მიგელ დე უნამუნო

ვიკიციტატიდან
მიგელ დე უნამუნო 1925 წელს

მიგელ დე უნამუნო (ესპ. Miguel de Unamuno;) (დ. 29 სექტემბერი, 1864 — გ. 31 დეკემბერი, 1936) — ესპანელი ესსეისტი, ნოველისტი, პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნამდვილად წინდაუხედაობა იქნებოდა რამის ხელაღებით მტკიცება, მით უმეტეს, რომ საკითხის დასმა უკვე შემდგომი ნაბიჯის პირობაა.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

ვინც იმ აზრზე დგას, ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვის შიში რომ არა, ადამიანები უფრო უკეთურები იქნებოდნენო, მათ გასაგონად ვიტყოდი, ცდებიან-მეთქი; კიდეც რომ აიღონ ხელი იმქვეყნიური ცხოვრების რწმენაზე, იმის გამო კი არ გახდებიან უარესები, არა, პირიქით, უმალ სხვა გზებს დაუწყებენ ძებნას თავის გასამართლებლად; ხოლო ვინც უზაკველია, ის ისედაც უზაკველია და არა ამ მოარული რწმენის შიშით. ამდაგვარი სჯა-ბაასი იმათთვისაა ძნელიც და ბნელიც, ვისაც ეს კითხვები მოსდის თავში და ეჭვიც არ მეპარება, ის სულის სიზანტითაც იქნება შეპყრობილი.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

კარგი, მაგრამ, - ვეკითხები საკუთარ თავს, - მაინც რა არის შენი რელიგია? - და თავადვე ვპასუხობ - ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა - ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას. არაფერს დავთმობ იდუმალებისა თუ შეუცნობელის წინაშე, - როგორც წერენ ხოლმე პედანტები, - ვერც იმას დავჯერდები, „ბედს ვერსად წაუხვალო“, რომ აუკვიატებიათ. ვგმობ ამ თქვენს გაქვავებულ იგნორაბიმუს-ს, სულერთია, ვერავინ და ვერაფერი ამაღებინებს ხელს ამ ბრძოლაზე; დიახ, მე ვბედავ მივწვდე მიუწვდომელს.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

არ არსებობს აზრი, არსებობენ მოაზროვნენი.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

რელიგიის სფეროში თითქმის არაფერია ისეთი, რაციონალური ახსნა რომ არ მოეძებნებოდეს, მაგრამ მე არც სურვილი მაქვს და არც შემიძლია ლოგიკურ კავშირებს დავუწყო ჩხრეკა, აკი რაციონალისტური სწორედ ლოგიკაა. დიახ, ქრისტიანი გახლავართ, მტკიცედ ვდგავარ ქრისტიანულ რწმენაზე.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

ვერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

ამდენს რომ ვმსჯელობ, იმიტომ ვმსჯელობ, რომ ჩემმა ცნობიერებამ მოსვენება დაკარგა და ვერც სანუგეშოს რასმე ვხედავ ჩემს გაჩენაში, თორემ ამაზე ფიქრით თავს ასე რიგად არ ავიტკივებდი. მაგრამ ვაი რომ, მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი სულიერი ცხოვრება ამ ფიქრებში გადის, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობის მამოძრავებელი ძალა ესაა; ვერც იმით ვანუგეშებ თავს ზოგიერთებივით, ერთთავად რომ გაიძახიან, არ ვიცი და სულერთია, მაინც ვერაფერს გავიგებო. ცხადია, არც მე ვიცი და ეგებ მართლა ვერც ვერასოდეს ვერაფერი გავიგო, მაგრამ მე მაინც მინდა ვიცოდე! მინდა და მორჩა!

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

და აი, ასე, ამ ბრძოლაში გადის ჩემი ცხოვრება, ამ იდუმალებასთან, ამოუცნობთან ბრძოლაში ილევა ჩემი დღენი და თუმცა კი იმედი არცა მაქვს, ოდესმე თუ ჩავწვდები ამ საიდუმლოს, ჩემი მასულდგმულებელი და მანუგეშებელი მაინც ეს ბრძოლაა. დიახ, ბრძოლაა ჩემი ერთადერთი იმედი, უკვე იმასაც შევეგუე, რომ ვეძიო იმედი თვით უიმედობაში; დაე ნუ აყაყანდებიან უბირები და ჩიტირეკიები ეს ხომ პარადოქსიაო!

