ჯონ მილტონი (ინგლ. John Milton) (დ. 9 დეკემბერი,1608 — გ. 8 ნოემბერი, 1674) — ინგლისელი პოეტი და პოლიტიკოსი, ფართო მასებისათვის ცნობილია თავისი ეპიკური პოემით „დაკარგული სამოთხე“ ("Paradise Lost") .
ომი წავაგეთ? რაა მერე, ამითი მაინც არ დაკარგულა ყველაფერი, რადგან კვლავ შეგვრჩა უდრეკი ნება და წყურვილი შურისგებისა, დაუშრეტელი სიძულვილი და მამაცობა; არ ვართ ჩვეულნი დათმობასა და მორჩილებას!
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 11
მთელი ლაშქარი, უბადლო და ძლევამოსილი, უხმოდ უჭვრეტდა შეუპოვარ, მრისხანე სარდალს. ისიც ამაყი, ახოვანი, სწორუპოვარი აღმართულიყო მებრძოლთ შორის მაღალ კოშკივით. ჯერ ელვარება სულ მთლიანად არ ჩაქრობოდა, კვლავ შერჩენოდა სახე მთავარანგელოზისა, თუმც რამდენადმე მის დიდებას ჩრდილი ებურა; მზეც ასეთია ამოსვლის დროს, სხივმოკვეცილი, როს ჰორიზონტზე გამოჩნდება, ნისლმობურული, ან როცა მთვარე ეფარება დაბნელების ჟამს: ქვეყნის ნახევარს მაშინ მკრთალი შუქი ანათებს და მომავალი განკითხვის დღე აძრწოლებთ მეფეთ. სატანაც მაშინ იმ მზეს ჰგავდა, ჩრდილი ებურა, მაგრამ ყველაზე მოელვარე ის იყო მაინც. სახეზე კვლავაც აჩნდა მეხის ნაიარევი და ზრუნვისაგან მის ღაწვებსაც მიხდოდა ფერი. მაგრამ შუბლს ქვემოთ, მამაცობის გამომხატველი და დაუცხრომელ შურისგების მკაცრი ნიშანი, კვლავ მრისხანებით ელვარებდნენ მისი თვალები. ამ მკაცრ მზერაში იგრძნობოდა ღრმა თანაგრძნობაც და სინანულიც, როს ხედავდა თანამგმობართა, ან, სჯობს ასე ვთქვათ, მიმდევრებსა, ოდესღაც ნეტართ, აწ კი განწირულთ სამუდამო სატანჯველისთვის; მის გამო სულთა მილიონებს წარსტაცეს ზეცა და მარადიულ სასუფეველს ჩამოაშორეს. დიდებამჭკნარნი, მაინც მისი ერთგული დარჩნენ! ასევე დგანან ზეცის ცეცხლით დალახვრულები მუხები ტყეში, ან ნაძვები მთის მწვერვალებზე: ძირს გადამწვარა ყველაფერი, იმათ კი მაინც არ დაუხრიათ დამეხილი კენწეროები.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 26-27
მან შეძლო მხოლოდ, ცის მეუფებ, – რომლისაც ტახტი გამაგრებულა ძველთაგანვე, – ძველი სახელით, გამოცდილებით, ცბიერებით, ძალის დაფარვით, ვეცდუნებინეთ ბრძოლისათვის, და დაგვცა კიდეც. ახლა ხომ ვიცნობთ იმის ძალას და ჩვენს ძალასაც: ნუ გამოვიწვევთ კვლავ საომრად, ნურც შევშინდებით, თუ ის პირველი გამოგვიწვევს. სჯობს ვიმოქმედოთ, ფარულად, ჩუმად. რასაც ბრძოლით ვერ მივაღწიეთ, ის მოვიპოვოთ ცბიერებით, გაიძვერობით. დე, ჩვენგან მიხვდეს: მხოლოდ ღონით ძლეული მტერი, ძლეული არის სანახევროდ. [...] ჩემი ფიქრები თქვენთან ბჭობით უნდა მომწიფდეს. მორჩა მშვიდობა! ვინ იფიქრებს დამორჩილებას? ომი! აწ, ომი! ან აშკარა, ანდა ფარული!“ თქვა ეს სატანამ. მისი სიტყვის დადასტურებად უცებ იელვა მილიონმა მახვილმა ერთად და ჯოჯოხეთის ჯურღმულები გააცისკროვნა; სასტიკი რისხვით თვით უმაღლესს ემუქრებოდნენ, ხმალს მედგრად სცემდნენ წკრიალა ფარს, და ეს ჟღარუნი, როგორც საბრძოლო გამოწვევა, – ზეცას სწვდებოდა.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 11
