შინაარსზე გადასვლა

ირაკლი ჩარკვიანი

ვიკიციტატიდან
ირაკლი ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანი (დ. 19 ნოემბერი, 1961; გ. 24 თებერვალი, 2006) — ქართველი მუსიკოსი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში უფრო მეტად ცნობილი იყო ფსევდონიმით მეფე.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

არავითარი განსხვავება არაა შენ იპარავ, თუ გასცემ, ყველაფერი ზედმეტისთვის ისჯები.


  •  

ხელოვნება თავისი არსით უფრო ბედნიერია, ვიდრე უკვდავება.


  •  

ადამიანების უმრავლესობას ხომ უბრალოდ მოთმინება არ ყოფნიდა მიეცა სიჩუმისთვის შანსი, შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოევლინა, მიეღო ეს ღვთის საჩუქარი.


  •  

ჭეშმარიტი გმირობა ხომ გმირობაზე უარის თქმაა.


  •  

მოკლედ მისი თავი მართლაც რომ ქუდისთვის იყო შექმნილი.


  •  

მართალია სული რთულად იბანება, თუმცა ცაში, როგორც ამბობენ, ამ პროცედურის ჩატარება უფრო ეფექტურია, ვიდრე ცოდვილ მიწაზე.


  •  

ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის.


  •  

ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი, არაფერია ამქვეყნად.


  •  

მკითხველი მინიმალურად უნდა დააბინძურო გამონაბოლქვით, არა აქვს მნიშვნელობა ეს მართლა ბენზინზე მომუშავე ძრავაა, თუ შენი სული.


  •  

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.


  •  

იმედების დამყარება მშობლების საყვარელი გართობაა.


  •  

ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და მეც მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლიდი, საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ დავჯდებოდი და დავწერდი იმაზე, რომ ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას, ვიმღერებდი იმაზე, რაზეც ყველა მღერის.


  •  

არის! გარდაცვალება შედგა.


  •  

მიენდე იმას რაც მოგეცა, მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად... სხეული ხომ ნავია... ხელები ნიჩბები... მოუსვი ისინი ისე რომ არ შეაწუხო შენს გვერდით მოცურავენი... ისინიც ეძებენ სწორ და ნეტარ რიტმს. ეცადე შეინარჩუნო მშვიდი ტემპი, არ შეანელო და არც ააჩქარო მოძრაობა... რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენ არსებას... მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.


  •  

პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე... არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს, ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს, მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს, მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის, მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს, ფურცელი ვარ ცნობის , აღარ ვკარგავ წამს, მე რეაქცვიას ვიწვევ და რეაქცია მშობს, მე ახალ ტალღას ვიწვევ რომ გაგიტანო შორს, ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას, თუ არ მომიშვერ ტუჩებს არ დაგირტყამ ზასს, დაგალევინებ კოლა-ს დაგალევინებ კვასს, მე არ აგიწევ კაბას არ დაგიგდებ კლასს, რაც შეეხება ყველას ის შეეხება ფულს, ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს, მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ, რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო, მე ოპტიმიზმით სავეს ვარ და არ მოვიკლავ თავს, მე სულ ყოველთვის ასე ვარ და მეგობრებიც მყავს, მიყურე როგორ დავდივარ ხან იქ ვარ და ხან აქ, მე ვცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს რაკეტა უნდა გიყიდო, გადაგაფრინო ზღვას, გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას.


  •  

მე ვარ გმირი, რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას. მე ვარ მეფე, რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს, რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფწეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან, დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.


  •  

ქალი, რომელსაც ქვია სიცოცხლე, ქალი, რომელსაც უნდა იცნობდე, ქალი, რომელზეც უნდა ფიქრობდე, ქალი, რომელიც უნდა გიყვარდეს, ეს ქალი შენ ხარ - მინდა იცოდე!


  •  

ქუჩებს ნელ-ნელა ფეხები ერევა ამ უაზრობაზე მე გული მერევა. ნელ-ნელა ერთმანეთში მერევა კადრები არ მაინტერესებს არავის აზრები.


  •  

ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება, მეწამული მზის წვა, მდუმარება, ფრთა მოტეხილი მერცხლის საშველად მე მარტო წავალ. გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ და ეს ზღვა გემები მორეკოს წყალმა. გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ.


  •  

რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.


  •  

ისეთი სახლი მინდა გაჩუქო, შენ რომ იცხოვრებ, ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ, ისეთი შუქი მინდა აგინთო, შენ რომ გაგათბოს, ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს, მე რომ მოგიტან, შენ იცხოვრე ჩემთან, მე მოგიტან წყალს.


  •  

ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა,
ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს,
ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან,
ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.


