კობი ბრაიანტი
კობი ბინ ბრაიანტი (ინგლ. Kobe Bean Bryant; დ. 23 აგვისტო 1978, ფილადელფია — გ. 26 იანვარი, 2020, კალაბასასი) — ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთელი, რომელიც მსროლელის პოზიციაზე თამაშობდა ლოს-ანჯელეს ლეიკერსში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA).
ციტატები
[რედაქტირება]უშიშარი ბავშვი ვიყავი: ბნელი ოთახები, ავი ძაღლები, თანატოლებთან ჩხუბი – არაფერს ვერიდებოდი. ცელქი ვიყავი და ვერავინ მაჩერებდა! ერთადერთი, ვისიც მეშინოდა, ბებიაჩემი იყო – თუ გავაბრაზებდი, თავის ხელჯოხით მცემდა. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...ბებია ერთადერთხელ მოვიდა ჩემს თამაშზე, ტორონტო რეპტორსთან და მეც 81 ქულა ჩავაგდე! მერე ბევრჯერ ვთხოვე კიდევ მოსულიყო, მაგრამ დარბაზში ვეღარ შემოვიტყუე. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...13-14 წლის რომ ვიყავი, ჩვენს თამაშებს 200, მაქსიმუმ 300 კაცი ესწრებოდა. ვთვლიდი, რომ ეს საკმარისი არ იყო, მინდოდა დარბაზი სავსე ყოფილიყო! ხშირად მთელ უბანს მოვივლიდი და ყველა ნაცნობს ჩვენს თამაშზე ვეპატიჟებოდი. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კონტრაქტს დედამ და მამამ მოაწერეს ხელი. მე მხოლოდ პრეზენტაციაზე მივედი და სულელივით ვიკრიჭებოდი. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...მხოლოდ ორი ადამიანი მედგა ყოველთვის გვერდში და მამხნევებდა: დედა და მამა. ისინი ჩემით ამაყობდნენ, როცა თამაშში 40 და მეტ ქულას ვაგროვებდი და მაშინაც, როცა ყველაფერს ვაფლავებდი. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...18 წლის რომ ვიყავი, მაიკლ ჯექსონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. თითქმის ერთ საათს ვისაუბრეთ. მითხრა, ძალიან კარგად თამაშობ და იცოდე, როცა პოპულარული გახდები, პირველი, რაც უნდა გააკეთო, პირადი ცხოვრების ყველასგან დაფარვააო. პრინციპში, ის მართალი იყო. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...გამიმართლა: იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და თან, ამაში დიდ ფულს მიხდიან. სეზონში 82 მატჩი ჩემთვის არაფერია. თუ გსურთ, 182 იყოს. კარიერის დასაწყისში ვცდილობდი ცოტა ხანს მეძინა და დიდხანს მევარჯიშა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, სისულელეა, კარგ ვარჯიშს კარგი დასვენება უნდა შეუთავსოო და მეც მათ დავემორჩილე. თუმცა მომქანცველი ვარჯიში დღესაც ჰაერივით მჭირდება. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...მამა მთხოვდა, ყოველი თამაშის წინ კარგად გავხურებულიყავი, სხეული დატვირთვებისთვის მომემზადებინა. ეს ძალიან სწორი მიდგომაა – თუ არ გახურდი და პირდაპირ თამაში დაიწყე, დიდი შანსია მძიმე ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, ჯერ ასეთი რამ არ მომსვლია. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ იტალიაში ვცხოვრობდით, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. ერთ დღეს ვან ბასტენობა მინდოდა, მერე რობერტო ბაჯოს ვბაძავდი... სერია ა-ს თამაშებს ხშირად ვესწრებოდი, მაგრამ ახლა ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები უფრო მომწონს. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...