იმათთან ერთად სხვა სულების დასიც მოჯარდა, და რა იხილეს წინამძღოლი ქედმოუხრელი, რა დაინახეს ყველაფერი არ დაკარგულა, – სასოწარკვეთით თავდახრილებს, ცრემლმორეულებს, თვალში იმედის ნაპერწკალი აუელვარდათ. სატანას სახე შეუფაკლდა სირცხვილისაგან, მაგრამ ჩვეული სიამაყით წამოიმართა და გულზვიადი, ქედმაღლური უხვსიტყვაობით მან გულგატეხილთ ვაჟკაცური სული შთაბერა, მოხერხებულად გაუფანტა შიშის ღრუბელი მერე კი ბრძანა, ბუკისა და წინწილ–საყვირის საბრძოლო ხმებში მძლე ალამი ზეაღემართათ. მყის გოლიათმა ქერუბიმმა აზაზიელმა მედროშის საქმე, საამაყო, თავად იკისრა. ძვირფასი თვლებით მოელვარე, მოოქროვილი და სერაფიმთა გამარჯვების გამომხატველი სამეფო დროშა გაშალა და მეტეორივით სულ მაღლა, ქართა სამეფოში ააფრიალა. აბჯართ ჟღარუნის მედიდურმა, მრისხანე ხმებმა, შეერთებულმა ანგელოზთა მძლე ყიჟინასთან, შეაზანზარა ჯოჯოხეთის ქვესკნელის თაღი და შეაძრწუნა ქაოსის და ღამის სამეფო.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 24-25
მალე ამ ხროვამ მთის კალთასაც გაუჭრა მკერდი, ამოუჩიჩქნა, ოქროს ჩონჩხი ამოაცალა, – ნუ გიკვირთ, ოქროს ჯოჯოხეთში რა უნდოდაო, ყველაზე მეტად მას შეჰფერის ძვირფასი შხამი.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 29
სადაც არ არის სიკეთე და ბედნიერება, იქ არასოდეს არ იქნება ბრძოლა–ცილობაც.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 35
ჯერ ყოველადძლიერს სიტყვა თვისი არ გაეწყვიტა, რომ უთვალავმა ანგელოზთა დასებმა უცებ, სიხარულის და ნეტარების გამოსახატად, დასცეს ყიჟინა და „ოსანას“ საამო ჰანგმა ზეცა აავსო საამური ტკბილხმოვანებით]]
„ასეთი შევქმენ ყველა სული, ციურნი ძალნი – დაცემულები და ბოროტზე გამარჯვებულნიც: ვისაცა სურდა გამაგრება ის ზეცას დარჩა, ვისაც დაცემა მოესურვა – დაეცა კიდეც. თავისუფალი არჩევანი რომ არ ჰქონოდათ, მაშინ ჭეშმარიტ ერთგულებას ვით მაჩვენებდნენ? თუკი მონური იძულებით იმოქმედებდნენ, არა სურვილით, მე შექებას ვით მივუზღვავდი? ან მორჩილება ასეთი რა სიამეს მომგვრის, როდესაც ნება და გონება ფუჭია, უქმი, თავისუფლებას მოკლებული და განძარცული. მაშინ ისინი მორჩილებენ საჭიროებას, და მე რას ვაქნევ ასეთნაირ მორჩილებასა! როგორც ჯერ იყო, სწორედ ისე შევქმენ ისინი; ვერ გაჰკიცხავენ ამის გამო თავის შემოქმედს, ვერც ბედისწერას ვერ დაგმობენ და ვერც შექმნის დღეს, თითქოს მათს სურვილს განაგებდეს განგება, ბედი, თითქოს წინასწარ განვჭვრიტე