შინაარსზე გადასვლა

მიხო მოსულიშვილი

ვიკიციტატიდან
მიხო მოსულიშვილი, 2011

მიხო მოსულიშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1962) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და დრამატურგი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ჭეშმარიტება ღამით ადევნებულ მთვარეს მიაგავს - ახლოს გგონია, მაგრამ შორსაა...

  ციტატის წყარო: „მთვარიანი დღის ფრესკები" გამომცემლობა - მერანი საქართველო, თბილისი 1990 წ.


  •  

ნებისმიერ ნაწარმოებში მთავარი მწერლის მიერ ნაპოვნი, საჭირო და უზუსტესი სიტყვებით თეთრ ფურცელზე მიჯაჭვული სულია, კეთილი სული, წყნარად რომ ცხოვრობს ამ ქაღალდზე და კარგ მკითხველს მოელის, რათა სიტყვებისაგან განთავისუფლდეს, წამკითხველის წარმოსახვაში თავისუფლად გაინავარდოს, შეცვალოს იგი და კვალავ საკუთარ ადგილს დაუბრუნდეს სხვა მკითხველის მოლოდინში...
ავტორი ბედნიერად ჩათვლიდა თავს, თუ ამ მთავარს ოდნავ მაინც მიუახლოვდა.

  ციტატის წყარო: „სივრცე ვერტიკალში" გამომცემლობა - მერანი, საქართველო, თბილისი 1997 წ.

  •  

ჩვენ, ადამიანები ბედისწერისგან ჩვენთვის დადგენილ სივრცეს ჰორიზონტალურად გავივლით, გვგონია სიბრტყეში მივდივართ და ცხოვრების სიტკბოებით გართულებს არც კი გვახსენდება, რომ ჩვენ სივრცეში ვართ, რომ არსებობს ვერტიკალი, რომლის ერთი ბოლო უფალი ღმერთისკენ, ხოლო მეორე კი სატანისაკენ მიემართება...
და თუ მკითხავ, დრო სადღააო, მოგიგებ - დროც სივრცის ერთი განზომილებათაგანია. ამ აზრის დასამტკიცებლად ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან - იყო დრო და სივრცეში არსებობდნენ დინოზავრები; გავიდა დრო, შეიცვალა სივრცე და ახლა დინოზავრები აღარ არიან...
სივრცე ვერტიკალში. მინდა, აგიხსნა, თუ რას ვგულისხმობ ამ სიტყვებში:
სიკვდილის წინ, დიდი მიძინების ჟამს, ჰორიზონტალურად კი ვხედავთ ჩვენს ნაცხოვრებ, საგნებით, მოვლენებითა და ადამიანებით დასახლებულ ჩვენს წილ სივრცეს, ოღონდ ვერტიკალურ ჭრილში და ვიგებთ, რომ ან სატანისკენ, ანდა ღმერთისკენ გვივლია.
მერმე სივრცე, ჩვენი წილი სივრცე ვერტიკალში დაიწყებს ბრუნვას და ჩვენ უცებ ვხვდებით, რომ ჰორიზონტალისა და ვერტიკალის გადაკვეთით იქმნება ჯვარი, რომელიც სამარადჟამოდ უნდა ვზიდოთ.

  ციტატის წყარო: „სივრცე ვერტიკალში" გამომცემლობა - მერანი, საქართველო, თბილისი 1997 წ.


  •  

თავისუფლების ქარმა დაქროლა ჩრდილოეთიდან, ცოტა არ იყოს, გიჟურად (თუ ჩვენ გვაგიჟებდა?); ქარიშხლისა და გრიგალის ნიშნებიც ჰქონდა, მაგრამ ვერა ვხედავდით, რადგან აღარ გვახსოვდა, ვერ ვიხსენებდით თუ როგორ უნდა გვყუდნებოდა ჩვენი თავი ჩვენადვე; თუმცა ვინ უყურებდა ამას, მგონი, მიდიოდა ჟამიანობა, ორი საუკუნის წინათ ოჩანი სახედარივით რომ ჩამოდგა ჩვენს პატარა, ლამის შეუმჩნეველ ქვეყანაში, რომელიც მე არჩანდად მესახება - რაღაი მართლაც არ ჩანდა დიდხანს - ხან ჩრდილოეთ სპარსეთი ეგონათ და ხანახ სამხრეთ რუსეთი...
ჰოდა, უბერავდა ქარი ჩრდილოური და ჩვენ კი, არჩანდელებს, აღარ გვახსოვდა, რომ ზღვარგადასული თავისუფლებაც შეშლილობა იყო...
მერე კი, უფსკრულის პირას რომ გავიარეთ, კვლავაც მოწამებრივი სისხლი, ცრემლი და ოფლი ვანთხიეთ დამოუკიდებლობისათვის, მაშინღა მივხვდით, გავიხსენეთ, რომ ჟამიანობა მარტოოდენ ჩვენი, არჩანდასავით პატარა ქვეყნის წყევლა-კრულვიანი საკითხავი არ არის. იგი იმათიც გახლავთ, და შესაძლოა, უფრო მეტადაც, ვისაც სულ არ აწუხებს სიმცირე - პირიქით, იმხელაა, მცირეთაც თავად იმორჩილებს და, რადგან ბატონი უმონოდ ბატონი აღარ არის, და, უფრო მეტიც, თავადვეა მონა თავისი მონებისა, ამიტომაც ჟამიანობა დიდმა ერებმაც უნდა მოიხადონ; ისე, როგორც რაიმე სახადი, ვთქვათ და, წითელა-ბატონები, ყბაყურა და ქუნთრუშა რომ მოგვიხდია პატარაობისას...

