შინაარსზე გადასვლა

დავით სარაჯიშვილი

ვიკიციტატიდან
დავით სარაჯიშვილი

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1848, თბილისი — გ. 20 ივნისი, 1911, იქვე) — ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„კულტურას მუშაობა ქმნის.“

  ციტატის წყარო: ჟურნალი ”ისტორიანი”, 2015 წლის მარტი, #3/5

  •  

„იცოდე, რომ ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და განსაკუთრებულად შესაფასებელიც. ამიტომ, ჯერ საკუთარი შრომის ფასში გაერკვიე ─ და მერე ის ფასი შესთავაზე დამქირავებელს.“

  ციტატის წყარო: ჟურნალი “გზა”

  •  

„ადამიანი კი არ უნდა იყოს ფულის მონა ─ ფული უნდა იყოს ადამიანის მონა და ემსახუროს მას.“

  ციტატის წყარო: მოძრაობა “კარ.ჯი”

  •  

„ყველგან და ყველაფერში უნდა იყო პატიოსანი ადამიანი ─ ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო მილიონების პატრონი.“

  ციტატის წყარო: ინტერნეტჟურნალი “ამბიონი”

  •  

„შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ფული განგებ დაგიგდონ წინ ─ შენ იგი ჯიბეში კი არ უნდა ჩაიდო, თავის პატრონს უნდა მისცე.“

  ციტატის წყარო: ანდრო მამაცაშვილის მოგონება

  •  

„ყაირათიან ცხოვრებას უნდა შეეჩვიო ─ ყველაფერი კაპეიკებით კეთდება. მთავარია ქონების შეძენა, თორემ მისი დახარჯვა ადვილია. ვინც ადვილად ხარჯავს ─ ვერასოდეს გახდება ქონების პატრონი.“

  ციტატის წყარო: ანდრო მამაცაშვილის მოგონება

  •  

„ბედი დიაცია ─ მდიდარსა და ღონიერს ელაქუცება.“

  ციტატის წყარო: “ცხოვრება და ღვაწლი დავით სარაჯიშვილისა”, 2003 წ.

  •  

„ქართველები რევოლუციის გვარდიად გახდნენ, მაგრამ რევოლუციით ხალხი ვერ იცხოვრებს. ცხოვრებისთვის შრომაა საჭირო ─ რაც ჩვენ არ ვიცით და არც გვინდა ვიცოდეთ.“

  ციტატის წყარო: ჟურნალი ”ისტორიანი”, 2015 წლის მარტი, #3/5

  •  

„ტყუილა ყოფნა კაცს რყვნის და აფუჭებს, უკარგავს ცხოვრების რწმენას, ხალისს, მომავლის იმედს.“

  ციტატის წყარო: ანდრო მამაცაშვილის მოგონება

  •  

„ქართველი ისე შეეჩვია მონობას, რომ ბატონის გამოცვლა განთავისუფლება ჰგონია.“

  ციტატის წყარო: “ცხოვრება და ღვაწლი დავით სარაჯიშვილისა”, 2003 წ.

  •  

„რამდენადაც კაცი ნასწავლია, იმდენად უფრო სასარგებლო საქმეს გააკეთებს. დიდია თუ პატარა, ყველამ უნდა ისწავლოს ─ უსწავლელი კაცი და გამხმარე ხე ერთი და იგივეა.“

  ციტატის წყარო: ანდრო მამაცაშვილის მოგონება

  •  

„მიზანი არაფერია, მთავარია მოძრაობა!“

  ციტატის წყარო: ჟურნალი “გზა”

  •  

„არ მომწონს ქართველების ზენა-ქვენაობა ─ არ უყვართ საქმის საფუძვლიანად შესწავლა.“

  ციტატის წყარო: მოძრაობა “კარ.ჯი”

  •  

„მარქსისტებმა დაივიწყეთ მოძღვრების დედა-აზრი, ეკონომი{კ}ა ხომ პოლიტიკის საძირკველია, თქვენ კი ლამის გადაყვეთ პოლიტიკას. ახლა დროა ეკონომი{კ}ურ ორგანიზაციასაც მიაქციოთ ყურადღება.“

  ციტატის წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

  •  

„აი, ქართველი კაცის ხასიათი ─ ან უსაფუძვლო იმედი, ან უკიდურესი სასოწარკვეთა.“

  ციტატის წყარო: მოძრაობა “კარ.ჯი”