და ვბრძანე მე ასე: ჩემი ბრძანებით კი არ აღსდგნენ – თავად აჯანყდნენ. და თუმც წინასწარ ვგრძნობდი ამას, განა რითიმე ხელი შევუწყვე მე მათ ამბოხს, თუნდ არ მცოდნოდა. [...] თვითვე განსაჯერს, არჩევანიც მათ გააკეთეს. დასაბამითვე მივანიჭე თავისუფლება, და ბოლომდისაც დარჩებიან თავისუფალნი, თუკი თავად არ დაიდებენ მონობის ბორკილს. [...] პირველმგობარნი საკუთარმა ზრახვებმა დასცეს, თვითვე აცთუნეს თვისი თავი, გახრწნეს და გარყვნეს. ადამიანი დაეცემა მათი ცთუნებით, მოტყუებული იმ პირველთა გაიძვერობით. სწორედ ამიტომ მოწყალებას მიიღებს იგი, ხოლო პირველნი მას ვეროდეს ეღირსებიან.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 71-72
მისი სიკეთე ჩემში მხოლოდ ბოროტს იწვევდა, აღარ მინდოდა მორჩილება და ამაღლებულს, მსურდა, რომ კიდევ ამეწია ერთი ნაბიჯით, და ჩემს მოკეთეს, ჩემს მბრძანებელს თავმოვქცეოდი. ასე ერთ დაკვრით მოვიხსნიდი ვალდებულებებს, ესდენ მძიმე ტვირთს მარადიულ მორჩილებისა. მე დავივიწყე, რომ ერთგულად ის მექცეოდა, რომ ერთგულისთვის ერთგულება უნდა მიმეზღო. [...] მე უბედური! სად წავიდე, როგორ გავექცე უსაზღვრო რისხვას, უსასრულო უიმედობას? რა წყალს მივეცე? სადაც წავალ, ჯოჯოხეთია, მე თვითონა ვარ ჯოჯოხეთი, ჩემშივე არის ესოდენ ღრმა, ასე ვრცელი შიში და ძრწოლა, რომ ჯოჯოხეთი, სად მე ვსუნთქავ, ზენაარსა ჰგავს. ნუთუ არ არის რაიმ შვება და შეღავათი, ნუთუ არ ძალმიძს სინანულით გამოვისყიდო, ნუთუ მუდარით ვერ მივიღებ მე მიტევებას?! ვერა! მარტოდენ მორჩილება! ო, მორჩილება. – მარტო ეს სიტყვა სირცხვილით მწვავს იმათ წინაშე, ვინც ჩემთან ერთად ძირს დაეცნენ, ვინც მე მოვხიბლე დაპირებებით, ქადილითა და – მორჩილება, ო, სასირცხვილო მორჩილება შეგვრჩა გზად ხსნისა. [...] მე დიადი ვარ მარტოოდენ უბედურებით და ჯოჯოხეთის თაყვანება ვერ დამამშვიდებს. მაგრამ აი, ვთქვათ, მივაღწიე მონანიებით და მიფერებით ჩემს ადრინდელ მდგომარეობას, – განა მაშინვე არ აღიძვრის მაღალი ფიქრი, შმაგი სურვილი ზედგომის და ბატონობისა?! არ გამჟღავნდება ყალბი სახე, მიცემულ ფიცის, არ მემწვავება ფიცი ფუჭი, ბოროტეული?! არ შეიძლება თანხმობა და სიამტკბილობა, სად სიძულვილის ფესვებია გამჯდარი ღრმადა. [...] ო, მაშ, მშვიდობით, იმედო და შიშო, მშვიდობით; მონანიებავ, შენც მშვიდობით! დავკარგე კარგი, – ამიერიდან ჩემი კარგი – ბოროტებაა, ამით სამყაროს მე გავუყოფ ზეცის მფლობელსა. ალბათ მერგება ნახევარზე მეტი სამეფოდ, ახალ ქვეყანას მე ვიუფლებ, მე ვისაკუთრებ ადამიანი ყოველივეს გაიგებს მალე.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 93-95
გარდა ღმერთისა, ღირსეულად ვერვინ აფასებს კარგს და დიდებულს, დასძრახავენ საუკეთესოს, ანუ თავიანთ ბოროტ ზრახვას შეუფარდებენ!
