ექვთიმე თაყაიშვილი

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search
ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი თბილისში

ექვთიმე თაყაიშვილი, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (დ. 1863 წლის 3 იანვარი (სხვა ვერსიით 5 ივნისი), ლიხაური, ოზურგეთის მაზრა ― გ. 1953 წლის 21 თებერვალი, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ციტატები[რედაქტირება]

  • ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე.
  • სხვა სოის და გუჯაბის ვართ გურულები, ზედმეტად გულღიები და პირდაპირები ვართ
  • ჩვენი სოფელი ლეხოური საუკეთესო ადგილად ითვლებოდა გურიაში თავის მდებარეობით, ჰავით, ძველი, კარგად დაცული ციხით, ეკლესიებით და მათში შენახული სიძველენით, რომელნიც პირველად დიმიტრი ბაქრაძემ ასწერა, გურია-აჭარაში არქეოლოგიური მოგზაურობისას. ლეხოურს ჩქარი აჭისწყალი ჩამოუდის. წყალს სათავე უდევს ადგილ აჭიაში. ჩემ დროს აჭისწყალი კალმახით იყო განთქმული. იგი ერთვის მდინარე ბჟუჯს, ოზურგეთის მახლობლად. ლეხოურის საზოგადოებაში შედის, ლეხოურის გარდა, კიდევ სოფლები: აჭი, ნიაბაური, ქაქუთი და ჭანიეთი. თვით ლეხოურს შუა ადგილი უჭირავს ჩამოთვლილ სოფლებს შორის, აჭი და ნიაბაური გაშენებულია აჭისწყლის ზემოებში, გურია-აჭარის სამხრეთის ქედებზე, ქაქუთი — მდინარე ჩოლოქის პირზე. ეს მდინარე 1879 წლამდე რუსეთს საზღვრავდა ოსმალეთ
  • საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას!
  • გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად, რაც შეიძლებოდა მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ მაშინ — იმ რწმენით, რომ, როდესაც ასეთი მასალა საკმაოდ დაგროვდებოდა, გამოჩნდებოდნენ ჩვენში მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიდგენდნენ საქართველოს ისტორიას, გაგვიშუქებდნენ იმ მართლაც და, გადაუჭარბებლივ, დიად კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში
  • ჩემი პირველი არქეოლოგიური მოგზაურობა ის იყო, დ. ბაქრაძეს რომ წავყევი მცხეთაში და იქიდან სვეტიცხოველის ხელნაწერები რომ ჩამოვიტანეთ საეკლესიო მუზეუმში — 1989 წლის 17 თებერვალს, თანახმად იმ მუზეუმის დაბეჭდილი ანგარიშისა. ... რაც შეეხება საკუთრივ გათხრით საქმიანობას, მე მასში, ასე ვთქვათ, „ფეხი შევდგი“, მგონია, 1989 წელს, როდესაც, ერთი შემთხვევითი აღმოჩენის შედეგად,, მცხეთის ძეგლებმა (ოღონდ უკვე ბაგინეთში და არა ისევ სამთავროში) კვლავ მიიპყრეს ჩვენი მოწინავე მოღვაწეების ყურადღება და, რაკი სპეციალისტი არავინ ეგულებოდათ, მეც მომიხდა მონაწილეობა
  • «თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და რაც მთავარია დაცვა.
  • როცა ამ საკითხში მეფის ნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისაგან მხარდაჭერის იმედი დაგვეკარგა, გადავწყვიტეთ, დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა... ილიამ გვითხრა, თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო ... მაგრამ განზრახული დემონსტრაციის მოწყობა აღარ დაგვჭირდა, ვინაიდან ჯერ იყო და 1905 წლის კონსტიტუციამ სასტიკი ხასიათი მიიღო და ბოლოს კი, 1917 წელს, საქართველოს ეკლესია, ასე ვთქვათ, რევოლუციურად ჩამოშორდა რუსეთისას
  • 1917 წელს იქ მყოფს ხელ-ფეხს მიკოცნიდა კოლა-ოლთის-ჩანგლის ქართველობა, მათ არა მხოლოდ ძველი ეროვნული ჩვევები გამოავლინეს, არამედ ვინმე-ვინმეს სახლებსა და ღობე-ყორეებში მოქცეულ ნაგებობათა ქვებიც კი გამოაღებინეს და ადრინდელ ადგილებს დაუბრუნეს. ფიცს დებდნენ ჩვენს წინაშე, მშვიდად ბრძანდებოდეთ, არ დავივიწყებთ მამა-პაპათა ჩვეულებებს და მათ მიერ ნაგებ-ნაშენსაც მოვუვლითო. ზოგ სოფელში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება, რომ ისინი წინათ ქართველები იყვნენ, თითქმის ყველას ჰქონდა.
  • 1917 წლის მაისის პირველ რიცხვებში ივანე ჯავახიშვილი ჩამოვიდა თბილისში და თან ჩამოიტანა უკვე მზა წესდება ქართული კერძო უნივერსიტეტისა. მოვიდა ჩემთან, დაწვრილებით გამაცნო ყველაფერი და მთხოვა მონაწილეობა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში
  • ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია, ის ჩვენი ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ...ვინც ჩვენ დამოუკიდებლობას ძირს უთხრის, უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული
  • ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან... ამ საქმეს ვემსახურებოდი თითქმის სრული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში და, მიუხედავად მრავალგვარი გასაჭირისა და იმოდენა ხნის უსიხარულო ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმილისა, შემიძია ვთქვა, რომ პირნათლად შევასრულე ეს ჩემი მოვალეობა მშობელი ერის წინაშე
  • უცხოობაში ძალიან შემიფერხდა საკვლევაძიებო საქმიანობა. მე იქ მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვაქვეყნე თან წაღებული მასალისა და ჩანაწერებისა ... იმედი მაქვს, რომ ორიოდე წლის სიცოცხლეს, რომელიც დამრჩენია ... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას, — ვეცდები, აღარც ერთი ჩემ ხელთ მყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დამრჩეს გამოუცემელი; მით უმეტეს რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა ბუნების ძალებმა, დრომა თუ არევ-დარევამ

მის შესახებ[რედაქტირება]

  • ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, - მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო , დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს - პროფესორი მიხაკო წერეთელი
ჟუნალი „ბედი ქართლისა“, პარიზი, N16, 1954, გვ. 8.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2007, ISBN 978-99940-852-0-0


Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ექვთიმე თაყაიშვილი