  ციტატის წყარო: „უჟამო ჟამის რაინდი" გამომცემლობა - ბესტსელერი საქართველო, თბილისი 1999 წ.


  •  

მაშინ რა პერიოდია, იცი? ძაან რთული პარტიტურა სრულდება, „კალაშნიკოვების“ ჭიკჭიკებით და მამენტ-მამენტ აფეთქებების ბანებითაც. მაწანწალა ძაღლების კოდლები იჩითებიან, მიკნავებულ კლიენტებს დასათოხლავებლათ დასდევენ ჩაბნელებულ ქუჩებში და სუ არ აინტერესებთ, ლტოლვილია თუ მესნი და კარგათ რო დაუკვირდე, შეიძლება ვითხებიც კი იყვნენ. და ამ ჩვენი მარიაჟების ახალმა სასტავმა ძველი დამკვალიანებელი კი მოტეხა, მაგრამ ჩვენ დაკვალიანებას მაინც არ იშლის და ახლა დერეფნის პონტს აწვება, ევრაზიის პრახადნოი დვორის ამბავში, მთელი თავისი მუღამებით, რო მაგარი ცხოვრება მოვა, მალე ყველანი კარგათ ვიქნებით და ეგეთები.

  ციტატის წყარო: „ფრენა უკასროდ" გამომცემლობა - სულაკაური საქართველო, თბილისი 2001 წ.

  •  

და სანამ ყველაფერი მოიჩოთქებოდეს, ძმაო-ალემაო, იმასაც აღარ დაგიმალავ, რო უკვე კაი ხანია ჩვენ სამნი ვზივართ საკაიფოთ და ჩვენ პარლამენტში შესატანათ კანონპროექტს ვწერთ, რო თბილისს თბილისი კი აღარ ერქვას, არამედ ერქვას „აბუჩი“, რახან „აბუჩა“ აღარ შეიძლება, - იმიტო, რო ის უკვე ქვია ნიგერიის დედაქალაქს. და ბანგიჯასპი მპირდება, რო - ამ პარლამენტში აბა რაღა იქნებაო, და იქითა მოწვევისაზე აუცილებლათ გავალო, და მაშინ გავიტანოთო.

  ციტატის წყარო: „ფრენა უკასროდ" გამომცემლობა - სულაკაური საქართველო, თბილისი 2001 წ.


  •  

თურმე, წინათ, ყოველ თებერვალს სოფელ ჟაბეშში ალბაიღრალის დღეობის გადახდა სცოდნიათ. სადღესასწაულოდ თოვლის მაღალ კოშკს აგებდნენ სვანები და ზედ წმინდა ფერხულს აბამდნენ, სახელად „სამთი ჭიშხაშს“.
თურმე, უვლიდნენ თოვლის მაღალ კოშკზე ასული სვანები ორსართულიან ფერხულს და ომახიანად მღეროდნენ მონადირე ბეთქილის დაღუპვის ამბავს, თუმცა სიმღერის მხნე ჰანგები იმავდროულად გოდებაც იყო...
ზაზა ბენდელიანიც ხომ თებერვალში იყო დაბადებული...
ასე მგონია, მეც ჩემებური ალბაიღრალის დღეობა გავმართე - ამ წიგნშიც მოგონებების მაღალი კოშკი ააგეს ბენდელას მცნობმა ადამიანებმა და ზედ ფერხული ჩააბეს, თავისებური „სამთი ჭიშხაში“.
უვლიან ორსართულიან ფერხულს და ომახიანად გოდებენ ზაზა ბენდელიანის დაღუპვის ამბავს..

