ცხოველების ფერმა
„ცხოველების ფერმა“ (ინგლ. Animal Farm) — ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე.
ციტატები
[რედაქტირება]- დათო აკრიანის თარგმანი, გამომცემლობა პალიტრა L, 2018 წელი
თავი 1
[რედაქტირება]- მაშ, ამხანაგებო, რას წარმოადგენს თავისი არსით, ჩვენი ცხოვრება? პირდაპირ შევხედოთ მას: ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრობით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ. და ბოლოს, როცა აღარ ვჭირდებით, ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ. დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ ინგლისის არც ერთმა ცხოველმა აღარ იცის, რა არის დასვენება და ბედნიერება. არც ერთი ცხოველი ინგლისში თავისუფალი არ არის: მისი ცხოვრება აქ საცოდაობა და მონობაა. აი, თუ გნებავთ, სრული ჭეშმარიტება.
- მაშ, რატომ ვრჩებით ამ შესაბრალის მდგომარეობაში? იმიტომ, რომ ჩვენი გარჯის თითქმის მთელ ნაყოფს ადამიანები გვპარავენ. სწორედ აქაა მეგობრებო, ჩვენი სატკივრის თავიდათავი. იგი ჯამდება ერთადერთ სიტყვაში: ადამიანი. ადამიანია ჩვენი ერთადერთი რეალური მტერი. გააქრეთ ადამიანი და ამით სამუდამოდ გააუქმებთ შიმშილსა და მონური შრომის უმთავრეს მიზეზს.
- ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მხოლოდ ნთქავს და არაფერს ქმნის. ის არც რძეს იძლევა, არც კვერცხს დებს, მეტისმეტად სუსტია საიმისოდ, რომ გუთანი გასწიოს, და ისე სწრაფადაც ვერ დარბის, კურდღლები რომ დაიჭიროს. ამ დროს კი იგი ყველა ცხოველის ბატონის, ამუშავებს ცხოველებს და მხოლოდ იმდენს უბრუნებს მათივე ნამუშევრიდან, რომ შიმშილით არ დაიხოცონ, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს. ჩვენ ვამუშავებთ და ვანოყიერებთ ნიადაგს და ამ დროს არც ერთ ჩვენგანს არ გააჩნია რაიმე, საკუთარი ტყავის თვინიერ.
- მაშ, განა დღესავით ნათელი არ არის, ამხანაგებო, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის? ერთხელაც თავი დავაღწიოთ ადამიანს და ჩვენი გარჯის შედეგი მთლიანად ჩვენი იქნება. თითქმის ერთ ღამეში შეგვეძლო გავმხდარიყავით მდიდრები და ბედნიერები. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? რა და ის, რომ ვიმუშაოთ დღე და ღამე, არ დავზოგოთ სული და სხეული, რათა ადამიანის მოდგმა დაემხოს. აჯანყება! — აი, ჩემი სიტყვა ამხანაგებო.
- გახსოვდეთ, ამხანაგებო: თქვენი გადაწყვეტილება ურყევი უნდა იყოს. არც ერთმა მოსაზრებამ გზიდან არ უნდა გადაგახვევინოთ. ყური არ ათხოვოთ, თუკი გეტყვიან, რომ ადამიანს და ცხოველს საერთო ინტერესები ამოძრავებთ, რომ პირველი კეთილდღეობა მეორის კეთილდღეობასაც ნიშნავს. ტყუილია ეს ყველაფერი. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებითვის იღვწის. ჩვენში კი, ცხოველებში, დაე, სრული ერთიანობა, ძმობა და მეგობრობა სუფევდეს ჩვენი საერთო მიზნისათვის ბრძოლაში. ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი — მეგობარი.