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 97
როგორც შევიტყვე, ყველაფერი მათ არ ეკუთვნით, საბედისწერო ხე ყოფილა ერთი – ცოდნის ხე და აუკრძალავს უფალს მათთვის იმ ხის ნაყოფი. ცოდნის აკრძალვა?! საოცრება, უგუნურება! რად უნდა შურდეს ღმერთს იმათთვის ცოდნის მიცემა? ცოდნისთვის იგი სიკვდილით სჯის? ცოდნა – ცოდვაა?! მაშ უვიცები უნდა იყვნენ, რომ უერთგულონ?! ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერება? ერთგულებას და მორჩილებას ამითი ნერგავს?
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 107
და არ ეძინა სატანასაც, მისი სახელი ახლა ეს არის – სხვა სახელი ერქვა ზეცაში, მაგრამ არავინ იხსენიებს ძველი სახელით; თუკი არ ჩავთვლით უპირველეს არქანგელოზად, პირველთაგანი მაინც იყო პირველთა შორის, ძლევამოსილი, უფლებებით ამაღლებული, მაგრამ აღვსილი მწარე შურით ღვთის ძისა მიმართ, რომელიც იმ დღეს განადიდა უფალმა მამამ და მირონცხებულ მბრძანებელად გამოაცხადა. ამის ატანა ვეღარ შესძლო ზვიადმა სულმა, დამცირებულად იგრძნო თავი და შერცხვენილად, აღაგზნო მწარე ბოროტებამ და სიძულვილმა, და შუაღამით ჩამოწოლილ მყუდროებაში, როს ყველას ძილი და განცხრომა მოჰფინა ღამემ, მან გადაწყვიტა აყრილიყო მთელი მხედრობით და ურჩად, ზიზღით, ქედმაღლურად გასცლოდა ღვთის ტახტს.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 145
მუდამ მეგონა, ზეცის სულებს თავისუფლება მიაჩნდათ ისე სანუკვარად, როგორც თვით ზეცა; ახლა ვნახე, რომ, სიზარმაცით, უმრავლესობა არჩევს მონობას და ლხინის დროს მშვიდად გალობას; აი სწორედ ეს მგალობლები შენ აამხედრე. უნდა შეებას აწ მონობას თავისუფლება, დღესვე ვიხილავთ ვინ დასძლევს და ვინ გაიმარჯვებს!