  •  

მაღიზიანებს - ბევრი რამ - ჯურნალისტების დაბალი კომპეტენცია; ვგრძნობ - ყველაფერს; მეშინია - არაფრის; ვიცი - არაფერი; არ ვიცი - არაფერი; შემიძლია - ყველაფერი; არ შემიძლია - ყველაფერი; ვმეგობრობ - ყველასთან; ვაპატიებ - თითქმის ყველაფერს - მართალ შემოქმედს ყველაფერს, „სიაფანდს“ - არაფერს; ვტირი - თითქმის არასოდეს; ვიცინი - ყოველდგიურობაზე; ვეძებ-სიმყუდროვეს; ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ; ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება; ვკარგავ-დროს; მშურს - არაფრის; ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ; ვემტერები - თაღლითებს; მაინტერესებს - ყველაფერი; არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება; მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი; მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ; უარვყოფ - მარქსიზმს; ვავადმყოფობ - იშვიათად; ვმალავ - არაფერს; ვინახავ - ფულს ბანკში; მწამს - მუსიკის; მიკვირს - ყველაფერი ახალი; მიხარია - ის, რომ მამა ვარ; ვჭორაობ - პოლიტიკაზე; ვდარდობ - იშვიათად; ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით; ვაკეთებ - საკუთარ სიმღერებს; ვეფერები - საკუთარ შვილს და ცხოველებს; მსიამოვნებს - ოჟახური სიმყუდროვე; მესიზმრება - გამთლიანებული საქართველო; ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ყველას; ვეწევი - სიგარეტ „კენტს“; მწყინს - როცა მატყუებენ; ვხარჯავ - ენერგიას; ვღალატობ - ხანდახან პრინციპებს; ვკამათობ - გემოვნებაზე; ვუხეშობ - საკუთარ ძაღლთან; ვუსმენ - მოცარტს; ვყოყმანობ - იშვიათად; ვკითხულობ - წიგნებს ცხოველებზე; ვამზადებ - ყავას; ვუყურებ - კომპიუტერის მონიტორს; ვკლავ - არავის; ვაფუჭებ - არაფერს; ვცხოვრობ - მშვიდად; ვცემ - არავის; ვყვირი - არასოდეს; ვმღერი - ყოველთვის; ვასრულებ - საკუთარ სიმღერებს; დავდივარ - ძაღლის გასასეირნებლად; ვმკურნალობ - მოჭარბებულ ემოციებს; ვერიდები - ალკოჰოლურ სასმელებს; ვთამაშობ - კომპიუტერულ თამაშებს; ვიტყუები - არასდროს; ვეთაყვანები - დიდ კომპოზიტორებს; ვგიჯდები - საკუთარ შვილებზე - 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე; მიყვარს - მუსიკა; ვოცნებობ - მშვიდობაზე; ვფიქრობ - შვილებზე; მძულს - ტყუილი; ვნანობ - არაფერს; კმაყოფილი ვარ - მუსიკით; მენატრება - ცა; მსურს - ბევრი რამ; ვაგროვებ - საკუთარ გამოცდილებას; ვიხდი - ყველაფერს; ვეჭვიანობ - არაფერზე; „ვკაიფობ“ - ყველაფერზე; ვიზიდავ - ყველას; ვალამაზებ - ყველაფერს...


  •  

-გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით...
- რომ ვერ გაფრინდეთ?
- მაშინ ზღვას გადავცურავ!
- რას?
- ზღვას!
- როგორ?
- სიმღერით!
- ხუმრობთ?
- არ ვხუმრობ!
- დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
- კი, ბატონო.
- მაინც როგორ ჩავწეროთ?
- სიტყვასიტყვით.
- მაინც როგორ?
- მე გადავცურავ ზღვას!...


  •  

მე ვდგავარ ცენტრში და ეს ჩემი ადგილია, ეს ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი, ის ხალხიც კი, რომლებმაც ბოთლები და სანთებელები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ რა აზრი აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ტალახიან მიწას!


  •  

სიყვარულს, სიხარულს არ ემუქრება სიბერე, როგორც სიმღერას ვერას აკლებს დრო.


  •  

საბჭოთა კავშირმა ზუსტად იმდენი ხნით დააგვიანა დანგრევა, რომ ჩემი სამი უახლოესი მეგობარი ამ პატარა ქვეყნისთვის, და, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის წაერთმია.


  •  

ჭეშმარიტ ხელოვნებას, როგორც წესი, ავტორი არ ყავს.


  •  

ღმერთი აფეთქებას ნიშნავს, წმინდა აფეთქებას, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.


  •  

სულიერ ერთიანობას ქვია საქართველო და არა მხოლოდ იმ დაქუცმაცებულ ტერიტორიას. ერთად ვიყოთ. არ დავკარგოთ ერთმანეთი, ჩვენი უჩინარი სიყვარული, რომელსაც ჭეშმარიტი საქართველო ჰქვია.