  ციტატის წყარო: „ბენდელა" გამომცემლობა - საარი საქართველო, თბილისი 2003 წ.

  •  

ზაზა ბენდელიანმა იგრძნო, რომ გმირობა ის წამია, ის ერთადერთი გაელვება, როცა იცი - შენი წინ წასვლით შეგიძლია უამრავი თანამებრძოლი იხსნა.
ზაზა ბენდელიანმა იგრძნო, რომ გმირობის ჩასადენად აღარ არსებობს მეთაურის ბრძანებები, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი ძალას ჰკარგავენ, მთლად ქრებიან და რჩები საკუთარ თავთან მარტოდმარტო.
და სწორედ იმ ერთადერთი წამის გაელვებაში დაუდგა თვალწინ:
სწორედ ასეთივე, ოღონდ დათოვილი კვიპაროსი, რომლის წინ საათობით მდგარა გაგრაში...
სიზმრად ნანახი დედა, საყვედურით რომ მიმართავდა - ბურთი ავტომატზე რატომ გაცვალე და მგლებთან ბრძოლას რატომ არ დაანებებ თავსო.
ოჩამჩირის მშენებარე სასტუმროს მეთორმეტე სართულზე მდგარი მამა, დაბრუნდიო, რომ შესთხოვდა.
ამ ომში თავისი გამოპარვით აცრემლებული საფიცარი დაიკო თუ დარდიანი მეგობრები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, მთელი ქვეყანა...
დიდი სამამულო ომის გმირი, ჭიჭიკო ბენდელიანი, რომელსაც ხშირად ადარებდა ბორის სიჭინავა.
თავისი დიდი წინაპარი, თემრაზ ბენდელიანი, ადიდებული ენგური რომ გადაუცურავს თითებზე ჩამოსათვლელ ერთეულთა მსგავსად.
ისევ სიზმრად, თეთრი ცხენით გამოცხადებული სახელგანთქმული აბრაგი, არსენა ქობალია - ნეტავი, რაიმე მიუტევებელი ცოდვა ხომ არ მიუძღვის, თორემ თავად ზაზას იმდენჯერ დაუნთია ილორში სანთლები, წმინდა გიორგის ეკლესიაში, იმედი აქვს, არ გაიწირება...
მაგრამ ყველაზე ნათლად გაგრის სტადიონზე თავისი ბავშვობის მეგობრების მოჭრილი თავებით ფეხბურთის მოთამაშე ბარბაროსების საზარელი ღრიანცელი წარმოესახა; იმ სტადიონზე, სადაც ფეხბურთის თამაშს სწავლობდა...
ზაზა ბენდელიანმა უფრო მძაფრად იგრძნო, რომ გმირობა ის წამია, ის ერთადერთი გაელვება, როცა იცი - შენი წინ წასვლით შეგიძლია უამრავი თანამერძოლი იხსნა, - „მე წავალო!“ - შესძახა და მეთაურის თანხმობას აღარ დალოდებია, ისე გაიქცა წინ, მარადისობისაკენ...

  ციტატის წყარო: „ბენდელა" გამომცემლობა - საარი საქართველო, თბილისი 2003 წ.


  •  

ლიტერატურული ტექსტი - ეს არის ზარი. ჩვენ ვკითხულობთ ტექსტს - ზარი რეკავს. ვამთავრებთ კითხვას და ზარი აღარ რეკავს, მაგრამ მის შიგნით მსუბუქი გუგუნი ისმის. და მე დარწმუნებული ვარ, ამ მსუბუქი გუგუნის გარეშე ლიტერატურული ტექსტი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა ავტორმა ეს...

  ციტატის წყარო: მინიატურა: „სუგესტიური პლასტები“ - წიგნიდან „გედები თოვლქვეშ“ გამომცემლობა - საარი საქართველო, თბილისი 2004 წ.


  •  

ვინ იცის, ეგრე ძალიან რად შეუფიქრიანებია ვაჟა-ფშაველა გველებისაგან შვილებიანად დაკბენილ ლაოკოონს?
თავადაც ხომ არ გრძნობს, თუ როგორ ეგრაგნებიან მთელ სხეულზე სიდუხჭირისა და მტრობის გველები?..
და თვითონაც ლაოკოონივით, - კი არ ყვირის, ითმენს...
ისე ითმენს, რომ მარტო კვნესა თუ აღმოხდება ხოლმე და ამისიც რცხვენია...
ეს ყოფილა ვაჟას ცხოვრება, სწორედ ეს, - როცა ტკივილი და სილამაზე ძალიან ახლო-ახლოს არიან და როცა კლდის პირზე ყელმოღერებული პირიმზე უფსკრულს ჩაჰყურებს ეჭვით...