- მუდამ გახსოვდეთ თქვენი შეურიგებლობა ადამიანისა და ყოველივე მისეულის მიმართ! ყოველი არსება, რომელიც ორ ფეხზე დადის, მტერია, ყოველი ოთხფეხა ან ფრთოსანი არსება — მეგობარი. გახსოვდეთ ისიც, რომ, თუმცა კი უნდა ვებრძოლოთ ადამიანს, მაგრამ ამ ბრძოლაში არაფრით უნდა დავემსგავსოთ მას. და როდესაც მას დაამარცხებთ, მაშინაც კი არ უნდა შეითვისოთ მისი მანკიერებანი. არც ერთმა ცხოველმა არ უნდა იცხოვროს სახლში, არ უნდა იძინოს საწოლში, არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, არ უნდა მოსწიოს თამბაქო, არ უნდა შეეხოს ფულს და არ უნდა გაერიოს ვაჭრობაში. ადამიანის ყველა ჩვეულება ბოროტებაა. უწინარეს ყოვლისა კი, არც ერთმა ცხოველმა არასოდეს არ უნდა დაჩაგროს და არ უნდა მოკლას თავისივე მსგავსი. ყველა ცხოველი თანასწორია.
თავი 2
[რედაქტირება]- შვიდი მცნება:
1. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია. 2. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია. 3. არც ერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს. 4. არც ერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში. 5. არც ერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს. 6. არც ერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს 7. ყველა ცხოველი თანასწორია.
თავი 3
[რედაქტირება]- მთელი ზაფხული ფერმამ საათივით აწყობილმა იშრომა. ცხოველები ბედნიერები იყვნენ, რადგან უწინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ასე ცხოვრება. ყოველი ლუკა ორგზის უფრო საამო იყო: ამჯერად ეს ნამდვილად მათ მიერ თავისთვისვე მომზადებული საკვები გახლდათ და არა პატრონის ხელით, დამადლებით მიყრილ-მოგდებული! უღირს და პარაზიტ ადამიანთა წასვლის შემდეგ თითოეულს უფრო მეტი საკვები ხვდებოდა, მეტი ჰქონდათ მოცალეობაც.
- არავინ იპარავდა, არავინ ბუზღუნებდა ულუფის სიმცირის გამო. ჩხუბი, კბენა და ეჭვიანობა — მათი წარსული ცხოვრების განუყრელად თანამდევი თვისებები — თითქმის მთლიანად გაქრა. არავინ გაურბოდა სამუშაოს.
- რძის გაქრობის საიდუმლოს მალე აეხადა ფარდა. რძეს ყოველდღე ღორის სალაფავში ურევდნენ. ადრეულა ვაშლი უკვე მწიფდა და ხეხილის ბაღი ძირნაყარი ხილით ივსებოდა. ცხოველებმა, ბუნებრივია, დაასკვნეს, რომ ამ ხილს თანაბრად გაიყოფდნენ. მაგრამ ერთ დღესაც გაიცა ბრძანება, რომ მთელი ძირნაყარი ხილი მოსართავების ოთახში შეგროვდებოდა ღორებისთვის. ამან ზოგიერთი ცხოველი ააჩურჩულა, მაგრამ სულ ამაოდ. ამ საკითხში ყველა ღორი ერთსულოვანი აღმოჩნდა, თვით სნოუბოლი და ნაპოლეონიც კი. სქვილერი სხვა ცხოველებისთვის აუცილებელი ახსნა-განმარტების მისაცემად გააგზავნეს.
