარ.

  ციტატის წყარო: ქორწინება; ზაფხული (1938)

  •  

ადამიანს ორი ხასიათი აქვს, საკუთარი და ის, რომელსაც ცოლისგან შეიძენს.

  ციტატის წყარო: ქორწინება; ზაფხული (1938)

  •  

ჩამციებიან, გინდა თუ არა, აგვიხსენი, ვინ ხარო. ჯერ არაფერი, ჯერ არავინ.

  ციტატის წყარო: ქორწინება; ზაფხული (1938)

  •  

ზღვა მიდის და რჩება... სიყვარულიც ასეთია, ერთგული და წარმავალი. მე ზღვასთან ვქორწინდები.

  ციტატის წყარო: ქორწინება; ზაფხული (1938)

  •  

სამყაროში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.

  ციტატის წყარო: სიზიფეს მითი (1942)

  •  

მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ღირს თუ არა ეს ცხოვრება იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი.

  ციტატის წყარო: სიზიფეს მითი (1942)

  •  

ისეც ხდება, რომ არსებული დეკორაციები ინგრევა. გაღვიძება, ტრამვაი, ოთხი საათი სამსახურში ან ქარხანაში, ჭამა, ტრამვაი, ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ეს უცვლელი რიტმი მეორდება დროის უმეტეს ნაწილში. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა - რატომ? და ყველაფერი ამ გაკვირვებით შეფერადებული დაღლილობით იწყება.

  ციტატის წყარო: სიზიფეს მითი (1942)

  •  

დაღლილობა თავს მექანიკური მოქმედებების ბოლოში იჩენს, მაგრამ ის ამავე დროს ბიძგს აძლევს ცნობიერებას. გაგრძელება ან გაუაზრებელი მოქმედებების ჯაჭვში მიბრუნებაა, ან საბოლოო გამოფხიზლება. გამოფხიზლების შემდეგ ვღებულობთ შედეგს: ან თვითმკვლელობა, ან მწყობრში ჩადგომა. თავისთავად, დაღლილობაში არის რაღაც ამაზრზენი. ამ შემთხვევაში კი, უნდა დაასკვნა, რომ ის სასარგებლოა, რადგან ყველაფერი გაცნობიერებით იწყება და მის გარეშე არაფერს აქვს ფასი.

  ციტატის წყარო: სიზიფეს მითი (1942)

  •  

არასოდეს ამოივსება უფსკრული, რომელიც არსებობს იმ რწმენას შორის, მე რომ მაქვს ჩემს არსებობაზე და იმ შინაარსს შორის, მას რომ მინდა მივანიჭო.

  ციტატის წყარო: სიზიფეს მითი (1942)

  •  

სურვილი პარადოქსების შექმნას ნიშნავს.

  ციტატის წყარო: სიზიფეს მითი (1942)

  •  

თუ მე უდანაშაულო ადამიანს ბრალს დავდებ საშინელ დანაშაულში, თუ ზნეკეთილ ადამიანს იმის მტკიცებას დავუწყებ, რომ საკუთარი დის მიმართ ავხორცი გულისთქმა აქვს, ის მიპასუხებს, რომ ეს აბსურდია... მეც საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ აბსურდულობის შეგრძნება ჩნდება არა ფაქტის უბრალო შესწავლით ან მიღებული შთაბეჭდილებით, არამედ ის შემოიჭრება ფაქტობრივ რეალობასა და გარკვეულ რეალობას, მოქმედებასა და ამ მოქმედების მიღმა არსებული სამყაროს შედარების შედეგად. აბსურდი, ძირითადად, განხეთქილებაა. იგი არც ერთ შედარებულ ელემენტში არ დევს. აბსურდს მათი დაპირისპირება წარმოშობს. ინტელექტის თვალთახედვით შემიძლია ვთქვა, რომ აბსურდი არ არის ადამიანში, არც სამყაროში, არამედ - მათ ერთობლივად არსებობაში.