  ციტატის წყარო: „ვაჟა-ფშაველა“ გამომცემლობა - პეგასი საქართველო, თბილისი 2011 წ.

  •  

ასორმოცდაათი წლის ვაჟა-ფშაველა, როგორც საკაცობრიო თვალსაწიერის გენიოსი შემოქმედი თითქოს ადვილი შესადარებელია ამავე რანგის სხვა დიდ მოღვაწეებთან - ჰომეროსთან, ოვიდიუსთან, გოეთესთან, შექსპირთან თუ რობერტ ბერნსთან, მაგრამ მალევე შეამჩნევ, რომ ამ შემთხვევაში ეს შედარებები თავადვე იწყებენ საკუთარი თავის გაუქმებას და ვაჟა-ფშაველა მარტოდმარტო რჩება მთელ სამყაროსთან, რაც მისთვის საკუთარ თავთან დარჩენის ტოლფასია.
და ასეც უნდა იყოს, - როგორც სხვა ყველა დიდი შემოქმედი, ვაჟა-ფშაველაც მარტო რჩება ღმერთისა და საკუთარი თავის წინაშე, რათა გამოარღვიოს თავისი გარემომცველი მეცხრამეტე საუკუნის გარსი და დღევანდელ, აღმოსავლურ-დასავლურ დაპირისპირებაში ჩართულ კაცობრიობას თავისი დიდი შინაგანი ძალის მქონე, მითოლოგიურ-ფილოსოფიური და ტრაგიკულ-ეპიკური პოემებითა და ლექსებით თუ ლირიკულ-ფილოსოფიური მოთხრობებით კიდევ ერთხელ შეახსენოს ჰუმანიზმის მარადწარუვალი იდეალები.

  ციტატის წყარო: „ვაჟა-ფშაველა“ გამომცემლობა - პეგასი საქართველო, თბილისი 2011 წ.

  •  

მეცხვარე გარსევანიშვილის მეუღლე, ბეროთ ნათელა სახელიანი მოტირალი იყო მარტო ჩარგალში კი არა, მთელს საარაგვოზე.
ვაჟა იმაზე იტყოდა ხოლმე, - ეს დედაკაცი ნამდვილი პოეტი არისო. მკვდარს რომ ტირის, სულ ლექსები გამოუდისო.
ჰოდა, ჩარგალში, თავიანთი ღარიბი, მაგრამ ნაწილიანი სახლის წინ, მწვანეზე გაშლის თამარი ლუკას ნაბადს, ზედ დააწყობს იმის ჩოხა-ახალუხს.
მერე იმ ჩოხაზე ლუკას ხმალს დაასვენებს და...
შემოეხვევიან ლუკას სატირალს ჩარგლელი დედაკაცები და გამართავენ ძველებურ, ფშაურ ტირილს.
„მე რას-რა გიშველიდი, ბეჩავ ლუკაო, დასდევაა ჩვენი სიღარიბის ჯოხიო“, - დაიწებს თამარი და ვეღარც რას გააგრძელებს, ტირილი აუვარდება.
წამოდგება ბეროთ ნათელა, აიღებს ლუკას ხმალს ხელში, დაიბჯენს და დაიწყებს მოთქმას:

ეს თუ არი და ჩვენი ლუკა,
ბადალი მთელის ხმელეთისა...
თავთით ბატონის სანთელ უნთავ,
შამანგრეველი ბნელეთისა.

ნათელას ხმით ტირილს ქვითინითვე უპასუხებენ სხვა დედაკაცები.

  ციტატის წყარო: „ვაჟა-ფშაველა“ გამომცემლობა - პეგასი საქართველო, თბილისი 2011 წ.

