შინაარსზე გადასვლა

აკაკი წერეთელი

ვიკიციტატიდან

აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე) — ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ!.. სიცოცხლეში ვატირებთ, რომ მოკვდება, ვიტირებთ!..“

  •  

თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.

  ციტატის წყარო: “პოეტი”

  •  

„საუკუნეების განმავლობაში, დიდი თუ პატარა, ყველა იმას ეწაფებოდა; კაცები ტარიელ-ავთანდილს ჰბაძავდნენ, ქალები ნესტან-თინათინობას ცდილობდნენ, მეფე და კარისკაცები ─ როსტევან-სოგრატობაზე სდებდნენ თავს, მსახურნი შერმადინობდნენ და მოახლე-გამდელები კი ასმათობას ჩემობდნენ.“

  ციტატის წყარო: ბაში-აჩუკი

  •  

- შენ რომ აკაკი არ იყო, ვინ გინდა იყო?
- მაინც აკაკი.

  ციტატის წყარო: იონა მეუნარგიას ბლიცინტერვიუ

  •  

მარტო შენს თავზე ნუ ზრუნავ,
სხვებიც გახსოვდეს მარადა,
შრომა აიღე მახვილად
და მოთმინება ფარადა!

  •  

სიცილი ბევრჯელ ცრემლზედ მწარია!

  ციტატის წყარო: „მუხამბაზი“. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია, გამომც. მერანი, 1980, თბილისი. გვ. 223

  •  

„ზეპირსიტყვაობა არის სარკე ჩვენი წარსულისა, როგორც ხორციელი, ისე სულიერი ცხოვრების. ის არის მალამო, სულის ჩამდგმელი! მისი დაკარგვა, დავიწყება ჩვენი სიკვდილია და თუ სიკვდილი არ გვინდა, უნდა მივეშველოთ და მოვუაროთ.“

  •  

„მხოლოდ პირუტყვი ივიწყებს წარსულს, არ ფიქრობს მომავალზე და მარტო აწმყოთია კმაყოფილი.“

  •  

ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლილა თავის მძორს.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.

  •  

ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.

  •  

პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს - მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება.

  •  

იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს, სადაც ეკალი სთესია?

  •  

პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.

  •  

ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო.

  •  

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მე ლექსებს ვწერ, სხვა ხელობა არა მაქვს რა და ერთხელაც არ მახსოვს, რომ ღმერთი დამლაპარაკებოდეს!

  •  

საქართველოს კარგად ვიცნობ, მომივლია კიდით კიდე

  •  

მაშ ნუ გწყონს, გულო, კაცთაგან გმობა, ხელი გეძახონ, ნუ გენაღვლება

შენ კი დაადექ შენს წმინდა აზრსა და აღასრულე დანიშნულება

  ციტატის წყარო: „საბრალო გული“

  •  

თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხების შვილებთან ერთად ვიზრდებოდი

  ციტატის წყარო: ჩემი თავგადასავალი

  •  

ჩემ ხანგრძლივ ცხოვრებაში საპირადო, კერძოსა და წვრილმანებში უხასიათობა გამოვიჩინე, მაგრამ დიდისა და საზოგადოებრივისათვის კი ჩეს დღეში არ მიღალატებია

  •  

ორად განიყოფება რუსეთის ერი, ერთი უდიდესი ძირეული ნაწილი შეადგენს „ივანეს“ რუსეთს და მეორე, უმცირესი კი „პეტრესას“ ... აი ამ პეტრეს რუსებს აქვს თავისი ლიტერატურა, რომელიც ბრმა მიბაძვაა ევროპიულისა. იმაში ნამდვილი ნაციონალური არა იხედება რა, ის ივანეს რუსებისათვის გაუგებარია. ეს შენიშნეს სლავიანოფილებმა და მოინდომეს ამ მონობიდან გამოსვლა... მაგრამ ხშირად იმათაც გამხმარი ტალახი მარმარილოს იატაკი ჰგონიათ ხოლმე. მოვა დრო, რომ როგორც პირველები, ისე მეორეების ლიტერატურასაც ბოლოს მოუღებს ნაციონალური ლიტერატურა და დაადგება თავის ბუნებრივ გზას. - აი ამ მიბაძვით და ცრუ ლიტერატურის გავლენის ქვეშ არიან ჩვენი (ე.ი. ქართველი) მწერლები და მათი მწერლობა დღეს

  ციტატის წყარო: მცირე რამ შენიშვნები, „დროება“, N109 1878 წ.

  •  

ის ხალხი, რომელმაც წარმოშვა ვახტანგ გორგასლანი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, დიდი მოურავი, მთაწმინდელები, პეტრიწი, რუსთაველი და სხვა მსოფლიო გმირები, კიდევ წარმოშობს იმისთანა გმირს, რომელიც თქვენ გესაჭიროებათ და რომელსაც მსოფლიო მოელის — 1911 წ, თელავში ჭადრის ქვეშ წარმოთქმული სიტყვიდან

  •  

თქვენ ეძებს სწორ გზას, გინდათ გყავდეთ წინამძღოლი - ის გმირი, რომელმაც უნდა გასწყვიტოს ჯაჭვი და აუშვას ამირანი, სხვა არის, ის მოგევლინებათ ახალი მოდგმისაგან. მოევლინება საქართველოს მისი შესაფერი გმირი, რომლის ღირსი არ ვარ ხამლი გავხადო ფერხთა მისთა, და თუ მე უბრალო მახარობელს, ურბალო მომაკვდავს ასეთი აღტაცებით მეგებებით, მაშინ რღა იქნება? — 1912 წ, რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობიდან


მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„ხალხი აკაკის დემოკრატობას კარგად გრძნობს და ამიტომ უფრო მხურვალედ უყვარს, თუმცა აკაკი ჩამომავლობით არისტოკრატია.“

  იაკობ გოგებაშვილი

  ციტატის წყარო: აკაკი წერეთლის 50 წლის იუბილეზე

  •  

„გინახავთ აკაკის ღიმილი? ─ შეხედეთ ამომავალ მოჭიატე მზეს ─ აკაკის სიცილიც წარმოგიდგებათ.“

  იოსებ იმედაშვილი

  ციტატის წყარო: “ჩემი ცხოვრების წიგნიდან”