— ამხანაგებო! იმედი მაქვს, თქვენ არ ფიქრობთ, რომ ღორები ამას ეგოიზმითა და პრივილეგირებულობის განცდით ვაკეთებთ. ბევრ ჩვენგანას, სინამდვილეში, სძულს რძეც და ვაშლიც. მეც მეზიზღება ორივე. ერთადერთი რის გამოც ამას ვაკეთებთ, არის ზრუნვა ჩვენს ჯანმრთელობაზე. რძე და ვაშლი (ეს მეცნიერებამ დაამტკიცა, ამხანაგებო!) შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ღორის ორგანიზმისთვის აუცილებელია! ჩვენ, ღორები, გონებრივად ვშრობოთ, ამ ფერმის მთელი მართვა-ორგანიზება ჩვენზე კიდია. დღე და ღამე თვალმოუჭუტავად ვდარაჯობთ თქვენს კეთილდღეობას, სწორედ თქვენ გამო ვსვამთ რძეს და თქვენი გულისთვის ვჭამთ ვაშლს. იცით, რა მოხდება, თუკი ჩვენ ვეღარ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას? ჯოუნზი დაბრუნდება! დიახ, ჯოუნზი! ამხანაგებო, მართლა არავინაა თქვენში ისეთი, ჯოუნზის მოსვლა რომ უნდოდეს>
თუ რამე ღრმად სჯეროდათ ცხოველებს, იყო ის, რომ არც ერთს არ სურდა ჯოუნზის დაბრუნება. როცა საკითხი ამგვარად დაისვა, მათ აღარაფერი ჰქონდათ სათქმელი, მეტისმეტად აშკარა იყო, რომ ღორები ჯანმრთელად უნდა ყოფილიყვნენ. ასე რომ, ყოველგვარი შემდგომი განსჯის გარეშე შეთანხმდნენ, რომ რძე და ძირნაყარი ვაშლი (და დამწიფებული ვაშლის ძირითადი მოსავალიც) უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ ღორებს.
თავი 4
[რედაქტირება]- ხმები დადიოდა საოცარი ფერმის შესახეჰ, საიდანაც ადამიანები გაყარეს და სადაც ცხოველები თვითონვე მართავდნენ თავიანთ საქმეებს. ეს ხმები ბრუნვას განაგრძობდა ბუნდოვანი და დამახინჯებული ფორმებით.
- — აბა, აბა სენტიმენტალობა არ გამაგონო, ამხანაგო! — შესძახა სნოუბოლმა, რომელსაც ჭრილობიდან ჯერ კიდევ სდიოდა სისხლი, — ომი ომია. კარგი ადამიანი მხოლოდ მკვდარი ადამიანია.
თავი 5
[რედაქტირება]- თითოეულს თავისი მიმდევრები ჰყავდა და ამიტომ დიდი დებატები იმართებოდა. მიტინგებზე ხშირად იმარჯვებდა სნოუბოლი თავისი დიდებული ორატორული უნარის წყალობით, მაგრამ მიტინგებს შორის დროის მონაკვეთებში შეგროვებული ხმებით ნაპოლეონო აჭარბებდა. მოგვიანებით, ცხვრებმა წელიწადის ყველა დროში დაიწყეს „ოთხი ფეხი კარგია, ორი ფეხი — ცუდის“ ბღავილი, რის გამოც მიტინგები ხშირად იშლებოდა. შემჩნეული იყო, რომ ეს ბღავილი სწორედ სნოულობის სიტყვის გადამწყვეტ მომენტებში იფეთქებდა ხოლმე. მას საფუძვლიანად შეესწავლა ჯოუნზის სახლში ნაპოვნი „ფერმერი და მესაქონლის“ უკანასკნელი ნომბერი და შედგენილი ჰქონდა განახლება-განვითარების არაერთი გეგმა. იგი კომპეტენტურად მსჯელობდა მინდვრის სარწყავის, სილოსისა და ძირითადი წიდის შესახებ და შემუშავებული ჰქონდა საკმაოდ რთული სქემა ყველა ცხოველისთვის, რაც აუქმებდა ნეხვის ოთხთვალათი ზიდვის აუცილებლობას. ნაპოლეონი თვითონ არავითარ სქემას არ იგონებდა და მშვიდად ამბობდა, სნოუბოლის ზრახვები არავითარ შედეგს არ გამოიღებს და მხოლოდ დროის ამაო ფლანგვა არისო.
- ცხოველებმა ჯერ ნაპოლეონს უსმინეს, შემდეგ სნოუბოლს, და ვერაფრით დაასკვნეს, რომელი იყო მართალი. სინამდვილეში, ყოველთვის იმას ეთანხმებოდნენ, ვისაც იმ მომენტში უსმენდნენ.