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 158
ეს აზრი ერთხმად მოიწონეს: ყველას უკვირდა – როგორ მოხდა, რომ თვითონვე არ მომაფიქრდაო, ისე იოლი მოეჩვენათ უკვე ნაპოვნი, თუმცა კი ადრე მიიჩნევდნენ შეუძლებელად.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 168
ამას თუ მისწვდი, დროს დაყოფა თუ შეგიძლია, რაღას დაეძებ – ზეცა ბრუნავს თუ დედამიწა. სხვა ყველაფერი ჩვენმა დიდმა ხუროთმოძღვარმა ძალიან ბრძნულად დაუფარა კაცს და ანგელოზს, არ გაუმხილა საიდუმლო, რადგანაც იმათ, ვისაც ღვთის საქმით აღტაცება მართებს მარტოდენ, არ შებედონ და არ დაიწყონ ამ ღვაწლის განსჯა.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 203
სულერთი არის – ასე იყოს, გინდა სხვაგვარად: მზე დაადგება ცეცხლოვან გზას აღმოსავლიდან, თუ დედამიწა წყნარად გასწევს დასავლეთიდან და მგზავრობის დროს, თავის ღერძის ირგვლივ მბრუნავი, შენაც წაგიყვანს, შეუმჩნევლად, ჰაერთან ერთად; დაფარულ საქმის გამოცნობით თავს ნუღარ იმტვრევ, მიანდე უფალს, ზენაარსა, შენ ყველაფერი, იმისი შიში გქონდეს მხოლოდ, მას მსახურებდე; საცა ინებებს, იქ მიუჩენს ყველას სამყოფელს, მან რაც მოგმადლა, იხარებდე იმითი მარად – სამოთხითა და მშვენიერი ტურფა ევათი; ცაში რა ხდება – ვერ მიწვდები, ცა მაღალია.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 206
ამას კი ვხედავ, რომ ბუნებას გადამეტებულ გულმოდგინებით შეუმკია ის გარეგნულად, ხოლო შინაგან სრულყოფაზე ნაკლებ უზრუნავს. მე კარგად მესმის, რომ გონებით, შინაგან ნიჭით ბუნებამ შექმნა იგი ჩემზე უფრო მდაბალი, ხოლო მშვენებით, გარეგანით – დგას ჩემზე მაღლა.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 217
რაც უფრო მეტად დაანახვებ გონების ძალას, მით უფრო მეტად ის მიგიჩნევს თვისად წინამძღვრად, და გარეგნობას დაუმონებს გონებას შენსას. იგი მშვენებით შემკულია შენს გასახარად და აღჭურვილი ჭეშმარიტი პატიოსნებით, – ძალგიძს გიყვარდეს, პატივს სცემდე მეუღლეს შენსას, რომელიც შენი სიბრძნის კლებას მყისვე მიხვდება, მაგრამ თუკი შენ ამ ხორციელს ურთიერთკავშირს, რასაც მოჰყვება გამრავლება კაცთა მოდგმისა, ყველაზე უფრო სიამედ და სიტკბოებად სთვლი, ესეც გახსოვდეს, რომ მხეცებსაც, სხვა პირუტყვებსაც იგივ უნარი ყველასა აქვს მინიჭებული. არც იქნებოდა ეს საერთო და საზიარო, მასში რომ იყოს რამე წმინდა, ამაღლებული, ღირსი იმისა – კაცის სული დაიმორჩილოს. რასაც კი ნახავ ცოლში მაღალს, ადამიანურს, ან მიმზიდველსა და გონივრულს – ის შეიყვარე! შენ სიყვარულში ჰპოვე შვება – არა ვნებაში, რადგან ჭეშმარიტს სიყვარულსა ვნება არ ახლავს; ფიქრებს სწმენდს ხოლმე სიყვარული, გულს აფართოებს საღ გონებაში არის იგი დაფუძნებული, და თუკი ვნების წუმპეში არ ჩაიფლობი, მაშინ შეიძლებ, როგორც კიბეს, აჰყვე მას მაღლა და ეზიარო უნეტარეს ციურ სიყვარულს.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 218
ღიმილი მუდამ გონებიდან მომდინარეობს, უცხოა იგი მხეცთათვის და სიყვარულს კვებავს, სიყვარული კი მთავარია კაცთ სიცოცხლეში.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 229
ეს სანეტარო ყოფა ჩვენი დაცული არის და გარეგანი ვერ–რა ძალა ვერ შეგვაშფოთებს. საშიშროება და ხიფათი ჩვენშივე ბუდობს, მას სადგური აქვს ჩვენს საკუთარ ძლიერებაში, და ჩვენვე თუ არ მოვისურვეთ – ვერას გვავნებენ.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 232
გველი პირველად დაიკლაკნა, გვერდზე გაცურდა, იმ კაცის მსგავსად, რომელსაც სურს სადმე შევიდეს, მაგრამ ვერ ბედავს, ერიდება მოცდენა სხვისი.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 238
აბა შემხედე, მე ვიგემე ამ ხის ნაყოფი, და მაინც ვცოცხლობ, სრულყოფილიც შევიქენ უფრო, მხოლოდ იმიტომ, რომ ავმაღლდი, არ მოვერიდე ავცილებოდი ბედისწერით დადებულ საზღვრებს. [...] რად აგიკრძალათ ეს ნაყოფი? მხოლოდ იმიტომ, რომ გიყოლიოთ უვიცებად, მდაბიოებად და მორჩილებდეთ, რიდით, თრთოლვით მას თაყვანს სცემდეთ?!