პირველი შვებულება იტალიაში, სარდინიაზე გავატარე – ძალიან მაგარი იყო! იტალიას ყველას გირჩევთ: ისიამოვნებთ და ბრწყინვალედ დაისვენებთ. პრინციპში, მილანშიც კარგად გავერთე. მერე იქ ბევრჯერ ვიყავი და ყველა შემთხვევაში ძალიან კარგი დრო გავატარე. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...რეკორდების დამყარება კარგია, მაგრამ ამაზე არასდროს ვფიქრობ. ჩემი ერთადერთი მიზანი კონკურენტის დაჯაბნაა. თუ სეზონის ბოლოს ვინმეს მიღწევას გავაუმჯობესებ, ეს, რა თქმა უნდა, მიხარია. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
... ჩემთვის კალათბურთი თავშესაფარივითაა. როცა ვთამაშობ, ძალიან ბედნიერი ვარ! |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...მოედანზე ყოფნისას ხშირად მიფიქრია, რომ ფლეისთეიშენს ვთამაშობ, მეტოქეებს კი ჯოისტიკებზე მხოლოდ ორი ღილაკი უმუშავებთ. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...ჩემი საყვარელი მოთამაშე? პო გასოლი! ის თეთრ გედს მაგონებს: უყურებ, ტკბები და ხვდები, რომ მისი ცქერისას ისვენებ. ძალიან კარგი ბიჭია – ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როცა მემფისში თამაშობდა. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...უდიდესი შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა პრესაში შაკილ ო’ნილის ყველა სისულელის უარყოფა დავიწყე. უნდა გავჩუმებულიყავი და შაკისთვის სრული თავისუფლება მიმეცა – ის მარტო გაართობდა ჟურნალისტებს. რატომღაც, პრესა თვლიდა, რომ შაკი ჩემი „დიდი ძმა” იყო, მაგრამ ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...ოლიმპიური ოქრო უფრო ფასეულია, ვიდრე NBA-ს ჩემპიონობა. როცა პეკინში ოლიმპიადა მოვიგეთ, მედალი ჩიკაგომდე მკერდზე მეკიდა, არადა, 13 საათი ვიფრინეთ! |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...ლებრონ ჯეიმსი მრავალმხრივი კალათბურთელია, მეჯიქ ჯონსონივით თამაშობს, მაგრამ ჩემთან პირისპირ ის უშანსოდაა! |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
...ერთხელ მაიკლ ჯორდანმა თქვა, რომ მე საუკეთესო ათეულში ვარ. ის აბსოლუტურად მართალია! არ აქვს მნიშვნელობა, ათეულში პირველი ვარ თუ მეოთხე. ჯორდანი ჩემზე ფიქრობს, ესე იგი, მართლა კარგად ვთამაშობ. |
ციტატის წყარო: ფრაზები: კობი ბრაიანტი
თუ დათვთან ბრძოლისას მნახეთ, დათვისთვის ილოცეთ. ეს გამოთქმა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. Mamba Mentality სწორედ ესაა. ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ შიში ვერ გვამარცხებს, ჩვენ არ გავრბივართ. პირიქით! ჩვენ ვითმენთ და შემდეგ ვიპყრობთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება! გამოსავალი იპოვეთ და მუშაობას ისეთი ჟინითა და რწმენით შეუდექით, როგორიც აქამდე არასდროს გქონიათ |
ციტატის წყარო: კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ
90 ან უფრო მეტი ქულა უნდა ჩამეგდო! ტორონტოსთან მატჩამდე ზედიზედ 62 საჯარიმო მქონდა გამოყენებული, რეპტორსთან კი ორი ავაცილე და რამდენიმე ძალიან მარტივი სროლა გავაფუჭე. ბევრი შანსი მქონდა და ყველა რომ გამომეყენებინა, 100 ქულამდე ავიდოდი. და საერთოდ, პირველ მეოთხედში 6 წუთი სათადარიგოთა სკამზე რომ არ გამეტარებინა, ალბათ, უილტის რეკორდს გავაუმჯობესებდი. |
ციტატის წყარო: კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