- —არ გეგონოთ, ამხანაგებო, რომ მმართველობა სიამოვნებაა! პირიქით, ეს არის უმძიმესი პასუხისმგებლობა. არავის სჯერა ამხანაგ ნაპოლეონზე მეტად, რომ ყველა ცხოველი თანასწორია. ის ძალზე ბედნიერი იქნებოდა იმით, რომ მოეცა თქვენთვის საშუალება — თავადვე მიგეღოთ თქვენთვის საჭირო გადაწყვეტილებები. მაგრამ ზოგჯერ თქვენ შეიძლება შეცდეთ და სად მიგვიყვანს ეს?
- —მამაცობა საკმარისი არ არის, ლოიალობა და მორჩილება უფრო მნიშვნელოვანია.
- იმ საღამოს სქვილერმა ცხოველებს განუმარტა, რომ არსებითად, ნაპოლეონი არასოდეს ყოფილა წისქვილის წინააღმდეგი. პირიქით, სწორედ მან დაიცვა პირველად წისქვილის იდეა. ინკუბატორის იატაკზე დახაზული გეგმაც, სინამდვილეში, ნაპოლეონის ქაღალდებიდან იყო მოპარული. რეალურად, წისქვილი ნაპოლეონის ერთპიროვნული ქმნილება იყო. მაშ, ნაპოლეონი რატომ აღუდგა ამ იდეას ასე გააფთრებით? — იკითხა ვიღაცამ. სქვილერმა ძალზე ეშმაკრუად მოჭუტა თვალები:
—ეს ხომ ამხანაგ ნაპოლეონის ხუმრობა იყო! იგი მოჩვენებითად შეეწინააღმდეგა წისქვილის იდეას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საშიშზნიანი და მავნე გავლენათა გამავრცელებელი სნოუბოლის თავიდან მოსაშორებელ მანევრს წარმოადგენდა.
ახლა კი, როცა სნოუბოლი აღარ ეღობებოდათ გზაზე, გეგმა მის ჩაურევლად ხორციელდებოდა. ეს, სქვილერის თქვით, იყო ეგრეთ წოდებული „ტაქტიკა“. მან რამდენჯერმე გაიმეორა „ტაქტიკა, ამხანაგებო, ტაქტიკა!“ ცხოველებს არ ესმონათ ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ სქვილერი ისე დამაჯერებლად მეტყველებდა და მისი თანმხლები სამი ძაღლიც ისეთი რისხვით იღრინებოდა, რომ განმარტება ყოველგვარი დამატებითი შეკითხვის გარეშე მიიღეს.
თავი 6
[რედაქტირება]- მთელი ის წელიწადი ცხოველებმა მონებივით იშრომეს. მაინც ბედნიერნი იყვნენ და თავს არ ზოგავდნენ, რადგან მშვენივრად იცოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებდმემ, მოხმარდებოთა მათ და მათ შემდეგ მომსვლელებს და არა — ერთ ბღუჯა მღლიტავ ადამიანებს.
- ცხოველებს კიდევ ერთხელ გადაუარა რაღაც ბუნდოვანმა უსიამოვნების ტალღამ. არასოდეს მივმართოთ ადამიანებს, არასოდეს ვივაჭროთ, არასოდეს გამოვიყენოთ ფული, — განა ასე არ გადაწყვიტეს ჯოუნზის განდევნისთანავე? ყველა ცხოველს ახსოვდა — ან ეგონა, რომ ახსოვდა — მსგავსი გადაწყვეტილებები.
- ამის შემდეგ სქვილერმა ფერმას ჩამოუარა და ცხოველები დააშოშმინა. დაარწმუნა, რომ სინამდვილეში, არავის მიუღია და არც უფიქრია მიეღო გადაწყვეტილება ვაჭრობის ან ფულის წინააღმდეგ. ეს იყო წმინდა წყლის ფანტაზია, სნოუბოლის მიერ დატრიალებულ სიცრუეთა გამოძახილი. რამდენიმე ცხოველმა მაინც გამოთქვა მსუბუქი ეჭვი, მაგრამ სნოუბოლი ავად ჩაეკითხა: „გესმით თუ არა, ამხანაგებო, რომ ასეთი გადაწყვეტილება თქვენ არც დაგსიზმრებიათ? სადმე თუ გაქვთ დაფიქსირებული? წერია ეს სადმე?“ და რაკი სიმართლე იყო, რომ არავითარი მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდა, ცხოველები დარწმუნდნენ, რომ შეცდნენ.