  •  

მე ყოველთვის აქ ვიდგები, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს აქ დავწვები. უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახის მიწას. სულ ეს არის და ეს.


  •  

ინანე მერე, ასი წლის შემდეგ, თუ არ იქნება უკვე გვიანი, რომ შენ უყვარდი და პატივს გცემდა ნაცნობი შენი ი. ჩარკვიანი...


  •  

მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ, ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია. მე გავხდი მეფე ერთ თბილ საღამოს, როცა არც თოვდა, არც წვიმდა, უბრალოდ ზამთრისთვის უჩვეულო ერთი თბილი დღე იყო და მეტი არაფერი...


  •  

ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე. უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამდენიემ წუთით ადრე ეუფლება. ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას. სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.


  •  

საერთოდ, კულტურისთვის კრიზისულ მდგომარეობაში ხელოვანთა გაერთიანებები უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ინდივიდუალური შემოქმედება.


  •  

მე ვგრძნობ იმ სენს, რომელიც მარადიულობას უდრის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება რომელიც არის ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა გასხივოსნება სრულიადაც არ ასახავს იმ სისრულეს რომელიც ერთი წამით გვხვდება ხოლმე ჩვენ მოკვდავთ, და მერე გვტოვებს შიზოფრენიულ მორევში ხორცის და ვნების სიმდაბილს და მონობის.


  •  

ჭერს,
ნუღარ უყურებ ჭერს,
თუ არ უშველი თავს,
არავინ გაგიღებს კარს.
წელს აღარ ახსოვხარ ძველს,
შენ დღეს ვერ გადაგარჩენს ხვალ,
შენ ვერ გააღვიძებ ხალხს,
თუ არ გაანძრევ ხელს
და არ გატეხავ კარს.
და მერე...
თუ არ მიაჭერ გაზსს,
ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს,
ისევ გაცვამენ ჯვარს, ისევ მოიკლავ თავს.
ისევ იჯდები იქ, სადაც სვამენ ამ ბნელ ხალხს,
ამ ხალხს...
დღეს თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს,
შენ თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს.
თუ არ მიაჭერ გაზსს,
ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს.
ისევ გაცვამენ ჯვარს, ისევ მოიკლავ თავს,
ისევ იჯდები იქ, სადაც სვავენ ამ ბოზ ხალხს,
ამ ბოზ ხალხს...
ციხეს რად უნდა რკინის კარები ,
მას უნდა ჰქონდეს
შუშა ბანდები,
გავტეხავ
შუშას,
გავიპარები ,
ვეღარ
დამიჭერ,
შენ,
მე
ვერ
დამიჭერ...


  •  

ნუ დგახარ ცრემლიანი ქარში,
ნუ იჭამ სისხლიან ტუჩს,
მე დღეს ვერ წაგიყვან სახლში,
მე დღეს ვერ მოგცემ ფულს,
მე ვერ დაგიცაავ, მე ვერ დაგიცავ,
უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს,
მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ,
უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს...
ნუ ეტყვი საყვარელ დედას,
რომ ცდა მოთმენად ღირს,
რომ წყენას შენსს ვერავინ ბედავს,
რომ შენ უყვარხარ გმირს.
მე ვერ დაგიცავ!..


  •  

ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა;
ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა.
სანამ მე ვცოცხლობ,
სანამ მე ვსუნთქავ,
სანამ მე ვგრძნობ.
სანამ მე მიყვარს,
სანამ მე მახსოვს,
სანამ მე გცნობ.
მე მინდა შენი კოცნა,
ერთი კოცნა.


  •  

ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ,
ძვლებს თუ მიწაში ჩავაყრევინებ,
ისეთს უსმენენ, რაღას იმღერებს მეფე.


  •  

ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა.


  •  

რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.


  •  

ნუ უსმენ ხალხს!..


  •  

მე მოგცემ ძალას, მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.


  •  

ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი.


  •  

რომ სიყვარული სიტყვა არ არის, ის უკვდავია, ყველაფერია.


  •  

სულს მოგცემ ამ სიმღერით, რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი? შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს, და მაინც - იძირება გემი!


  •  

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!..


  •  

ფიქრებში ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ.

  •  

მე ისევ მოვალ, ოღონდ არავის, არ გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი.


  •  

რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?!


  •  

არა, არ ღირან ეპოქები, რომ მათთან დარჩე!..


  •  

ნუ დამიკარგავ იმედს, იმედს, რომ ხარ!..


  •  

მე მხოლოდ შენს სიყვარულს ვგრძნობ, ყველაზე ღვთაებრივს და მართალს!..


  •  

შენ ცხოვრობ; მე კი ვეღარ ვძლებ...