შინაარსზე გადასვლა

ჯაყოს ხიზნები

ვიკიციტატიდან

„ჯაყოს ხიზნები“მიხეილ ჯავახიშვილის რომანი. ითვლება დაუსრულებელ რომანად. გამოიცა 1924 წელს. რომანში რეალისტური ხერხებით არის დახატული ის ფონი, სადაც სამოქმედოდ გამოჩნდება თეიმურაზ ხევისთავი, არა მხოლოდ როგორც განსაქიქებელი და „კრიტიკის ქარცეცხლში გასატარებელი“ პერსონაჟი, არამედ ადამიანი, რომელიც მოდის თავისი დატვირთული წარსულით (გვარიშვილობა, ადგილ-მამული, განათლება), ცდილობს ცხოვრებასთან დიალოგის გაბმას, ვერ ხედავს აწმყოს რეალურ სურათს თავისი დაღლილი, „ბეცი თვალებით“, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც, კარგავს ყველაფერს, რაც კარგვადია და ღატაკი, უპოვარი, ხიზანი საკუთარ მამულში, აღმოაჩენს მარადიულ, წარუვალ, გაძრცვილ მშვენიერებას, რომლის ერთადერთი პატრონი თავად არის.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„წიგნმა მომტაცა რწმენის სული და მეცნიერებამ დამწყვიტა უფლისადმდე ასაფრენი ფრთები. ცოდნისა და იჭვის ჭიამ ისე დამიღრღნა გონება და გამომიფიტა სული, რომ ნივთიერ ქონებას ერთი გოჯითაც ვერ მოვწყდი.“

  თეიმურაზ

  ციტატის წყარო: “ჯაყოს ხიზნები” (1924 წ.)

  • „მარგოს შერყეულმა სულმა იმ ღამეს ვეღარ მოისვენა, მარგომ თავის წარსულს თვალი გადაავლო. თვალწინ დაუდგა თეიმურაზი, სხეულით მჩატე, წიგნებზე დალეული და სულით დაჭიავებული. ძალაუნებურად შეადარა თვისი ნაკაცარი ქმარი, მისი ნაცოხნევი და უნაყოფო სიყვარული გამხეცებულ ჯაყოს, - ნადირივით თავაგლეჯილს, კადნიერსა და რეგვენს, ხეპრეს და მოუხეშავს, სამაგიეროდ დათვივით ღონიერს, სულით და ხორცით ჭაბუკს, ბუნების შიშველ ნაყოფს, ზომიერად შეზავებულს, თანაბარს, გაუბზარელს, მთლიანსა და ურყევს.“
  •  

„მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ, მაგრამ ვერასოდეს დამიმორჩილებენ!“

{{Q

  •  

„მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არა მწამს“

  • „- არრრა, ღმერთმანი, არა! ყური მიგდე, ჩემო ივანე. ყოველ ქვეყანას აქვს თვისი პრუსია და ჰყავს პრუსიელები, რომელნიც ხალხის ცხოვრებაში დუღაბის მაგივრობას ასრულებენ. გერრ...გერმანია პრუსიელებმა შეჰქმნეს, რუსეთი მოსკოველებმა მოაგროვეს, დიდი ბრიტანეთი უელსის საჰერცოგომ ააშენა, რომის იმპერიის ისტორია თვითონ რომისა და კაპუას ისტორიას უდრის, ხოლო ძველი საბერძნეთი ათინამ და ატტიკამ ააყვავეს. ასეთივე როლი დ...დდააკისრა ბედმა ქართლსაც. მისი ისტორია საქართველოს ისტორიის ნახევარს მაინც უდრის. ქართლი იყო საქართველოს პრუსია, ხოლო ქართლელნი ქართველთა ტომის პრ...რუსიელნი იყვნენ. მე იმას ვჩივი, რომ საქართველოს პრუსია აღარ აქვს და არც პრუსიელები ჰყავს.“
  • „თეიმურაზმა თითქმის ყველაფერი იცოდა. სამაგიეროდ არაფერი არ შეეძლო; ჯაყომ არაფერი არ იცოდა, სამაგიეროდ ბევრის შემძლე იყო; პირველი თვალხილული და სმენიანი იყო, ხოლო მეორე – თითქმის უთვალჩინო და სმენადახშული; სანაცვლოდ ჯაყოს დაგუბებული ჰქონდა სიცოცხლის ნიშატი, წყურვილი, უნარი და სამართებლივით გალესილი ცხოვრების ფხა, ხოლო ალღო – გარეულ ძაღლივით განვითარებული და გატიფული.“

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„განა მიხეილ ჯავახიშვილის პირით არ გაგვაფრთხილა ქართულმა მწერლობამ, რომ საქართველო თეიმურაზ ხევისთავის ბედში ჩავარდებოდა, თუ უცხოს ბრმად მიენდობოდა?..“

  აკაკი ბაქრაძე

  ციტატის წყარო: “გადარჩენა”

  •  

„ჯაყოს ხიზნებს“ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. „ჯაყო“ გმინვაა ჩემი სულისა.“

  მიხეილ ჯავახიშვილი