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 244
თვით ღმერთიც, ვინაც აგვიკრძალა შენი ნაყოფი, ჩვენთან არ მალავს ქებას შენსას, მუდამ გიწოდებს ხეს ცნობადისას, ბოროტისა და კეთილისა. გვიკრძალავს, მაგრამ ამ აკრძალვით უფრო მაღლდები, რადგან შენ ძალგიძს შეგვასწავლო კეთილის ფასი, რომელსაც ჩვენ ვართ მოკლებული დასაბამითვე: არ შეიძლება შეუცნობლად კეთილი გქონდეს; კიდეც რომ გქონდეს ეს სიკეთე და არ იცოდე, რომ შენ გაქვს იგი, სულერთია, თუნდ არ გქონოდეს!
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 246
მზად ვარ სასჯელიც შენთან ერთად გავინაწილო: თუ სიკვდილია შენი ხვედრი, იგივ სიკვდილი სიცოცხლესავით სანატრელი გახდება ჩემთვის.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 253
ასეთი ბედი ელის ყველას, ვინც მეტისმეტად ქალს მიენდობა და მიუშვებს თავის ნებაზე: თუ დაიჟინა, ვეღარაფრით დააშლევინებ. ვთქვათ, მიუშვი და შეეყარა რაიმე სნებას, შენვე გაგკიცხავს – რად დამითმე, რად გამიშვიო...
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 260
სახებამ ღვთისამ ეს უბრძანა პასუხად ადამს: „ნუთუ ეს ქალი დაისახე დიდებულ ღმერთად? ღმერთს აღარ უსმენ – ქალს უსიტყვოდ ემორჩილები! ხომ არ გეგონა, შენს წინამძღვრად შექმნილი იგი? იქნებ მოთავედ, ან შენს ტოლად წარმოიდგინე! მაშ როგორ დასთმე ღირსება და ძალაუფლება, ვაჟკაცის ნება ქალს რარიგად დაუმორჩილე? იგი მე შენგან და შენთვისვე შევქმენი მხოლოდ, და, რა თქმა უნდა, მასზე მაღლა შენ უნდა იდგე, შენა ხარ უფრო ღირსეული და სრულყოფილი. მართალი არის, ის შევამკე სრული მშვენებით, რათა აღეძრა შენი ტრფობა და სიყვარული, არა მონური მორჩილება! იმას მივმადლე ისეთი ნიჭი, რაც წინამძღოლს მოითხოვს მუდამ, მბრძანებლობა და უფროსობა მას არ შეჰფერის, ეს შენ შეგფერის, შენი იყო ხელისუფლება, რომ საკუთარი თავის ფასი არ დაგვიწყნოდა.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 267
„ჩემს შემცვლელებად გგზავნით თქვენ ორს დედამიწაზე, გაძლევთ უფლებას განუსაზღვრელს, განიჭებთ ძალას შეუდარებელს, დაუძლეველს – ჩემივე ძალას. თქვენს შეერთებულ ძალაზეა დამყარებული ჩემი მეფობა ახალშექმნილ დედამიწაზე, რომელიც ცოდვის მეოხებით სიკვდილს ვუბოძე.“
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 275