  •  

„კაცს თუ სატკივარი აღმოაჩნდა, თავზე ხელი კი არ უნდა აიღოს ─ წამალი უნდა ეძებოს, რომ თავი მოირჩინოს.“

  ციტატის წყარო: მოძრაობა “კარ.ჯი”

  •  

„რას მიქვიან უშვილობა! განა ყველა ბავშვი ─ მომავლის იმედად აღსაზრდელი, ქვეყნის საკეთილოდ განსაწვრთნელი და განსასწავლი ─ ჩემი შვილები არ არიან?!“

  ციტატის წყარო: ინტერნეტჟურნალი “ამბიონი”

  •  

„ვკვდები... რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდეს...“

  ციტატის წყარო: მწერალთა სახლი


მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„ბატონი დავით სარაჯიშვილი იყო, უპირველეს ყოვლისა, მორწმუნე ადამიანი, რომელიც ფიქრობდა არა მარტო მიწიერზე, არამედ სულის უკვდავებაზე. ამიტომ იყო, რომ ის უხვად გასცემდა თავისი საუნჯიდან ეკლესიებისა და მონასტრების ასაშენებლად; უხვად ეხმარებოდა სტუდენტებს. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჩვენს მეცნიერებს. იგი იყო დიდი მეცნიერი, სწავლული პიროვნება ─ დოქტორი ქიმიისა და ფილოსოფიისა. აი, სწორედ ამ დიდმა სარწმუნეობამ და დიდმა მეცნიერებამ მიიყვანა ის ღმერთთან.“

  ილია II
  •  

„არცერთი საქვეყნო საქმე არ დაწყებულა 30 წლის განმავლობაში ისე, რომ დავით ზაქარიას ძეს თავისი წვლილი არ შეეტანოს, მატერიალური დახმარება არ გაეწიოს ─ გაზეთ-ჟურნალის, წიგნის გამოცემა, სცენის მოყვარულთა, მომღერალთა, მემუსიკეთა და მეცნიერთა გამოზრდა; ეკლესიისა და სკოლის გამშვენიერება, ღარიბ-უძლურთა გაკითხვა, უცხოელ და შინაურ მოღვაწეთა გამასპინძლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება.“

  ალექსანდრე ხახანაშვილი

  ციტატის წყარო: ინტერნეტჟურნალი “ამბიონი”

  •  

„დავითში შეერთებული იყო ფხიზელი გონება და მაგარი ხასიათი. [...] მას არ უყვარდა გრძელი ლაპარაკი, თავის აზრს ხატავდა მოკლეთ, სხარტულათ, ერთი საგნიდან მეორეზე გადადიოდა, მეორედან მესამეზე და რაღაც ხუთი წუთის განმავლობაში იმდენ კითხვას აღძრავდა, იმდენ საგულისხმოს იტყოდა, რომ გაკვირვებული ვრჩებოდი და ეს მუდამ ყოველ ნახვის დროს. მიყვარდა მასთან საუბარი.“

  ნოე ჟორდანია

  ციტატის წყარო: გაზეთი “კოოპერაცია” N3, 1911 წ.

  •  

„მისი ცხოვრება და მოქმედება ყოველთვის მღვიძარეობით და სიფხიზლით არის მორთული. რამდენჯერ მინახამს დავითი დილით ადრე, სოლოლაკიდამ, თავის სახლიდან ვერაზედ თავის ქარხანაში, ფეხით მიმავალი. [...] იგი მცდელია, მშრომელია და დადის ისე და მოქმედებს, რაც მის ჯანისთვის არის კარგი და სასარგებლო.“

  ზაქარია ჭიჭინაძე

  ციტატის წყარო: “მრეწველობა, ვაჭრობა-ხელოსნობა საქართველოში”, 1911 წ.

  •  

„დავით სარაჯიშვილი განსაკუთრებული იშვიათი ბუნების კაცი იყო და აკი მეგობრადაც ჰყავდა დიდბუნებოვანი პიროვნება, დაუვიწყარი დიდი ილია. ილიასთან ერთად დავით სარაჯიშვილს უყვარდა თავის სამშობლო რაღაც საოცარი განსაკუთრებულის გრძნობით.“