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

არ მახსენდება არცერთი კულტურული ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა არ აფიქრებდეს, თუმცა არც თუ დიდი იმედი მაქვს კულტურისა - კულტურა და ცივილიზაცია ხომ ერთი და იგივე მაინც არ არის, - დიდი იმედი არა მაქვს-მეთქი იმათი, ვინც ისე ცხოვრობს, ეს პრობლემა მეტაფიზიკური თვალსაზრისით რომ არ აინტერესებდეს და მარტო ერთ, სოციალურსა თუ პოლიტიკურ ასპექტში განიხილავდეს; კიდევ უფრო ნაკლები იმედი მაქვს იმ ადამიანებისა, ანდა ხალხისა, ვინც გონებრივი სიზანტის, ზერელობის, მეცნიერებისა და ვინც იცის, კიდევ რამდენი სხვა მიზეზის გამო, სულ არ ზრუნავენ სულის გამდიდრებაზე და ყურსაც არ ათხოვებენ გულის უწყვეტ შფოთვას; არც იმათგან ველოდები რასმე, ვინც ნიადაგ გაიძახის: „ამაზე ფიქრი არც ღირს!“ ძალიან ცოტა იმედი მაქვს იმათიც, ვისაც ზეცის და ჯოჯოხეთის ისევ ისე სჯერა, ბავშვობაში რომ გვჯეროდა, ხოლო არავითარი იმედი არა მქვს იმათი, ვინც უბირის თავდაჯერებით ამტკიცებს, „ეს ყველაფერი მითია და ზღაპარი, კაცი რომ მოკვდება, მიწაში ჩაფლავენ და ყველაფერი ამითი მთავრდებაო!“ და თუ სულ ერთი ბეწო იმედი მაინც მაქვს, ისევ იმათი იმედი მაქვს, ვინც უარყოფით კი უარყოფს, მაგრამ ვერ ისვენებს, ვინც გამუდმებით იბრძვის ჭეშმარიტებისთვის და ამისთვის სიცოცხლესაც არ იშურებს, იბრძვის თვითონ ბრძოლისთვის და არა გამარჯვებისთვის.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

მე თავად ნიადაგ იმას ვცდილობდი და ვცდილობ, ავაფორიაქო მოყვასი ჩემი, შევაშფოთო მისი გული და თუ შევძლებ, შიშიც კი აღვუძრა. მე უკვე ვთქვი ჩემს „დონ კიხოტისა და სანჩოს ცხოვრებაში“, რომ ეს ჩემი ყველაზე გულწრფელი აღსარებაა.
სხვებიც რომ ჩემსავით ეძიებდნენ და იბრძოდნენ, ეგებ ყველა ერთად სულ პაწაწა საიდუმლოს მაინც გამოვტყუებდით უფალს. თუ არადა, ეს ბრძოლა ოდნავ მაინც ხომ გაგვაკეთილშობილებს და სულით აღგვამაღლებს.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

როცა კი რამე მტკენია, კიდეც მიყვირია და მიყვირია საჯაროდ.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

რაც გინდა იყოს, კაცი მაინც ჯიუტია და რამდენიც გინდა უჩიჩინო, მაინც თავისას იზამს.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება ის, რომ ჩემი მკითხველი თვითონვე მიხვდეს და შეიგნოს, მე მას არასოდეს შევთავაზებ მზამზარეულ აზრებს.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

ისეთი მეგობრებიც მომეპოვება, კარგი მეგობრები რომ ჰქვიათ, რომლებიც მირჩევენ, ამ საქმეს მოეშვი და რაიმე ისეთს მოჰკიდე ხელი, რეალური რომ იყოს, რაღაც გარკვეული, კონსტრუქციული, მყარი რომ ერქვასო; ეტყობა, დოგმატურიო, უნდოდათ ეთქვათ. მე კი ყველას გასაგონად ვაცხადებ, რაც არ შემიძლია, არ შემიძლია, მე მოვითხოვ თავისუფლებას, ჩემს წმინდა თავისუფლებას, დაე, საკუთარ თავს დავუპირისპირდე, თუკი ასეთი რამეც მოხდება. ვერ ვიტყვი, სიკვდილის შემდეგაც შემორჩება თუ არა წლებსა და საუკუნეებს ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი, მაგრამ ის კი დაბეჯითებით ვიცი, ზღვა რომ ღელავს და ტალღები ნაპირს აწყდება, ხანდახან შენელდება, მაგრამ ზღვა მაინც სულ ბორგავს და ახალ-ახალ ტალღებს წარმოქმნის.