დამარცხებულნიც და ომის დროს მონებადქმნილნიც, რა დაჰკარგავენ ამ ბრძოლაში თავისუფლებას, სათნოებასა და ღვთის შიშსაც მოიშორებენ, და რაკი ომში ვერ ეღირსნენ უფლისგან შველას, უწმაწურ ლანძღვას მოჰყვებიან, გაუცივდებათ მოჩვენებითი სათნოების ცრუ მგზნებარება, იმაზე ფიქრსღა დაიწყებენ, რაც შეიძლება, რამდენადაც კი დამპყრობელნი მისცემენ ნებას, ცხოვრების დღენი უზრუნველად მათ გაატარონ; მიწაც ჯერ კიდევ სუყველაფერს უხვად წარმოქმნის, რომ გამოსცადოს თავდაჭერა ადამიანთა.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 328-329
ამიერიდან, მიწისკენ რომ გაგზავნის ღრუბლებს, იმავ ღრუბლებში ცისარტყელას ჩასვამს მაშინვე, ნიშნად იმისა, რომ გვახსოვდეს აღთქმა დიადი. დღეს ღამე მოსდევს; მკა მოჰყვება უმალვე თესვას; მცხუნვარე ზაფხულს სუსხიანი ზამთარი შეცვლის... და ასე მუდამ, თავის რიგით ივლის ყოველი, ვიდრემდე ცეცხლი მთლად გასწმენდდეს ქვეყნიერებას. კვლავ შეიქმნება ახალი ცა და დედამიწა, სადაც სიმართლე საბოლოოდ დაისადგურებს.
ციტატის წყარო: „დაკარგული სამოთხე“ გვ. 332
[...] ახლა ეს კაცი (თუმც ვინ იცის, იქნებ ღმერთია, მიუხედავად იმისა, რომ ის ქალმა შობა), ეს კაცი ადამს სუყველაფრით აღემატება, ზეცისაგან აქვს ყველა ნიჭი მომადლებული, აღჭურვილია სათნოებით და ემზადება დიდთა და მაღალ საქმეთათვის, სწორედ ამიტომ არ შეიძლება დამშვიდება, გულის დადება და გარდუვალი გამარჯვების იმედის ქონა. სწორედ ეს მინდა გაგიცხადოთ და გაგაფრთხილოთ – თქვენგან მოვითხოვ დახმარებას საქმით ან რჩევით, რადგან მე, ვისაც თითქოს ტოლი არ მყავდა არსად, ახლა, ვინ იცის, დამარცხება მელოდეს იქნებ.
ციტატის წყარო: „დაბრუნებული სამოთხე“ გვ. 378
წამოდგა უცებ ბელიარი, ბოროტი სული, დაცემულთაგან საზიზღარი ყველაზე მეტად, ასმოდიაზე ავხორცი და გარყვნილი, ბილწი: „მას თვალწინ ქალი დაუყენე, პირმშვენიერი, უტურფესი და უნაზესი კაცთ ნაშიერი. ასეთ ტურფა ქალს, საცა წახვალ, ყველგან შეხვდები; ისინი გულებს სიყვარულით აჯადოებენ და ჯადოსნური მეტყველებით, კეკლუცი ქცევით, რაგინდ მრისხანე კაცი იყოს, გასტეხენ ხოლმე. მათ შეუძლიათ მჭმუნვარ სახეს ღიმი მოჰფინონ, გულს, მიუკარებს, სიტკბოება განაცდევინონ, გადააქციონ რკინასავით ვაჟკაცი მონად; მოხიბლონ უცებ აღიტაცონ და მიიზიდონ, ვით მტკიცე რკინას მიიტაცებს თვისკენ მაგნიტი. განა უბრძნესი სოლომონიც, განთქმული მეფე, ქალის მშვენებამ და სიტურფემ არ დააბრმავა?!