  ციტატის წყარო: სიზიფეს მითი (1942)

  •  

თქვენც უთუოდ მოგეხსენებათ, რომ ყველა ინტელიგენტი განგსტერობაზე ოცნებობს და სურს საზოადოებაზე ძალით იბატონოს. მაგრამ რაკი ეს ისე ადვილი არაა, როგორც განგსტერული რომანების მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, უმეტესწილად პოლიტიკას მიმართავენ ხოლმე და ყველაზე უფრო მძვინვარე პარტიაში ეწერებიან.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

მომხიბვლელობის ძალა, ხომ იცით, რა დიდია: თანხმობას მანამ გეუბნებიან, სანამ გარკვევით ითხოვდე რამეს.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

ეჰ, მეგობარო, რა გონებაშეზღუდულნი არიან ადამიანები. ყოველთვის ჰგონიათ, რომ კაცი თავს მარტო ერთი რამის გულისთვის იკლავს. განა არ შეიძლება, თავს ორი, ან სამი რამის გამო იკლავდე? არა, ეს წუთითაც არ მოუვათ ფიქრად... როცა დავიხოცებით, ჩვენი სიკვდილით ისარგებლებენ და ჩვენს საქციელს რაღაც სულელურ საბაბს გამოუნახავენ.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

უთუოდ ფიქრობდნენ, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერი კაციაო. ამას კი არავინ გაპატიებს. ბედის მადლიერი კაცის იერი თუ გაქვს, ვირები ცოფდებიან.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

ყველა იჩქარის, სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

ყველანი გამონაკლისები ვართ. ყველას რაღაცის გასაჩივრება სურს! ყველას სწადია, უცოდველად ჩათვალონ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თუნდაც ამისთვის ცისა და მიწის დადანაშაულება მოუხდეს.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

რაც მთავარია, ნურასდროს ენდობით მეგობრებს, როცა გთხოვენ, გული გადაგვიშალეთო. ისინი მხოლოდ იმას იმედოვნებენ, რომ განუმტკიცებთ იმ კეთილ რწმენას, საკუთარ თავზე რომ აქვთ და საამისოდ კიდევ ზედმეტ საბუთს მისცემთ, რაკი გულის კარს გაუღებთ.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

უთუოდ მოგეხსენებათ, რომ იმათ, ვინც გვჯობიან, იშვიათად გავენდობით ხოლმე. მათთან ყოფნას ხშირად გავურბივართ კიდეც. და პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, აღსარებას იმას ვეუბნებით, ვინც ჩვენი მსგავსია და ჩვენი ნაკლიც სჭირს. მაშასადამე, გამოსწორება კი არ გვწყურია, გვინდა ჩვენი განსჯისას ჩვენი სისუსტე გაითვალისწინონ. მხოლოდ იმას ვნატრობთ, შეგვიბრალონ, გაგვამხნევონ და გზა დაგვილოცონ.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

თქმა არ უნდა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული გამონაკლისია: საუკუნეში ერთს ან ორს თუ შეხვდება კაცი. სხვა დანარჩენი კი პატივმოყვარეობა, ან მოწყენილობაა და მეტი არაფერი.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

ჩვენში დარჩეს და მონობა, უპირატესად მომღიმარე, აუცილებელია. მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ იქნება. თუკი მონების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, განა არ სჯობს, ამ მონებს თავისუფალ მოქალაქეებს ვუწოდებდეთ? ჯერ ერთი, პრინციპის გულისთვის, მეოერეც, იმიტომ, რომ ხალხი სასოწარკვეთილებაში არ ჩავაგდოთ. განა ამ საზღაურის ღირსნი არ არიან? ასე სიცილ-სიცილით მოგვემსახურებიან და ჩვენც სუფთა გვექნება სინდისი.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

ღმერთი ამდენს როდი ითხოვდა, მეგობარო. მას უნდოდა, გვყვარებოდა, ესაა და ეს.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

როცა ყველანი დამნაშავე ვიქნებით, დემოკრატიაც დამყარდება.

  ციტატის წყარო: დაცემა (1956)

  •  

სიცოცხლეს მეტი ძალისხმევა და ვაჟკაცობა სჭირდება, ვიდრე თავის მოკვლას.

  ციტატის წყარო: ბედნიერი სიკვდილი

  •  

როდესაც საქმე ეხება ხელოვნებას, აუცილებელია, იცოდე როდის გაჩერდე, როდის დასვა წერტილი, როდის დგება წამი, როცა მოქანდაკემ აღარ უნდა შეახოს საჭრეთელი ქანდაკებას. ამ დროს, შეუცნობელი ნება უფრო მეტ სამსახურს უწევს ხელოვანს, ვიდრე გაცნობიერებულად ნათელჭვრეტა

  ციტატის წყარო: ბედნიერი სიკვდილი


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ალბერ კამიუ