- დაახლოებით ამავე პერიოდში ღორები მოულოდნელად ჯოუნზის ყოფილ საბინადროში შესახლდნენ და თავიანთ რეზიდენციად აქციეს. ცხოველებს თითქოს კვლავ გაახსენდათ მსგავსი ქმედების საწინააღმდეგო რეზოლუცია და სქვილერმა კვლავ შეძლო მათი დარწმუენბა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არასოდეს მიუღიათ.
- —მაშ, ამხანაგებო, თქვენ უკვე გესმით იმის შესახებ, რომ ღორებს ამჟამად ჯოუნზის საწოლებში გვძინავს? რატომაც არა? განა ოდესმე მიგვიღია კანონი, რომელიც კრძალავდა საწოლს? საწოლი, უბრალოდ, ნიშნავს დასაძინებელ ადგილს. სწორად თუ შევაფასებთ, გომურში დაგებული ნამჯაც საწოლია. კანონი კრძალავდა ადამიანის შექმნილ ზეწარს. ჩვენ ყველა ზეწარი გავიტანეთ სახლიდან და ცარიელ მატყლზე გვძინავს. საკმაოდ კარგი საწოლებია! მაგრამ არა იმაზე უკეთესი, ამხანაგებო, ვიდრე გვჭირდება ჩვენ — სადღეისოდ შესასრულებელი მთელი გონებრივი სამუშაოს მესვეურთ. თქვენ არ წაგვართმევთ სიმშვიდეს, ასე არაა ამხანაგებო? მეტისმეტად ხომ არ დაგვქანცავთ ჩვენი მოვალეობების შესრულებისას? მართლა არ გსურთ ჯოუნზის დაბრუნება?
ცხოველებმა იმწამსვე დაუდასტურეს თავიანთი ოდინდელი განწყობა ამ საკითხზე და აღარავის ამოუღია ხმა საწოლებში მძინარე ღორებზე. არც მაშინ დაუჩივლია ვინმეს, როცა რამდინიმე დღის შემდეგ გამოცხადდა, რომ ამიერიდან ღორები ყველა სხვა ცხოველზე ერთი საათით გვიან გაიღვიძებდნენ.
თავი 7
[რედაქტირება]- თავისი აზრების გამოთქმა რომ შესძლებოდა, იტყოდა, რომ, რაც დღეს ფერმაში ხდებოდა, ის არ იყო, რისკენაც მიუხაროდათ წლების წინ, როდესაც ადამიანთა მოდგმის დამხობა განიზრახეს. ტერორისა და ხოცვა-ჟლეტის ეს სცენები სრულებით განსხვავდებოდა იმისგან, რისი მოლოდინიც მათ მეიჯორის მოწოდებამ აღუძრა სულ პირველ ღამეს. თუ ქლოვერს ოდემე მომავალი წარმოუდგენია, მაშინ ეს არის შიმშილისა და შოლტისგან გათავისუფლებულ ცხოველთა საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორია, რომელშიც თითოეული შრომობს თავისი შესაძლებლობების მიხედვით; რომელშიც ძლიერი იცავს სუსტს, როგორც თვითონ იცავდა ზორბა წინა ფეხებით იხვის ჭუჭულებს მეიჯორის მიმართვის ღამეს. ამ ყოველივეს სანაცვლოდ კი ისეთი დრო დაუდგათ, როცა ვერავინ ბედავდა საკუთარი აზრის გამოთქმას, როდესაც ყველგან დასაგლეჯად გამზადებული ძაღლები დაძრწოდნენ და როცა არგაგონილ დანაშაულთა აღიერების შემდეგ შენივე ამხანაგების ცოცხლად დანაკუწებისთვის უნდა გეცქირა. აზრადაც არ მოსვლის ამბოხი და დაუმორჩილებლობა, რადგან იცოდა, რომ ასეთი ვითარება ჯოუნზის ხანაზე გაცილებით უკეთესი იყო და, უწინარეს ყოვლისა, ცხოველები ადამიანთა დაბრუნებას წინ უნდა აღდგომოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის მაინც ერთგული დარჩებოდა, თავდაუზოგავად იშრომებდა, შეასრულებდა, რასაც უბრძანებდნენ, და არ უარყოფდა ნაპოლეონის მმართველობას... და მაინც, ეს ის არ იყო, რისი იმედიც ქლოვერს და სხვა ცხოველებს ჰქონდათ და რისთვისაც აქამდე ეშრომათ.