  •  

პირველყოფილი და ველური თემი რომ იყო, იმაში არ უნდა აგვერიოს ვაჟა-ფშაველას მიერ დახატული მთის თემი. ეს სულ სხვანაირი საზოგადოება არის მართვის საკუთარი მოდელით...
მთის თემს ხევისბერი მართავს თავისი დასტურებითა და ქადაგებით; ესე იგი, სახეზე გვაქვს თეოკრატიული მართვის განსაკუთრებული მოდელი: აქ ხევისბერის შვილი ან სხვა რომელიმე ნათესავი ვეღარ გახდება ხევისბერი, არც ამ ყბადაღებულ კენჭისყრას ჩაატარებენ და არც ეგრეთ წოდებული „დემოკრატიული“ გზით აირჩევენ უმაღლეს ხელისუფალს, ხევისბერს. ხატი ქადაგის პირით გამოაცხადებს თავის ნებას ან პირდაპირ „დაამიზეზებს“ ვინმეს და იმას აქცევს ხევისბრად. და ხევისბერი მართავს მთელ თემს ხატის ძალით, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია, სხვათაშორის...
მმართველობის ეს მოდელი ჰგავს ტიბეტურ დალაი-ლამას ინსტიტუტს, საქართველოს მთიანეთი რომ უფრო დიდ სიმაღლეზე და, აქედან გამომდინარე, მიუდგომელი ყოფილიყო, უფრო მეტად ემგვანებოდა...
მე ის მინდა ვთქვა, რომ ხევისბერის და ხატის გარშემო მცხოვრები საზოგადოება თავისებური კანონებით ცხოვრობს მართვის ყველაზე უკეთესი მოდელით, რაც კი დედამიწაზე მოუგონიათ და არ შეგვაცდინოს გამონათქვამმა „დრომოჭმული ადათ-წესები“, ამნაირ საზოგადოებაში სხვებთან შედარებით მინიმუმამდეა დაყვანილი უსამართლობა.
ჰოდა, ვერ დატეულან, ამ, კიდევ ვიმეორებ, ყველაზე ადამიანური ყოფიერების ჩარჩოებში ვერ თავსდებიან ვაჟა-ფშაველას გმირები - ვერც აღაზა და ჯოყოლა, ვერც ალუდა ქეთელაური თუ ქიჩირბე, და მინდია კიდევ ხო სულ სხვაგან არის...
ზოგს გადამუშავებულ ბიბლიურ ამბავს აგონებს "სტუმარ-მასპინძლის" სიუჟეტი, ზოგს თავისებურად გადახარშულ თქმულებებს და, მე - არა...
ვფიქრობ, რომ ეს და სხვა პოემებში გადმოცემული ამბებიც ძველი ხსოვნიდან არის, იმ ძველი და დიდი იბერიის ხსოვნიდან, ინდოევროპელებმა რომ დაანგრიეს და ალაგ-ალაგღა შემორჩა ნატეხებად თანამედროვე სამყაროს: შოტლანდია-ირლანდიად, ბასკებად, კორსიკად და სიცილიად და აქეთ - საქართველოდ...
ის დიდი იბერია ახსოვს ვაჟას, იმისი სულიერების (და არა მეცნიერულ-ტექნიკური) პრიმატით განვითარებული ცივილიზაცია და იმისი მოყოლილები, განსაკუთრებით კი - „ბახტრიონი“ და „სისხლის ძიება“, ასევე ხევსურებზე დაწერილი სამი შედევრი: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“ და „გველისმჭამელი“ - იმ დიდი იბერიის ამბებია. და რომ ვერ ვიგებთ, ამათი კითხვისას რა მოგვდის, რა გვემართება, რატომ გვიჩქრიალებს სულ სხვანაირად სისხლი, სულ ამის ბრალია: ჩვენ აღარ, მაგრამ სისხლს ახსოვს ის ქვეყანა, იმ ქვეყანაში მიიწევენ ვაჟაის გმირები, თვითონ მწერალიც იქით გვეძახის - წამოდით, ყველანი იმ უკეთეს ქვეყანაში წავიდეთო... ეს არის ვაჟას სათქმელი თანამედროვე სამყაროსთვის და...
იმ დიდ იბერიაში რომ არავინ არის წამსვლელი, ესეც იცის ვაჟამ და აქედან არის ის დიდი დარდი, რაც მის ყველა ნაწარმოებს დაჰყვება ერთ-ერთ უმთავრეს ლაიტმოტივად...
ამიტომ ვიფიქრებ ხოლმე, რომ ვაჟა სულ სხვაგან არის, ჩვენ კიდევ სულ სხვაგან დავეძებთ და ვერ გვიპოვნია ჯერ...
ვერც ვიპოვნით...
ვაჟა-ფშაველა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს...

  ციტატის წყარო: „ვაჟა-ფშაველა“ გამომცემლობა - პეგასი საქართველო, თბილისი 2011 წ.


  •  

მე შორს დავტოვე გულის ზიარი,
ისევ ჰკიდიან ცას თოლიები.
დარდებს ნიავი ტალღებს მიაფშვნის.
მე შორს დავტოვე გულის ზიარი.

შენთვის მესიზმრა ყველა სიზმარი.
თოლიებივით მანდ თოვლი მღერის.
მე შორს დავტოვე გულის ზიარი.
ისევ ჰკიდიან ცას თოლიები.

  ციტატის წყარო: თიკა სავანელის ლექსი „თოლიების ტრიოლეტი“ წიგნიდან „მადლის ქვა“ (მოთხრობა: „ფლიუგერი არსაით“) გამომცემლობა - სიესტა საქართველო, თბილისი 2011 წ.


