შინაარსზე გადასვლა

ვაჟა-ფშაველა

ვიკიციტატიდან
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი, დ. 14 ივლისი, 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი ― გ. 17 ივლისი, 1915, თბილისი) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ვაი, რომ ცუდი ბევრია,
პოვნა ძნელია კარგისა!

  ციტატის წყარო: “სიკვდილი გმირისა” (1899 წ.)

  •  

„თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით.“

  ციტატის წყარო: “საახალწლო ფიქრები”

  •  

ცარიელს სულსა არ ახლავს
ამოსახვრეპი ხვრეპითა.
რამდენჯერ ადამიანნი,
არ ვიცით, რასა ვშვრებითა!

  •  

ავი დატანჯე და დაამონე, კეთილის მქნელსა შეასხი ფრთები.

  •  

ავი კაცის პურ-მარილიც მოსარიდებელია და ცნობა-მეგობრობაც.

  •  

აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა.

  •  

აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან.

  •  

ათი ათას სჯობს მტრედს, კაკაბს, მარტო არწივის თვალები.

  •  

ათასი რამე მოხდება სიცოცხლით კაცის თავზედა.

  •  

ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, - პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით.

  •  

არ ვარგა ერთურთიკილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი.

  •  

არ მომწონს ფაცი ფუცობა სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა.

  •  

არ ვუღალატებ სიცოცხლით გზას ჩემს ეკლიანს სავალსა.

  •  

არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს.

  •  

არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა.

  •  

მღვდლებო–სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს…

  ციტატის წყარო: „მღვდლების ვინაობა“

  •  

თუ სამღთო წესების ასრულებას არავინ სთხოვს, მაინც ამით მართლულობენ მუდამ მღვდლები თავსა, საპოლიტიკო მოღვაწეობა ხომ ფართოა.

  ციტატის წყარო: „მღვდლების ვინაობა“

  •  

ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის“ პარტიისა…

  ციტატის წყარო: „მღვდლების ვინაობა“

  •  

ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს.

  ციტატის წყარო: „PRO DOMO SUA“

  •  

გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.

  •  

ყვავილი ყვავილთან ჰყვავის.

  •  

ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა.

  •  

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.

  •  

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს.

  •  

მეზობლები ვართ, მეზობლებიო! ვერაფერი ერის აღმზრდელი აზრი გახლავთ. ეს იცით რასა ჰგავს? კაცსა სცემდე და იმას უყვიროდე ხელი არ გაიქნიო, ხელი არ გასძრა, ხუმრობა საქმე არ არის, მაღლიდამ ღმერთი ჰხედავს მტყუანსა და მართალსა!

  •  

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულეობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ... მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას... დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება.

  •  

აბა კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმეინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავიდან ბოლომდე მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძაგლიგსაო.

  •  

არც კაი ბოლო იმათ აქვს, ვინც ერთურთს აუხირდება.

  •  

ახ რა ცუდია, რა ცუდი, გზაარეულად მსჯელობა, ცეცხლმოდებულის ერისა თავისი თავის მტერობა!

  •  

არ მინდა თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს ტიალად.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ვაჟა-ფშაველა