ანტონი დიდი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა ანტონი დიდი
Piero di Cosimo 025.jpg

ანტონი დიდი (კომა, შუა ეგვიპტე, დაახლ. 250-356) — წმინდანად წოდებული ქრისტიანი განდეგილი.

სწავლებანი[რედაქტირება]

  •  

დაინდეთ ერთმანეთი და უფალი დაგინდობთ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 330
  •  

სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც ნებავს, სწორედ იმას განმარტავს სიტყვა.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 32
  •  

თავს ნუ აღიმაღლებ საკუთარი საქმეებით, როგორიც არ უნდა იყოს ისინი.

  ციტატის წყარო: კეთილი საქმეები, ამპარტავნება
  •  

იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 441
  •  

გონება ყველაფერს ხედავს, - იმასაც, რაც ცაშია, - და არაფერი აბნელებს მას, თუ არა მხოლოდ ცოდვა, ხოლო განწმენდილისთვის არაფერია ჩაუწვდომელი, ისევე როგორც სიტყვისთვის - გამოუთქმელი.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 32
  •  

ნუ შეიწყნარებ მათ, ვინც ზომაზე მეტად მოწყალეა, მაგრამ ბოროტთა დასჯაც თვით სიკეთისა და სამართლიანობისთვისაა საჭირო და არა - საკუთარი ვნებისთვის.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 450
  •  

ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 616
  •  

ყველას ნუ გაუმჟღავნებ შენს აზრებს, არამედ მხოლოდ მათ, რომლებსაც შენი სულის მკურნალობა ძალუძთ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 321
  •  

ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს.

  ციტატის წყარო: მეგობრობა, მზაკვრობა
  •  

თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 442
  •  

ისევე როგორც მუცლიდან გამოსულს არ გახსოვს ის, რაც მუცელში იყო, ამგვარადვე სხეულიდან გასულსაც არ გემახსოვრება ის, რაც სხეულშია.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 33
  •  

უგულისყურო და ზარმაცი ლოცვა ამაოდმეტყველებაა.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 224
  •  

ღმერთი დღევანდელ დღეს მტრის ისეთ განსაცდელებს არ უშვებს, როგორიც - უწინ იყო: ვინაიდან იცის, რომ დღეს ადამიანები სუსტები არიან და ამას ვერ გადაიტანენ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 47
  •  

გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 353
  •  

შეიძლება თუ არა, მრავალს რომ მივმართავდე რჩევისათვის?
ყველასადმი კეთილად იყავი განწყობილი, ოღონდ ყველას ნუ გაიხდი მრჩევლად.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 44
  •  

ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს მას, რადგან მეტყველებს ფიქრის გარეშე. მაგრამ განჭვრიტე, რისი ქმნა გარგებს, რომ სული აცხოვნო.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 32


  •  

ადამიანის ნების აღსასრულებლად ღვთის ნებას ნუ უგულებელსჰყოფ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 532
  •  

შეიძლება თუ არა მეგობრობის გამო საღმრთო მცნებების დარღვევა?
არასოდეს მისცე თავს ნება ადამიანური მეგობრობის გამო გარდახდე საღმრთო მცნებებს

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 5
  •  

ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი, მაგრამ მრჩევლად ყველას ნუ გაიხდი.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 321
  •  

ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 597
  •  

ყველა ცოდვა საძაგელია ღვთის წინაშე, მაგრამ ამპარტავნება ყველაზე მეტად.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 459
  •  

ნუ მისცემ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიო ადამიანური ურთიერთობების გამო.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 320
  •  

არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 374
  •  

ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 39
  •  

დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 281
  •  

თუ შეიცნობ შენს თავში უკეთურ საქმეებს, კეთილთა მოლოდინით მოიკვეთე ისინი შენი სულისგან, რადგან სამართლიანია ღმერთი და კაცთმოყვარე.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 42
  •  

როგორია დაუდევრად აღვლენილი ლოცვა–ვედრება?
დაუდევრად, მცონარებით აღვლენილი ლოცვა–ვედრება ფუჭადმეტყველებაა.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 136
  •  

ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 131
  •  

ისევე როგორც მკვდარია სხეული სულის გარეშე, ასევე სულიც გონითობის გარეშე უმოქმედოა და არ ძალუძს მას, რომ ღმერთი დაიმკვიდროს (ე.ი. ღმერთი იწილხვედროს).

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 37
  •  

განწმენდილ და ღვთისმოყვარე სულში მყოფი გონება ჭეშმარიტად ხედავს ღმერთს, - უშობელს, განუჭვრეტელსა და გამოუთქმელს, ერთადერთს წმინდას გულით განწმენდილთათვის.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 41
  •  

წმინდანად იწოდება ის, ვინც განწმენდილია ბოროტებისა და ცოდვათაგან. ასე რომ, სულის უდიდესი წარმატება და ღვთისადმი სათნოყოფა ესაა ადამიანში ბოროტების არარსებობა.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 42
  •  

როგორ მოვეპყრო მათ, ვინც ბოროტს იტყვის ჩემზე?
ბრძენი იყავ და მდუმარებით დაუყავ პირი იმათ, ვინც ბოროტს იტყვის შენზე! არ განურისხდე მათ და არ აგინო.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 5
  •  

მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 39
  •  

შეიძლება თუ არა გულისნადების გამხელა მრავალთათვის?
ყველას ნუ გაუმხელ შენს გულისნადებს, მხოლოდ იმას მიენდე, ვისაც შენი სულის განკურნება შეუძლია.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 4
  •  

ისევე როგორც მუცელში დასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 33
  •  

ღვთისმცოდნენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თავად ამათ მოსწონთ მრავალნი.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 9
  •  

გვეშინოდეს თუ არა ადამიანების?
ყველაზე მეტად ღმერთისა და საუკუნო სატანჯველის გეშინოდეს და ნუ შეგეშინდება ადამიანებისა და მათი ხანმოკლე განბოროტებისა.

  ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 38
  •  

კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს.

  ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 277
  •  

მოკვდავნი უკვდავთ ექვემდებარებიან, უკვდავნი კი მოკვდავთ მსახურებენ, ესე იგი სტიქიონები - ადამიანს. ეს კი ხდება შემოქმედი ღმერთის კაცთმოყვარეობისა და ბუნებითი სიკეთის შედეგად.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 38
  •  

ისევე როგორც მუცლიდან გამოსული უკეთესი და უმჯობესი გახდი სხეულით, ასევე სხეულიდან განწმენდილად და უმწიკვლოდ გამოსული უფრო უკეთესი იქნები და უხრწნელი, ცათა შინა დამკვიდრებული.

  ციტატის წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) გვ. 33


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ანტონი დიდი