  •  

თუკი ამ ბინდისფერი და ყოვლის დამამხობელი საწუთროსგან თავმობეზრებული და უიმედო დიდხანს დაჰყოფ საწყლისპიროზე, მდინარე აუცილებლად ჩამოატარებს შენს გვამს, და სად იქნები მაშინ - ისევ ნაპირზე იჯდები თუ სულის მდინარე წაგიღებს ტაატ-ტაატით?

  ციტატის წყარო: მინიატურა „სულის მდინარე“ წიგნიდან „სულის მდინარე“ გამომცემლობა - ინტელექტი საქართველო, თბილისი 2012 წ.


ჩემო მეჟოლია-2012
  •  

შოკა – სოფო, იცი მე რა მაინტერესებს, აი, წეღან რო თქვი, მართლა პატარ-პატარებად გეჩვენებით?
სოფო – ჰო, ეხლა ბუზების დასახოცს ვეძებ, თორემ ტვინი წაიღო თქვენმა ზუზუნმა!
შოკა – ჩემი ხმა ძალიან ახლოდან ან შორიდან ხომ არ გესმის?
სოფო – შორიდან! და უფრო შორიდან გავიგებ, აქედან რომ წაბზუილდებით...
შოკა – ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ ეგაა თოდის სინდრომი! ანუ ალისა საოცრებათა ქვეყანაში სინდრომი... რადგან პატარებად გეჩვენებით, მაგას ჰქვია მაკროფსია...
სოფო – ჰო, მაკროფსია... (პაუზა) თვეში ერთი დასვენების დღე მქონდა და იმასაც მამადლიდნენ. დავიღალე, ძალიან დავიღალე. ჩემი ვიოლინო ოდესმე თუ ხელში მჭერია, ვეღარც ვიხსენებ... სულ მეშინოდა, ის ჩემი ავადმყოფი არ მომკვდარიყო, რაგდან სამსახურს დავკარგავდი და ფულს რომ ვეღარ გამოგიგზავნიდით, აქ შუქიც ჩაქრებოდა და გაზიც გაითიშებოდა... თქვენ კი რას აღარ იგონებდით, რომ უფრო მეტი ფული გამოგეძალათ ჩემთვის... ესაა თქვენი მართლმადიდელობა? (ტირის).
ჩიტო – მართლმადიდებლობა ხომ დიდი შენდობაც არი, ბოლობოლო და რა იქნება, მშვიდობიანად რო ვიცხოვროთ ყველამ?
შოკა – თან მოდაშიც არის კოჰაბიტაცია!
ჩიტო - აბა რა! კოჰაბიტაცია თუ არ იქნა, მოხდება დიდი ქვეყნების შეშფოთება! თუ კიდევ ვერ მოხერხდა, მაშინ უნდა ველოდოთ დიდი ქვეყნების ღრმა აღშფოთებას!
თოკო - ჩვენ კი ეს არ გვინდა! და მოვითხოვთ იმენა, კოჰაბიტაციას!
სამივენი - (ერთად ყვირიან, თითქოს მიტინგზე არიანო) კო-ჰა-ბი-ტა-ცი-ა! კო-ჰა-ბი-ტა-ცი-ა! კო-ჰა-ბი-ტა-ცი-ა!

  ციტატის წყარო: „ჩემო მეჟოლია“ გამომცემლობა - გლოსა საქართველო, თბილისი 2015


  •  

- ბაბა! – ამბობს ბიჭი.
ცალფეხა თავს ასწევს, ბიჭს იცნობს და გაბრაზებული ეუბნება:
- დიდი სეირი ბიჭი ხარ, უჩა, ბაბი, შენ!.. დიდი სეირი ბიჭი!
- სარანგზე ვთევზაობ, ბაბი და... – მხრებს იჩეჩავს უჩა.
- მერე, დღეს უნდა გეთევზავა?.. დღეს ხომ რვა მაისია, ძველი სტილით კი 24 აპრილი...
- ვაი, ბაბი, დღეს `მზოღაშ კოჩი~ გამოვიდა ზღვიდან, დიხაშ კოჩი კიდევ ხმელეთიდან და ქვა-ომზახეზე დასხდნენ და ადამიანების ბედი უნდა გადაწყვიტონ! – უჩა შუბლში იტკეცს პატარა ხელს და ქვიშაზე გადღაბნილ ნახატს დაჰყურებს სინანულით, - დღეს უნდა გვეთხოვა, ვისაც რა სათხოვარი გვქონდა...
ცალფეხა დაიხრება, დასაკეც სკამს აიღებს, ყავარჯენზე ჩამოიკიდებს და ზღვისპირ დაადგება გზას.
ბიჭი ქვა-ომხაზეზე აირბენს, სარანგის ასხმულას და ჭინოს წამოიღებს, მერე ამ გადმოსროლილ თევზსაც თავის ასხმულას მიამატებს საჩქაროდ და მამამისს დაედევნება. თან უკან-უკან იყურება, - აბა, მართლა ხომ არ სხედან უკვე იმ დიდ ლოდზე ზღვის კაცი და მიწის კაციო...
თითქოს სხედან და თითქოს არც სხედან...