თავი 8
[რედაქტირება]- რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სიკვდილით დასჯით გამოწვეული შიში ჩაცხრა, ზოგიერთმა ცხოველმა გაიხსენა — ან ეგონა, რომ გაიხსენა — მეექვსე მცნება: „არც ერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს“. და თუმცა არავინ აპირებდა ამაზე კრინტის დაძვრას ღორების ან ძაღლების გასაგონად, ცხოველებს ისეთი განწყობა დაეუფლათ, რომ იმ დღის ხოცვა-ჟლეტა ვერ უთავსდებოდა მცნების არსს. ქლოვერმა ბენჯამინს სთხოვა, წაეკითხა მისთვის მეექვსე მცნება და, რაკი ბენჯამინმა უარი თქვა ამ საქმეებში ჩარევაზე, მურიელი მოძებნა. „არც ერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს უმიზეზოდ“, — წაიკითხა მურიელმა. ახლა კი დაინახეს, რომ მცნება არავის დაურღვევია. აშკარა კი, რომ, რაკი სნოუბოლს შეეკვრნენ, მოღალატეები უნდა დაეხოცათ.
თავი 9
[რედაქტირება]- ცხოვრება მძიმედ მიდიოდა. ზამთარი ისეთივე სუსხიანი იყო, როგორც შარშანნ, საკვები — რამდენადმე ნაკლებიც. ღორების და ძაღლების გარდა, ყველას კიდევ ერთხელ შეუმცირდა დღიური ულუფა. ულუფების სრული თანასწორობა, სქვილერის განმარტებით, დაუპირისპირდებოდა ანიმალიზმის პრინციპებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას არ უჭირდა, ცხოველებისთვის იმის დამტკიცება, რომ არც ერთს არ ჰქონდა საკმარისზე ნაკლები ნუზლი. ამ დღეებში, რასაკვირველია, საჭიროდ მიიჩნიეს ულუფების რაოდენობის ხელახალი დაზუსტება (სქვილერი ამ პროცესს ყოველთვის „დაზუსტებად“ ნათლავდა და არა „შემცირებად“), მაგრამ ჯოუნზის ხანასთან შედარებით ეს დიდი წინსვლა იყო. სქვილერი გამჭოლი ხმით სხაპასხუპით ასახელებდა ციფრებს და ცხოველებს დეტალურად უმტკიცებდა, რომ დღესდღეობით უფრო მეტი შვვრია, მეტი თივა, მეტი თალგამი ჰქონდათ, ვიდრე ჯოუნზის პერიოდში; რომ საუშაო საათები ახლა ნაკლები იყო, სასმელი წყალი — უფრო სუფთა, სიცოცხლის ხანგრძლივობა — მეტი; რომ დღეს იმდენი პირმშო აღარ ეღუპებოდათ, რამდენიც უწინ, თავლებშიც მეტი ნამჯა ეფინათ და რწყილებიც უწინდებურად აღარ აწუხებდათ. ცხოველებს მისი ყოველი სიტყვის სჯეროდათ. სიმართლე რომ ითქვას, ჯოუნზიც და მთელი იმდროინდელი ამბებიც თითქმის მთლიანად ამოშლოდათ ხსოვნიდან. მათ იცოდნენ, რომ დღეს ცხოვრება ძნელი იყო; რომ ხშირად შიოდათ და სციოდათ; რომ თითქმის ყოველთვის მუშაობდნენ, როცა არ ეძინათ... მაგრამ, ეჭვი არაა, წარსულში უარესი იქნებოდა. მათ ეს რწმენა სიამოვნებდათ. გარდა ამისა, მაშინ მონები იყვენენ ახლა კი — თავისუფალნი! ამ უდიდესი განსხვავების აღნიშვნა სქვილერს არასოდეს ავიწყდებოდა.
