შინაარსზე გადასვლა

გალაკტიონ ტაბიძე

ვიკიციტატიდან

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― გ. 17 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

გულო ჩემო მღელვარევ,
სულო ჩემო მყივარო ─
ერთი დღეც არ გქონიათ
მშვიდი, უსატკივარო.

|- |   | ციტატის წყარო: “P. S.”

  •  

რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაიღუპები.

|- |   | ციტატის წყარო: “დღე გაფითრდა იაგუნდის”

  •  

„მე ვფიქრობ, რომ საგნებს აქვთ თავისი მუსიკა და პოეტმა სწორედ მას უნდა მიაგნოს, შესაფერისად აახმიანოს, რასაც შეძლებისამებრ ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ კიდეც.“

  •  

„ფრთები რომ მქონდეს, მზისაკენ გავექანები ზღვის ნავად, ცის კაბადონზე დავსწერდი მსოფლიოს შესახედავად: „გიყვარდესთ!“

|- |   | ციტატის წყარო: “ფანტაზია”

  •  

სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია ─ უპირველეს ყოვლისა!

  •  

„ამას წინათ მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად. ვიწექი საწოლში და კაცი ჩემთან არავინ მოსულა. მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან მარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი. ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არცერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს.“

|- |   | ციტატის წყარო: დღიურის ჩანაწერი, გაკეთებული თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე

  •  

დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..

  •  

უსიყვარულოდ .მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.

  •  

მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ...

  •  

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

  •  

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!

  •  

ცარიელ სუფრაზე როდი ლოცულობენ.

  •  

ღამე ისე სდუმს, როგორც გატენილი თოფი.

  •  

ღამით მინდორზე სძოვს ცხენი, ფაფარი ჯაგებში ეჩრება.

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„გალაკტიონ ტაბიძე, უწინარეს ყოვლისა, სიტყვის მუსიკოსი იყო [...] ქართველი მწერლები კოცნიდნენ მის ცხედარს. არავის წილად არ ხვდომია ამდენი ამბორი გარდაცვალების შემდეგ.“

  — აკაკი გაწერელია

|- |   | ციტატის წყარო: “ლერწამი და გობელენი”

  •  

„ნათქვამია: ადამიანი ისეა, როგორც ხე: რაც უფრო მაღლა მიიწევს, მით უფრო ღრმად ეშვება მიწაში მისი ფესვები. ასეა გალაკტიონიც: ერთის მხრივ, იგი მსოფლიო პოეზიის მწვერვალებისკენ მიიწევს, ხოლო მეორეს მხრივ, სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს ეროვნულ ნიადაგში, სადაც მას თავისი მწვერვალები ეგულება.“

  — მიხეილ კვესელავა
  •  

„როცა რომელიმე ჩვენგანი გაცხარებული ლანძღავს გალაკტიონის ზოგიერთ ლექსს, იგი გალაკტიონს არ ლანძღავს.“

  — ტარიელ ჭანტურია
  •  

„იგი მთელი საქართველოს რჩეული ნაცნობი იყო და ყოველი თბილისელის განუყრელი თანამგზავრი. ყოველთვის ჩვენთან იყო, ჩვენ გვერდით, როგორც რუსთაველის ძეგლი და გამზირი, როგორც მტკვარი, როგორც მთაწმინდა...“

  — ვახტანგ ჯავახიძე

|- |   | ციტატის წყარო: “უცნობი”

  •  

„გალაკტიონი იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, ─ მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო [...] ერთი შეხედვითაც შეატყობდით: სხვა კაცი იყო. როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს „სხვაგან“ იყო მისი მთავარი სავანე.“

  — ვახტანგ ჯავახიძე

|- |   | ციტატის წყარო: “უცნობი”