  ციტატის წყარო: „ჰელესა“ გამომცემლობა - უსტარი საქართველო, თბილისი 2012 წ.

  •  

ფელუკის ცხვირზე მეი კირბიში დგას, მამამისის ყაბალახით წაუკრავს თავი, გუდასტვირს უკრავს და „ჰელესას“ მოძახილს იწყებს.
მერიემ-ხავანა კი გადაჯვარედინებულ ფიცრებს აჭედებს სახლის კარებზე – ეტყობა, ისიც შვილს უნდა გაჰყვეს ზღვაში.
ახალი ფელუკა ნელ-ნელა ზღვისკენ მიაქვთ სარფელებს...
ზემოდან თუ დავხედავთ, დავინახავთ მდინარის და ზღვის მოსარკულ ზედაპირზე არეკლილ ცას, ალაგ-ალაგ თეთრი ღრუბლებით და თითქოს ცაში არეკლილ ზღვაში აცურებენ ფელუკას სარფელები.
ამ დროს თითქოს თავისით ისმის ფოკა კირბიშის და ყველა მისი წინაპრის ლაზური მოძახილი, მაგრამ მართლა თავისით კი არა, ეს სიმღერა ზღვასაც დამახსოვრებული აქვს და ცასაც...

ჰელესა-იალესა
(ლაზურად)

– ჰეიმოლი, ჰეიმო!
– იამო, ჰეიამო!
– ჰეიმოლი, ჰეიმო!
– იამო, ჰეიამო!
– ჰაი ონ დუღუნი ოხორი?
– ჰელესა-იალესა.
– ზორი კრიი ზორი ზორი.
– ჰელესა-იალესა.
– ბაზი დოკანით ლივორი.
– ჰელესა-იალესა, ჰეიამოლა ელესა, ისა ჰოი!

  ციტატის წყარო: „ჰელესა“ გამომცემლობა - უსტარი საქართველო, თბილისი 2012 წ.


დიდი ძუ დათვი - 2015
  •  

დავწერდი და ჩავასწორებდი, გადავწერდი და კვლავ ვასწორებდი, თუმცა ვერასგზით ვუახლოვდებოდი იმ იდეალურ ვარიანტს, ჩემში რომ გაჩნდა თავდაპირველად - სისხლის ნთხევით მივრბოდი მისკენ და მივაღწიე მეთქი, რომ ვიფიქრებდი, გამისხლტებოდა და იკარგებოდა - უდაბნოში მოხეტიალე მწყურვალის ზმანებას ჰგავდა, ოაზისი რომ ეჩვენება ერთთავად...
ბოლოს მივხვდი, ვერასოდეს დავწერდი ისე, როგორც მინდოდა.
ამას ადრეც ვგრძნობდი, მაგრამ არ ვაცნობიერებდი, რადგან არ მინდოდა დამარცხება.
ახლა კი ვიცი - თუ მწერალი არ დაიტანჯა, არ იწვალა და ბოლოს ჩემსავით არ დამარცხდა; თუ ის დაწერა, რაც უნდოდა; თუ გაიმარჯვა, - მკვდარია, როგორც მწერალი...
მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერ მწერალს სიკვდილის შესაძლებლობა ყოველი მომდევნო ნაწარმოების დამთავრებისას აქვს, მაგრამ, ალბათ, სჯობს, ეს შესაძლებლობა ბოლომდე არ გამოიყენოს...

  ციტატის წყარო: „დიდი ძუ დათვი“ გამომცემლობა უსტარი საქართველო, თბილისი 2013

  •  

შუბურელთა სიზმრებში უშველებელი დათვი - მინავლული წარსულიდან ფენიქსისებრ აღმდგარი მითიური ზმანება - ღონივრად დააბიჯებდა. ორ ტორზე მდგარი ამაყად მოდიოდა მათკენ, ღრიალებდა გამძვინვარებული და თავზარდაცემული სოფლელები, სიზმარში თოფი რომ არ უვარდებოდათ და ხმაც წართმეოდათ, ოფლში გახვითქულნი გააჭყეტდნენ თვალებს და შიშით აღვსილნი ყურს მიაპყრობდნენ ჭოტების ღამეულ კივილს, ქორათის ხეობის წკვარამს რომ ხაზავდა მეტეორივით, შემაშფოთებლად, მთრთოლვარედ.