  არტურ ლაისტი

  ციტატის წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

  •  

„სარაჯიშვილს, როგორც მრეწველს, თავდაპირველად უნდოდა, რომ ქართველთა შორის ხელოსნობა, მრეწველობა, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა განვითარებულიყო, რადგან ყველა ეს ძლიერ ნელა მიიწევდა წინ. ხშირად პესიმისტურ გუნებაზე დგებოდა და ქართველთა უარყოფით თვისებებზე მიუთითებდა ხოლმე. ამის გამო ილიასა და დავით სარაჯიშვილს ხშირად კამათი მოსდიოდათ, მაგრამ ეს პაექრობა ყოველთვის მშვიდად მთავრდებოდა.“

  არტურ ლაისტი

  ციტატის წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

  •  

„სინამდვილეში, დავით სარაჯიშვილი იყო, ალბათ, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც რეალურ ცხოვრებაში განახორციელა ის, რასაც ილია ჭავჭავაძე თეორიულად მთელი ცხოვრება ქადაგებდა.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: [1]

  •  

„შენს გულში ადგილი ჰქონდა ყველას, მიუხედავად ადამიანთა სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ღირსეულები გიყვარდა და უღირსები გეცოდებოდა. შენ არ იცოდი რაა სიძულვილი, ის არასოდეს ეხებოდა შენს მგრძნობიარე გულს.“

  დავით გურამიშვილი

  ციტატის წყარო: მწერალთა სახლი

  •  

„[...] მხოლოდ იმას შეეძლო როგორც ნივთიერი, ისე ზნეობრივი დახმარების გაწევა. ვისაც დავით ზაქარიას ძე ეხმარებოდა, არა ჰგრძნობდა მოვალეობას, მძიმე უღელს კერძო პირისადმი. მას ვუყურებდით როგორც სამშობლოს წარმომადგენელს, მშობელს.“

  მოსე თოიძე

  ციტატის წყარო: ჟურნალი “მარკეტერი”

  •  

„ქართულ გულკეთილობას + ევროპული საქმიანობა = დავით სარაჯიშვილს.“

  ზაალ სარაჯიშვილი

  ციტატის წყარო: ჟურნალი “გზა”

  •  

„{დავითი} ბავშვური გატაცებით ადევნებდა თვალს სოციალისტური ლიტერატურის ახალ დინებებს და უფრთხილდებოდა აზრს, რათა შეეთავსებინა ის ქართული ყოფა-ცხოვრების პირობებისთვის. განსაკუთრებულ ინტერესს ის იჩენდა საზოგადოებრივი კლასების ეკონომიკური ბრძოლის შესწავლისთვის, რომელიც გართულებული იყო ეროვნული წარმომავლობის სხვაობათა გამო.“

  ალექსანდრე ხახანაშვილი

  ციტატის წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

  •  

„[...] კაბინეტიდან გამოვედი, მაგრამ დავითი თან გამომყვა და მითხრა: - თედო, ხომ არ გიჭირს რამე? მომერიდა, არაფერი მითქვამს, მაგრამ მან ჩემი თხოვნის გარეშე ჯიბიდან ასი მანეთი ამოიღო და ჩუმად მომცა. რამდენიმე თვის შემდეგ ფული მივუტანე და დავუბრუნე, მაგრამ დავითმა არ აიღო და დასძინა: როცა გავღარიბდები და ფული შემომაკლდება, ჩემი ასი მანეთი მაშინ მომიტანეო.“

  თედო სახოკია

  ციტატის წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

  •  

„თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა... მე ამჟამად არ ძალმიძს აღვნუსხო არც დიდი ამაგი განსვენებულისა და არც მისი უმაგალითო ქველმოქმედება. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ განსვენებულს მამისგან დარჩა მცირედი თანხა, და მან ეს თანხა თავისი ცოდნით და მხნეობით მილიონებად გადააქცია... დაბოლოს, მთელი თავისი დიდი ქონება, შეძენილი პატიოსანი გზით და უმწიკვლო მოქმედებით, მან დაუტოვა ქვეყანასა.“

  იაკობ გოგებაშვილი

  ციტატის წყარო: მწერალთა სახლი

  •  

„გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს… შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე.“

  ზაქარია ჭიჭინაძე

  ციტატის წყარო: ჟურნალი ”ისტორიანი”, 2015 წლის მარტი, #3/5

  •  

„ამბობენ, მაგალითს დიდი ძალა აქვს, მაგრამ მაგალითის მიდევნება და მისი გამეორება ძნელია. შესაბამისად, ძნელია გაიმეორო დავით სარაჯიშვილი. მიუწვდომელ მაგალითად მისი დასახვა კი შეიძლება!“

  აკა მორჩილაძე

  ციტატის წყარო: “არტინფო საქართველო”


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]