- მაგრამ ყოველდღიურ დანაკლისს ანაზღაურებდა ის ფაქტი, რომ ცხოველთა ღირსება უწინდელზე შეუდარებლად მეტად იყო დაცული. ახლა უფრო მეტი სიმღერა, მეტი საჯარო საუბრები, მეტი პროცესები ჰქონდათ. ნაპოლეონმა ბრძანა, რომ კვირაში ერთხელ გამართულიყო ეგრეთ წოდებული „სტიქიური დემონსტრაცია“, რომლის მიზანიც იყო „ცხოველების ფერმის“ ბრძოლებისა და გამარჯვებების აღნიშვნა. დანიშნულ დროს ცხოველებს უნდა მიეტოვებინათ თავ-თავიანთი საქმე და სამხედრო ნაბიჯებით მოევლოთ ფერმის შენობების მიმდებარე ტერიტორია.
- მთლიანობაში, ცხოველებს დღესასწაული ახარებდათ, რადგან ძალიან სიამოვნებდათ იმის შეხსენება, რომ ყოველივეს შემდეგ კვლავ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები იყვნენ და რასაც აკეთებდნენ, ყველაფერი მათვე ხმარდებოდათ. ასე რომ, სიმღერები, საზეიმო მსვლელობები, სქვილერის ციფრებით აჭრელებული სიები, თოფის ტრიუმფალური გასროლები, მამლის ყივილი და დროშიც ფრიალი მათ ცოტა ხნით მაინც ავიწყებდათ თავიანთ ცარიელ მუცლებს.
თავი 10
[რედაქტირება]- იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფერმა მდიდრდებოდა, მისი მკვიდრი ცხოველები კი — ღორებისა და ძაღლების გამოკლებით — კვლავ უქონელნი რჩებოდნენ. ნაწილობრივ ეს, ალბათ, იმიტომ ხდებოდა, რომ ღორ-ძაღლი ერთობ მომრავლებულიყო. ვერ იტყოდით, რომ ისინი არაფერს აკეთებდნენ. სქვილერის დაუღალავი მტკიცებით, არასოდეს ილეოდა საქმე ფერმის ზედამხედველობის და ორგანიზების სფეროში.
- და მაინც, არც ღორები და არც ძაღლები თავიანთი შრომით არანაირ საკვებს არ ქმნიდნენ, თუმცა ფრიად მომრავლებულიყვნენ და მადასაც არ უჩიოდნენ. რაც შეეხება სხვებს, მათი ცხოვრება, რამდენადაც თვითონ ამჩნევდნენ, ახლაც ისეთივე იყო, როგორც ყოველთვის: უმეტესწილად მშივრებს ნამჯაზე ეძინათ, წყალს ტბორიდან სხვამდნენ და უწინდებურად მინდორში მუშაობდნენ. ზამთრობით სიცივე აწუხებდათ, ზაფხულობით — ბუზები. ზოგჯერ მათ შორის უხუცესნი მეხსირებას ძაბავდნენ, რათა განესაზღვრათ, როდის ჰქონდათ უკეთესი ცხოვრება — აჯანყების დღეებში, როცა ჯოუნზი ახალი გაგდებული იყო თუ ახლა. გახსენებას კი ცდილობდნენ, მაგრამ ვერ იხსენებდნენ, ვერაფერს ადარებდნენ დღევანდელ ცხოვრებას, არაფერი გააჩნდათ ხელჩასაჭიდი, გარდა სქვილერის ციფრებიანი სიებისა, რომლების საერთო ვითარების მუდმივ გაუმჯობესებაზე ღაღადებდნენ. ცხოველები ამ პრობლემებს უკვე გადაუწყვეტლად მიიჩნევდნენ, ასეა თუ ისე, ამ საგნებზე ფიქრისთვის დროც აღარ ჰქონდათ.