  ციტატის წყარო: „დიდი ძუ დათვი“ გამომცემლობა უსტარი საქართველო, თბილისი 2013

  •  

... და ვაჩეს სჯერა, რომ დიდი ძუ დათვი არა მარტო მისი დედაა, არამედ ყველა ადამიანის მშობელია, როგორც ეს პაპა ელიამ და კუკუბო ვარშანიძემ თქვეს, რადგან ბუნებას ჰგავს, თავად დედაბუნებაა ჯავრია.
და სამყაროს შემოქმედი, თუ ის მართლაცდა მამაუფალია, დიადი და ყოვლისმომცველი, არ დაუშვებს დათვის მოკვლას, ბაიდო ნაკაშიძეს პირში ჩალას გამოავლებს, - კუდში ჩასჭიდებს გარეთ გამოვარდნილ ოქროსფერ დათვს ძლიერ, დაძარღვულ მარჯვენას, ზემოთ აიტაცებს და იმ ციცხვისებურ თანავარსკვლავედად გადააქცევს, დალი ბებიაც ხომ ცაში წაიყვანა.

  ციტატის წყარო: „დიდი ძუ დათვი“ გამომცემლობა - უსტარი საქართველო, თბილისი 2013


  •  

სოსო - (იწყებს თავის ლექსს „დილა“) ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადაჰხვეოდა იასა, ზამბახსაც გაჰღვიძებოდა...
დოლფი - (გააწყვეტნებს) ეგ ვისი ლექსია, არ ვიცი. ჩემი კი აი, ეს არის: ჩვენ ვიყურებით, თავისუფლები და გულღიები, ჩვენ ვიყურებით მუდამ, ჩვენ ვიყურებით სიხარულით გერმანული სამშობლოსკენ! ჰაილ!
(ზიგი უბის წიგნაკში იწერს შენიშვნებს).
ანნა - (სოსოს) ღმერთო ჩემო, როგორ მომეწონა!
ირმა - შენ რას იტყვი, ზიგი?
ზიგი - მე ვიტყოდი, რომ ეს ერთი შეხედვით თითქოსდა ლამაზი ლექსია... თუნდაც, აქ წარმოდგენილ ყვავილთა გარკვეული ჯგუფით... ზოგჯერ ცოტა უცნაურადაც კი...
სოსო - უცნაურად სად?
ზიგი - იქ, სადაც ვარდი უნდა გადაეხვიოს იას.
ანნა - რატომ, ზიგი, მე სწორედ ეს მომეწონა!
ზიგი - აი, წარმოიდგინეთ, მაღალი ვარდი, ეკლიანი, როგორ უნდა გადაეხვიოს პატარა, სიფრიფანა, ბუჩქის ძირას ამოსულ იას? როგორ?
ანნა - როგორ და აი, ასე! (გადაეხვევა სოსოს).
დოლფი - ანნა, თავი შეიკავე, თუ შეიძლება! და გერმანიისკენ იყურე! მხოლოდ გერმანიისკენ!
ანნა - (დოლფის) შენ გაჩუმდი, შოშია...
ირმა - ესე იგი, ვარდი იას ვერ გადაეხვევა?
ზიგი - ჩვენ სიმპტომატურ შედეგს მივიღებთ, თუ ამ გადახვევას და იქნებ კოცნასაც კი, ვარდის მხრიდან იის მიმართ, განვიხილავთ, როგორც ლიბიდოს სუბლიმაციას არასტანდარტულ გარემოში...
სოსო - (წყენით) რატომ არასტანდარტულ გარემოში?
ზიგი - ეს სახეები გამოხატავენ ორგაზმს, სუბლიმირებულად, რასაკვირველია. ხოლო სუბლიმაცია ყოველთვის სიმპტომატურია! და მოასწავებს სხვადასხვა ბიპოლარულ, სექსო-მანიაკალურ და დეპრესიულ დარღვევებს. მოდით, ისიც დავიმახსოვროთ ყველამ, რომ სიმპტომატური ყოველთვის არ არის სუბლიმაციური!
ირმა - გერმანიისკენ მანიაკალური ცქერა მეორე ლექსში ხომ არ შეიცავს გარკვეულ საფრთხეს თავად გერმანიისთვის?

  ციტატის წყარო: „Laudakia Caucasia“ გამომცემლობა - უსტარი საქართველო, თბილისი 2014


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Commons
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
:Category:Miho Mosulishvili