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

განა დიდი სიკეთე და მადლი არ არის, რომ მთვლემარე გამოაფხიზლო, მცონარი შეანჯღრიო, ანდა უდიდესი რელიგიური სათნოება არ არის, რომ მიწყივ ეძიო ჭეშმარიტება და სადაც მოგხვდება, ყველგან და ყოველჟამს ამხილო სიცრუე, სიბრიყვე და უზნეობა!

  ციტატის წყარო: „ჩემი რელიგია“

  •  

იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს.

  ციტატის წყარო: „აბელ სანჩესი“

  •  

ადამიანი შესაძლებლობების მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა მიუღწეველს უმიზნებს.

  ციტატის წყარო: „სიყვარული და პედაგოგიკა“

  •  

არსებობს სამი ტიპის ადამიანი, ერთნი ჯერ ფიქრობენ და მერე აკეთებენ; ასეთები ფრთხილები არიან, მეორენი არ ფიქრობენ, ისე აკეთებენ; ასეთები გაბედული ადამიანები არიან, მესამენი აკეთებენ და ფიქრობენ ერთდროულად, ანუ ფიქრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ და აკეთებენ იმას, რაზეც ფიქრობენ; ასეთები ძლიერი ადამიანები არიან.

  ციტატის წყარო: „სიყვარული და პედაგოგიკა“


  •  

თუ კაცს არასოდეს უარუყვია თავისი ნათქვამი, ესე იგი საერთოდ არასოდეს უთქვამს რაიმე.


  •  

არსებობენ „თანამშრომელი“ ადამიანები, ვისაც წიგნის წაკითხვის შემდგომ იტყვიან, ამას მეც ხომ ვფიქრობდი, რომ დამეწერაო...
ისინი განსხვავდებიან იმ უბირთაგან, რომლებიც თავს იმტვრევენ ე.წ. სიმართლეს მიმსგავსებულ ამბების ძებნით, ანდა იმათგან, რომლებთაც ჰგონიათ, ცხადად ვცხოვრობო, და არ იცის, რომ ცხადად ის ცხოვრობს, ვინც გააცნობიერებს ვოცნებობო, ჭკუათმყოფელიც ის არის, ვინც საბოლოოდ შეიგნებს თავის სიგიჟეს!


  •  

უნდა იცხოვრო, რათა გიყვარდეს. დიახ, უნდა გიყვარდეს, რომ იცხოვრო.


  •  

ჩვენ ხომ მარტო იმას ვიქმთ, რომ ჩვენ - ჩვენს როლს ვთამაშობთ. ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები, კომიკოსები! არც ერთი ისე არ იტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს!


  •  

ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.


  •  

ნუ გამოივსებთ თავს იმით, რაც ჯიბეშიც კარგად თავსდება! - ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმით, რაც თავშიც კარგად თავსდება.


  •  

არ არის აუცილებელი, ვინმემ რამე დაგიშავოს და ამიტომ შეიძულო. საკმარისია წარმოიდგინო, რა შეეძლო დაეშავებინა და მაშინვე შეგძულდება.


  •  

ეჭვიანობა ყეყეჩების საქმეა. მარტო ყეყეჩები შეიძლება იყვნენ ეჭვიანები, რადგან მარტო ასეთებს ღალატობენ ცოლები.


  •  

ყოველი ადამიანი მთელი სამყაროა და ზოგჯერ-რამდენიმე სამყაროც კი.


  •  

ქრისტიანობა, მიუხედავად იმისა რომ არსებობდა მაგდალინელი, მაინც მამაკაცების რელიგიაა.


  •  

არიან ისეთი წმინდანები, რომლებიც სხვებს უბიძგებენ ცოდვისკენ. სინამდვილეში ეგებ სწორედ ის სიკეთე თუ სათნოება იყო არაადამიანური.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]