ციტატის წყარო: „დაბრუნებული სამოთხე“ გვ. 379
ბელიარ, თვითონ ძველთაგანვე ავხორცი იყავ, ქალის გულისთვის გიჟდებოდი, ცნობას ჰკარგავდი და ამიტომაც ფიქრობ ახლა, რომ სხვაც ვერავინ მის სილამაზეს ვერ გაუძლებს, ვერ აღუდგება! თუნდაც სოლომონს რომ ახსენებ, ის ბრძენი მეფე ფუფუნებასა და პატივში ცხოვრობდა მუდამ და ამიტომაც გახდა ადვილსაცთუნებელი. მაგრამ ამჟამად ვისიც გვინდა ჩვენ გაცურება, სოლომონზედაც ბრძენი არის და თუნდაც ნახო ქალი ისეთი, სილამაზით ღვთაებას ჰგავდეს, თუნდაც ღირსაჰყოს იგი ქალი, თვალი შეავლოს, – მყის გაუქრება, მოშორდება ვნება დედაკაცს, რადგანაც ეშხი იმორჩილებს მხოლოდღა სუსტებს, უბადრუკებსა და მერყევებს, – ძლიერებისთვის ის სათამაშო ტიკინადღა თუ გამოდგება. მის საცთუნებლად ამ ოინით ვერას გავხდებით... უფრო მაღალი, ღირსეული რამ უნდა ვცადოთ, ისეთი რამე, მტკივნეულად რაც შეეხება იმის ღირსებას, პატივსა და დიდებას, სახელს... ძალიან ბევრი გამოცდილი, მარჯვე ვაჟკაცი ამ პიტალო კლდეს სასიკვდილოდ შეხეთქებია.
ციტატის წყარო: „დაბრუნებული სამოთხე“ გვ. 379-380
თავს ნუ იწუხებ, ვერაფრით ვერ დამიყოლიებ, მბრძანებლობისთვის არ დავიწყებ სიმდიდრის ძებნას და არ ვეცდები მბრძანებლობას განდიდებისთვის. ან კი რა არის ეს დიდება, რის მაქნისია? იფეთქებს, როგორც ნაპერწკალი, და მყის ჩაქრება! ან ტაში რაა, რაა ხალხის ხოტბა მაღალი? თვით ხალხი რაა? შერეული ჯოგია მხოლოდ, რომელიც ზოგჯერ ისეთ რამეს აიყვანს ცამდე, რაიც, უბრალოდ, მოწონების ღირსიც არ არის: აქებს და ხშირად არც კი იცის, ვის უძღვნის ქებას, უხარია და არც კი იცის, რა აღფრთოვანებს; ერთი იტყვის, და იმეორებს სხვა გამწარებით აბა რად უნდა გამეხარდეს მათგან შექება, რად მინდა გავხდე საჭორაო, სალაპარაკო, მათგან გაკიცხვა უფრო მეტად სასიამოა; სწორედ ის არის ბედნიერი, ვინც ეს შეიგნო.“
ციტატის წყარო: „დაბრუნებული სამოთხე“ გვ. 389-390
„დიდება შენდა, ძეო ღვთისა, გამარჯვებულო, რომელმაც მწარედ დაამარცხე საზარი მტერი; დადგა დრო, როცა საჭიროა შეუდგე საქმეს, უნდა დაიხსნა წამებისგან ადამიანი.“
ციტატის წყარო: „დაბრუნებული სამოთხე“ გვ. 411-412
ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა.
სწორედ ის საყვედურობს ხალხს სიბრმავის გამო, ვინც თავადვე დასთხარა მათ თვალები.
საზოგადოების ბედნიერებისთვის სამი სახის თავისუფლებაა აუცილებელი - რელიგიის თავისუფლება, პირადი თავისუფლება და მოქალაქეობრივი თავისუფლება.
ჯონ მილტონი. დაკარგული სამოთხე. დაბრუნებული სამოთხე / თარგმ. ინგლისურიდან ვახტანგ ჭელიძისა - თბ. „საბჭოთა საქართველო“, 1969. „დაკარგული სამოთხისა“ და „დაბრუნებული სამოთხის“ სექციებში არსებული ყველა ციტატა აღებულია აღნიშნული გამოცემიდან.